საქმე №ას-386-370-2016 27 მაისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. გ-ე (შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ავტომანქანის თანამესაკუთრედ ცნობა (ძირითად სარჩელში), ნივთების მიკუთვნება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ბ. ბ-ემ (შემდგომში _ თავდაპირველი მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ის (შემდგომში _ თავდაპირველი მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა ავტომანქანის „ოპელ -კორსა „ბ-ს“ (გამოშვების თარიღი - 1995, სანომრე ნიშანი A..., საიდენტიფიკაციო ნომერი W..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა D... გაცემული 13.12.2012) თანამესაკუთრედ ცნობა.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე 2008 წლის 14 იანვრიდან 2015 წლის აპრილამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. 2012 წლის დეკემბერში შეიძინეს და მოპასუხის სახელზე გააფორმეს ავტომანქანა „ოპელ-კორსა“, თუმცა რეალურად აღნიშნული ქონება წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას. იგი თანახმაა, რომელიმე მხარემ მეორე მესაკუთრეს გადაუხადოს ღირებულების ნახევარი ან გაიყიდოს სადავო ავტომანქანა და მოხდეს მისი ღირებულების შუაზე გაყოფა.
1.2. თავდაპირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა შემდეგი ნივთების მიკუთვნება: 1. გრეხილი ჯაჭვი 20 გრ. ღირებული 120 ლარად; 2. ბრილიანტის ბეჭედი, თორმეტი ბრილიანტის თვლით და ზურმუხტის მწვანე თვალით 6 გრ. ღირებული 700 ლარად; 3. ოქროს რგოლის ბეჭედი 9.5. გრ. ღირებული 800 ლარად; 4. ოქროს ბეჭედი 2 უბრალო თვლით 2 გრ. ღირებული 600 ლარად; 5. ოქროს საყურეები 1 გრ. ღირებული 50 ლარად; 6. ოქროს საყურეები ბრილიანტის თვალით 6 გრ. ღირებული 600 ლარად; 7. ყელსაბამი ე.წ „ცეფი“ 5 გრ. ღირებული 300 ლარად; 8. ბეჭედი 3-4 გრ. ღირებული 200 ლარად; 9. ბეჭედი 3-4 გრ. ღირებული 200 ლარად; 10. საძინებელი (კარადა, ტახტი, „ტრლიაჟი“) ღირებული 1 200 ლარად; 11. სარეცხი მანქანა ღირებული 500 ლარად; 124. გადასაფარებელი, ფარდები, თეთრეული, ღირებული 250 ლარად; 13. თეთრეული „ვერსაჩეს“ ფირმის ღირებული 80 ლარად; 14. ხალიჩა ღირებული 90 ლარად; 15. საბანი 3 ცალი, ღირებული 150 ლარად; 16. პირადი მოხმარების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ღირებული 200 ლარად; 17. სურათები მოსარჩელის და ბავშვის, ღირებული 50 ლარად; 18. ბავშვის სათამაშოები ღირებული 200 ლარად; 19. ბავშვის აუზი ღირებული 200 ლარად; 20. მოსარჩელის დაბადების მოწმობა და სკოლის დამთავრების ატესტატი, ღირებული 50 ლარად (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი).
1.2.1. შეგებებული სარჩელის თანახმად, მოთხოვნილი ნივთების ნაწილი შეძენილია ქორწინების პერიოდში, ნაწილი კი ქორწინებამდე და მხარეთა განქორწინების გამო ისინი უნდა მიეკუთვნოს შეგებებული სარჩელის ავტორს.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელი ცნო იმ მითითებით, რომ თანახმაა ქონების რეალიზაციასა და ამონაგები თანხის განაწილებაზე;
2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, თანხმობა განაცხადა მხარისათვის შემდეგი ნივთების მიკუთვნებაზე: საძინებელი (კარადა, ტახტი, „ტრილიაჟი“) ღირებული 1200 ლარად; სარეცხი მანქანა ღირებული 500 ლარად; გადასაფარებელი, ფარდები, თეთრეული, ღირებული 250 ლარად; თეთრეული „ვერსაჩეს“ ფირმის ღირებული 80 ლარად; ხალიჩა ღირებული 90 ლარად; საბანი 3 ცალი, ღირებული 150 ლარად; პირადი მოხმარების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ღირებული 200 ლარად; სურათების ასლები, ბავშვის სათმაშოები ღირებული 200 ლარად; ბავშვის აუზი ღირებული 200 ლარად; მოსარჩელის დაბადების მოწმობისა და სკოლის დამთავრების ატესტატის, ასევე, სამკაულების დაბრუნებაზე მხარემ უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ ეს ნივთები მასთან არ იმყოფებოდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანის „ოპელ -კორსა „ბ-ს“ (გამოშვების თარიღი - 1995, სანომრე ნიშანი A..., საიდენტიფიკაციო ნომერი W..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა D... გაცემული 13.12.2012) თანამესაკუთრედ, რომლის გაყიდვის შედეგად აღებული თანხა განაწილდება მხარეთა შორის, ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეგებებულ მოსარჩელეს მიეკუთვნა მოპასუხის სახლში განთავსებული შემდეგი ნივთები: საძინებელი (კარადა, ტახტი, ტრილიაჟი) ღირებული 1200 ლარად; სარეცხი მანქანა ღირებული 500 ლარად; გადასაფარებელი, ფარდები, თეთრეული, ღირებული 250 ლარად; თეთრეული „ვერსაჩეს“ ფირმის ღირებული 80 ლარად; ხალიჩა ღირებული 90 ლარად; საბანი 3 ცალი, ღირებული 150 ლარად; პირადი მოხმარების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ღირებული 200 ლარად; სურათების ასლები, ღირებული 50 ლარად; ბავშვის სათამაშოები ღირებული 200 ლარად; ბავშვის აუზი ღირებული 200 ლარად. სხვადასხვა სახის სამკაულების, ასევე დაბადების მოწმობისა და ატესტატის გადაცემის ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელის ავტორმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სამკაულების, დაბადების მოწმობისა და ატესტატის გადაცემის ნაწილში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოთხოვნილი ნივთების აპელანტისადმი კუთვნილების საკითხი სადავოს არ წარმოადგენდა, არამედ სადავო იყო ის, ეს ნივთები იმყოფებოდა თუ არა მოწინააღმდეგე მხარესთან, მითითებული სადავო გარემოება კი, შეგებებულმა მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა. ამ თვალსაზრისით აპელანტს არასათანადო/არასაკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული იყო შეგებებული მოსარჩელის დედა და მისი ჩვენება იმის შესახებ, რომ ბ. ბ-ეს თ. გ-ის სამკაულები ჩადებული აქვს კრედიტის უზრუნველსაყოფად სს „ს-ში“ შესაბამისი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა. თავად მხარე კი, მტკიცებულებად მხოლოდ საკუთარ ახნა-განმარტებას მიუთითებდა, რასაც მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმებოდა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 354-ე მუხლების მოთხოვნები, რაც გამოიხატა მოწმეთა ჩვენებების არასწორ შეფასებასა და სს „ს-იდან“ მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის არასწორად თქმაში. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ნივთების მოპასუხესთან არსებობის ფაქტის მტკიცება მისთვის არ უნდა დაეკისრებინა სასამართლოს, რადგანაც ნივთების არსებობა მოპასუხემ აღიარა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე არსებობდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. კასატორი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 253-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს მოწინააღმდეგე მხარისათვის უნდა დაეკისრებინა ნივთების ღირებულება (რომელიც სადავოდ არ გაუხდია) იმ შემთხვევაში, თუ ისინი მასთან არ აღმოჩნდებოდა.
1.5. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის შესახებ სარჩელის შემთხვევაში, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთების მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთების არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია. საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარის სრულ უფლებას, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფარგლებში (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) თავისუფლად წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი შეფასებით, ადასტურებენ ამ მხარის პოზიციის მართებულობას, თუმცა, გასათვალისწინებელია მტკიცებულებათა კვლევის სტანდარტი (სსსკ-ის 105-ე მუხლი), რომლის თანახმადაც სასამართლო ადგენს ამ მტკიცებულებათა სანდოობას, იურიდიულ ძალას და ამ გზით განსაზღვრავს მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევის საკითხს. განსახილველ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, ქვემდგომმა სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, ასევე, სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები _ სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები და მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განკუთვნადი მტკიცებულებით ვერ იქნა შეგებებული მოსარჩელის მიერ ნივთების მოპასუხის მფლობელობაში ყოფნის ფაქტი დადასტურებული. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე ვერ იქნება მიჩნეული დასაშვებ შედავებად კასატორის მითითება საპროცესო კოდექსის 131-ე, 83-ე და 253-ე მუხლებზე, რამდენადაც შეგებებული სარჩელის მოპასუხეს ნივთების მასთან ყოფნის ფაქტი არ უღიარებია, რაც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ ამ ქონების ღირებულების მისთვის დაკისრებას. პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს იმ საკასაციო პრეტენზიას, რომლის თანახმადაც მხარის შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე არასწორად არ დაკმაყოფილდა და თითქოს სასამართლომ დაარღვია საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის მოთხოვნა, რამდენადაც უნდა აღინიშნოს, რომ საპროცესო კოდექსის 377.3 და 404.2 მუხლების შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს 12.10.2015წ. საოქმო განჩინების გაუქმება შეგებებული სარჩელის ავტორს არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოში არ მოუთხოვია, ამასთანავე, საგულისხმოა საქმეში წარმოდგენილი წერილობითი შუამდგომლობის ფაქტობრივი დასაბუთება _ მხარე სს „ს-იდან“ ინფორმაციის გამოთხოვას მოითხოვს იმ მიზნით, რომ გაირკვეს მოწინააღმდეგე მხარეს აქვს თუ არა სადავო ქონებით უზრუნველყოფილი სესხი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103.2 მუხლით სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკმაყოფილებს შუამდგომლობას, თუ მხარე ამტკიცებს კონკრეტულ ფაქტს, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვებაც სხვაგვარად ვერ ხდება. საკასაციო პალატა, ბუნებრივია, ითვალისწინებს „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით რეგულირებულ საბანკო საიდუმლოების იურიდიულ ბუნებას, თუმცა ისეთ ვითარებაში, როდესაც მხარე განმარტების დონეზეც ვერ ადასტურებს ქონების დაგირავების ფაქტს, მხოლოდ ინფორმაციის მოპოვების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვას ზემოხსენებული საპროცესო ნორმების დარღვევად ვერ მიიჩნევს.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ნ. გ-ის მიერ თ. გ-ის სახელით 11.04.2016წ. #... საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ თ. გ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ. გ-ის მიერ თ. გ-ის სახელით 11.04.2016წ. #... საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე