№ას-440-422-2016 17 ივნისი, 2016 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
სამოქალაქო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს "ს.ს.კ–ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განჩინებაზე, საქმეზე რ.რ–ს სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეების ინდვიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა „ა.პ. 2”-ის, შპს „ს.ს.კ–სის“ და შპს „ა.“ის მიმართ, ხელშეკრულებიდან გასვლის, თანხის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
პალატამ გამოარკვია:
1. 2005 წლის 8 სექტემბერს შპს "ა"-სა (პირველი მოპასუხე) და შპს "ს.ს.კ–სს" (შემდეგში მეორე მოპასუხე, აპელნატი კასატორი) შორის დაიდო ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაფუძნდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა "ა.პ–სი 2" (შემდეგში ამხანაგობა, მესამე მოპასუხე) {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 930-ე მუხლი}. ხელშეკრულების მხარეებმა იკისრეს ვალდებულება ქ. თბილისში, ..... აეშენებინათ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი.
2. 2006 წლის 21 ნოემბერს ამხანაგობასა და რ.რ–ას (შემდეგში მოსარჩელე, მყიდველი) შორის დაიდო ქ. თბილისში, ..... მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულება Nაპ 2-164, რომლის თანახმად, ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება მოსარჩელესათვის 2008 წლის 21 ნოემბერს ჩაებარებინა ზემოხსნებულ საცხოვრებელ კომპლექსში მდებარე საცხოვრებელი სახლის .. მე-8 სართულზე მდებარე ბ. .., ხოლო მყიდველი თავის მხრივ ვალდებული იყო სანაცვლოდ ამხანაგობისთვის გადაეხადა ბინის ნასყიდობის ფასი 35 167 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში {სსკ-ის 477-ე მუხლი, 327.1. მუხლი}.
3. 2006 წლის 21 ნოემბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა Nაპ 2-164 სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გაცემული სესხის თანხამ შეადგინა 30 167 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 28 თვის ვადით, წლიურ საპროცენტო სარგებლად კი განისაზღვრა თანხის 18% {სსკ-ის 623-ე მუხლი}.
4. მყიდველმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - პირველადი შენატანი 5000 აშშ დოლარი, დარჩენილი 30 167 აშშ დოლარი და სესხის პროცენტი 12 670 აშშ დოლარი, სულ 47 837 აშშ დოლარი სრულად გადაიხადა.
5. ამხანაგობამ მის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მშენებლობა არ დაასრულა.
6. მყიდველმა მოპასუხეების წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მათთვის სოლიდარულად 35 167 აშშ დოლარის ეკვავლენტი ლარის, 12670 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის და პირგასამტეხლოს 4642 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა.
7 აღნიშნული გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9. ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 5814.148 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. განჩინების თაობაზე სატელეფონო შეტყობინებით კასატორის წარმომადგენელს ბ.ი–ს ეცნობა 2016 წლის 27 მაისს.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 28 მაისს და დასრულდა იმავე წლის 4 ივნისს 2400 საათზე. აღნიშნულ საპროცესო ვადის გასვლამდე კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის.
14. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
15. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
16. მოცემულ შემთხვევაში, შპს "ს.ს.კ–მა" დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ს.ს.კ–ის" საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა