№ ას-950-900-2015 16 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – პ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ტ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – შვილად აყვანის დადგენა, სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. პ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ტ-ის მიმართ და მოითხოვა მ. კ-ის მიერ პ. კ-ის შვილების თაობაზე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, ქ. ოზურგეთში, ე-ის ქ. #...-ში მდებარე უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ მ. კ-ის აღიარება და პ. კ-ისათვის, როგორც მ. კ-ის მემკვიდრისათვის, აღნიშნული წილის მიკუთვნება შემდეგი დასაბუთებით:
2. მოსარჩელის განმარტებით, იგი დაიბადა 1970 წლის 2 ნოემბერს ოზურგეთის რაიონის სოფ. ბ-ში. ბიოლოგიური დედ-მამა ა. და ლ. კ-ეები არიან. ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის განათლების განყოფილების 1985 წლის დადგენილებისა და ქობულეთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 23 იანვრის № 27 დადგენილების საფუძველზე, იგი იშვილა მ. კ-ემ და საცხოვრებლად გადავიდა მშვილებლის (მ. კ-ის) საცხოვრებელ ადგილზე - ქობულეთის რაიონის დაბა ჩ-ი.
3. 1992 წელს პ. კ-ემ და მ. კ-ემ გაყიდეს საცხოვრებელი სახლი ჩ-ში და იყიდეს ბინა ქ. ოზურგეთში, ი-ის ქ. № ...-ში. 2003 წელს გაყიდეს აღნიშნული ბინა და იყიდეს სახლი ოზურგეთში, ე-ის № ...-ში.
4. მ. კ-ე 2003 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ბ. ტ-ესთან. პ. კ-ისა და მ. კ-ის მიერ შეძენილი სახლი ე-ის ქუჩაზე ბ. ტ-ის უკანონო ქმედების შედეგად დარეგისტრირდა ბ. ტ-ის სახელზე. უძრავი ქონება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მეუღლეზეა რეგისტრირებული, ითვლება მეუღლეთა საერთო საკუთრებად.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პ. კ-ის შვილად აყვანის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის მიერ წარდგენილ მასალებს არ ერთვის დაბადებისა და შვილად აყვანის აქტების ჩანაწერის ასლები.
6. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ მან სადავო საცხოვრებელი სახლი იყიდა 2004 წელს, ხოლო მ. კ-ე ცოლად შეირთო 2007 წელს. პ. კ-ე არ იყო ნაშვილები მ. კ-ის მიერ და, შესაბამისად, მისი მოთხოვნაც არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
7. მოსარჩელე პ. კ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მ. კ-ისა და ბ. ტ-ის ერთად ცხოვრების პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სადავო სახლის ღირებულება. კერძოდ, გაკეთდა ფასადი, შეიცვალა ფანჯრები, შეიღება და კეთილმოწყობილ იქნა ოთახები და სათავსოები, აშენდა შენობა.
8. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით პ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი 1985 წლის 23 იანვარს მ. კ-ის მიერ პ. კ-ის შვილების თაობაზე; უძრავი ქონების საკადასტო კოდით № ... მესაკუთრეებად ½ წილით აღიარებულ იქნა ბ. ტ-ე და მ. კ-ე; პ. კ-ეს საკუთრების უფლებით მიეკუთვნა მ. ტ-ის წილიდან შესაბამისი წილი (უძრავი ქონებიდან საკადასტრო კოდით № ...).
9. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ტ-ემ.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით №... მესაკუთრეებად ½ წილით აღიარებულ იქნენ ბ. ტ-ე და მ. კ-ე და პ. კ-ეს საკუთრების უფლებით მიეკუთვნა მ. ტ-ის წილიდან შესაბამისი წილი (უძრავი ქონებიდან საკადასტრო კოდით №...); პ. კ-ის სარჩელი №... საკადასტრო კოდის უძრავი ქონების თანამესაკუთრედ მ. კ-ის აღიარებისა და ამ ქონებიდან წილის მიკუთვნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
12. ქობულეთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით მ. კ-ეს ნება დაერთო შვილად აეყვანა არასრულწლოვანი პ. კ-ე. პ. კ-ის მშობლებად დაბადების მოწმობაში რეგისტრირებულ იქნენ ბიოლოგიური მშობლები - ა. კ-ე და ლ. კ-ე.
13. 2007 წლის 11 ივლისს მ. კ-ე და აპელანტი ბ. ტ-ე დაქორწინდნენ.
14. დაქორწინებამდე, 2004 წლის 13 ოქტომბერს ბ. ტ-ემ შეიძინა ოზურგეთში, ე-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №....
15. მ. კ-ე გარდაიცვალა 2014 წლის 22 იანვარს, ხოლო პ. კ-ემ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2014 წლის 7 აგვისტოს.
16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა 1985 წლის 23 იანვრისათვის მოქმედი საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის 101-ე, 109-ე 113-ე მუხლებით, ასევე ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1244-ე მუხლით და დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, ანუ იმ პერიოდისათვის უფლებამოსილმა ორგანომ, მ. კ-ეს ნება დართო შვილად აეყვანა პ. კ-ე. ამის შესაბამისად, იმავე დღეს, ე.ი. 1985 წლის 23 იანვარს მ. კ-ესა და პ. კ-ე შორის შვილება წარმოიშვა.
17. პალატამ აღნიშნა, რომ შვილების ნამდვილობაზე გავლენას ვერ მოახდენს ის, რომ გადაწყვეტილების თანახმად, სარეგისტრაციო მონაცემებში პ. კ-ის მშობლებად ისევ ბიოლოგიური მშობლები უნდა ყოფილიყვნენ რეგისტრირებულნი. პირიქით, საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად, მშვილებელი ნაშვილების მშობლად შეიძლებოდა ჩაწერილიყო, მხოლოდ მისივე თხოვნით. ეს კი ნიშნავს, რომ თხოვნის არარსებობის შემთხვევაში, ნაშვილების მშობლებად რეგისტრირებულნი ისევ ბიოლოგიური მშობლები რჩებოდნენ. მსგავსი წესია დადგენილი დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1258-ე მუხლითაც.
18. ამრიგად, შვილების ფაქტის დადგენის ნაწილში, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორად მიიჩნია.
19. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ მ. კ-ე შეცდომით მიიჩნია სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ.
20. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე და აღნიშნა, რომ მ. კ-ე და ბ. ტ-ე დაქორწინდნენ 2007 წლი 11 ივლისს, ხოლო სადავო ქონება ბ. ტ-ემ შეიძინა 2004 წლის 13 ოქტომბერს, ე.ი. დაქორწინებამდე.
21. ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე, პალატამ სადავო ქონების მესაკუთრედ ბ. ტ-ე მიიჩნია.
22. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლით და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, პ. კ-ეს უნდა დაემტკიცებინა, რომ 2007 წლის 11 ივლისის შემდეგ გაწეული ხარჯის შედეგად სადავო ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
23. პალატამ მიიჩნია, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები პ. კ-ეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
24. რაიონული სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთაგან მ. კ-ემ, ნ. გ-ამ, კ. რ-ამ, დ. დ-ემ, ც. ჩ-ემ, ნ. იმ-ემ, რ. ცი-ემ, ხ. კ-მა, ი. კ-ემ და კ. ა-მა ჩვენება მისცეს მ. კ-ისა და პ. კ-ის ურთიერთობის თაობაზე. ამ მოწმეთა ჩვენებები სადავო ქონებაზე გაწეულ ხარჯებს არ ეხება და, მეტიც, თითქმის ყველა მათგანმა განაცხადა, რომ ოზურგეთში გადასვლის შემდეგ მხარეთა საცხოვრებელი პირობები მათთვის უცნობი იყო.
25. სადავო ქონებაზე გაწეულ ხარჯს ეხება თ. გ-ის, მ. წ-სა და ჟ. ჩ-ის ჩვენებები, თუმცა მოსარჩელის პოზიციას არც ეს მტკიცებულებები ადასტურებს.
26. ასე, მაგალითად, თ. გ-ემ განმარტა, რომ „2006-2007 წლებში ბ. ტ-ეს მიჰქონდა სილა და ცემენტი“, ის თუ რა სამუშაოები ჩატარდა ამ მასალით, მოწმისათვის უცნობი იყო. მოწმის თქმით, „სახლის მშენებლობის ამბავი არ იცოდა, რადგან არ აინტერესებდა“.
27. მოწმე მ. წ-ემ, მართალია, განმარტა, რომ სახლის შეძენის შემდეგ, წინა მხარე ჩამოიშალა და შეკეთდა, ხოლო შემდეგ ეზოში ნაგებობა ჩ-მა ააშენა, თუმცა მისი თქმით, ეს დაახლოებით, 2005-2006-2007 წლებში მოხდა (ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის სხდომის ოქმი: 14:34:34-14:35:20).
28. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხოლოდ მოწმის, ჟ. ჩ-ის ჩვენებიდან გამომდინარეობს, რომ სამშენებლო სამუშაოების ნაწილი 2008 წელს შესრულდა. თუმცა, პალატამ აქვე აღნიშნა, რომ მოწმეს ეს პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად არ უთქვამს. ჟ. ჩ-მა განმარტა, რომ „სადავო ტერიტორიაზე 2008 წელს მივიდა. წინა მხარეს იყო შენობა, რომელიც დაიშალა და იმის ფონზე გააკეთეს აფთიაქი და სწორედ ამ შენობის თაობაზე დადო მან გარიგება“.
29. სასამართლოს აზრით, აღნიშნული მოწმის ჩვენებით არც ნაგებობის აშენების დრო და არც ის გარემოება ირკვევა, თუ ვინ ააშენა იგი. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, მოსარჩელეს არ მიუთითებია და დაუსაბუთებია, რამდენად და როგორ გაიზარდა მთელი სადავო უძრავი ქონების ღირებულება ეზოში სამეურნეო ფართის აგებით.
30. პალატამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური საკუთრების ქცევა მეუღლეთა თანასაკუთრებად, ამ ქონების წილზე პირვანდელი მესაკუთრის უფლებების დაკარგვას იწვევს. ამიტომ, ამგვარი დასკვნის გამოტანისათვის მნიშვნელოვანი და უტყუარი მტკიცებულებებია საჭირო. მსგავსი მტკიცებულებები კი, პ. კ-ეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მეტიც, ნაგებობა, რომელიც, სავარაუდოდ, 2008 წელს აშენდა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულიც კი არ არის - საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, რეესტრში რეგისტრირებულია მხოლოდ ის შენობები, რომლებიც ბ. ტ-ემ 2004 წლის 13 ოქტომბერს შეიძინა.
31. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, ის გარემოება, რომ მ. კ-ისა და ბ. ტ-ის დაქორწინების შემდეგ სადავო ქონების ღირებულება, მასზე გაწეული ხარჯების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა, პ. კ-ემ ვერ დაამტკიცა. ამიტომ, მ. კ-ე სადავო ქონების თანამესაკუთრე არ გამხდარა.
32. სააპელაციო სასამართლოს აზრით, პ. კ-ის დაზუსტებულ სარჩელში მითითებული პოზიცია დადასტურებულად არ ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს მასზე შესაგებელი არ წარუდგენია.
33. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. კ-ემ თავდაპირველად სარჩელი აღძრა 2014 წლის 7 აგვისტოს. სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო და მოპასუხეს შესაგებლის წარსადგენად 7 დღის ვადა განუსაზღვრა. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხემ სარჩელზე შესაგებელი წარადგინა.
34. ამის შემდეგ, 2014 წლის 30 სექტემბერს პ. კ-ემ სასამართლოს მიმართა ე.წ. დაზუსტებული სარჩელით, რომელშიც თავისი მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები შეცვალა.
35. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის საფუძვლების შეცვლა დასაშვებად მიიჩნია, თუმცა ეს სარჩელი მოპასუხისათვის არ გადაუგზავნია და არც შესაგებლის წარდგენისთვის განუსაზღვრავს ვადა.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი), მხოლოდ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
37. რადგან სასამართლოს მოპასუხისათვის არც ე.წ. დაზუსტებული სარჩელი გაუგზავნია და არც შესაგებლის წარდგენისათვის განუსაზღვრავს ვადა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე არ იყო ვალდებული დაზუსტებულ ფაქტობრივ გარემოებებზე წარედგინა წერილობითი პასუხი. მას შეეძლო მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ ფაქტებს შეცილებოდა სასამართლოს სხდომაზე, რაც განახორციელა კიდეც. ამის შესაბამისად, მოპასუხის შეცილება დასაშვები იყო.
38. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე, 1319-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მ. კ-ის სამკვიდრო გაიხსნა 2014 წლის 22 იანვარს. პ. კ-ეს კი არ მიუთითებია, რომ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში, ე.ი. 2014 წლის 22 ივლისამდე რაიმე სახით მიიღო მ. კ-ის სამკვიდრო, ან რომ ჰქონდა სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების საპატიო მიზეზი.
39. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ცნობით პალატამ დაადგინა, რომ ოზურგეთში, ე-ის ქ. №...-ში პ. კ-ე რეგისტრაციიდან მოიხსნა 2012 წლის 23 იანვარს, ხოლო 2013 წლის 10 ოქტომბერს იგი დარეგისტრირდა სოფელ ბ-ში. ამ რეგისტრაციის საფუძველი მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრება გახდა. საქმის მასალებიდანაც ჩანდა, რომ ამ მისამართზე ცხოვრობს პ. კ-ე დღესაც.
40. ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. კ-ე სადავო ქონების თანამესაკუთრედაც რომ ჩაითვალოს, მისი სამკვიდროს მიღების ფაქტი პ. კ-ემ ვერ დაამტკიცა.
41. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პ. კ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
42. სააპელაციო სასამართლომ სადავო უძრავი ქონება არ მიიჩნია ბ. ტ-ისა და მ. კ-ის თანასაკუთრებად, ვინაიდან აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში ბ. ტ-ის სახელზე რეგისტრირებული იყო 2004 წლიდან, ხოლო ბ. ტ-ე და მ. კ-ე ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2007 წლიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქორწინების შემდეგ ქონების ღირებულების გაზრდისა და მის საფუძველზე ქონების თანასაკუთრებად მიჩნევის თაობაზე ვერ დადასტურდა. აქვე მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელზე მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია, სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებები არ უნდა მიეჩნია დადგენილად, რადგან საქმეში არ იდო მოპასუხისათვის დაზუსტებული სარჩელის ჩაბარების დასტური.
43. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
44. მოსარჩელის მიერ სასამართლოში თავდაპირველად წარდგენილ სარჩელში არ იყო მითითებული მეუღლეთა ქორწინების პერიოდში სადავო ქონების ღირებულების გაზრდის შესახებ. აღნიშნული გარემოება მოსარჩელემ მიუთითა დაზუსტებულ სარჩელში და აღნიშნა, რომ მ. კ-ე და ბ. ტ-ე სამოქალაქო ქორწინებაში იყვნენ 2007 წლიდან. მათი ქორწინების პერიოდში მოხდა სადავო საცხოვრებელი სახლის ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდა. კერძოდ, გაკეთდა ფასადი, შეიცვალა ფანჯრები, შეიღება და კეთილმოეწყო საცხოვრებელი ოთახები და სათავსოები, აშენდა შენობა და ა.შ.
45. დაზუსტებული სარჩელი მოწინააღმდეგე მხარეს გადაეცა მოსარჩელის მიერ. მოთხოვნის გაზრდისა და დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე მხარეს ეცნობა სასამართლო სხდომის დაწყების წინ, თუმცა პრეტენზია არ განუცხადებია დაზუსტებული სარჩელის მისთვის გადაუცემლობის შესახებ, ასევე არ მოუთხოვია დაზუსტებული სარჩელის გადაცემა და საპროცესო ვადის მიცემა მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს არანაირ პრეტენზიას ამ საკითხთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს მსჯელობას ქონების თანასაკუთრებად აღიარებასთან დაკავშირებით.
46. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოპასუხეს დაზუსტებულ სარჩელზე შესაგებელი არ შეუტანია. ამასთან, მოპასუხეს შესაგებელიც რომ შეეტანა და უარეყო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, კასატორის განცხადებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 449-ე მუხლის მე-2 ნაწილი შესაძლებლობას აძლევდა მოსარჩელეს 5 დღის ვადაში დამატებით წარედგინა მტკიცებულებები.
47. ამრიგად, საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, უზენაესმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს შემდეგ საკითხებზე: დაზუსტებულ სარჩელზე მოპასუხის მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობა უნდა მიჩნეულიყო თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების აღიარებად, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ან მოსარჩელის მხრიდან დაზუსტებული სარჩელის ჩაუბარებლობის შესახებ; მოპასუხეს სასამართლო სხდომაზე ეცნობა დაზუსტებული სარჩელის შესახებ და მას არ განუცხადებია მისი ჩაუბარებლობის შესახებ და არ გაუსაჩივრებია მისი წარმოებაში მიღება; შესაძლებელია თუ არა შესაგებლის წარუდგენლობა სასამართლომ მიიჩნიოს საპატიოდ და პარალელურად შესაგებლის წარუდგენლობის პირობებში არ ჩათვალოს სარჩელში მითითებული გარემოებები დადასტურებულად, ისე რომ არ აღუდგინოს შესაგებლის წარდგენის ვადა მოპასუხეს და გაარკვიოს მისი პოზიცია სარჩელში მითითებული გარემოების მიმართ; მოცემულ შემთხვევაში იმსჯელა თუ არა სააპელაციო სასამართლომ იმ უფლებაზე, რომელიც მოსარჩელეს მინიჭებული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 449-ე მუხლის მე-2 ნაწილით (რომლის მიხედვითაც, შესაგებლის მიღების შემდეგ გააჩნდა 5 დღიანი ვადა დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად; დარღვეულია თუ არა მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპი და სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი).
48. კასატორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ პუნქტებით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობები.
49. სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დასტურდება უძრავი ქონების ღირებულების გაზრდა. კერძოდ, მოწმე ჟონდერი ჩხარტიშვილის ჩვენებით, მან 2008 წელს დაამთავრა აფთიაქის მიშენება საცხოვრებელ სახლზე, რა დროსაც უკვე არსებობდა ქორწინება. ასევე სხვა მოწმეებიც მიუთითებდნენ იმას, რომ ბ. ტ-ე და მ. კ-ე ერთად არემონტებდნენ სახლს, რომელიც მანამდე ავარიულ მდგომარეობაში იყო. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მ. კ-ე გარდაცვალებამდე 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა სადავო სახლში; ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ფაქტობრივად, მ. კ-ისა და პ. კ-ის მიერ ნაყიდი სახლის რეგისტრაცია 2004 წელს მოხდა ბ. ტ-ის სახელზე მის მიერ ჩადენილი უკანონო მოქმედებების შედეგად.
50. კასატორის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უძრავი ქონება მიუხედავად იმისა, თუ რომელ მეუღლეზეა რეგისტრირებული, ითვლება მათ საერთო საკუთრებად, შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. კ-ის სამკვიდროდან პ. კ-ისათვის წილის გამოყოფის ნაწილში უარის თქმის შესახებ. აღნიშნულის საფუძვლად სასამართლო აღნიშნავს, რომ პ. კ-ეს არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის მ. კ-ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში. ეს გარემოება აპელანტის მიერ მითითებული იყო კანონდარღვევით, რადგან ამის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოში მას არ განუცხადებია. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის დარღვევით იმსჯელა ახალ გარემოებაზე და დაადგინა, რომ დარღვეული იყო სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადა.
51. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით პ. კ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
52. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით პ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
53. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და ძალაში დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
54. საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (ა) სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილზე მ. კ-ის თანამესაკუთრედ აღიარებისა და (ბ) მოსარჩელისათვის მ. კ-ის წილის მიკუთვნების შესახებ.
55. აღნიშნულითან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ: (ა) მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მ. კ-ისა და ბ. ტ-ის ქორწინების (2007 წლის 11 ივლისის) შემდეგ მეუღლეთა მიერ გაწეული ხარჯის შედეგად სადავო უძრავი ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდა და შესაბამისად, მისი თანასაკუთრებად გადაქცევა; (ბ) ამავე დროს, აღნიშნულის დადასტურებისა და მ. კ-ის უძრავი ქონების თანამესაკუთრედ მიჩნევის შემთხვევაშიც, მოსარჩელის მოთხოვნა მ. კ-ის წილის მიკუთვნების შესახებ ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სამკვიდროს მიღების ფაქტი.
56. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემოწმებისას სააპელაციო სასამართლო გასცდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. კერძოდ: მოსარჩელე თავდაპირველ სარჩელში მ. კ-ის სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღიარებას იმ საფუძვლით ითხოვდა, რომ აღნიშნული ქონება მ. კ-ისა და ბ. ტ-ის ქორწინებამდე მოსარჩელისა და მ. კ-ის მიერ იქნა შეძენილი. თუმცა, მოპასუხის მიერ თავდაპირველ სარჩელზე შესაგებლის წარდგენის შემდეგ (სადაც მითითებული იყო, რომ სადავო უძრავი ქონება ქორწინებამდე სწორედ ბ. ტ-ემ და არა მ. კ-ემ შეიძინა), საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი შეცვალა და სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ მ. კ-ის აღიარება დაზუსტებულ სარჩელში მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მ. კ-ისა და ბ. ტ-ის დაქორწინების შემდეგ, უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების შედეგად, ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა (კერძოდ, გაკეთდა ფასადი, შეიცვალა ფანჯრები, შეიღება და კეთილმოწყობილ იქნა ოთახები და სათავსოები, აშენდა ახალი შენობა).
57. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას გამართული სხდომების ოქმებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ სარჩელში მითითებულ ახალ საფუძველს - ქორწინების შემდეგ სადავო უძრავ ქონებაზე მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევას - მოპასუხე კვალიფიციურად არ შედავებია (მან მხოლოდ ზოგადად უარყო ხარჯების გაწევის ფაქტი). ამავე დროს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოწმეთა ჩვენებით დაადგინა, რომ მეუღლეებმა ქორწინების პერიოდში სადავო უძრავ ქონებაზე ხარჯები გასწიეს, რამაც ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა და დააკმაყოფილა მ. კ-ის ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა.
58. მოპასუხეს/აპელანტს სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ქორწინების პერიოდში სადავო უძრავ ქონებაზე ხარჯების გაწევისა და ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდის ფაქტის არასწორად დადგენაზე არ მიუთითებია. მოპასუხე სააპელაციო საჩივარში მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ: 2004 წელს ბინა შეიძინა და გაიფორმა ბ. ტ-ემ; მ. კ-ე კი ცოლად შეირთო 2007 წელს, ე.ი. ბინის ყიდვიდან სამი წლის შემდეგ; მ. კ-ე ბინის მესაკუთრედ რეგისტრირებული არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად კი, ცოლ-ქმრის საერთო საკუთრებას წარმოადგენს ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება; ამრიგად, აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში ქონება თანაზიარი არ იყო, იგი სასამართლომ შუაზე გაყო და გარდაცვლილ მ. კ-ეზე მიკუთვნებული წილიდან თავისი წილი მიაკუთვნა სასამართლოს მიერვე უკანონოდ, სრულიად დაუსაბუთებლად შვილად ცნობილ პ. კ-ეს; შესაბამისად, არასწორია სასამართლის მიერ სამოქლაქო კოდექსის 1158-ე მუხლის გამოყენებაც, რადგან უდავოდ დადგენილია, რომ ქონება თანასაკუთრებას არ წარმოადგენდა.
59. ასეთ პირობებში, როდესაც მოპასუხე ქონებაზე ხარჯების გაწევისა და შედეგად, ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდის ფაქტს არც პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას და არც სააპელაციო საჩივრით კვალიფიციურად არ შედავებია, აღნიშნული ფაქტის დადგენის მართებულობის თვალსაზრისით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემოწმებით სააპელაციო სასამართლო გასცდა გადაწყვეტილების შემოწმების კანონით დადგენილ ფარგლებს.
60. საკასაციო სასამართლო იზიარებს ასევე კასატორის მითითებას და ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სამკვიდროს მიუღებლობის შესახებ პირველად სააპელაციო საჩივარში მიუთითა (შესაგებელში და პირველი ინსტანციის სასამართლოში მას აღნიშნულზე არ მიუთითებია). სააპელაციო სასამართლომ კი ისე იმსჯელა ამ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, არ შეუმოწმებია რამდენად საპატიო იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში მისი მიუთითებლობა, რითაც სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 83-ე მუხლებით განსაზღვრული მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპი. შესაბამისად, ასევე არასწორი იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემოწმება.
61. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
62. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილზე მ. კ-ის თანამესაკუთრედ აღიარებისა და მოსარჩელისათვის მ. კ-ის წილის მიკუთვნების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რომლის დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტი). შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
63. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
64. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევის საჭიროება და იგი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
65. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
66. მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეს, ბ. ტ-ეს პ. კ-ის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 (სამასი) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. პ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება;
3. ძალაში დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;
4. მოპასუხე ბ. ტ-ეს დაეკისროს პ. კ-ის სასარგებლოდ მის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე