Facebook Twitter

№ ას-530-503-2015 22 მარტი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – პ. დ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ს-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. პ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ს-ის მიმართ და მოითხოვა სამისდღემჩიო რჩენის ხელშეკრულების დარღვევისა და ბინაში უკანონოდ ცხოვრების გამო მიყენებული ზიანის 6 900 ლარის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით:

2. მოსარჩელესა და დ. ს-ეს შორის 2010 წლის 5 მაისს სანოტარო წესით გაფორმდა სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დ. ს-ემ იკისრა პ. დ-ის რჩენის ვალდებულება. მოსარჩელის განმარტებით, დ. ს-ემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, ბინაში ჩაატარა რემონტი, ხოლო 2010 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნულ ბინაში ჩასახლდა ქმარ-შვილით. რემონტის დროს ბინაში იყო მტვერი და ხმაური, 5-6 კაცი სისტემატურად ეწეოდა სიგარეტს, რის გამოც პ. დ-ს დაემართა ბრონქიალური ასთმა. გარდა ამისა, მოსარჩელის განცხადებით, დ. ს-ის მეუღლე გამუდმებით იგინებოდა პ. დ-ის მისამართით, შეუწყვიტეს მას კვებით უზრუნველყოფა და ჩააგდეს გაუსაძლის მდგომარეობაში, რის გამოც მიმართა სასამართლოს და 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით შეწყდა მასსა და დ. ს-ეს შორის გაფორმებული სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება. პ. დ-ს დ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯის, 8 454 ლარის ანაზღაურება. მიუხედავად აღნიშნულისა, დ. ს-ე თავისი ოჯახით კვლავ აგრძელებდა ბინაში ცხოვრებას 2013 წლის 26 თებერვლამდე, სანამ პ. დ-ის მიერ სრულად არ იქნა მისთვის რემონტის ხარჯები ანაზღაურებელი. მოსარჩელის განმარტებით, დ. ს-ემ თავისი ინიციატივით დაიწყო მის ბინაში რემონტის გაკეთება საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აუდიტის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ბინის საიჯარო ქირის ღირებულება ყოველთვიურად შეადგენს 230 ლარს. ვინაიდან დ. ს-ე თავის ოჯახთან ერთად უკანონოდ ცხოვრობდა ბინაში და იყენებდა მას თავისი ინტერესებისათვის 30 თვის განმავლობაში, კერძოდ 2010 წლის 12 სექტემბრიდან 2013 წლის 26 თებერვლამდე, მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ დ. ს-ეს დაკისრებოდა 30 თვის საიჯარო ქირის გადახდა, 6 900 ლარის ოდენობით.

3. 2014 წლის 5 მარტს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პ. დ-ს დ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8 454 ლარის გადახდა. ვინაიდან პ. დ-ს არ ჰქონდა აღნიშნული თანხის გადახდის შესაძლებლობა, ბინა დააგირავა ვინმე ი. მ-ე, რომელსაც დ. ს-ემ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით გადაახდევინა 5 580 აშშ დოლარი, რაც 2013 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დოლარის კურსის გათვალისწინებით შეადგენს 9 248 ლარს, რაც 794 ლარით მეტია სასამართლო გადაწყვეტილებით პ. დ-ის დაკისრებულ თანხაზე - 8 454 ლარზე. შესაბამისად, ვინაიდან დ. ს-ე უსაფუძვლოდ გამდიდრდა 794 ლარით, მოსარჩელის აზრით, ის ვალდებულია პ. დ-ს აუნაზღაუროს უსაფუძვლოდ მიღებული 794 ლარი.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პ. დ-ი გაიცნო, როგორც გაჭირვებული და უპატრონო, რომელსაც პურის ფულიც არ ჰქონდა და საოჯახო ნივთებს ყიდდა. დ. ს-ე მას ეხმარებოდა ხან ფულით, ხან საჭმლით. როდესაც პ. დ-მა ნახა მისი საცხოვრებელი და გაიცნო დ. ს-ის ქმარ-შვილი, სთხოვა მას, რომ მის ბინაშიც გაეკეთებინათ რემონტი, გადაეკეთებინათ ბინა ორ ოთახად და ერთად ეცხოვრათ ყველას ოჯახივით. დ. ს-ე დათანხმდა აღნიშნულ შემოთავაზებას, და გააფორმა მასთან სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება. პ. დ-ის ბინაში გააკეთა რემონტი და ქმართან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მასთან.

5. მოპასუხის განმარტებით, იგი პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის სექტემბრამდე იცხოვრა ბინაში და აღნიშნულ პერიოდში მას, როგორც მარჩენალს, ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდა მოპოვებული ეს უფლება. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ქირის გადახდაზე. მოპასუხის განცხადებით, დ. ს-ის მიერ გაკეთებული რემონტით პ. დ-მა გაიუმჯობესა ცხოვრების პირობები, დააგირავა ბინა 2 წლით, აღებული თანხიდან ნაწილი მას მისცა, დარჩენილი თანხა კი გააპროცენტა და ყოველთვიურად იღებს შემოსავლის სახით 300 დოლარს. მისი მოთხოვნა 794 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნულ თანხაში შედის როგორც სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა (სახელმწიფო ბაჟი) ასევე დ-თან დატოვებული ნივთების საფასური, რაზეც მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება და მოპასუხის მითითებით გადაუხადა მას ახალმა მოგირავნემ.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით პ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. დ-მა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით პ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10. 2010 წლის 5 მაისს პ. დ-სა და დ. ს-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამისდღეშიო რჩენის შესახებ (ტ.1. ს.ფ. 13-17).

11. დ. ს-ის მიერ პ. დ-ის კუთვნილ ბინაში მდებარე, თბილისი, ბ-ის ქ. N..., ბინა ..., 2010 წლის 5 მაისის ხელშეკრულების ფარგლებში, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით პ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: შეწყდა პ. დ-სა და დ. ს-ეს შორის 2010 წლის 5 მაისის გაფორმებული სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. ს-ის შეგებებული სარჩელი. პ. დ-ს დ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8 651.02 ლარის გადახდა. დ. ს-ეს 12 687.98 ლარის მოთხოვნის ნაწილში უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს დ. ს-ემ და პ. დ-მა. დ. ს-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. პ. დ-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; პ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ს-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პ. დ-ს დ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8 454,55 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება; პ. დ-ს დ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 261 ლარი და 15 თეთრი (ტ. 1. ს.ფ. 21-31).

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 იანვრის განჩინებით პ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

16. 2013 წლის 26 თებერვალს მხარეთა შორის გაუქმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.

17. მოპასუხისა და მოწმე ტ. ბ-ის ახსნა-განმარტების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის ზაფხულის პერიოდიდან (თვე დაუზუსტებელია) დ. ს-ე ვეღარ ფლობდა ბინას, რადგან მოსარჩელემ კარზე შეცვალა საკეტი. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დ. ს-ემ მისი ნივთები სადავო ბინიდან წაიღო 2013 წლის თებერვლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

18. პალატამ დადგენილად მიინია, რომ 2013 წლის 31 იანვარს, დ. ს-ემ მიიღო 5 580 აშშ დოლარი, რაც იმ პერიოდისათვის არსებული ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსით შეადგენდა 9 248 ლარს. მითითებული თანხა საბანკო გადარიცხვის გზით გადახდილი იქნა იაშა მეგრელიშვილის მეშვეობით (ტ. 1. ს. ფ. 33).

19. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გადახდილი 9 248 ლარიდან (5 580 აშშ დოლარი) ნაწილით მოხდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის - 8 454.55 ლარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში პ. დ-ის დაკისრებული ფულადი თანხის - 261.15 ლარის ანაზღაურება, რაც ჯამში შეადგენს - 8 715.70 ლარს. ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 532.3 ლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პ. დ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას აღნიშნა, რომ ზედმეტად გადახდილი თანხა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ დ. ს-ეს დროულად მოეხსნა სადავო ბინაზე ყადაღა. მოპასუხე დ. ს-ემ კი თავის მხრივ, განმარტა, რომ მითითებული თანხა იყო იმ ნივთების ღირებულება, რომელიც დარჩა პ. დ-ის სახლში და არ იყო ანაზღაურებული მოსარჩელის მიერ.

20. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი. მ-ის (რომელმაც პ. დ-ის 10 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ ბინა მიიღო დროებით სარგებლობაში), განმარტებით, 5 580 აშშ დოლარი პ. დ-ის მითითებით გადაურიცხა დ. ს-ეს.

21. მიუხედავად მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებისა, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 523.30 ლარი დ. ს-ის გადახდილი იქნა მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე.

22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 394.1-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებისა და მისი ოდენობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, პირველ რიგში, დაკავშირებულია თვით ამ ქონების თავისებურებებთან, მის ბრუნვაუნარიანობასთან და „საშუალო” მესაკუთრის მიერ ამ ქონების ჩვეულებრივი სამეურნეო მიზნებით მოხმარებასთან, ანუ ამ ქონების თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლებელი უნდა იყოს „საშუალო” მესაკუთრის მიერ მისმა სათანადო სამეურნეო გაძღოლამ მას მოუტანოს სარგებელი. „საშუალო” მესაკუთრეში ივარაუდება მესაკუთრე, რომელსაც შეუძლია აღნიშნული ქონებიდან მიიღოს სარგებელი თავისი პირადი და განსაკუთრებული თვისებების გარეშე, სარგებელი, რომელიც შესაძლებელია მიღებულ იქნას ხსენებული ქონების ჩვეულებრივი მოხმარების შედეგად.

23. სამოქალაქო კოდექსის 408.1-ე მუხლზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, უპირველესად კი, თუ სახეზეა ზიანი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით. „სახელშეკრულებო“ ზიანი შეიძლება მიყენებული იქნას ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების, კანონის ან ადმინისტრაციული აქტის შეუსრულებლობით. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისადვე ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება დაზარალებულსა და ზიანის მიმყენებელს შორის: დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

24. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე, დ. ს-სა და მისი შვილის ცხოვრების თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმება არსებობდა და ეს გარემოება არ გამხდარა სადავოდ. პალატამ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხე 2012 წლის ზაფხულის პერიოდში ვერ შევიდა ბინაში, ვინაიდან საკეტი დახვდა შეცვლილი. შესაბამისად, ამ დროიდან ის ბინით აღარ სარგებლობდა. რაც, შეეხება აღნიშნულ ბინაში მისი მეუღლის ცხოვრების ფაქტს ხელშეკრულების დადებიდან შეწყვეტამდე პერიოდში, საქმის მასალებით პალატამ აღნიშნული გარემოება დადასტურებულად არ მიიჩნია. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდში მოპასუხე ფლობდა ბინას მოსარჩელის ნების საფუძველზე. ამდენად, ზიანი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გამოიხატება ქონების გამოუყენებლობის გამო მიუღებელ შემოსავალში, არ არის გამოწვეული მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.

25. რაც შეეხება ბინაში ნივთების დატოვების ფაქტს, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილშიც არ იკვეთებოდა მოპასუხის ბრალეული ქმედების არსებობა, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო ბინაში შეღწევა, ნივთების დაუფლება და გატანა სადავო ბინიდან. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

26. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ასევე მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე და აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ობიექტურ შედეგს, კერძოდ, ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ასევე ისიც, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მოხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

27. მოცემულ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 523.30 ლარი დ. ს-ის გადახდილი იქნა მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, რაც სამართლებრივ საფუძველს უსპობდა მოსარჩელის მოთხოვნას.

28. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პ. დ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

29. კასატორის განმარტებით, მართალია სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი.

30. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ დ. ს-ე სამისდღემშიო ხელშეკრულების დარღვევით ქმარ-შვილთან ერთად უკანონოდ ცხოვრობდა პ. დ-ის ბინაში, ხოლო ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, 2013 წლის 26 თებერვლამდე მის ბინაში ცხოვრებით პ. დ-ს მიაყენა 6 900 ლარის ზიანი.

31. სასამართლომ სრულიად უკანონოდ მიიჩნია დადგენილად, თითქოს არსებობდა მხარეთა შეთანხმება 794 ლარის გადახდის თაობაზე მაშინ, როდესაც დ. ს-ის მიერ მოყვანილმა მოწმეებმა არ დაადასტურეს აღნიშნული გარემოება.

32. სასამართლომ სრულიად უკანონოდ მიიჩნია, რომ პ. დ-ს არ სურდა აღნიშნული ბინის გაქირავება და რაიმე სახის ზიანი არ მიუღია.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ივნისის განჩინებით პ. დ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

34. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

37. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

38. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

39. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას პ. დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. პ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათვაისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე