№ას-354-336-2015 29 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. თ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. შ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის განჩინებისა და სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. შ-ის მიმართ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსასრულებელი თანხის შემცირების თაობაზე, ასევე ლ. შ-ემ შეგებებული სარჩელი აღძრა გ. თ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხე ლ. შ-ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ხოლო გ. თ-მა შეგებებული სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. თ-ის სარჩელი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსასრულებელი თანხის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ლ. შ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო; გ. თ-ს ლ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4 000 აშშ დოლარის გადახდა.
4. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა გ. თ-მა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის განჩინებით გ. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. თ-მა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებით გ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის განჩინება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გ. თ-ის სარჩელსა (მოპასუხე ლ. შ-ის შეგებებულ სარჩელში) და ლ. შ-ის შეგებებულ სარჩელთან (მოპასუხე გ. თ-ის სარჩელში) დაკავშირებით სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2014 წლის 28 იანვრის, 12:00 საათზე.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) გამოუცხადებლობის გამო, გ. თ-ის სარჩელი მოპასუხე ლ. შ-ის მიმართ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსასრულებელი თანხის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო, ლ. შ-ის შეგებებული სარჩელი გ. თ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. გ. თ-ს ლ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4 000 აშშ დოლარის გადახდა.
11. საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) გამოტანის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, ასევე, ის ფაქტი, რომ სასამართლო სხომაზე მოსარჩელე მხარის (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით (სამოქალაქო კოდექსის 215-ე მუხლი).
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე, 241-ე მუხლებით, ასევე მიუთითა ამავე კოდექსის 215-ე მუხლზე და განმარტა, რომ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
13. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი არც საჩივრით და არც სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებს. აპელანტი გ. თ-ი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი ავადმყოფობით.
14. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 215-ე მუხლებზე, და სააპელაციო საჩივრის (საჩივრის) ავტორის მიერ საქმეში წარმოდგენილი შპს ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის’’ მიერ შედგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათის შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 28 იანვარს 9:51/52 საათზე, გ. თ-ის მიერ თავის საცხოვრებელ ადგილზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პაციენტი უჩიოდა გაბრუებას, თავის ტკივილს, დისკომფორტს გულის არეში, სხეულის კანკალს და აფორიაქებას, რასაც უკავშირებდა ნერვიულობას. ექიმის მიერ პაციენტს გაეწია მკურნალობა (კერძოდ, მიეცა მედიკამენტები) და მიეცა რჩევა-დარიგება, რის შემდეგაც, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და სასწრაფომ, დაახლოებით 11:05 საათზე დატოვა დანიშნულების ადგილი. პალატის განმარტებით, წარმოდგენილ ბარათში არ არის მითითება იმის თაობაზე, რომ აპელანტი თავისი ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, რომელიც დანიშნული იყო იმავე დღეს 12:00 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წასვლიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ ან/და მიმართავდა სასამართლოს განცხადებით და შეატყობინებდა მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე. ამასთან, ბარათით არ ირკვეოდა ის გარემოება, რომ ექიმმა ავადმყოფს გაუწია რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის შესახებ, რაც სასამართლოს შეუქმნიდა იმის ვარაუდს, რომ შეუძლებელი იქნებოდა აპელანტის სასამართლო პროცესზე გამოცხადება.
15. რაც შეეხება აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ გ. თ-ი არ იყო ინფორმირებული თავისი წარმომადგენლისაგან სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აღნიშნული და განმარტა, რომ 2014 წლის 8 იანვრის სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდებოდა სასამართლოს მოხელის მიერ გ. თ-ის არა მარტო 2014 წლის 28 იანვარს 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილების ფაქტი, არამედ ის გარემოებაც, რომ იგი გაფრთხილებულ იქნა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 129).
16. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, რისი მტკიცების ტვირთიც, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლები.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. თ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგ გარემოებათა გამო:
18. კასატორის განცხადებით, მას აქვს შაქრიანი დიაბეტი. 2014 წლის 28 იანვარს დილის საათებში გახდა შეუძლოდ. კერძოდ, აღენიშნებოდა გაბრუება, აჩქარებული გულისცემა, თავის ტკივილი, ტკივილი გულ-მკერდის არეში, კანკალი და შფოთვა. გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა 9:51 სთ-ზე, ბრიგადა მასთან მივიდა 10:03 სთ-ზე და დაჰყო ერთ საათზე მეტი.
19. საკასაციო საჩივრის ავტორი ჩამოთვლის ყველა იმ სიმპტომის სამედიცინო განმარტებას, რომელიც აისახა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გაცემულ ბარათში და აღნიშნავს, რომ იმ მომენტში, როდესაც მას განუვითარდა აღნიშნული სიმპტომები, არათუ სასამართლოში წასვლის და პროცესში მონაწილეობის, არამედ იმის შესაძლებლობაც კი არ ჰქონდა, რომ დაერეკა სასამართლოში და მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე.
20. კასატორის განმარტებით, მართალია კანონი აკეთებს იმპერატიულ დათქმას, რომ სამედიცინო ცნობაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული მხარის სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, თუმცა ყველაფერი პირობითია და მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს გააჩნდა შესაძლებლობა მისი გამოუცხადებლობა მიეჩნია საპატიოდ, იმ პირობებში, როდესაც ქართული სამართლის სივრცეში არსებობს დათქმა სამართლიანი სასამართლოსა და საკუთარი უფლებების რეალიზაციის თაობაზე, რაზეც პასუხს იძლევა ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია. ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტით უტყუარადაა დადასტურებული სასამართლო განხილვის დროისათვის მხარის ავადმყოფობის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 აპრილის განჩინებით გ. თ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით გ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლომ, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ გ. თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
24. საქმის მასალებით დასტურდება და კასატორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გ. თ-ის სარჩელსა (მოპასუხე ლ. შ-ის შეგებებულ სარჩელში) და ლ. შ-ის შეგებებულ სარჩელთან (მოპასუხე გ. თ-ის სარჩელში) დაკავშირებით 2014 წლის 28 იანვარს, 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ეცნობა გ. თ-ს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით ირკვევა, რომ გ. თ-ს 2014 წლის 8 იანვარს 19:08 საათზე დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე. ამავე აქტით გ. თ-ს განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები.
25. დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე) გ. თ-ი და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის.
26. საკასაციო სასამართლო იზიარებს 2014 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების შეფასებას, რომ რადგან საქმის განხილვის ამ ეტაპზე არ დგინდებოდა მხარის სასამართლო პროცესზე გამოცხადების დამაბრკოლებელი წინაპირობები, ამასთან, რადგან გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე, მოსარჩელის (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის სწორად განმარტების გზით მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება გ. თ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ლ. შ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების წინაპირობები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვებით დაარღვია, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი მტკიცებულების გამოკვლევის წესი, ისე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელი საპროცესო სამართლის ნორმები, რის თაობაზეც კასატორმა დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგინა (სსსკ 393.3 მუხლი).
27. 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა.
28. საკასაციო პალატა გადაწყვეტილების კანონიერებისა და კასატორის პრეტენზიის შემოწმებისას ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სპეციალური ნორმით გაუთვალისწინებელი ყველა სხვა შემთხვევის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ვინაიდან სააპელაციო სამართალწარმოების მარეგულირებელი ნორმები არ შეიცავს რაიმე დანაწესს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ ეს საკითხი სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ნორმებით უნდა შეფასდეს.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი, დადგენილია, თუ რა განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
31. საქმეში წარმოდგენილ საჩივარს ერთვის შპს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათი #1754, რომელშიც მითითებულია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გ. თ-ის საცხოვრებელ მისამართზე, თბილისში, ვ-ს ... მ/რ, კორპ. ... ბ. ... მივიდა 2014 წლის 28 იანვარს, 10:03 საათზე და პაციენტთან დაჰყო 11:05 საათამდე. ამავე ბარათით ირკვევა, რომ პაციენტი უჩიოდა გაბრუებას, თავის ტკივილს, დისკომფორტს გულის არეში, სხეულის კანკალს, აფორიაქებას, რასაც უკავშირებდა ნერვიულობას. სიმპტომები განმარტებულია როგორც ესენციური ჰიპერტენზია, რომელიც მიეკუთვნება ემოციურ მდგომარეობას; და ჰიპერგლიკემია, დაუზუსტებელი. პაციენტს გაეწია სათანადო მედიკამენტოზური დახმარება და მიეცა რჩევა-დარიგება. სამედიცინო ბარათი ხელმოწერილია ბრიგადის უფროსი ექიმის მიერ და მასზე დასმულია ორგანიზაციის ბეჭედი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 152).
32. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნულ სამედიცინო ცნობაში პირდაპირ არ იყო მითითებული გ. თ-ის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, არ დგინდებოდა მისი პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა.
33. პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
34. განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათით ირკვევა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას გ. თ-ს ჰქონდა ჰიპერტენზიისა და ჰიპერგლიკემიის სიმპტომები, რის გამოც გაეწია მედიკამენტოზური მკურნალობა; კერძოდ, მან მიიღო მედიკამენტები კაპტოპრილი 25 მგ და დიაზეპამი 10 მგ.
35. დიაგნოზი - ჰიპერგლიკემია, რაც მითითებულია ზემოაღნიშნულ სამედიცინო ბარათში, სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებით ლექსიკონში განმარტებულია, როგორც სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობა[1], ხოლო ჰიპერტენზია განმარტებულია, როგორც სისხლძარღვებში, ღრუ ორგანოებსა ან ორგანიზმის სიღრუეებში ჰიდროსტატიკური წნევის მომატება[2] .
36. რაც შეეხება სამედიცინო პრეპარატ დიაზეპამს, სამედიცინო განმარტების თანახმად, იგი წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების ბენზოდიაზეპინს კრუნჩხვის საწინააღმდეგო, მღელვარების დამთრგუნველი, დამამშვიდებელი და კუნთების მომადუნებელი ეფექტით. მისი მოქმედება ხორციელდება გამა-ამინო-ერბოს მჟავას (გაემ) აქტიურობის გაძლიერების მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს ძირითად დამთრგუნველ აგენტს ტვინში. ამავე განმარტების თანახმად, ამ ჯგუფის პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ანტეროგრადული ამნეზია (მეხსიერების დარღვევა, რომლის დროსაც ავადმყოფი კარგავს ავადმყოფობის დასაწყისში და შემდგომ მომხდარი მოვლენების დამახსოვრების უნარს). ის შეიძლება გამოვლინდეს თერაპევტიული დოზების მიღების დროსაც, მაგრამ რისკი იზრდება უფრო მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში. ამნესტიური დარღვევები შეიძლება იყოს დაკავშირებული ქცევის არაადეკვატურობასთან. ასეთი მდგომარეობა ჩვეულებრივ ვლინდება რამოდენიმე საათის განმავლობაში წამლის მიღების შემდეგ და რისკის შესამცირებლად ავადმყოფისთვის საჭიროა უწყვეტლივ 7-8 საათის ძილის უზრუნველყოფა. [3]
37. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომის ჩატარების დღეს, 2014 წლის 28 იანვარს, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად გაუარესდა, რომ მას დასჭირდა დიაზეპამით მედიკამენტოზური ჩარევა, ამავე დროს დაესვა დიაგნოზი ჰიპერტენზია და ჰიპერგლიკემია, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ქმნის დასაბუთებულ საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მოსარჩელე გ. თ-ს არ ჰქონდა შესაძლებლობა გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე ან წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის მისი პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის (ჯანმრთელობის გაუარესების) თაობაზე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დატოვა 11:05 საათზე, ხოლო სასამართლო პროცესი დანიშნული იყო 12:00 საათზე, ანუ სხდომამდე რჩებოდა ერთ საათზე ნაკლები დრო.
38. ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულების, შპს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათი #....-ის შეფასების გზით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. თ-მა უზრუნველყო მისი საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება და მხოლოდ ის გარემოება, რომ აღნიშნულ დოკუმენტში პირდაპირ არ არის მითითებული მხარის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, არ შეიძლება მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. თ-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულება აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
40. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე
[1] იხ. სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=13&t=15712
[2] იხ. სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=srch&d=13&id_srch=b4d6ff197c2d75ef68ab3e980e76e377&il=en&p=1
[3] http://www.aversi.ge/aversi/act/medicineAnnotation/?id=8504