Facebook Twitter

№ ას-864-814-2015 5 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქონების დაუსაბუთებლად ცნობა და სახელმწიფოსათვის გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ა-ის მიმართ, თანამდებობის პირის ოჯახის წევრის ქონების - ხელვაჩაურის რაიონში, მ-ე მდებარე მოზარდთა დასასვენებელი საცხოვრებელი სახლისა და ავტომანქანა მერსედეს-ბენც C 180-ის, სახელმწიფო ნომრით ... უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, მისი მოპასუხისათვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის მოთხოვნით. მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის წარმოებაში ა. ა-ის, ი. გ-ის, რ. ბ-ისა და თ. კ-ის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ზემოაღნიშნული თანამდებობის პირების, მათი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და სხვადასხვა დაკავშირებული პირების მფლობელობაშია უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება.

3. მოპასუხის შემოსავლების შესახებ მოპოვებული მტკიცებულებები იძლევა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ოდენობის შემოსავალი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სარჩელში მითითებული სადავო ქონების შეძენას.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

5. ქონება, რომლის უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობასაც მოსარჩელე მოითხოვს, სასამართლოს მსჯელობის საგანი უკვე იყო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2005 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მეუღლე თ. კ-ისათვის მ-ე მდებარე მოზარდთა დასასვენებელი სახლის ჩამორთმევა.

6. საქმეში არსებული, ხელვაჩაურის რაიონის მახინჯაურის სადაბო საკრებულოს გამგეობის 2005 წლის 1 სექტემბრის ცნობის თანახმად, სადავო შენობა დაშლილია, რაც ასევე დაადასტურეს მოსარჩელის წარმომადგენლებმა საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე.

7. მოზარდთა დასასვენებელი სახლი მოპასუხემ 2 000 აშშ დოლარად შეიძინა 1995 წლის 4 სექტემბერს. ქონების შესაძენად ნ. ა-ეს გააჩნდა კანონიერი გზით მოპოვებული ფინანსური სახსრები, კერძოდ, 1966 წლიდან საკუთრების უფლებით ეკუთვნის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი გაშენებული ციტრუსის ბაღით. ციტრუსის რეალიზაციით მოპასუხე ყოველწლიურად დაახლოებით 7 000 ლარს ღებულობს, რომელიც, საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, არ იბეგრება.

8. რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენას, ნ. ა-ემ ქონება ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძინა და შესაბამისი თანხა აუნაზღაურა სახელმწიფო ბიუჯეტს. ანაზღაურების საშუალება შპს სავაჭრო ცენტრი „ბ-ან“ მიღებული ხელფასი იყო, რომელიც 1998 წლიდან 2002 წლამდე შეადგენს 17 100 ლარს, აგრეთვე, ამ სავაჭრო ცენტრიდან მიღებული დივიდენდი, რომლის ოდენობაც 1998 წლიდან 141 600 ლარია.

9. მოპასუხემ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო წარედგინა ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად მოპოვების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორ კ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, ნ. ა-ეს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა შემდეგი ქონება: ხელვაჩაურის რაიონში, მ-მდებარე მოზარდთა დასასვენებელი საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა მერსედეს-ბენცი C 180 სახელმწიფო ნომრით ....

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ემ.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება ნ.ი ა-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მთავარი პროკურატურის სასარჩელო მოთხოვნა ნ. ა-ის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანის - მერსედეს-ბენცი C 180 სახელმწიფო ნომრით ...-ის უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, მისი ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს მთავარი პროკურატურის სასარჩელო მოთხოვნა ხელვაჩაურის რაიონში, მ-ე მდებარე, ნ. ა-ის საკუთრებაში რიცხული მოზარდთა დასასვენებელი სახლის უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, მისი ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. ა-ეს, სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ხელვაჩაურის რაიონში, მ-ე მდებარე ქონების - მოზარდთა დასასვენებელი სახლის ღირებულების - 40 000 ლარის გადახდა.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ემ.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინებით ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: ხელვაჩაურის რაიონში, მ-ე მდებარე მოზარდთა დასასვენებელი სახლის უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, მისი ნ. ა-ისათვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სარჩელი ხელვაჩაურის რაიონში, მ-მდებარე მოზარდთა დასასვენებელი სახლის უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, მისი ნ. ა-ისათვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას დაეკისრა 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდა ნ. ა-ის სასარგებლოდ.

16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

17. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 იანვრის განაჩენით ა. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ 1991-2004 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობისას ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებებთან (სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა და სხვ.) დაკავშირებით.

18. ნ. ა-ე არის ა. ა-ის და.

19. 1995 წლის 4 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ნ. ა-ემ ანა ცხოიძისაგან 2000 დოლარად (რაც შეადგენდა 2.000.000.000 კუპონს) შეიძინა მ-ი, მ-ე მდებარე მოზარდთა დასასვენებელი სახლი: ერთსართულიანი, ხის საცხოვრებელი სახლი, 62.46 მ2 (43.6 მ2 საცხოვრებელი, 18.86 მ2 დამხმარე) ფართობის მქონე.

20. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 28 თებერვლის №15 გადაწყვეტილებით ნ. ა-ეს საკუთრებაში გამოეყო 1400 მ2 მიწის ნაკვეთი, მის მიერ შეძენილი, ზემოთ მითითებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ; მასვე დაევალა 2003 წლამდე დაეფარა გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საფასური (1 მ2-ზე 4 ლარი); ხოლო მიწის მართვის სამმართველოს დაევალა გამოყოფილი მიწის ნაკვეთისა და შენობის ქვეშ მდებარე 62.46 მ2 მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, 2002 წლის 11 მარტს ნ. ა-ის საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 1465 მ2 მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად და მიენიჭა საკადასტრო კოდი: ....

21. 2004 წლის 1 სექტემბრისათვის ზემოთ მითითებული ხის საცხოვრებელი სახლი დანგრეული იყო.

22. 2013 წლის 5 მარტის მდგომარეობით, ზემოთ მითითებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი: ...), 2008 წლის 1 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ,,ინრაზ ტრეიდ ლიმიტედის წარმომადგენლობა საქართველოში” საკუთრებად.

23. ნ. ა-ეს 1966 წლიდან სოფელ გ-ში აწერია და სარგებლობს 0.25 ჰა მიწის ნაკვეთით, რომელზეც გაშენებულია ციტრუსის ნარგავები.

24. ნ. ა-ე ახორციელებს ციტრუსის რეალიზაციას, რის შედეგადაც ყოველწლიურად აქვს შემოსავალი, დაახლოებით 7000 ლარი (იხ: შესაგებელი - ტ.1,ს.ფ.76).

25. ნ. ა-ეს 1998 წელს შპს ,,სავაჭრო ცენტრ ბ-ან” მიღებული აქვს დივიდენდი 141 600 ლარი, რომლიდანაც ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა 14 160 ლარი, ხოლო 1998-2004 წლებში ხელფასის სახით იმავე საწარმოდან მიღებული აქვს 27 300 ლარი, მათ შორის: 1998 წელს - 3 500 ლარი, 1999-2003 წლებში ყოველწლიურად - 4 200 ლარი, 2004 წელს - 2 800 ლარი.

26. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეზე სარჩელის აღძვრის დროს თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის ქონების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რეგულირებული იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, რომლის 214 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის აღძვრის უფლება ჰქონდა პროკურორს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ამ ნორმის თანახმად კი, სარჩელის აღძვრის საფუძველი იყო პროკურორის საფუძვლიანი ეჭვი კანონით გათვალისწინებული სუბიექტების ქონების უკანონობის ან დაუსაბუთებლობის თაობაზე. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216 მუხლის მე-2 ნაწილით არ განსაზღვრულა მტკიცების ზოგადი სტანდარტისაგან (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) განსხვავებული წესი. ამდენად, მოსარჩელე ვალდებული იყო - სასამართლოსთვის წარედგინა მტკიცებულებები მოპასუხის ქონების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის თაობაზე; მხოლოდ ამ მოქმედების განხორციელების შემდეგ ევალებოდა მოპასუხესაც - წარმოედგინა სასამართლოსათვის სადავო ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების ან ამ ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

27. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაასაბუთებდა სარჩელში აღნიშნულ გარემოებებს და სარჩელი დაეფუძნა მხოლოდ პროკურორის ეჭვს სადავო ქონების უკანონობისა და დაუსაბუთებლად შეძენის შესახებ. ასეთ პირობებში, ნ. ა-ემ წარმოადგინა რიგი მტკიცებულებები, რომლებითაც დაადასტურა, რომ სადავო ქონების შეძენისას მას გააჩნდა შესაბამისი შემოსავლები, კერძოდ: ა) უშუალოდ ხის სახლის შეძენისას - 0.25 ჰა მიწის ნაკვეთზე გაშენებული ციტრუსის ნარგავებიდან მიღებული მოსავლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები; ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებდა ნ. ა-ეს - შეენახა მოსავლის, როგორც მოძრავი ნივთის, რეალიზაციის დამდასტურებელი მტკიცებულებები; ბ) 1 465 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებისას - სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის შედეგად ხელფასის და დივიდენდის სახით მიღებული სოლიდური შემოსავლები. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი სამართლებრივი აქტი - ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 28 თებერვლის №15 გადაწყვეტილება - ამჟამადაც ძალაშია.

28. სააპელაციო სასამართლოს აზრით, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა უკავშირდება თუ არა სადავო ქონების ნ. ა-ის მიერ შეძენა ა. ა-ის თანამდებობაზე ყოფნის ან/და მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

29. გარდა იმისა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სადავო ქონების მოპასუხის მიერ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად შეძენის ფაქტი, პალატამ ასევე უარყო და მტკიცებულებად არ მიიღო შპს ,,კონსალტინგ-აუდიტის” 2005 წლის 29 სექტემბრის აუდიტორული დასკვნა (რომლითაც ირკვევა, რომ აუდიტორმა 2005 წელს შეაფასა საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2004 წელს უკვე დანგრეული იყო) და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად, მითითებული აუდიტორული დასკვნა ვერ იქნებოდა მიჩნეული უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად სადავო ქონების საბაზრო ღირებულების დასადგენად, თუნდაც მოსარჩელეს დაემტკიცებინა სადავო ქონების ნ. ა-ის მიერ დაუსაბუთებლად შეძენის გარემოება.

30. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ნ. ა-ისათვის ქონების ჩამორთმევის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

31. საპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ ვინაიდან ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, ხოლო აპელანტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ჰქონდა 2000 ლარი, აღნიშნული საპროცესო ხარჯი მთლიანად უნდა ანაზღაურებოდა აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის ხარჯზე.

32. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ და აღნიშნა შემდეგი:

33. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216 მუხლის მე-2 ნაწილით (რომელიც მოქმედებდა სარჩელის აღძვრის მომენტისათვის) არ განსაზღვრულა მტკიცების ზოგადი სტანდარტისაგან განსხვავებული წესი, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნორმის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები მოპასუხის ქონების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის თაობაზე, მხოლოდ ამ მოქმედების განხორციელების შემდეგ ევალებოდა მოპასუხეს წარმოედგინა სასამართლოსათვის სადავო ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების ან ამ ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც კანონის არასწორ განმარტებას წარმოადგენს.

34. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადება ქონების უკანონობასა და დაუსაბუთებლობას ერთ კონტექსტში წარმოაჩენდა. ამავე მუხლის ამავე ნაწილის ბოლო წინადადება ცალსახად ადგენდა, რომ მოპასუხე ვალდებულია წარუდგინოს სასამართლოს სადავო ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების ან ამ ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ნ. ა-ის მიერ არ შესრულებულა. იგივე დებულებაა მითითებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3563 მუხლის მე-5 ნაწილშიც, რაზეც რატომღაც სასამართლო არ უთითებს. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის აღნიშნული საკითხი რეგულირებული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებით და საქმეს განიხილავდა ადმინისტრაციული სასამართლო. 2007 წლიდან კი ეს საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV1 თავით. მოცემული საქმე, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით განიხილა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, მაგრამ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი მოქმედ სამოქალაქო საპროცესო ნორმებზე, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა, რაც კასატორის აზრით, ასევე კანონის არასწორ განმარტებას წარმოადგენს

35. საკასაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ პროკურატურამ ვერ დაადასტურა, უკავშირდება თუ არა სადავო ქონების ნ. ა-ის მიერ შეძენა ა. ა-ის თანამდებობაზე ყოფნის ან/და მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

36. კასატორის განცხადებით, დადგენილია, რომ 2007 წლის 22 იანვრის განაჩენით ა. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ. მას ბრალი დაედო 1991-2004 წლებში თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სხვადასხვა თანამდებობრივი დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადაცემა გაფლანგვაში. დადგენილია, რომ ნ. ა-ე წარმოადგენს ა. ა-ის დას და მან 1995 წლის 4 სექტემბერს ანა ცხოიძისაგან 2000 აშშ დოლარად შეიძინა სადავო ქონება. ნ. ა-ის მიერ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე წარმოდგენილი არ ყოფილა ქონების შეძენის დროისათვის, 1995 წლისათვის ამ ქონების შეძენისათვის საჭირო კანონიერი ფინანსური საშუალების არსებობა. შესაბამისად, კასატორის აზრით, გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოსარჩელემ აღნიშნული ვერ დაამტკიცა.

37. საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ნ. ა-ეს 1966 წლიდან საკუთრებაში აქვს ციტრუსის ბაღი, მას 1995 წელს ჰქონდა საკმარისი შემოსავალი ქონების შესაძენად. თავისთავად ნაკვეთის არსებობა არ ნიშნავს შემოსავლის არსებობას. ნ. ა-ის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება აღნიშნული ბაღიდან მიღებული შემოსავლის თაობაზე. მეტიც, არავითარი ცნობა არ ყოფილა წარმოდგენილი თუნდაც იმის დასადასტურებლად, რომ იგი ამ ბაღიდან ახდენდა რაიმე ქონების რეალიზაციას, თუ უბრალოდ თავად მოიხმარდა მიღებულ ქონებას.

38. სასამართლოს მიერ ასევე უსაფუძლოდ იქნა უარყოფილი საქმეში წარმოდგენილი შპს „კონსალტინგ აუდიტის“ 2005 წლის 29 სექტემბრის აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 40 000 ლარს, რაც, კასატორის აზრით, სახელმწიფოს სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს ნ. ა-ეს.

39. კასატორის აზრით, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული სააპელაციო სასამართლოს მითითება მხარის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი თანხის პროკურატურისათვის მხარის სასარგებლოდ გადასახელად დაკისრების თაობზეც, რაც არასწორია და კანონის სწორ განმარტებას საჭიროებს.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ დასაშვებობის წინაპირობებს.

41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

42. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

43. კასატორის ძირითადი არგუმენტი შეეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216 მუხლის მე-2 ნაწილი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV1 თავი. ასევე უკანონოდ მიიჩნია დადგენილად, რომ არ დასტურდებოდა ნ. ა-ის მიერ სადავო ქონების უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად შეძენის ფაქტი და აღნიშნული გარემოების კავშირი ა. ა-ის თანამდებობაზე ყოფნასთან ან/და მის მიერ დანაშაულის ჩადენასთან.

44. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე საქმეზე სარჩელის აღძვრის დროისათვის თანამდებობის პირის, ასევე მისი ოჯახის წევრის ქონების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რეგულირებული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, რომლის 214 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371 მუხლით კი, სარჩელის აღძვრის საფუძველი იყო პროკურორის საფუძვლიანი ეჭვი კანონით გათვალისწინებული სუბიექტების ქონების უკანონობის ან დაუსაბუთებლობის თაობაზე. პროკურორის სარჩელი უნდა დაფუძნებოდა სამოხელეო დანაშაულის ჩადენის შედეგად მოხელის, მისი ახლო ნათესავის ან დაახლოებული პირის მიერ სადავო ქონების მოპოვების შეუძლებლობის საფუძვლიანი ეჭვის არსებობას. თავის მხრივ, სარჩელის აღძვრის დროისათვის მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216 მუხლით რეგულირებული იყო ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის საკითხი და ნორმის მე-2 ნაწილით არ ყოფილა განსაზღვრული მტკიცების ზოგადი სტანდარტისაგან (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) განსხვავებული წესი. მითითებული ნორმის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები მოპასუხის ქონების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის თაობაზე. თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონებას მოსამართლე მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე ცნობდა დაუსაბუთებლად, თუ საქმის წარმოების პროცესში მოპასუხე ვერ წარუდგენდა სასამართლოს ქონების ან ამ ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების ან ამ ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

45. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს არა თუ მტკიცებულებები არ წარუდგენია სასამართლოსათვის, არამედ შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმეები ა. ა-ისა და სხვათა მიმართ, რაც მოსარჩელეს აძლევდა ვარაუდის საფუძველს, რომ სადავო ქონება დაუსაბუთებელია.

46. მოსარჩელეს არც შემდგომ, საქმის განხილვის ეტაპზე სასამართლოსათვის არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაასაბუთებდა სარჩელში აღნიშნულ გარემოებებს, ანუ ფაქტობრივად სარჩელის აღძვრის წინაპირობას მხოლოდ პროკურორის „ეჭვი“ წარმოადგენდა, რომლის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მის მიერ სამართალწარმოების არც ერთ სტადიაზე არ წარდგენილა.

47. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება სააპელაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების ნორმების არასწორ განმარტებაზე.

48. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ლეგალური შემოსავლების მიღებისა და ხელვაჩაურის რაიონში მის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის შეძენის კანონიერება/დასაბუთებულობის შეფასების მიზნით, მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

49. 2002 წლის 11 მარტის ამონაწერის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახინჯაურში ნ. ა-ის საკუთრებად ირიცხებოდა 1 465 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობა;

50. შპს სავაჭრო ცენტრი „ბ-ის“ დირექტორის 2005 წლის 17 იანვრის №23 ცნობის თანახმად, შპს „გ-ი-...-ის“ დირექტორ ნ. ა-ეს 1998 წელს სავაჭრო ცენტრი „ბ-ან“ მიღებული აქვს დივიდენდი - 141 600 ლარი.

51. შპს სავაჭრო ცენტრი „ბ-ის“ დირექტორის 2004 წლის 1 სექტემბრის №115 ცნობის თანახმად კი, შპს სავაჭრო ცენტრი „ბ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნ. ა-ეს, 1998-2004 წლებში ხელფასის სახით მიღებული აქვს 27 300 ლარი, მათ შორის 1998 წელს - 3 500 ლარი, 1999-2003 წლებში ყოველწლიურად - 4 200 ლარი, 2004 წელს - 2 800 ლარი.

52. საქმეში წარმოდგენილი 2002 წლის 11 მარტის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, 1 465 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 28 თებერვლის N15 გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმად დაკმაყოფილდა მოქალაქე ნ. ა-ის თხოვნა და მას საკუთრებაში გამოეყო 1 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი მის მიერ შეძენილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ. ნ.ა-ეს დაევალა, შუალედური ზონისათვის დადგენილი გადასახადი (1 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 4 (ოთხი) ლარის ოდენობა), 2003 წლის იანვრამდე პერიოდულად აენაზღაურებინა ხელვაჩაურის რაიონის ბიუჯეტში. რაიონის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა მოქალაქე ნ.ა-ის სახელზე გამოყოფილი 1 400 კვ.მ და შენობის ქვეშ დაკავებული 62,46 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.

53. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უფლების წარმომშობი ზემოაღნიშნული აქტის გაუქმებას.

54. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ გარემოებებს კასატორი არ ხდის სადავოდ. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის განცხადება იმის თაობაზე, რომ დასტურდებოდა ნ. ა-ის მიერ სადავო ქონების უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად შეძენის ფაქტი.

55. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევით დაადგინა მოზარდთა დასასვენებელი სახლის შეძენის დროისათვის მოპასუხის მიერ შემოსავლის არსებობის ფაქტი.

56. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

57. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქონების შეძენის დროისათვის შემოსავლის არსებობის ფაქტის დადასტურების მიზნით, მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილი იყო მახინჯაურის სადაბო საკრებულოს ცნობა, რომლის შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს და კასატორიც არ ხდის სადავოდ, რომ 1966 წლიდან ნ. ა-ეს სოფელ გ-ში აწერია და სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რომელზეც გაშენებულია ციტრუსის ნარგავები, აღნიშნულზე დაყრდნობით მოპასუხე ამტკიცებდა, რომ ახორციელებდა მოსავლის რეალიზაციას, რაც საკმარისი იყო სადავო ქონების შესაძენად. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

58. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია დასაშვებ მტკიცებულებათა ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტებაა. სასამართლო კი, მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით (ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად), ვალდებულია, გამოიტანოს სწორი დასკვნები საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

59. პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო კოდექსის არც 186-ე და არც 477-ე მუხლი მოძრავი ქონების რეალიზაციისათვის წერილობითი ფორმით გარიგების დადების აუცილებლობას არ ითვალისწინებს. აღნიშნულის საწინააღმდეგო დებულებას არც 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებდა. ამასთან, არც საკასაციო საჩივრის ავტორს მიუთითებია იმ სამართლებრივ საფუძველზე, რომელიც ავალდებულებდა მხარეს 1966 წლიდან მოყოლებული შეენახა ციტრუსის რეალიზაციის გზით შემოსავლის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან კასატორის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ნ. ა-ეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება ზემოაღნიშნული ბაღიდან მიღებული შემოსავლის თაობაზე, არსებობდა დასაბუთებული ეჭვი სადავო ქონების მის მიერ უკანონოდ შეძენასთან დაკავშირებით.

60. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მიერ უარყოფილი შპს „კონსალტინგ აუდიტის“ 2005 წლის 29 სექტემბრის აუდიტორული დასკვნის მტკიცებულებად მიჩნევის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

61. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული დასკვნის თანახმად, შპს „კონსალტინგ აუდიტის“ აუდიტორმა განახორციელა შესაფასებლად წარდგენილი ქონების ვიზუალური გარე დათვალიერება. საქმეში არსებული აჭარის ა/რ ხელვაჩაურის რაიონის, მახინჯაურის სადაბო საკრებულოს გამგეობის მიერ 2004 წლის 1 სექტემბერს გაცემული №95 ცნობის თანახმად კი ირკვევა, რომ სოფელ მ-ე, ნ. ა-ის სახელზე რეგისტრირებული ხის საცხოვრებელი სახლი, ცნობის გაცემის დროისთვის დანგრეული იყო.

62. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც საქმეში მოიპოვება ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები (ერთის მხრივ, 2005 წლის 29 სექტემბრის აუდიტის დასკვნა, რომლითაც შეფასდა შენობის აუდიტორული ღირებულება და, მეორეს მხრივ, 2004 წლის 1 სექტემბერს გაცემული ცნობა ცნობის გაცემის დროისთვის შენობის დანგრევის თაობაზე), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ მიიჩნია მტკიცებულებად სადავო შპს „კონსალტინგ აუდიტის“ 2005 წლის 29 სექტემბრის აუდიტორული დასკვნა.

64. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინრე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან აღნიშნული ნორმის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

65. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

66. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

67. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

68. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე