Facebook Twitter

№ას-1131-1078-2013 17 მაისი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენა

სხდომის მდივანი- ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ S.R.“(მოპასუხე)

წარმომადგენელი-ლ.ჩ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.ლ.“ - დირექტორი დ.მ–ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ზ.ჭ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი –თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2012 წლის 21 ივლისს შპს „ე. ლ–სა“ (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი, რწმუნებული) და შპს „S.R.“-ს (შემდეგში მოპასუხე, კასატორი, მარწმუნებელი) შორის დაიდო წერილობითი ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 709-ე მუხლი}.

2. ხელშეკრულების საგანი იყო იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევა, რის სანაცვლოდაც მარწმუნებელი რწმუნებულს სახელშეკრულებო პირობების ფარგლებში უხდიდა გასამრჯელოს, რაც დღგ-ის ჩათვლით თვეში 2360 ლარს შეადგენდა {სსკ-ის 710-ე მუხლის პირველი ნაწილი}.

3. ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე და მოქმედებდა 2012 წლის 21 სექტემბრამდე.

4. იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მარწმუნებელმა გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის რწმუნებულს გადაუხადა 7 916 ლარი.

5. მარწმუნებელს საკუთრებაში გააჩნდა გზის სახაზავი სპეციალური ტექნიკა, რომელიც იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ჰქონდა შპს „თ.რ–ის“ (შემდეგში მოიჯარე). ეს უკანასკნელი არ იხდიდა საიჯარო ქირას და არც იჯარის საგანს უბრუნებდა მესაკუთრეს. მარწმუნებელმა დახმარებისათვის მიმართა რწმუნებულს. მან ამ უკანასკნელს 2012 წლის 26 აპრილს გაუგზავნა შემდეგი შინაარსის ელექტრონული წერილი: „...ამჟამად აპარატურას იჯარის ხელშეკრულებით იყენებს კომპანია T. R. თბილისში. იჯარის ერთი ხელშეკრულება სრულდება 05.05.12, ღირებულება თვეში 6 ათასი ლარი. თქვენი ამოცანაა გაგრძელება, კიდევ ერთი იჯარის ხელშეკრულების დადება ერთი თვით, 6 ათასი ლარის ღირებულების, 05.06.12 და შემდეგ უკვე გაყიდვის ხელშეკრულების დადება. ...დაწვრილებითი ინფორმაცია გადახდისა და გაყიდვაზე წარმატების საკომისიოს (success fee) შესახებ შეიძლება ადგილზევე, თბილისში მოვილაპარაკოთ“.

6. მოგვიანებით მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ იჯარით გაცემული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში რწმუნებული გასამრჯელოდ მიიღებდა რეალიზებული საგნის ღირებულების 10%-ს.

7. 2012 წლის 22 აგვისტოს მარწმუნებლის კუთვნილი სპეციალური ტექნიკის ნაწილი რწმუნებულის ძალისხმევით 341 621.84 ლარად გაიყიდა მესამე პირებზე .

8. მარწმუნებელმა არ გადაუხადა რწმუნებულს გასამრჯელო, 34 000 ლარი.

9. 2012 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა 34 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინა შემდეგი დასაბუთებით:

10.1. მარწმუნებლის საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკა, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, 2012 წლის 10 აპრილიდან ერთი თვით იჯარით გადაცემული ჰქონდა შპს „თ.რ–ს“ (შემდეგში მოიჯარე) {სსკ-ის 581-ე მუხლი}. იჯარის ხელშეკრულების ვადა ავტომატურად გაგრძელდა ერთი თვით და შეწყდა 2012 წლის 10 ივნისს, ვინაიდან მოიჯარე არღვევდა სახელშეკრულებო პირობებს. მოსარჩელესთან იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ მას სამართლებრივი დახმარება გაეწია მოპასუხისათვის იჯარით გადაცემული ქონების დაბრუნებაში. აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეთანხმებისას, ანაზღაურების თაობაზე მოლაპარაკება ითვალისწინებდა შეთავაზებას გადახდის ორ ფორმაზე, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ყოველთვიურ ფიქსირებულ გადასახადს ან იჯარით გაცემული ქონების დაბრუნების და მისი რეალიზაციის შემდეგ, ამონაგები თანხის 10%-ის გადახდას. მოსარჩელემ ანაზღაურების ფორმად თანხის ყოველთვიურად გადახდა აირჩია.

10.2. მოსარჩელემ ვერ მიუთითა, თუ სად და რის საფუძველზე წარმოეშვა მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან მითითებული თანხის 10%-ის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ხელშეკრულება ან რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებას მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული წესითა და პირობებით.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 709-ე, 710-ე მუხლები.

12. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

12.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყების თარიღი (21/07/2013წ), ვინაიდან იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება დაიდო და შესაბამისი მომსახურება მოპასუხეს გაეწია 2012 წლის მაისიდან, როდესაც მხარეები შეთანხმდნენ სახაზავი სპეცტექნიკის უკანონო მფლობელობიდან ამოღებასა და რეალიზაციაზე. აღნიშნული ფაქტი დასტურდება მაისში გაცემული მინდობილობით, რომელიც მითითებულ დავალებას ითვალისწინებს {სსკ-ის 710-ე მუხლის მე-2 და მე 3 ნაწილი}.

12.2. აპელანტის მითითებით დავალების ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადების ფაქტს ადასტურებდა 2012 წლის 26 აპრილის წერილი, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურების გაწევის და მისი ანაზღაურების გარდა შესთავაზა ე.წ. „წარმატების საკომისიოს“ გადახდა, თუ მოსარჩელე უზრუნველყოფდა მოპასუხის კუთვნილი საგზაო მარკირების აღჭურვილობის რეალიზაციას.

12.3. სასამართლომ არ შეაფასა საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებები; კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების ფაქტი სადავო ანაზღაურების პირობებით. სასამართლომ ასევე მხედველობაში არ მიიღო საქმეზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 34 000 ლარის გადახდა.

14. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:

14.1 მოპასუხეს საკუთრებაში ჰქონდა გზის სახაზავი სპეცტექნიკა. აღნიშნული მოძრავი ქონება, იჯარის ორი ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ჰქონდა მოიჯარეს. ეს უკანასკნელი ქირას არ იხდიდა და არც სპეცტექნიკას არ უბრუნებდა მესაკუთრეს.

14.2. 2012 წლის 26 აპრილს მოპასუხის დირექტორმა ს.რ.ი–მ, სამართლებრივი მომსახურების შეთავაზებით (ელექტრონული წერილით) მიმართა მოსარჩელეს; შეთავაზება ითვალისწინებდა, მოიჯარესთან დადებული იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებას, ხოლო შემდეგ დახმარების გაწევას ტექნიკის გაყიდვასთან დაკავშირებით.

14.3. იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების პირობების ფორმირებისას, შეთანხმდნენ ანაზღაურების ორ ფორმაზე, პირველი ფორმა ითვალისწინებდა ყოველთვიურ გადასახადს, რაც გულისხმობდა მოლაპარაკების წარმოებას მოიჯარე ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, ხოლო მეორე ფორმა - სპეცტექნიკის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის 10%-ის გადახდას პრემიის სახით.

14.4. პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2012 წლის 21 ივლისს წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ მითითებულ თარიღში ხელშეკრულება დაიდო 2 თვის ვადით, ხოლო მომსახურების ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 2 360 ლარით, საქმეზე დადგინდა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ჯამში 7 916 ლარი გადაუხადა, ამასთან, პირველი ტრანში განხორციელდა 2012 წლის 29 ივნისს, ჯერ კიდევ წერილობითი ხელშეკრულების დადებამდე. პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ საქმეში დაცულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2012 წლის 29 მაისით დათარიღებული ანგარიშფაქტურა 2000 ლარის ღირებულების იურიდიული მომსახურების გაწევაზე და 2012 წლის 16 მაისს გაცემული მინდობილობა, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭა უფლებამოსილება მოპასუხის ინტერესები წარმოედგინა მოიჯარესთან და ეწარმოებინა მოლაპარაკებები ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, პალატამ გამოიტანა დასკვნა, რომ მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ზეპირი გარიგების საფუძველზე ჯერ კიდევ 2012 წლის მაისში.

14.5. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენების შეფასების შედეგად პალატამ დაასკვნა, რომ მხარეებმა 2012 წლის მაისში ზეპირი დავალების ხელშეკრულებით იურიდიული მომსახურების გაწევასთან ერთად განსაზღვრეს იჯარით გაცემული ქონების რეალიზაციაც და გასამრჯელოს სახით რეალიზებული ქონების ღირებულების 10%-ზე შეთანხმდნენ.

14.6 პალატამ ასევე, დაადგინა, რომ უშუალოდ მოსარჩელის მიერ განხორციელდა მოპასუხის კუთვნილი სპეცტექნიკის ნაწილის რეალიზაცია, რომლის ფასმა შეადგინა 341 621.84 ლარი. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მან მიუთითა საქმეში დაცულ 2012 წლის 22 აგვისტოთი დათარიღებულ მოპასუხესა და შპს „რ.ს–ს“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებასა და ამავე თარიღის შპს „ს.ს.კ–ს“, შპს „რ.ს–სა“ და მოპასუხეს შორის დადებულ ლიზინგის ხელშეკრულებებზე. საბოლოოდ პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელეს არ გადაუხადა შეთანხმებული საზღაური, რეალიზებული ქონების ღირებულების 10%.

15. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ შემდეგი საფუძვლებით:

15.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა დავისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. სასამართლო დავის გადაწყვეტისას დაეყრდნო მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობას, თუმცა მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული მინდობილობის ვადა, კერძოდ, მინდობილობა გაიცა 2012 წლის 16 მაისს და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 30 ივლისამდე პერიოდი, რაც შეეხება მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციას, იგი განხორციელდა აღნიშნული მინდობილობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, 2012 წლის 24 აგვისტოს, რაც თავისთავად მიუთითებს, რომ მინდობილობის საფუძველზე ქონების რეალიზაცია არ მომხდარა.

15.2. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ის, რომ მინდობილობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, მხარეებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს სამართლებრივი ურთიერთობის წერილობითი ხელშეკრულების ფორმით გაგრძელება, ამასთან, მოდავე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება და დამატება ძალაში შედის მხოლოდ ორივე მხარის მიერ ხელმოწერის მომენტიდან. მოპასუხის ქონების გასხვისების დროს მოქმედებდა წერილობით დადებული ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება კი გადახდილია სრულად.

15.3. საქმეში არ არის დაცული რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იურიდიული მომსახურების გაწევის გარდა, მოსარჩელის მხრიდან სხვა დავალებაც შესრულდა. კასატორის აზრით, დავალების არსებობისას უნდა დადასტურდეს დავალების შესრულების ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ წარმოიშობა დავალების ხელშეკრულებით გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულება.

15.4. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა უარყოფილი სტატუსის მქონე ანგარიშფაქტურით, რომელიც განკუთვნილია მიმღების მიერ დღგ-ს ჩასათვლელად და იგი იურიდიულ ძალას იძენს ჩათვლის უფლების მქონე პირის მიერ დადასტურების შემთხვევაში, ასეთი რამ კი არ გამოვლენილა, ამასთან, საგულისხმოა ანგარიშფაქტურის გამოწერის თარიღიც, 2012 წლის ნოემბერი, მაშინ, როდესაც ქონება გასხვისდა 2012 წლის აგვისტოში.

15.5. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ლიზინგის ხელშეკრულებაზე დ.მ–ძის ხელმოწერა ადასტურებდა მის მონაწილეობას ქონების გასხვისებაში, თავად მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა დამსწრე პირის სტატუსით.

15.6. მარწმუნებელმა გასხვისებული ქონების საფასურად მყიდველისაგან მიიღო 271 624.84 და არა 340 000 ლარი, როგორც ეს სასამართლომ დაადგინა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შემდეგში, სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

სა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, საკასაციო საჩივრის მოტივების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს გამოიტანოს დასკვნა საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ არის დასაბუთებული, რადგანაც მასში მოყვანილი პრეტენზიები ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივია, კერძოდ, ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა შორის 2012 წლის მაისში არ დადებულა ზეპირი დავალების ხელშეკრულება და რწმუნებულს ქონების გასხვისებაში რაიმე მონაწილეობა არ მიუღია. კასატორის ეს პრეტენზია არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. 2012 წლის 19 ნოემბრის შესაგებელში იგი ფაქტობრივად ადასტურებდა ამგვარი შეთანხმების არსებობას და რწმუნებულის მიერ დავალების შესრულებას, როცა მიუთითებდა: “სპეცტექნიკა, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, 2012 წლის 10 აპრილიდან, ერთი თვის ვადით იჯარით იყო გაცემული შპს „თ.რ.ზე“. იჯარის ხელშეკრულების ვადა ავტომატურად გაგრძელდა კიდევ ერთი თვით და შეწყდა 2012 წლის 10 ივნისს. რამდენადაც მოიჯარე არღვევდა პირობებს და არ აბრუნებდა იჯარით გაცემულ ქონებას, მან იურიდიული მომსახურების მიღების მიზნით მიმართა მოსარჩელეს, რომელსაც რეკომენდაცია გაუწია მოწმედ დასახელებულმა თ.ლ–მა. თავად მოსარჩელეც მიუთითებს, რომ იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეთანხმებისას საუბარი იყო ანაზღაურების ორ ფორმაზე (არა ორივეზე ერთდროულად) - პირველი: ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადი, ან მეორე ნარდობის პრინციპი, იჯარით გაცემული ქონების დაბრუნების და მისი რეალიზაციის შემდეგ, რეალიზებული ქონების ღირებულების 10%. რამდენადაც მოსარჩელემ აირჩია ანაზღაურების პირველი ფორმა, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ და სახელშეკრულებო თანხა განისაზღვრა თვეში 2360 ლარით...“(იხ.ტ.1. ს.ფ.157). მოპასუხემ სრულყოფილად ვერ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზება {სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი}. მან შესაგებელში მითითებული უკანასკნელი გარემოება დამაჯერებლად და ცხადად ვერ დაასაბუთა. მოწმე თ. ლ–ის წერილობითი ახსნა-განმარტება (ტ.1. ს.ფ.183), რომელსაც მხარე ეყრდნობოდა იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შეთავაზებული ალტერნატიული ანაზღაურების ფორმებიდან, რწმუნებულმა აირჩია ყოველთვიური საზღაური 2360 ლარი და უარი თქვა რეალიზებული ქონების ღირებულების 10%-ზე, არ ადასტურებდა მის ზემოაღნიშნულ მსჯელობას. პირიქით, მოწმე მიუთითებდა, როგორც მხარეებს შორის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებაზე, ისე გადახდის ორივე ფორმაზე. შემდეგში სასამართლო პროცესზე დაკითხვისას იმავე მოწმემ დაადასტურა, რომ მომსახურება ორეტაპიანი იყო. პირველი გულისხმობდა რწმუნებულის მხრიდან იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების რეალიზაციაში, ხოლო მეორე - გაყიდვაში დახმარებას. აღნიშნული გარემოება დადგენილია მოწმე ნ.ც–ის ჩვენებითაც.

19.ასევე დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია 2012 წლის 16 მაისის მინდობილობის ვადის გასვლის გამო დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის არარსებობასთან დაკავშირებით. მართალია, რწუნებულისათვის ქონების გასხვისებაზე მინიჭებული უფლებამოსილების ვადა 2012 წლის 30 ივლისს ამოიწურა, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ გამოდგება იმის დასამტკიცებლად, რომ რწმუნებული ვეღარ გააგრძელებდა მარწმუნებლის დავალების შესრულებას და 2012 წლის 24 აგვისტოს ვეღარ მიიღებდა მონაწილეობას ქონების ნაწილის გასხვისებაში. საკასაციო პალატა განმარტავს, მინდობილობა სასამართლომ გამოიყენა, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მხარეებს შორის 2012 წლის 21 ივლისამდე, ანუ იურიდიული მომსახურების თაობაზე წერილობითი ხელშეკრულების დადებამდე (2012 წლის მაისში), ნამდვილად შედგა ზეპირი შეთანხმება და რწმუნებულმა მარწმუნებლისაგან ნამდვილად მიიღო დავალება ეწარმოებინა მოძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. ამის შემდეგ კი, მან მესამე პირებთან, ანუ გარე ურთიერთობებში, უფლებამოსილება მიანიჭა რწმუნებულს ემოქმედა მისი სახელით, რომლის ნამდვილობისთვისაც ამ უკნასკნელის ცალმხრივი ნებაც საკმარისი იყო {სსკ-ის 103-ე მუხლი}, მაშინ, როდესაც დავალების ხელშეკრულება, რომელიც წინ უსწრებდა მინდობილობის გაცემას, მისი კონსესუალური ბუნებიდან გამომდინარე, ორმხრივ ნებას, ანუ არსებით პირობებზე შეთანხმებას საჭიროებდა {სსკ-ის 709-ე მუხლი} და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოეშობოდათ მხარეებს უფლება-მოვალეობები. ის ფაქტი, რომ 2012 წლის 22 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებას მარწმუნებელთან ერთად რწმუნებულის სახელით მისი დირექტორიც აწერდა ხელს (იხ. ტ.1 ს.ფ. 23-24) სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ადასტურებს იმას, რომ რწმუნებული აგრძელებდა დავალებული მოქმედებების შესრულებას და სწორედ მისი ძალისხმევით გასხვისხდა მარწმუნებლის კუთვნილი ქონების ნაწილი. აქედან გამომდინარე, მინდობილობით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა გავლენას ვერ მოახდენდა მხარეთა ძირითადი (შიდა) ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების ნამდვილობაზე. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელე სწორედ დავალების ხელშეკრულებაზე ამყარებდა თავის მოთხოვნას და არა მინდობილობაზე.

20. არც გასხვისებული ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიაა გასაზიარებელი, რადგანაც ჯერ ერთი, ეს გარემოება კასატორს შესაგებლით სადავო არ გაუხდია (იხ.ს.ფ.155-164), მეორეც, საქმეში არსებული 2012 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულებებით უტყუარაა დადგენილი, რომ გასხვისებული ქონების საერთო ღირებულება 340 000 ლარს აჭარბებდა.

21.ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად არ გაიზიარა მარწმუნებლის არგუმენტები. მოწმეთა ჩვენებებზე და საქმეში განთავსებულ 2012 წლის აპრილისა და შემდგომი პერიოდის ელექტრონული მიმოწერის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 21 ივლისის წერილობითი ხელშეკრულების დადებამდე, მხარეებს შორის უკვე არსებობდა 2012 წლის მაისის ზეპირი შეთანხმება, რომლითაც კასატორმა იკისრა ვალდებულება, გადაეხადა რწმუნებულისათვის იჯარით გაცემული ქონების დაბრუნების და მისი რეალიზაციის შემდეგ, რეალიზებული ქონების ღირებულების 10%, ანუ ე.წ. „წარმატების საკომისიო“ 34 000 ლარის ოდენობით {სსკ-ის 710-ე მუხლის პირველი ნაწილი}.

22. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონი არ დარღვეულა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ S.R.“-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი