Facebook Twitter

საქმე №ას-1245-1168-2015 20 მაისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „კ-ის“ უფლებამონაცვლე შპს „ს-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:

1.1. გ. მ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამსესხებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მსესხებელი) მიმართ და 2009 წლის 21 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოითხოვა ძირი თანხის _ 1 498 800,96 აშშ დოლარის, სარგებლის _ 5 490 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 1 498,8 აშშ დოლარის დაკისრება (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა).

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2009 წლის 21 იანვარს მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 12 თვის ვადით მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 1 498 800,96 აშშ დოლარი, წლიური სარგებელი განისაზღვრა 120,1%-ით. სესხი უნდა დაბრუნებულიყო შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მსესხებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა_ არ გადაიხადა სარგებელი და არ დააბრუნა სესხის ძირი თანხა, შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს, როგორც ძირი თანხის, ისე გადაუხდელი სარგებლის ანაზღაურების ვალდებულება არა მხოლოდ ხელშეკრულების, არამედ მისი ვადის გასვლის შემდეგაც თანხის სრულად დაბრუნებამდე. ვალდებულების დარღვევის გამო მსესხებელს, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, ასევე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (იხ. სარჩელი).

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარადგინა, როგორც მოთხოვნის გამომრიცხავი, ისე მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი. მოპასუხის განმარტებით, მართალია, სესხის წერილობითი ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმდა, თუმცა მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია, გარდა აღნიშნულისა, სარჩელი საფუძვლიანი რომც იყოს, მაინც არ იარსებებდა მისი დაკმაყოფილების წინაპირობები, რამდენადაც მოთხოვნა ხანდაზმულია (იხ. შესაგებელი).

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის _ 1 498 800 96 აშშ დოლარის, სარგებლის _ 5 490 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ 1 596 222 აშშ დოლარის დაკისრება (იხ. საკასაციო საჩივარი).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, შპს „კ-ის“ უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა შპს „ს-ი“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძვლიანობა წარმოადგენს. როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგანაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა წერილობით გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის თანხის რეალურად გადაცემის ფაქტი.

1.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და პრეტენზიას გამოთქვამს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევით გამოკვლევის თაობაზე, რის შესაბამისადაც, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. განსახილველი ნორმა ადგენს საკასაციო პრეტენზიის დასაშვებობა-დასაბუთებულობის სტანდარტს და საკასაციო სასამართლოს წარმოუშობს ვალდებულებას, საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმოს კასატორის მითითებათა საფუძვლიანობა (სსსკ-ის 404.1 მუხლი). საკასაციო განაცხადის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს სადავო ურთიერთობის იურიდიულ ბუნებაზე, გასაჩივრებული განჩინების მოტივებსა და საქმეში არსებულ სადავო მტკიცებულებებზე:

1.4. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და შედავების არარსებობის გამო, საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალის მქონეა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.4.1. 2009 წლის 21 იანვარს მხარეებმა წერილობით გააფორმეს სესხის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა გამსესხებლის (მოსარჩელე) მიერ, მსესხებლისათვის (მოპასუხე), ამ ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად, სასყიდლიანი სესხის მიცემა და მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება;

1.4.2. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, სასყიდლიანი სესხის ოდენობა შეადგენს 1 498 800,96 დოლარის ეკვივალენტ ლარს; სესხის ვადა განისაზღვრა 12 თვით; წლიური სარგებლის ოდენობა _ 120,1%-ით; ვადაგადაცილებაზე შეთანხმებულია პირგასამტეხლოც _ თუ მსესხებელი 14 საბანკო დღეზე მეტი ვადით დააგვიანებდა და არ გადაიხდიდა სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში სესხის ძირითად თანხას და/ან დარიცხულ პროცენტს, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ვადაგადაცილებული ნაწილის 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

1.4.3. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელს უფლება გააჩნდა, მიეღო სესხი ამ ხელშეკრულების შესაბამისად.

1.4.4. მოპასუხემ სადავოდ გახადა სესხის მიღების საკითხი, შესაბამისად სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობაც.

1.5. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების _ თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცების ვალდებულება ეკისრება გამსესხებელს _ მოსარჩელეს. აღნიშნული მოსაზრების სრულყოფის მიზნით პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს: განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის _ გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება), რომელიც, თავის მხრივ, მიიღო მსესხებელმა. მატერიალური სამართლის ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ნივთის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. საგულისხმოა თავად მტკიცების სტანდარტიც, კერძოდ, მატერიალური სამართალი ადგენს თუ არა ხელშეკრულების დადების ფაქტის გარკვეული მტკიცებულებით დადასტურების ვალდებულებას (როგორიცაა, მაგ: სკ-ის 312-ე მუხლი _ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება). სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული.

1.6. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ თანხის გადაცემის ფაქტი საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების გონივრული შეფასებით არ დგინდება, რაც მოსარჩელეს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულებისაგან გაათავისუფლებდა, ამ თვალსაზრისით სწორად იქნა შეფასებული სადავო წერილობითი ხელშეკრულების ის დებულებები, რომლებიც ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროისათვის მსესხებლის მიერ თანხის მიღების დადასტურებას არ შეიცავენ, არამედ, მითითებულია მსესხებლის მიერ თანხის სამომავლოდ მიღების უფლებაზე, თუმცა, მხოლოდ ეს გარემოება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძვლად არ შეიძლება იქნას მიჩნეული საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების დასაბუთებული უარყოფის გარეშე. ბუნებრივია, მოსარჩელის მხრიდან მტკიცების ტვირთის დაძლევას ართულებს მისი არაერთმნიშვნელოვანი განმარტებები (საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მან თავდაპირველად თანხის გადარიცხვაზე, ხოლო შემდგომ _ კაზინოს სალაროში შეტანაზე მიუთითა), თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს, ხოლო, ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

1.7. სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის (სესხის ხელშეკრულების რეალურად დადების) თვალსაზრისით, უდავოდ მნიშვნელოვანია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები:

ა) 2009 წლის 30 აგვისტოს წერილი, რომლის თანახმადაც, გამსესხებელმა წერილობით მიმართა მოპასუხეს და თანხმობა განაცხადა, რომ 2009 წლის 21 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად, მისთვის გადასახდელი თანხიდან ნაწილი 900 000 - 1 000 000 ლარის ფარგლებში გადარიცხულიყო შპს „ფ-ის“ ანგარიშზე;

ბ) შპს „ფ-ის“ ანგარიშის ამონაწერი, რომლის თანახმადაც, 2009 წლის 31 აგვისტოს მოპასუხემ შპს „ფ-ს“ გადაურიცხა 920 797,92 ლარი დანიშნულებით _ „სესხის დასაფარად“;

გ) სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიერ წერილობითი ფორმით გაცემული ინფორმაცია;

დ) მოწმეთა ჩვენებები.

1.7.1. მოხმობილ მტკიცებულებათაგან „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული დოკუმენტების ურთიერთკავშირი სააპელაციო პალატამ იმ დასაბუთებით არ გაიზიარა, რომ წერილის მიღების ფაქტს მოპასუხე არ ადასტურებდა, ამასთანავე, წერილობით დოკუმენტს არ ჰქონდა მისი ადრესატისათვის რეალურად გადაცემის დამადასტურებელი ინიციალები, ხოლო სხვა საწარმოსათვის თანხის გადარიცხვის ფაქტის შემოწმებისას, პალატამ მიუთითა მოპასუხის მიერ აღძრულ კონდიქციური სარჩელზე შპს „ფ-ის“ მიმართ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სადავო წერილის ინდივიდუალურად შეფასების შემთხვევაში, შესაძლოა, მისი ღირებულებითი მნიშვნელობა ეჭვქვეშ დადგეს, რამდენადაც ის მართლაც არ შეიცავს იმგვარ მითითებას, რაც ადრესატის მიერ ნების მიღებას დაადგენდა, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის დებულებებით მოპასუხეს არ უსარგებლია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხომაზე მანვე განმარტა საზოგადოების მიერ კორესპოდენციის მიღების დადასტურების წესი (იხ. 09.12.2013წ. სხდომის ოქმი, 15:23:30 სთ; 17.03.2014წ. სხდომის ოქმი, 15:06:33 სთ, ასევე, მოწმე ი.ს-ის ჩვენება, 14.04.2014წ. სხდომის ოქმი, 14:28:51 სთ), რაც ამავე სახითაა ასახული წერილობით ახსნა განმარტებაში, კერძოდ, მოპასუხე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს „კ-ა“ კორესპოდენციის მიღებას ახორციელებდა მარტივი კანცელარიის პრინციპით, წერილების ჩაბარება ხდებოდა კაზინოს ფოიეში, ხოლო გამგზავნის ან/და კურიერის მოთხოვნის შემთხვევაში, კაზინოს წარმომადგენელი ჩაბარების შესახებ ხელმოწერას აკეთებდა გამომგზავნის/კურიერის მიერ მითითებულ დოკუმენტზე და შესაბამისი დოკუმენტი რჩებოდა გამომგზავნ მხარესთან (იხ. ტ. II, ს.ფ. 122-129). აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მოწმე ი.ს-ის განმარტებაზე, თუ რა სახით ხდებოდა კორესპოდენციის ჩაბარება, თუმცა ამავე მოწმემ დაადასტურა კორესპოდენციის იმგვარად მიღების შესაძლებლობაც, როდესაც მასზე რაიმე დადასტურება არ აღინიშნებოდა (იხ. 14.04.2014წ. სხდომის ოქმი, 14:28:42 სთ). აქვე მნიშვნელოვანია შეფასდეს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შედავება მოსარჩელის 2009 წლის 30 აგვისტოს წერილის თაობაზე. ეს უკანასკნელი ეჭვს გამოთქვამს დოკუმენტის დათარიღებასა და მოსარჩელის იმდროინდელი წარმომადგენლის _ ი.ჯ-ის ჩვენებაზე, რომ წერილი მოსარჩელის კარნახით სწორედ მან შეადგინა და წარადგინა მოპასუხე საწარმოში, რადგანაც მისი მარწმუნებელი (მოსარჩელე) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდა. რაც შეეხება თანხის გადარიცხვის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ ამ მტკიცებულების მიმართ კვალიფიციური შედავება განახორციელა, კერძოდ, განმარტა, რომ შპს „ფ-ის“ ამონაწერში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, მან მართლაც შეასრულა მსგავსი ტრანზაქცია, თუმცა არ ადასტურებს იმას, რომ ამ გადარიცხვასა და მოსარჩელის წერილს შორის არსებობს რაიმე ურთიერთკავშირი (იხ. შესაგებელი, ტ. I, ს.ფ. 294-306). საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ამ შედავების სამართლებრივ მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ გადარიცხვის რეალური საფუძვლის (მოსარჩელის მითითებისაგან განსხვავებული) დადასტურება მოპასუხის მტკიცების ვალდებულებას წარმოშობს, ამ მხრივ, მართალია, საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის მიერ აღძრული კონდიქციური სარჩელი, თუმცა მისი შესწავლით არ დასტურდება არც სარჩელის სასამართლოს წარმოებაში არსებობის და არც ამ დავის რაიმე ფორმით დასრულების (გადაწყვეტილების მიღების) ფაქტი. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს ასევე სრულყოფილ მსჯელობას განხორციელებული გადარიცხვების თაობაზე მოპასუხე საწარმოს ყოფილი დირექტორისა და შპს „ფ-ის“ დირექტორის ჩვენებები რამდენად ამართლებენ შპს „ფ-ის“ ანგარიშზე თანხის არა სადავო, არამედ სხვა, დამოუკიდებელი (თუნდაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე) სამართალურთიერთობის ფარგლებში გადარიცხვას. პალატა მხედველობაში იღებს მოწმე ი.ს-ის ჩვენებას, რომლის თანახმადაც მისთვის გადარიცხვის რეალური საფუძველი უცნობია, რამდენადაც დავალება მიიღო საწარმოს დამფუძნებლისგან, მანვე განმარტა, რომ თანხის გადარიცხვაში დანიშნულებად „სესხის დაფარვა“ საკუთარი ინიციატივით განახორციელა, თუმცა, სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, საგადასახადო მიზნებისათვის თუ რატომ იყო საჭირო განხორციელებული ტრანზაქციის დანიშნულებად „სესხის დაფარვის“ მითითება, აქვე მოწმე ადასტურებს, რომ არ აქვს პასუხი, გადარიცხვის განხორციელებისას დანიშნულებად რატომ მიუთითა სესხის დაფარვა (იხ. 14.04.2014წ. სხდომის ოქმი, 14:35:36 სთ; 14:38:02 სთ; 14:54:43 სთ). პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გასაჩივრებული განჩინების კვლევით ნაწილში ასევე არ არის ასახული სასამართლოს დასკვნები მოსარჩელის იმ განმარტების თაობაზე, სადაც მხარე ადასტურებს შპს „ფ-ის“ ანგარიშზე განხორციელებულ გადარიცხვასა და სესხის სარგებლის ოდენობის კავშირს (მოსარჩელის მტკიცებით, სესხის ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკით გათვალისწინებული ოთხი თვის სარგებლის დაქვითული ოდენობა ემთხვევა განხორციელებული ტრანზაქციის ოდენობას).

1.7.2. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილ სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიერ გაცემულ ინფორმაციას, ამ მტკიცებულებების თანახმად, ირკვევა შემდეგი: სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ერთიანი ელექტრონული ბაზის 13.12.2013 წლის მონაცემების მიხედვით, გ. მ-ის მიერ 2009 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 997 365 ლარს (13.12.2013წ. ცნობა), ამავე პასუხს ერთვის დანართი _ „გაშიფვრა თვეების მიხედვით“, საიდანაც დასტურდება, რომ გ. მ-ეს 2009 წელს შპს ,,კ-ასგან“, მიღებული აქვს შემოსავალი პროცენტის სახით 997 365 ლარის ოდენობით; დასახელებული მტკიცებულების საპირისპიროდ, მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა ასევე, „შემოსავლების სამსახურის“ მიერ 23.01.2014წ. გაცემული ცნობა რომელშიც მითითებულია, რომ 2009 წელს გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ინფორმაციის წარდგენა ხდებოდა ჯამურად, წლის განმავლობაში გაცემული შრომითი ანაზღაურების მითითებით; მოსარჩელემ დამატებით წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის მიერ 05.02.2014წ. გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ 04.02.2014 წლის მდგომარეობით ფ/პ გ. მ-ის მიერ 2009 წელს პროცენტის სახით მიღებული ერთობლივი წლიური შემოსავალი შეადგენს 997 365 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი შეადგენს 74 802.38 ლარს. სააპელაციო პალატამ მითითებული მტკიცებულებების გაზიარებაზე უარი საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე დაამყარა და აღნიშნა, რომ სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ცნობა არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას, ვინაიდან მისი შინაარსიდან არ დგინდება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის მიღება, აღნიშნულის საპირისპიროდ კი, მიუთითა ზემოხსენებული დოკუმენტების დათქმაზე _ „ხელფასის სახით“. საკასაციო პალატა კვლავ განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების დადების მტკიცების სპეციალურ სტანდარტს მატერიალური სამართლის ნორმა არ შეიცავს, რის გამოც, გამსესხებელმა სესხის გადაცემის ფაქტი შესაძლოა ნებისმიერი სარწმუნო მტკიცებულებით დაადასტუროს (იხ. წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.5. პუნქტი), რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებებში მითითებულია შემოსავლის „ხელფასის სახით“ მიღება მოპასუხისაგან, საკასაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელის მოპასუხე საზოგადოებაში დასაქმების ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება სწორედ დამსაქმებელს _ მოპასუხეს ეკისრებოდა (მაგ: წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, მისი არარსებობის პირობებში სხვა იმგვარი მტკიცებულება, რაც შრომის კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრულ გარემოებას დაადასტურებდა), რომელსაც ამ კუთხით ჯეროვანი მტკიცება არ განუხორციელებია, უფრო მეტიც, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მხარეთა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობას დაამტკიცებდა და ლოგიკურ, დამაჯერებელ პასუხს გასცემდა იმ შეკითხვას, თუ რის საპროცენტო სარგებელს შეადგენდა გამსესხებლის მიერ მიღებული შესრულება (სკ-ის 361.1 მუხლი). საგულისხმოა სადავო პერიოდში მოპასუხე საწარმოს დირექტორის ჩვენება, რომელიც უარყოფს მოსარჩელისათვის პროცენტის სახით რაიმეს გადარიცხვას და ამ გადარიცხვას, ერთ შემთხვევაში, ბუღალტრულ შეცდომად, ხოლო, მეორე შემთხვევაში _ მის მიერ სამსახურის დატოვების შემდგომ მოსარჩელესთან შესაძლო გარიგების დადებაზე მიუთითებს (იხ. 14.04.2014წ. სხდომის ოქმი, 14:32:51 სთ). საკასაციო პალატა ზემოხსენებული მტკიცებულებების შეფასებისას ყურადღებას იმ გარემოებაზეც გაამახვილებს, რომ საქმეში არსებული სესხის ხელშეკრულება, რომელზე ხელმოწერასაც მოპასუხე არ უარყოფს, შეიცავს შემდეგ პირობას: „გადახდები: დანართი #1-ით გათვალისწინებული გადასახდელი სარგებელი მოცემულია საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, რომელიც დაიბეგრება გადახდის წყაროსთან“ (იხ. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.6. პუნქტი), თავის მხრივ, სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის განმარტებაზე, სადაც იგი აღნიშნავს საანგარიშო თვის ბოლო დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული აშშ დოლარის ლართან მიმართებაში დადგენილი კურსის სიზუსტით გადასახდელი სესხის სარგებლისა და სსიპ „შემოსავლებისა სამსახურის“ მიერ გადახდის წყაროსთან (მოპასუხე) დაბეგრილი „საპროცენტო სარგებლის“ იდენტურობას (იხ. საქალაქო სასამართლოს 19.02.2014წ. სხდომის ოქმი, 17:38:39 სთ), გასაჩივრებული განჩინებით პასუხგაუცემელია მოსარჩელის ის განმარტებაც (რაც სააპელაციო საჩივრის საფუძველსაც წარმოადგენდა), რომელიც შეეხება სადავო პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 37-ე ნაწილის დათქმას სარგებლის დაბეგვრის ოდენობის თაობაზე.

1.8. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიებს მოპასუხის მიმართ ნაწარმოებ სხვა სამოქალაქო საქმის თაობაზე, რომლის ფაქტობრივი მხარე განსახილველი სამართალურთიერთობის მსგავსია, პალატა მას ვერ გაიზიარებს და მოდავე მხარეთა სხვადასხვაობის გამო მიიჩნევს, რომ იმ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული ძალა წინამდებარე დავის მიმართ არ შეიძლება მიენიჭოს, არამედ დამოუკიდებელ შეფასებას ექვემდებარება, ხოლო სააპელაციო პალატამ ამ თვალსაზრისით მართებულად მიუთითა იმაზე, რომ სხვა პირთან სესხის ხელშეკრულების დადებისა და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობის ფაქტი მოცემული დავის განხილვაში ვერ იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე.

1.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვემდგომმა სასამართლომ, წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.7. პუნქტში მოხმობილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით უნდა გამოარკვიოს, ხომ არ არსებობს იმ კანონისმიერი პრეზუმფციის (სკ-ის 361.1 მუხლი) დაშვების წინაპირობა, რომ მხარეთა შორის მართლაც წარმოშობილია სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა. პალატა დამატებით განმარტავს, რომ პრეზუმირებული ფაქტი ისეთი ფაქტია, რომელიც არ შედის მტკიცების საგანში, ხოლო პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი იმ მხარეს ეკისრება, რომლის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს იგი (ვისთვისაც არახელსაყრელი შედეგის მომტანია). საკასაციო სამართალწარმოების ბუნებიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, თავად დაადგინოს სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, რომლის გადაწყვეტის გარეშეც შეუძლებელია, შეფასდეს მოსარჩელის მოთხოვნები სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების, ასევე, მოპასუხის შედავება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

1.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მტკიცემულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვროს უფლების საკითხი.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ.ბაქაქური