Facebook Twitter

№ ას-876-826-2015 26 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შ. ტ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. მ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ტ-ის მიმართ და მოითხოვა არასრუწლოვან შვილებთან - ი. და თ. მ-ებთან ურთიერთობისათვის ნახვის დღეების განსაზღვრა ყოველ თვეში ერთი კვირით წაყვანის უფლებით.

2. მოსარჩელის განმარტებით, მას შ. ტ-სთან ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი - 2011 წლის 2 მაისს დაბადებული ი. და 2012 წლის 20 აგვისტოს დაბადებული თ. მ-ები, რომლებიც მშობლების განქორწინების შემდგომ ცხოვრობენ დედასთან. შ. ტ-ე არ აძლევს მამას შვილებთან ურთიერთობის საშუალებას, რაც უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქიკაზე.

3. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ გ. მ-ს ჰქონდა შესაძლებლობა დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს მოენახულებინა თავისი შვილები. ერთი კვირით წაყვანას კი მოპასუხე არ დაეთანხმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა ბოლნისში, დაბა კ-ში და ამ ვადით ბავშვების წაყვანა გამოიწვევდა სასწავლო პროცესის გაცდენას, რაც უარყოფითად აისახებოდა მათზე.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. მ-ს შვილების, 2011 წლის 2 მაისს დაბადებული ი. მ-ისა და 2012 წლის 20 აგვისტოს დაბადებული თ. მ-ის ნახვის დღეები განესაზღვრა შემდეგი წესით: ნება დაერთო მამას, გ. მ-ს მოენახულებინა შვილები, ი. და თ. მ-ები ყოველი კვირის შაბათ დღეს, დილის 12 საათიდან 17 საათამდე.

5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-მა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გ. მ-ს შვილების, 2011 წლის 2 მაისს დაბადებული ი. მ-ის და 2012 წლის 20 აგვისტოს დაბადებული თ. მ-ის ნახვის დღეები განისაზღვრა ყოველ თვეში 1 კვირით (კერძოდ, თვის პირველი კვირა ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით) წაყვანის უფლებით.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8. შ. ტ-ეს და გ. მ-ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ი. მ-ი (დაბ. 02/05/2011 წ.) და თ. მ-ი (დაბ.20/08/2012 წ.).

9. შ. ტ-ე და გ. მ-ი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათი საერთო შვილები - ი. და თ. მ-ები ცხოვრობენ დედასთან - შ. ტ-სთან.

10. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ 2015 წლის 11 მარტს მომზადებული დასკვნით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დედის - შ. ტ-ის ოჯახში შექმნილია სათანადო პირობები ბავშვების ფიზიკური და სულიერი განვითარებისათვის. ი. და თ. მ-ები დადიან საპატრიარქოს ბაგა-ბაღში. ბავშვებზე მზრუნველობას ახორციელებას დედა. ბავშვები არიან მოვლილები, სუფთად ჩაცმულები. შ. ტ-ე თბილი და ყურადღებიანი დედაა.

11. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გ. მ-მა მოითხოვა ბავშვების ნახვის უფლება ყოველი კვირის პარასკევიდან კვირამდე (თუნდაც ამისათვის მას მოუწიოს ბათუმის ტერიტორიაზე ბინის ქირაობა) ანდა ყოველ თვეში ერთი კვირის მანძილზე ბავშვები იყვნენ მასთან.

12. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა გ. თ-ემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტა შემდეგი: იგი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნას, რომ მამას მიეცეს ბავშვების წაყვანის უფლება ყოველი კვირის პარასკევიდან კვირამდე, თუნდაც ბათუმის ტერიტორიაზე მოუხდეს მას ბინის დაქირავება, რადგან მისი განმარტებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნია კონტროლის მექანიზმი იმისათვის, რათა გადაამოწმოს პარასკევიდან კვირამდე ბავშვები მართლაც იმყოფებიან თუ არა ბათუმის ტერიტორიაზე, რაც შექმნის ქაოსურ სიტუაციას. გ. თ-ე დაეთანხმა აპელანტის მოთხოვნას თვეში ერთი კვირით ბავშვების წაყვანის უფლების გამოყენების თაობაზე. ამასთან, განმარტა, რომ სასამართლო არ უნდა დაეყრდნოს 2015 წლის 2 მარტის ბოლნისის სოც. მუშაკის დასკვნას, რომლის მე-5 აბზაცში წერია ურთიერთგამომრიცხავი ფრაზები. კერძოდ, ერთ შემთხვევაში წერია, რომ ბავშვების მამა და ბებია ვერ აცნობიერებენ მათ პასუხისმგებლობას ბავშვების მიმართ, ხოლო მეორე შემთხვევაში წერია, რომ მათ უყვართ ბავშვები და მათ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან და ა. შ. ანუ სოც. მუშაკის ეს განმარტებები ურთიერთგამომრიცხავია, შესაბამისად არ არის წარმოდგენილი რაიმე ისეთი მყარი მტკიცებულება, რომლითაც მამას შეეზღუდებოდა ბავშვების ნახვის უფლება, ხოლო ეს უფლება ღამის გათევით განისაზღვრება, თუ მხოლოდ ნახვის დღეებით, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. დასკვნაში მითითებულია, რომ არასრულწლოვანის განვითარებისათვის მშობლებმა უნდა დათმონ თავიანთი პოზიციები და ბავშვებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ, ანუ ბავშვები დარჩებიან დედასთან, ხოლო მამასაც აუცილებლად მიეცემა ბავშვებთან ყოფნის უფლება.

13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1999-ე, 1202-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მშობლების შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო გამოდის, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ინტერესებიდან და ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა, მისი ცხოვრების წესს. ამასთან, მნიშვნელოვანია დაცული იყოს მშობლის უფლება, ჰქონდეს რეგულარული პირადი ურთიერთობა შვილთან და მონაწილეობდეს მის აღზრდაში, თუ, რა თქმა უნდა, ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის უპირატეს ინტერესს. მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა შვილთან ურთიერთობის განსაზღვრის დროს თანაბრად იცავს რა მშობელთა ინტერესს, საჯარო წესრიგის შესაბამისად, უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში. კანონმდებელი საოჯახო ურთიერთობათა რეგულირებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ოჯახის ყველა წევრის, როგორც დედის, ასევე, მამის უფლებების დაცვას.

14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ცალკე მცხოვრები მშობლის ურთიერთობა შვილთან არ უნდა შემოიფარგლოს ბავშვის ხანმოკლე მონახულებით, პირიქით ასეთი შეხვედრები უნდა იყოს ხანგრძლივი, რათა მშობელმა ნამდვილად შეძლოს განახორციელოს ბავშვის აღზრდის უფლება. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ცალკე მცხოვრებ მშობელს უფლება აქვს მოითხოვოს შვილთან ურთიერთობა განუსაზღვრელ დროს, დაარღვიოს ბავშვის ნორმალური ცხოვრება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკული რეკომენდაციები სამოქალაქო საპროცესო სამართლის საკითხებზე საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის გვ. 119).

15. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის, შ.ტ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს ბავშვთან ურთიერთობისათვის უნდა განსაზღვროდა მხოლოდ რამდენიმე საათი ნახვის უფლება წაყვანის გარეშე, რამდენადაც, მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მამის ურთიერთობა შვილებთან ზემოაღნიშნული წესით ეწინააღმდეგებოდა ბავშვის ინტერესს და ზიანს აყენებდა მას, ასევე ხელს უშლიდა ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას მოახდენდა მათზე. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ მითითებული დროით მამა-შვილებს შორის ურთიერთობის წესის დადგენა არა მარტო მშობლის უფლების დარღვევა იყო, არამედ იგი მნიშვნელოვნად ლახავდა თავად შვილების უფლება-მოვალეობებს ცალკე მცხოვრებ მშობელთან ურთიერთობის სფეროში, მათ ინტერესს, აღზრდილიყვნენ ოჯახში.

16. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის პოზიცია და მიზანშეწონილად მიიჩნია ბავშვების მამას, გ. მ-ს ურთიერთობა ჰქონოდა შვილებთან. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. და თ. მ-ების ინტერესების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის ხელისშეშლა, მამას შვილების ნახვის დღეები უნდა განსაზღვროდა ყოველ თვეში ერთი კვირით - თვის პირველი კვირა ორშაბათიდან კვირის ჩათვლით წაყვანის უფლებით.

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შ. ტ-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი დასაბუთებით:

18. კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ უპირველესად არ გაითვალისწინა ბავშვების ინტერესები, რადგან ორივე მათგანი სწავლობს საბავშვო ბაღში, მომავალში კი ივლის სკოლაში, ხოლო თუ მოპასუხე (ბავშვების მამა) ყოველი თვის პირველ კვირას მათ წაიყვანს ბოლნისში, ბავშვები მოწყდებიან სასწავლო პროცესს, რაც ხელს შეუშლის მათ ნორმალურ აღზრდა-განვითარებას. ამასთან, ბავშვები გაირიცხებიან საბავშვო ბაღიდან და ვერ მიიღებენ სრულყოფილ განათლებას. მათ სასკოლო პერიოდშიც შეექმნებათ ანალოგიური პრობლემები, რადგან სკოლაშიც არ მიეცემათ მათ ყოველ თვეში ერთი კვირით სასწავლო პროცესის გაცდენის უფლება. გარდა ამისა, კასატორის განცხადებით, მამა სისტემატურად იღებს ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც კარგავს ზომიერებას და ხშირ შემთხვევებში ჩხუბობს (რასაც ცოლ-ქმრული თანაცხოვრების დროს ხშირად ჰქონდა ადგილი). აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია განქორწინების შემდეგაც, როდესაც მოპასუხე ბავშვების სანახავად არაფხიზელ მდგომარეობაში ჩავიდა ბათუმში, ბავშვები წაიყვანა ბულვარში, იქ კვლავ მიიღო ალკოჰოლური სასმელი და იჩხუბა, რაზეც გაფრთხილება მიიღო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას სურდა სასამართლოსთვის წარედგინა აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც ინახებოდა ბათუმის ბულვარის პოლიციაში, თუმცა პოლიციამ მას ცნობა არ გადასცა.

19. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, ბავშვების ყოველ თვეში ერთი კვირით ბოლნისში წაყვანა უარყოფითად იმოქმედებს მათ ფსიქიკაზე, რადგან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების დასკვნაც ადასტურებს, რომ ბავშვების მამა, გ. მ-ი არ არის მშრომელი და ის ხშირად იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით შ. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით შ. ტ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ტ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

23. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვან შვილებთან მშობლის ურთიერთობის წესის განსაზღვრა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განსაზღვრა მამისათვის შვილების ნახვის დღეები, ისე, რომ არ გაითვალისწინა ბავშვების უპირატესი ინტერესები. ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის ბავშვების მამასთან გარკვეული დროით დარჩენის უფლების გამოყენებას იმ მოტივითაც, რომ იგი ხშირად იმყოფება ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ, რაც უარყოფითად აისახება ბავშვების განვითარებაზე.

24. საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულობის შემოწმებამდე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს განსახილველი დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებსა და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს სახელმძღვანელო პრინციპებზე.

25. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და განსაზღვრულია, რომ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198.1-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“. შეიძლება ითქვას, რომ მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. მითითებული კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

26. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

27. შ. ტ-ეს და გ. მ-ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ი. მ-ი (დაბ. 02/05/2011 წ.) და თ. მ-ი (დაბ.20/08/2012 წ.).

28. შ. ტ-ე და გ. მ-ი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათი საერთო შვილები - ი. და თ. მ-ები ცხოვრობენ დედასთან - შ. ტ-სთან.

29. დედის - შ. ტ-ის ოჯახში შექმნილია სათანადო პირობები ბავშვების ფიზიკური და სულიერი განვითარებისათვის. ი. და თ. მ-ები დადიან საპატრიარქოს ბაგა-ბაღში. ბავშვებზე მზრუნველობას ახორციელებას დედა. ბავშვები არიან მოვლილები, სუფთად ჩაცმულები. შ. ტ-ე თბილი და ყურადღებიანი დედაა (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ 2015 წლის 11 მარტს მომზადებული დასკვნა).

30. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ცალკე მცხოვრები მშობლის უფლება ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან არ ნიშნავს, ცალკე მცხოვრებ მშობელს უფლება ჰქონდეს მოითხოვოს შვილთან ურთიერთობა განუსაზღვრელ დროს ან დააღვიოს ბავშვის ნორმალური ცხოვრება, თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ, პალატამ დაასკვნა, რომ მამას უნდა მისცემოდა ბავშვების ბათუმიდან ბოლნისში წაყვანის უფლება ყოველ თვეში ერთი კვირით.

31. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესით (ყოველ თვეში ერთი კვირით ბავშვების წაყვანის უფლებით) მამის შვილებთან ურთიერთობა არ ეწინააღმდგებოდა ბავშვების ინტერესს და ზიანს არ აყენებდა მათ. პალატამ აღნიშნული დასკვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტ შ. ტ-ის მიერ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული წესით მამის შვილებთან ურთიერთობისას ბავშვების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევის ფაქტს.

32. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე მთელ რიგ გარემოებებს.

33. სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს პოზიტიური ვალდებულება, მშობელთა შეუთანხმებლობისას შვილის აღზრდის საკითხის მოგვარების თაობაზე, უნდა ემყარებოდეს ეროვნული და საერთაშორისო აქტებით აღიარებულ ბავშვის უპირატეს ინტერესებს, რაც საქმის გარემოებების ობიექტური და სრულყოფილი კვლევის გზით უნდა განხორციელდეს. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას („ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

34. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. ტ-ისა და გ. მ-ს შვილები - ი. და თ. მ-ები არიან მცირეწლოვნები და დადიან საბავშვო ბაღში. ი. მ-ი დაბადებულია 2011 წლის 2 მაისს, ხოლო თ. მ-ი - 2012 წლის 20 აგვისტოს.

35. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შვილის სწავლა-დასვენებისა თუ სხვა მსგავსი საკითხების განსაზღვრისას გონივრული შეფასება უნდა მიეცეს ბავშვის განსაზღვრული წესით გადაადგილებას და სწორად დადგინდეს იმ მშობლის ურთიერთობის წესი შვილთან, რომელთანაც ბავშვი მუდმივად საცხოვრებლად არ იმყოფება.

36. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორ შ. ტ-ის მოსაზრებას, რომ მამის მიერ ყოველ თვეში ერთი კვირით შვილების ბოლნისში წაყვანა და მათი სასწავლო პროცესისაგან მოწყვეტა, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ბავშვების აღზრდა-განვითარებას. პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მოცემული საკითხის შეფასებისას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ბავშვები ჩაბმულნი არიან წინასასკოლო სასწავლო პროცესში და უახლოეს მომავალში სწავლას დაიწყებენ სკოლაში, ხოლო ყოველ თვეში ერთი კვირით სასწავლო პროცესის გაცდენა არა მარტო სირთულეებს შეუქმნის მათ აღზრდა-განვითარებას და შეუზღუდავს ბავშვებს სწავლის უფლებას, არამედ შესაძლოა საფრთხე შეექმნას სასწავლო დაწესებულებაში მათი ყოფნის საკითხსაც.

37. ამასთან, სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ დადგენილ ფაქტზეც, რომ მოდავე მხარეების სახლებს შორის (ბათუმიდან ბოლნისამდე) მანძილი დაახლოებით 500 კილომეტრია, ხოლო იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება მცირეწლოვანი ბავშვების გადაადგილებას, სასამართლოს არ გამოუკვლევია, ყოველ თვეში ორჯერ ამ მანძილზე მცირეწლოვანი ბავშვების მგზავრობა უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს მათზე და დაარღვევს თუ არა ბავშვების ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუნდაც ისინი ჩაბმული არ იყვნენ სასწავლო პროცესში.

38. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია იმ მხრივაც, რომ სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია საქმეში არსებული სოციალური მუშაკების დასკვნები. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ბოლნისის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 2015 წლის 2 მარტის დასკვნის შესწავლით ირკვევა, რომ იგი შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ მსჯელობებს: კერძოდ, ერთ შემთხვევაში წერია, რომ ბავშვების მამა და ბებია არ არიან ჩართულები ბავშვების აღზრდა-განვითარებაში, ვერ აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას ბავშვების მიმართ, ხოლო მეორე შემთხვევაში წერია, რომ მათ უყვართ ბავშვები და მათ მიმართ დიდ სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ გ. მ-ი არ არის მშრომელი ადამიანი, ხშირად იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში. იგი ქურდობის ფაქტის გამო 2008 წელს იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დასკვნაში საუბარია ასევე გ. მ-ის და მისი ოჯახის წევრების სოციალურ მდგომარეობაზე. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ოჯახის წევრების შემოსავალს შეადგენს გ. მ-ის დედის პენსია, 150 ლარი. ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და ამ დროისთვის გ. მ-ი არის უმუშევარი... ბავშვების ბებიას და მამას არ აქვთ კარგი ურთიერთობა მეზობლებთან და ახლო ნათესავებთან (იხ. ს.ფ. 38-39).

39. აღსანიშნავია, რომ მოცემული დასკვნის გაზიარება მიზანშეწონილად არ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გამოცხადებულმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმაც, რომელმაც ურჩია სასამართლოს გაეთვალისწინებინა ამ დასკვნის წინააღმდეგობრივი ხასიათი. თუმცა სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას არ შეაფასა ზემოაღნიშნულ დასკვნაში ასახული წინააღმდეგობრივი მსჯელობები, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითა მათზე.

40. საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლომ ასევე სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 2015 წლის 11 მარტის დასკვნა-რეკომენდაცია. სააპელაციო პალატამ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ დედის - შ. ტ-ის ოჯახში შექმნილია სათანადო პირობები ბავშვების ფიზიკური და სულიერი განვითარებისათვის, ბავშვებზე მზრუნველობას ახორციელებას დედა, რომელიც თბილი და ყურადღებიანია, თუმცა, ყურადღების მიღმა დატოვა ამავე დასკვნაში ასახული ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ შ. ტ-ემ „ოჯახიდან წამოსვლის გადაწყვეტილება 2014 წლის ოქტომბრის თვეში ასევე გ. მ-ის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ მიიღო. მოპოვებული ინფორმაციით შ. ტ-ისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის მიერ შეთავაზებული იქნა ოჯახური ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში გადასვლა შვილებთან ერთად. შ. ტ-ემ მშობლების ოჯახში დაბრუნება გადაწყვიტა. აღნიშნულ ძალადობასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაც“ (ს. ფ. 41).

41. ამრიგად იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებობს დასკვნები, რომლებშიც უარყოფითადაა დახასიათებული ბავშვების მამა, ამასთან, ამავე დასკვნებში ასახულია სოციალური მუშაკის ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობები, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ უნდა შეეფასებინა ეს დასკვნები და გამოეკვლია, ბავშვების მამასთან ყოველ თვეში ერთი კვირით დარჩენა უარყოფითად ხომ არ აისახებოდა მათ ფსიქო-ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე. სასამართლოს ასევე არ გაუთვალისწინებია ის ფაქტიც, რომ 2014 წლის ოქტომბრიდან ბავშვები მამასთან ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ და არ გამოუკვლევია, თუ რამდენად შეუწყობდა ხელს მის მიერ განსაზღვრული წესის დადგენა ბავშვების მშობელთან შეჩვევის პროცესს.

42. სამოქალაქო სამართლაწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული და საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლით კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. მითითებული საპროცესო წესის გამოყენება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მით უფრო გამართლებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლო, როგორც სამართალწარმოების მეორე ინსტანცია, დავის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა და ამავე კოდექსის 380-ე მუხლით მას ახალ მტკიცებულებათა მიღების შესაძლებლობაც გააჩნია. შესაბამისად, თუკი საკითხის განსაკუთრებული თავისებურებიდან გამომდინარე, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევდა დამატებით კვლევას ან ფსიქოლოგის დასკვნას ბავშვებისა და მამის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება, მას სრული შესაძლებლობა გააჩნდა, მოეთხოვა აღნიშნული დასკვნების წარმოდგენა.

43. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (Eur. Court H.R. Johansen v. Norway , Judgment of 7 August 1996. Reports. 1996-III.) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც - ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი.

44. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე ობიექტურად არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

45. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე