¹ბს-956-542(კ-05) 16 იანვარი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ბ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს 27.04.05წ. განჩინება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
21.01.05წ. ბ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ 1993 წლიდან მუშაობდა საბაჟო სისტემაში, 2001 წელს დაამთავრა საბაჟო აკადემია და მიენიჭა საბაჟო საქმის სპეციალისტის კვალიფიკაცია. 1998-2003 წლებში გაიარა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ატესტაცია. განთავისუფლებამდე მუშაობდა რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის" _ ....... საბაჟო გამშვები პუნქტის ინსპექტორის თანამდებობაზე, საიდანაც განთავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹24-კ ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის I პუნქტის საფუძველზე.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 17.02.05წ. გადაწყვეტილებით ბ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 95.01.05წ. ბრძანება ბ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელე აღდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი ,, ........ " ინსპექტორის თანამდებობაზე, ბ. ბ-ს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური გათავისუფლების დღიდან, სასამართლომ დაადგინა გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულება.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოში. სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹25-კ ბრძანებით, ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97-ე მუხლის I პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მოხელის განთავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან, რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების შემთხვევაში. ამავე მუხლის მეორე პუნქტი ავალდებულებს სამსახურის ადმინისტრაციის ვალდებულებას შტატების შემცირებისას მოხელეს შესთავაზოს სხვა თანამდებობა, მოხელის გათავისუფლება მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, უკეთუ მოხელე უარს იტყვის სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე. საქმეზე უდავოდ დადგენილად იქნა ცნობილი, რომ სამსახურის ადმინისტრაციას დათხოვნისას მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია, რითაც დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის იმპერატიული მოთხოვნა, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ მიჩნეულ იქნას სკ-ის 54-ე მუხლისა და სზაკ-ის 70-ე მუხლის საფუძველზე ბათილ გარიგებად.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამსახურის ადმინისტრაციამ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნისას დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა, არ გამოიკვლია რა ის გარემოებები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მოსარჩელის სამსახურში დარჩენის უპირატეს უფლებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინებით საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად რეგიონალურ საბაჟო ,,დასავლეთში" შემცირდა 48 საშტატო ერთეული, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,, ........ " შემცირდა 22 საშტატო ერთეული, ხოლო ინსპექტორების საშტატო რიცხოვნობა 12 საშტატო ერთეულით შემცირდა. კასატორი თვლის, რომ ბ. ბ-ის ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ადმინისტრაციის მიერ დაცულ იქნა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97-ე მუხლის I პუნქტის მოთხოვნა. კასატორი თვლის, რომ კანონის 97-ე მუხლი არეგულირებს მოხელის გათავისუფლებას შტატების შემცირების გამო, ხოლო მეორე პუნქტი მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევას განიხილავს, როდესაც ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა მოხელეს შესთავაზოს სხვა თანამდებობა. საბაჟო ,,დასავლეთში”, 48 ერთეულით შტატების შემცირების გამო, ადმინისტრაცია მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეთავაზებინა მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს პალატის 27.04.05წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი დეპარტამენტის საკასაციო საჩივარზე არ წარმოუდგენია. საქმე სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს საჯარო-სამსახურებრივი სამართალურთიერთობებიდან, ბ. ბ-ი მოითხოვს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, საბაჟო გამშვები პუნქტი ,, ........ " ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენას, გათავისუფლების დღიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამსახურიდან ბ. ბ-ის გათავისუფლების ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და არა ადმინისტრაციულ გარიგებას, შესაბამისად საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო ურთიერთობები უნდა გადაწყდეს სკ-ის 54-ე მუხლის და სზაკ-ის 70-ე მუხლის მიხედვით. ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავი და მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტი, აგრეთვე ადმინიტსრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტი, 251 მუხლი ითვალისწინებენ ,,ადმინისტრაციული ხელშეკრულების" ცნებას, რაც სამართლებრივად არსებითად განსხვავდება მანამდე კანონმდებლობაში დამკვიდრებული ადმინისტრაციული გარიგების ცნებისაგან და გამორიცხავს ცალმხრივი ადმინისტრაციული გარიგების არსებობას ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობაში. ამრიგად საკანონმდებლო ნოვაციების გათვალისწინებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება (ბრძანება) მიჩნეულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ აქტად, კერძოდ სზაკ-ის მე-2 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით და IV თავით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ დავები განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შესახებ დავებად, სასკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა სზაკ-ის აქტის გამოცემის მომწესრიგებელი შესაბამის ნორმებთან და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის ნორმებთან.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. რეორგანიზაციამდე მოქმედებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 08.07.04წ. ¹469 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგი, რომლის თანახმად რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის” საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრებოდა 390 საშტატო ერთეულით, აქედან საბაჟო გამშვები პუნქტი ,, ....... " საშტატო რიცხოვნობა 66 საშტატო ერთეულით, ხოლო ინსპექტორის საშტატო რიცხოვნება 44 საშტატო ერთეულით განისაზღვრებოდა. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური საბაჟოების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 02.12.04წ. ¹775 ბრძანებით ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 08.07.04წ. ¹469 ბრძანებით დამტკიცებულ დანართებში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 02.12.04წ. ¹775 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის" საშტატო რაოდენობა 342 საშტატო ერთეულით განისაზღვრა, აღნიშნული რეგიონალური საბაჟოს საბაჟო გამშვები პუნქტი ,, ......... " საშტატო რიცხოვნობა 46 საშტატო ერთეულით, ხოლო ინსპექტორების საშტატო რიცხვნობა 32 საშტატო ერთეულით განისაზღვრა. რეორგანიზაციამდე მოქმედი და რეორგანიზაციის დროს დამტკიცებული საშტატო ნუსხების შედარებისას ირკვევა, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის" საბაჟო გამშვები პუნქტ ,, ........... " ინსპექტორების საშტატო რიცხოვნობა 12 ერთეულით შემცირდა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის” საბაჟო გამშვები პუნქტ ,, .......... " ინსპექტორების საშტატო რიცხოვნობის შემცირება თავისთავად არ ადასტურებს ,,რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის" თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹240-კ ბრძანებით ბ. ბ-ის საბაჟო გამშვები პუნქტ ,, .......... " ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მართლზომიერებას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლების წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მოხელის გათავისუფლება არ დაიშვება, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი წარმოადგენს არა საგამონაკლისო ნორმას, არამედ რეორგანიზაციის შედეგად მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო წესს. მიუხედავად ამისა, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ადმინისტრაციას ბ. ბ-ისათვის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა არ შეუთავაზებია. ამდენად არ არსებობდა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹24-კ ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97-ე მუხლზე მითითებით ბ. ბ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹24-კ ბრძანება ბ. ბ-ის საბაჟო გამშვები პუნქტი ,, .......... " ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და გამოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ ბ. ბ-ის სამსახურიდან დათხოვნისას ადმინისტრაციის მიერ არ იქნა დაცული ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა. ის გარემოება, რომ რეორგანიზაციას თან ახლდა შტატების შემცირება, არ ათავისუფლებს ადმინისტრაციას მოხელისათვის კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის შეთავაზებისაგან, ადმინისტრაცია ვალდებულია დაიცვას ხსენებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც დათხოვნამდე სხვა სამუშაოს შეთავაზებას ითვალისწინებს სწორედ შტატების შემცირების დროს და შესასრულებლად სავალდებულოა ყველასათვის. ამდენად, დაწესებულების რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, შეიძლება იქცეს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, უკეთუ მოხელე უარს იტყვის სხვა შეთავაზებულ თანამდებობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 06.12.05წ. გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ შეთავაზებული შეიძლება იყოს სხვა, იგივე ან უფრო დაბალი რანგის თანამდებობა, ან სამუშაო ადგილი, შეთავაზებულ თანამდებობაზე უარის თქმა ქმნის მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.
სზაკ-ის მე-5, 96.2 მუხლების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. ადმინისტრაციას არ გამოურკვევია, ჰქონდა თუ არა ბ. ბ-ს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36.2 მუხლის საფუძველზე სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-10 თავი, რომელიც არეგულირებს სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს, არ ითვალისწინებს შტატების შემცირებისას უპირატესი დარჩენის უფლებას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 14.2 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამდენად, შტატების შემცრებისას თანაბარ პირობებში უპირატესი დარჩენის უფლება შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უნდა გაირკვეს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკითხები მმართველობის სფეროს განეკუთვნება და შეადგენს ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო სამართალურთიერთობების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სასკ-ის 32.4 მუხლი და სადავო საკითხის _ მოსარჩელის სამსახურში აღდგენის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹24-კ ბრძანება ბ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში, შესაბამისად ადმინისტრაციამ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევა-შეფასების და სათანადო პროცედურების დაცვის შემდეგ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.
რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნული ნაწილი უნდა დაკმაყოფილდეს. ბ. ბ-ს უნდა აუნაზღაურდეს გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, ვინაიდან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან, ხოლო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში ბრძანების ბათილად ცნობა გამორიცხავს ხელფასის გაუცემლობის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.04.05წ. განჩინების ნაწილობრივი შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
2. ბ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹24-კ ბრძანება ბ. ბ-ის საბაჟო გამშვები პუნქტი ,, .......... " ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფების ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაევალოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
4. თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩეს ბ. ბ-ისათვის გათავისუფლების დღიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.