Facebook Twitter

საქმე №ას-392-376-2016 27 მაისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ქ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ე. ქ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, გაიტანოს მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან ნივთები და აეკრძალოს ამავე სახლის წინ მდებარე ტერიტორიის თვითნებური გამოყენება (იხ. სარჩელი).

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მართლზომიერი მფლობელობის შეზღუდვა დაუშვებელია, რაც შეეხება სახლის წინ არსებული ტერიტორიის ჩახერგვას, იგი ხელს არ უშლის მოსარჩელეს ქონებით სარგებლობაში (იხ. შესაგებელი).

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო) სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან მისი ნივთების გატანა და ბინის გათავისუფლება, მოასუხეს ასევე აეკრძალა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლი მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფელი ბ., ს/კ ...) სარგებლობაში ხელშეშლა, კერძოდ: მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის წინ არსებული გზის ჩახერგვა და თვითნებური გამოყენება, რითაც მოსარჩელეს შეეზღუდა კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება.

3.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 19 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა რა მოპასუხის საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს სხდომა დანიშნული იყო 2016 წლის 24 მარტს, 12:00 საათზე, რის თაობაზე აპელანტისათვის ცნობილი იყო, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომაროების გამო იგი ვერ გამოცხადდა სასამართლოში. კერძო საჩივარზე დართული ცნობის თანახმად (ფორმა #100/ა), აპელანტი საჭიროებს ექიმის მუდმივ მეთვალყურეობასა და მომვლელს, ასევე, მუდმივ მედიკამენტურ მკურნალობას. სააპელაციო სასამართლოს განჩინების უსწორობას ადასტურებს ის გარემოება, რომ მხარე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით უზრუნველყოფილია პირის შესაძლებლობა, ისარგებლოს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით (იხ. კერძო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2016 წლის 24 მარტს, 12:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე მისთვის ცნობილი იყო;

1.2.2. დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადებულა იგი და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის;

1.2.3. გამოცხადებულმა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეებმა (წარმომადგენლებმა) სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

1.3. კერძო საჩივრის ავტორი პრეტენზიას ძირითადად იმ საფუძვლით აცხადებს, რომ:

ა) მის მიმართ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი მიმართვის უფლება;

ბ) სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით _ ჯანმრთელობის რთული მდგომაროებით, რაც დასტურდება სამედიცინო ცნობით.

1.3.1. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება.

1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.

1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია, შესაბამისად, ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა საკასაციო პალატის კვლევის ობიექტი ვერ გახდება. კერძო საჩივრის ფარგლებში, როგორც უკვე აღინიშნა, მხარემ მიუთითა საპატიო მიზეზის არსებობაზე - ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

1.6.1. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მხარის მიერ შუამდგომლობის წარდგენისა თუ მისი წარდგენის შეუძლებლობის საკანონმდებლო რეგლამენტაციას და, ერთი მხრივ, მიუთითებს განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობის აუცილებლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამ გარემოების თაობაზე მხარის ობიექტურ შეუძლებლობას, წინასწარ აცნობოს სასამართლოს. ნორმის ამ ელემენტთაგან ერთ-ერთის არარსებობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია. ამასთანავე, უდავოდ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ, ავადმყოფობის გამო, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა კანონმდებელმა მტკიცების სპეციალურ სტანდარტს დაუქვემდებარა და დაადგინა, რომ ამ მოტივით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებობა დადატურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, სადაც მითითებული იქნება სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე.

1.6.2. საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი ფორმა #IV-100/ა-ს შესწავლის შედეგად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარემ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა არა სასამართლო სხდომის დღეს, არამედ, 2016 წლის 14 აპრილს, მართალია, სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია პაციენტის ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, ხოლო სამკურნალო და შრომით რეკომენდაციად დაწესებული აქვს ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა და მომვლელის მზრუნველობა, ასევე, მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა სასამართლო სხდომიდან თითქმის ერთი თვის შემდგომ ექიმისათვის მიმართვის შესახებ დოკუმენტი, მიუხედავად მასში აღწერილი რთული მდგომარეობისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული, რადგანაც იგი არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს იმისათვის, რომ კონკრეტულ დღეს _ 2014 წლის 24 მარტს აპელანტს არ შეეძლო სასამართლოში გამოცხადება ან/და სასამართლოს ინფორმირება, თუნდაც წერილობით, რომ საპატიო მიზეზის გამო იგი ვერ შეძლებდა სხდომაზე დასწრებას.

1.7. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის დარღვევის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს მას და განმარტავს, რომ კონსტიტუციური პრინციპი _ პირის უფლება საკუთარ უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს (საქართველოს კონსტიტუციის 42.1 მუხლი) დარღვეულად ითვლება მაშინ, როდესაც პირს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ეზღუდება/ერთმევა კონსტიტუციით აღიარებული ზემოხსენებული შესაძლებლობა, ხოლო, როდესაც შეზღუდვას საფუძვლად კანონისმიერი დათქმა უდევს (როგორიცაა, მაგ: პირის გამოუცხადებლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა; საჩივრის განუხილველად დატოვება და სხვა), აღნიშნული უფლება არ შეიძლება დარღვეულად იქნას მიჩნეული. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს მიეცა შესაგებლის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივრის, სააპელაციო საჩივრისა თუ კერძო საჩივრის წარდგენა-განხილვის შესაძლებლობა, რაც მისი ამ პრეტენზიის გაზიარებას სავსებით გამორიცხავს.

1.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.04.2016წ. განჩინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე