№ას-932-882-2015 15 მარტი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენა
სხდომის მდივანი--ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ზ.ც–ძე, თ.მ–ძე (მოპასუხეები)-არ გამოცხადდნენ
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ფ.ბ.ს.” (მოსარჩელე)
წარმომადგენელი-გ.შ.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 12 მაისს სს „ფ.ბ.ს.მ“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი, ან გამსესხებელი) თ.მ–ძეს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, ან მსესხებელი) ასესხა 25000 აშშ დოლარი {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 867-ე და 623-ე მუხლები}.
2. სესხზე შეთანხმება წერილობითი ფორმით გაფორმდა 1461 დღის ვადით, 2017 წლის 5 აპრილამდე.
2.1. სესხის სარგებელი წლიურ 19%-ს შეადგენდა {სსკ-ის 625-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
2.2. სესხი, ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით უნდა დაბრუნებულიყო {სსკ-ის 873-ე მუხლი}.
2.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1%. {სსკ-ის მუხლი 417-418-ე მუხლები}.
3. პირველი მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ქ. ბათუმში, ..... მდებარე ზ.ც–ძის (შემდეგში მეორე მოპასუხე, ან იპოთეკის საგნის მესაკუთრე) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. იპოთეკა კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში {სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
4. პირველმა მოპასუხემ არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის გრაფიკი. მოსარჩელემ ამის გამო გაფრთხილების წერილი გაუგზავნა მსესხებელს და მოსთხოვა ვალის დაბრუნება.
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვა:
5.1. 25 342,38 აშშ დოლარისა (ძირითადი თანხის- 19204,75 აშშ დოლარის, სარგებლის- 5742,15 აშშ დოლარის, საურავის- 395,48 აშშ დოლარის) და სახელმწიფო ბაჟის, 1335,47 ლარის, პირველი მოპასუხისათვის დაკისრება.
5.2. მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით მოთხოვნის დაკმაყოფილება {სსკ-ის 301-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები}.
6. მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს მოთხოვნები.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25046,9 აშშ დოლარის გადახდა (ძირითადი თანხის- 19204,75 აშშ დოლარის, სარგებლის -5742,15 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 100 აშშ დოლარის) და სახელმწიფო ბაჟის - 1314,96 ლარის გადახდა; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მეორე მოპასუხის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ქონება.
8. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება მოპასუხეებმა ნაწილობრივ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს დაკისრებული საპროცენტო სარგებლის, 5742,15 აშშ დოლარის, 2000 აშშ დოლარით შემცირება. საჩივარი დასაბუთებული იყო იმით, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მსესხებელს სარგებლის გადახდა არ უნდა დაჰკისრებოდა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
9.1. სააპელაციო სასამართლომ დამატებით დაადგინა შემდეგი ფაქტები: ნაწილობრივ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები;
9.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაუსაბუთებელი იყო, თუმცა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილში არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:
10.1. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ძირი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაკისრება სესხით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აღნიშნული თანხა (სარგებელი) წარმოადგენდა მიუღებელ შემოსავალს, მოსარჩელეს კი, ასეთი რამ არ მოუთხოვია და აპელაციის ფარგლებში მოთხოვნის შეცვლა დაუშვებელია; შესაბამისად, სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს.
10.2. სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა დაკისრებული სარგებლის - 2000 აშშ დოლარით და არა ლარით შემცირება, როგორც ეს სასამართლომ დაადგინა.
10.3. დღევანდელ პირობებში, როდესაც საბანკო საპროცენტო სარგებელი ზოგადად შემცირებულია 9-11%-ის ფარგლებში, მიუღებელი შემოსავალი მნიშვნელოვნად ნაკლები უნდა ყოფილიყო.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ა“ და „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საქმის მასალების გაცნობა, შესწავლა და ანალიზი, ასევე, მიღებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე.
13. სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები {სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი}. ამის შედეგად საკმარისი არგუმენტაციის გარეშე იქნა უარყოფილი საჩივარი, სახელდობრ:
13.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25 046,9 აშშ დოლარის გადახდა, მათ შორის: დასაბრუნებელი სესხის ძირითადი თანხა იყო 19204,75 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი - 5742,15 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო კი - 100 აშშ დოლარი. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 1314,96 ლარის გადახდა; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მეორე მოპასუხის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ქონება.
13.2. სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 მარტის გადაწყვეტილების შეცვლა სესხით სარგებლობისათვის დაკისრებული სარგებლის ნაწილში და მისი ოდენობის, 5742,15 აშშ დოლარის, 2000 აშშ დოლარით შემცირება. საჩივარი დასაბუთებული იყო იმით, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელეს შეეძლო, მოეთხოვა პირგასამტეხლოს და არა სარგებლის გადახდა.
13.3. ფულადი ვალდებულების განსაზღვრა დამოკიდებული იყო სამართლებრივად მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტების დადგენაზე: როდიდან შეწყვიტა ხელშეკრულება ბანკმა და მხარეთა შორის არსებული შეთანხმება ითვალისწინებდა თუ არა შეწყვეტის შემდეგაც სარგებლის გადახდას?
13.4. სააპელაციო სასამართლომ საჩივრის ფარგლებში სათანადოდ არ გამოიკვლია აღნიშნული გარემოებები. მან მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა არასწორად დაუკავშირა საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღს - 2015 წლის 5 მარტს, მაშინ, როდესაც სარჩელი აღძრული იყო ჯერ კიდევ 2014 წლის 13 ნოემბერს და მოსარჩელე თავის მოთხოვნას მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევაზე და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტაზე ამყარებდა. შესამოწმებელი იყო, არსებობდა თუ არა სსკ-ის 873-ე მუხლის წინაპირობები (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა), რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, დაედგინა საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი და რამდენად სწორად იყო განსაზღვრული დარიცხული სარგებლის ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, კი სასამართლო ფაქტობრივად გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს {სსსკ-ის 377.1}, როცა დაასკვნა: „ვინაიდან, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ამ დროისათვის აღსრულებული არ არის, სესხის თანხა კრედიტის გამცემს არ დაბრუნებია, რაც ადასტურებს, რომ კრედიტორს შესაძლებლობა არ ეძლევა, სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების ფაქტობრივად აღსრულებამდე უკვე გასული პერიოდის (132 დღის) გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი 2000 ლარის (მიუღებელი შემოსავლის სახით) დაკისრება არ წარმოადგენს მოვალის უფლებების შეზღუდვას და გამართლებულია“ (იხ.ს.ფ.159, მეორე აბზაცი). პალატის ეს მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ჯერ ერთი, დავის საგანი იყო არა 2000 ლარი, არამედ 2000 აშშ დოლარი. მეორეც, მოსარჩელე ზიანს (მიუღებელ შემოსავალს) კი არა, იმ სარგებელს მოითხოვდა, რაც სესხით სარგებლობის შედეგად მიიღო მსესხებელმა. სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო („მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ვადიანი ხელშეკრულებების შესრულების ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ფულის თვისობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, მართებულად დაუკავშირა ამგვარი ზიანი საბანკო სფეროში ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში მისაღებ სარგებელს“ იხ. სუსგ #ას-725-693-2014, 3 ივლისი 2015 წელი.) შესაბამისად, განსხვავებულია მათი მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება.
14. ამრიგად, საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა დადგინდეს საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი, სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული საკრედიტო ხელშეკრულების არსებითი პირობები, უნდა დაერიცხოს თუ არა პროცენტი (სარგებელი) სესხის თანხას ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც იმ ვითარებაში, როცა მხარეებმა ვადაგადაცილებისათვის გაითვალისწინეს პირგასამტეხლო და სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებით უნდა გამოიტანოს შესაბამისი სამართლებრივი დასკვნები.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 372-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ც–ძეს და თ.მ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი