Facebook Twitter

საქმე №ას-371-355-2016 20 მაისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ჩ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ქ-ა, ი. ჯ-ე, ე. კ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

რ. ჩ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ქ-ას, ი. ჯ-ისა და ე. კ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა 14.03.2008წ. მოსარჩელესა და ი.ჯ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე, 14.11.2008წ. ე.კ-ესა და თ.ქ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მითითებით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს, ამასთან, განმარტეს, რომ სადავო გარიგებები იყო ნამდვილი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის წინაპირობები.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევა.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, 2016 წლის 1 მარტს დროულად გამოცხადდა აპელანტი, თუმცა არ გამოცხადდა მისი წარმომადგენელი, რის გამოც მხარემ განიცადა სტრესი, გახდა ცუდად და დაკარგა გონება, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აპელანტი გადაიყვანა კლინიკაში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი _ ესენციური ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზი. სტაციონერიდან იგი გაეწერა 01.03.2016წ, 17:40 საათზე. აღნიშნულის თაობაზე, ბუნებრივია, სასამართლოს ვერ აცნობებდა, ხოლო ცნობა გაცემულ იქნა მხოლოდ 04.03.2016 წელს. აპელანტმა სასამართლოს ცნობის მიღებისთანავე მიმართა, თუმცა უშედეგოდ, სააპელაციო პალატას 2016 წლის 1 მარტს უკვე ნამსჯელი ჰქონდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხზე (იხ. კერძო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე ის ჯეროვნად იყო ინფორმირებული (დამატებით იხ: სსსკ-ის 216.3 მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი ხელწერილი სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე, სადაც განმარტებულია სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები, ტ.II, ს.ფ.77);

1.2.2. დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადებულა აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი;

1.2.3. გამოცხადებულმა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეებმა (წარმომადგენლებმა) სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

1.3. კერძო საჩივრის ავტორი პრეტენზიას ძირითადად იმ საფუძვლით აცხადებს, რომ მას ჰქონდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით აღმოჩნდა საავადმყოფოში და ამ გარემოების თაობაზე იგი წინასწარ ვერ აცნობებდა სასამართლოს. წარმოდგენილ კერძო საჩივარს ერთვის სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა #IV-100/ა, ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება.

1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.

1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია, შესაბამისად, ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა საკასაციო პალატის კვლევის ობიექტი ვერ გახდება. კერძო საჩივრის ფარგლებში, როგორც უკვე აღინიშნა, მხარემ მიუთითა საპატიო მიზეზის არსებობაზე - ჯანმრთელობის მდგომაროებაზე.

1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

1.6.1. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მხარის მიერ შუამდგომლობის წარდგენისა თუ მისი წარდგენის შეუძლებლობის საკანონმდებლო რეგლამენტაციას და, ერთი მხრივ, მიუთითებს განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობის აუცილებლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამ გარემოების თაობაზე მხარის ობიექტურ შეუძლებლობას, წინასწარ აცნობოს სასამართლოს. ნორმის ამ ელემენტთაგან ერთ-ერთის არარსებობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია. ამასთანავე, უდავოდ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ, ავადმყოფობის გამო, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა კანონმდებელმა მტკიცების სპეციალურ სტანდარტს დაუქვემდებარა და დაადგინა, რომ ამ მოტივით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა დადატურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, სადაც მითითებული იქნება სასამართლოს ხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე.

1.6.2. საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი ფორმა #IV-100/ა-ს შესწავლის შედეგად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომის დღეს ის ნამდვილად იმყოფებოდა საამედიცინო დაწესებულებაში, რადგანაც 04.03.2016წ. გაცემული ზემოხსენებული დოკუმენტის თანახმად, სტაციონარში მიმართვის დრო 01.03.2016 წელი, 14:30 საათია, ხოლო სტაციონარიდან პაციენტი გაწერილ იქნა ამავე დღის 17:40 საათზე რეკომენდაციით _ კარდიოლოგის მეთვალყურეობა. მართალია, მითითებული ცნობა სრულად არ აკმაყოფილებს კანონის ფორმალურ მოთხოვნებს (არაა აღნიშნული სასამართლოში გამოუცხადებლობის თაობაზე), თუმცა, ამ ფორმალობათა მიუხედავად, საკასაციო პალატის შეფასებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აპელანტის ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში იცავდა ადვოკატი ა. ბ-ი, საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის ვადა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნებს, 18.06.2017 წლის ჩათვლითაა. არც მხარეს მიუთითებია და არც საქმის მასალებშია იმგვარი დოკუმენტი, რომელიც, საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის შესაბამისად, რწმუნებული პირის უფლებამოსილებას გააქარწყლებდა, თავის მხრივ, ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უშუალოდ აპელანტის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც კი, ვინაიდან არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, სააპელაციო პალატამ ზემოხსენებული ნორმების სწორი განმარტების გზით დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გაუქმების საფუძველი.

1.7. რაც შეეხება სასამართლო ხარჯებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.04.2016წ. განჩინებით „სახელმწუფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური