Facebook Twitter

№ას-119-115-2016 19 აპრილი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –ს.გ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის არ დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

a ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.გ–ძე (შემდეგში მოსარჩელე) და ს.გ–ძე (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი, კასატორი,) 2014 წლის 11 მაისიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1106-ე, 1151-ე მუხლები}.

2. მოპასუხე საკუთრების უფლებით ფლობს სატრანსპორტო საშუალებას - „MAN 19.134“. სახ. ნომრით „..... (შემდეგში ავტომანქანა, მოძრავი ქონება). ავტომანქანის საბაზრო ღირებულება შეადგენს 38 000 ლარს.

3. ავტომანქანა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 21 ივლისს, შეიძინა მოპასუხემ {სსკ-ის1158-ე მუხლი}.

4. 2014 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მან ქორწინების შეწყვეტა, ავტომანქანაზე თანამესაკუთრედ ცნობა და ავტომანქანის შესაბამისი წილის, 19 000 ლარის კომპენსაცია მოითხოვა {სსკ-ის 1158.1 და 1166-ე მუხლები}. 5. 5. მოპასუხემ სარჩელი ცნო განქორწინების ნაწილში, ხოლო ავტომანქანაზე თანამესაკუთრედ ცნობისა და ავტომანქანის შესაბამისი წილის, 19 000 ლარის კომპენსაციის მოთხოვნა არ ცნო იმ მოტივით, რომ სადავო ავტომანქანა მისი მამის, ტ.გ–ძის, სახსრებითაა შეძენილი და ამიტომ არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული გარემოებები, ხოლო დავის გადასაწყვეტად გამოიყენა სსკ-ის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1151-ე, 1158-1159-ე, 1161-ე, 1164-ე,1166-ე მუხლები.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ შემდეგი საფუძვლებით:

7.1. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოპასუხის მამის ახნა-განმარტება, იმის თაობაზე, რომ ავტომანქანის შესაძენად საჭირო თანხა მან საჩუქრად გადასცა მოპასუხეს, რასაც ადასტურებდა მისი ანგარიშის საბანკო ამონაწერი და ამ ანგარიშზე რიცხული თანხების მოძრაობა.

7.2. სასამართლომ არ შეაფასა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს ავტომანქანის შესაძენად საჭირო თანხის ნაწილის ტ.გ–თვის სესხების ფაქტი.

8. ქუთაისის სააპელაციო საასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო მოძრავი ქონება მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში იქნა შეძენილი, შესაბამისად მოსარჩელე წარმოადგენდა ავტომანქანის თანამესაკუთრეს.

10. პალატის მოსაზრებით, სასამართლოს მხედველობაში რომც მიეღო მოწმეთა ჩვენებები, რომლის თანახმადაც მოპასუხეს ავტომანქანის შესაძენი თანხა საჩუქრად მისმა მამამ გადასცა, ეს გარემოება მაინც ვერ შეცვლიდა სამართლებრივ სიტუაციას, ვინაიდან, მხარეთა შორის სადავო იყო არა საჩუქრად გადაცემული თანხა, არამედ ავტომანქანა, რომელიც უდავოდ მეუღლეთა თანაცხოვრების დროს იქნა შეძენილი.

11. აღნიშნული განჩინება იგივე მოტივებით საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (იხ. განჩინების მეშვიდე პუნქტი).

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით:

16.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16.2. საკასაციო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ ავტომანქანა მოპასუხის მამის ფულადი სახსრებითაა შეძენილი და ამიტომ არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, სავსებით მართებულად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რადგანაც განხორციელებული იყო სსკ-ის 1158-ე, 1164-ე და 1165-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობები და არ არსებობდა მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებები {სსკ-ის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება, 1161-ე მუხლი }.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ.სუსგ # ას-888-850-2014, 25.05.2015, #ას-632-598-2015, 6 ნოემბერი 2015, №126-121-2012, ას-1489-1405-2012).

18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ს.გ–ეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 28.01.2016 წელი, სს ,,საქართველოს ბანკი“, საგადასახადო დავალება #7451659, გადახდის თარიღი 16.07.2015 წელი სს „ლიბერთი ბანკი“), 950 ლარის 70% – 665 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი