Facebook Twitter

№ას-1343-1381-2014 25 მარტი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ჯ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჯ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჯ-ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. მოსარჩელე ქ. ქობულეთში დ. ა-ის გამზ. №...-ში საკუთრების უფლებით ფლობდა 2088 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლის, საერთო ფართით 204.5 კვ.მ.-ის 11/15 ნაწილს, იდეალური წილის სახით. მას სურდა უძრავი ქონებიდან, კერძოდ, მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა ნაგებობიდან რეალური წილის გამოყოფა. მ. ჯ-ის განცხადებით, საცხოვრებელი სახლი ფაქტობრივად გამიჯნული იყო, ხოლო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ. ამრიგად, ფართის რეალურად გამოყოფა შესაძლებელი იყო და არ ამცირებდა მოპასუხე ნ. ჯ-ის კუთვნილი წილის, 4/15 ნაწილის საბაზრო ღირებულებას. აღნიშნული სახით მიწის ნაკვეთის გამოყოფა არ უზღუდავდა მოწინააღმდეგე მხარეს უფლებას, თავისუფლად ესარგებლა კუთვნილი საცხოვრებელი ფართითა და მიწის ნაკვეთით.

3. მ. ჯ-ემ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების რეალურად გამიჯვნამდე მას ხელი ეშლებოდა კუთვნილი წილით (მიწის ნაკვეთით) სარგებლობასა და განკარგვაში, ვინაიდან 2088 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უნდა გაესხვისებინა, რის გამოც მოხდა გამოყოფა მთლიანი 2088 კვ. მეტრიდან და საჯარო რეესტრში ცალკე დარეგისტრირება და, შესაბამისად, თანასაკუთრება 4/15 ნაწილში გადაყვა, მაგრამ შემდგომ თანამესაკუთრემ უარი განაცხადა მოეწერა ხელი ხელშეკრულებაზე იმ მოტივით, რომ მან მოითხოვა იმაზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრედაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. აქედან გამომდინარე, საკუთარი ქონებით სარგებლობაში ხელი რომ არ შეშლოდა, მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს დავის გადასაწყვეტად.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არასწორად იყო რეგისტრირებული ქ. ქობულეთში, ა-ის გამზ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების, 2088 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის 204.5 კვ.მ-ის 11/15 წილის მესაკუთრედ. როგორც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დგინდება, მან მიიღო სამკვიდრო მოწმობა აწ გარდაცვლილი ს. ჯ-ის სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც იყო მოსარჩელის მამა. მამკვიდრებელი ს. ჯ-ე იყო ნ. ჯ-ის აწ გარდაცვლილი მეუღლის, თ. ჯ-ის მამაც. ს. ჯ-მ ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე შვილს თ. ჯ-ეს აჩუქა სახლთმფლობელობის 4/15 ნაწილი.

5. მოპასუხის მტკიცებით თ. ჯ-ეს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა აწ გარდაცვლილი ს. ჯ-ან სამკვიდრო ქონება, რაც დასტურდება იმ ფაქტით, რომ თ. ჯ-ე დაბადებიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ. ქობულეთში დ. ა-ის გამზ. №...-ში და ფლობდა უძრავ ქონებას. თ. ჯ-ის გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო მიიღო ნ. ჯ-ემ.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მიიჩნია, რომ რეალური წილის გაყოფა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, რომ სახლმფლობელობის 11/15 წილიდან ნახევარი ეკუთვნოდა თ. ჯ-ეს, რომელსაც ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა სამკვიდრო, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ თ. ჯ-ის სამკვიდრო მიიღო ნ. ჯ-ემ. ამდენად რეალური გაყოფისას ნ. ჯ-ის წილში გათვალისწინებული უნდა იქნას მამკვიდრებლის ს. ჯ-ის სამკვიდრო ქონებიდან ფაქტობრივი ფლობით მიღებული ქონებაც.

7. ნ. ჯ-ემ შეიტანა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა 1995 წლის 5 მაისს მ. ჯ-ის სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობიდან (აწ გარდაცვლილი) თ. ჯ-ის საკუთრების და ს. ჯ-ის სამკვიდრო ქონებიდან თ. ჯ-ის სამკვიდრო წილის ამორიცხვა, შესაბამისი ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრის მონაცემებში.

8. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქ. ქობულეთში დ. ა-ის გამზ. №...-ში მდებარე მ. ჯ-სა და ნ. ჯ-ის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე საზიარო უფლება რეალური გაყოფით, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 24 ნოემბრის №4194-08-04 ექსპერტის დასკვნისა და აღნიშნულ დასკვნაზე თანდართული ნახაზის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს; ნ. ჯ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჯ-ემ და ნ. ჯ-ემ.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინებით მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ჯ-ის შეგებებული სარჩელი დარჩა უცვლელი; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქ. ქობულეთში, დ. ა-ის გამზ. #...-ში მდებარე მ. ჯ-სა და ნ. ჯ-ის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე საზიარო უფლება რეალური გაყოფით, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 24 ნოემბრის #4194-08-4 ექსპერტიზის დასკვნისა და აღნიშნულ დასკვნაზე თანდართული ნახაზის შესაბამისად; მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ჯ-სა და ნ. ჯ-ეს ინდივიდუალურად მიეკუთვნათ ქ. ქობულეთში დ. ა-ის გამზ. #...-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #...) ის ნაწილი, რომელსაც ისინი ფლობდნენ; ნ. ჯ-ეს მიეკუთვნა ქ. ქობულეთში დ. ა-ის გამზ. #...-ში მდებარე სახლიდან (საკადასტრო კოდი #...) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2013 წლის 11 თებერვლის დასკვნის დანართის მიხედვით სახლში არსებული - 8,95 კვ.მ., 8,35 კვ.მ., 25,15 კვ.მ., 16,12 კვ.მ. ფართის ოთახები, მიმდებარედ არსებული სველი წერტილი, ოთახებთან დამაკავშირებელი 4,77 კვ.მ. ფართი და კიბის უჯრედები; ნ. ჯ-ეს მიეკუთვნა ქ. ქობულეთში დ. ა-ის გამზ. #...-ში მდებარე სახლიდან (საკადასტრო კოდი #...) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2011 წლის 24 ნოემბრის დასკვნის დანართის შესაბამისად, აღმავალი ხაზით დაშტრიხული მიწის ნაკვეთები თეთრი ფონით მონიშნული ნაკვეთის კუთხემდე (კუთხე, რომელსაც ქმნის 5,7 და 13,35 მ. მონაკვეთები) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2013 წლის 11 თებერვლის დასკვნის დანართის მიხედვით დაღმავალი ხაზით დაშტრიხული ნაკვეთი (ნაკვეთის ზომა: 9,27; 24,7; 15,15), ოღონდ ზემოხსენებული კუთხიდან (ამ ნახაზის მიხედვით, კუთხე, რომელსაც ქმნის 5,72 და 13,34 მ. მონაკვეთები) დაახლ. 13 მ. სიგრძეზე; მ. ჯ-ეს მიეკუთვნა ქ. ქობულეთში დ. ა-ის გამზ. #...-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #...) ის ნაწილი, რომელიც არ მიეკუთვნა ნ. ჯ-ეს.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მ. ჯიჯავიძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საზიარო უფლების გაუქმება და ქონების გაყოფა ფაქტობრივი მფლობელობისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების მიხედვით წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის მიხედვით და ფარგლებში.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების მე-7 და მე-8 პუნქტები და აღნიშნულ ნაწილებში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქ. ქობულეთში, დ. ა-ის გამზ. #...-ში მდებარე მ. ჯ-ისა და ნ. ჯ-ის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლება რეალური გაყოფით, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 24 ნოემბრის #4194-08-04 ექსპერტიზის დასკვნისა და აღნიშნულ დასკვნაზე თანდართული ნახაზის შესაბამისად; მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. ჯ-ეს მიეკუთვნა ქ. ქობულეთში, დ. ა-ის გამზ. #...-ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან (კოდი #...) სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2011 წლის 24 ნოემბრის დასკვნის დანართის შესაბამისად, აღმავალი ხაზით დაშტრიხული მიწის ნაკვეთები თეთრი ფონით მონიშნული ნაკვეთის კუთხემდე (კუთხე, რომელსაც ქმნის 5,7 და 13,35 მ. მონაკვეთები) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2013 წლის 11 თებერვლის დასკვნის დანართის მიხედვით დაღმავალი ხაზით დაშტრიხული ნაკვეთი (ნაკვეთის ზომა: 9,27; 24,7; 15,15), ოღონდ, ზემოხსენებული კუთხიდან (ამ ნახაზის მიხედვით, კუთხე, რომელსაც ქმნის 5,72 და 13, 34 მ. მონაკვეთები) 13 მ. სიგრძეზე; მ. ჯ-ეს მიეკუთვნა ქ. ქობულეთში, დ. ა-ის გამზ. #...-ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან (კოდი #...) სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2013 წლის 11 თებერვლის დასკვნის დანართის შესაბამისად, დაღმავალი ხაზით დაშტრიხული ნაკვეთის (ნაკვეთის ზომა: 9,27; 24,7; 15,15) იმ ნაწილისა, რომელიც გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით მიეკუთვნა ნ. ჯ-ეს.

16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

17. ქ. ქობულეთში, დ. ა-ის გამზ. №...-ში მდებარე სახლის გამოყოფილი ნაწილები ეკუთვნით მ. ჯ-სა და ნ. ჯ-ეს.

18. საცხოვრებელი სახლის გარდა, მხარეებს სახლის მიმდებარედ ეკუთვნით 2088 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილი მათ მრავალი წელია გამიჯნული აქვთ და ინდივიდუალურად სარგებლობენ.

19. გარდა ამისა, მხარეები ინდივიდუალურად სარგებლობენ სახლის გვერდით და წინ მდებარე მონაკვეთებით, თუმცა ისინი ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის.

20. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ერთხელ უკვე განიხილა და 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი.

21. ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა მ. ჯ-ემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით გაუქმდა გადაწყვეტილების მე-7 და მე-8 პუნქტები და, აღნიშნულ ნაწილში, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

22. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება, ნ. ჯ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და საცხოვრებელი სახლის გაყოფის ნაწილში, კანონიერ ძალაშია შესული. ამიტომ, ამჯერად სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო მხოლოდ მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმება.

23. 2014 წლის 24 ივლისის განჩინებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მიუთითა გამოეკვლია, თუ რამდენად იყო შესაძლებელი სადავო მიწის ნაკვეთზე თანასაკუთრების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.

24. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „განსახილველი ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ ფაქტორზე, რომლის არსებობა იწვევს ამ ნორმით გათვალისწინებულ იურიდიულ შედეგს. საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში: 1) თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2) მათი დაყოფა შესაძლებელია ღირებულების შემცირების გარეშე. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად, იმისთვის, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგი მივიღოთ. განსახილველ დავასთან მიმართებით, როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ ნატურით გამოყოფილმა საგნებმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც გაყოფამდე ასრულებდა, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა, რასაც იგი ასრულებდა მესაკუთრისათვის“.

25. სააპელაციო პალატის აზრით, როგორც სიტყვასიტყვითი, ასევე ლოგიკური მნიშვნელობით „ერთგვაროვანი“ ნიშნავს ერთნაირს, თანაბარს.

26. ამიტომ, საკასაციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოდავე მხარეებს მიწის ნაკვეთი უნდა მიეკუთვნოთ თანაბრად და, თან ისე, რომ გამოყოფილმა ნაკვეთებმა არ უნდა დაკარგოს თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა.

27. პალატამ დაადგინა, რომ სადავო ნაკვეთების საერთო ფართია 2088 კვ.მ. ამის შესაბამისად, თითოეულ მხარეს აქედან ეკუთვნის 2088/2=1044 კვ.მ. ფართი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2013 წლის 11 თებერვლის დასკვნის (ტ. მე-2, ს.ფ. 193-199) შესაბამისად, ამ წესით მიწის ნაკვეთის გაყოფა სავსებით შესაძლებელია.

28. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ აქვე აღნიშნა ისიც, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ეს სადავო ნაკვეთიდან 1044 კვ.მ. ფართი არ მიკუთვნებია. ამ გადაწყვეტილებით მას მიეკუთვნა დაახლ. 200 კვ.მ-ით ნაკლები ფართი და, ამის შესაბამისად, ეს ფართი მეტად მიეკუთვნა მ. ჯ-ეს.

29. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ჯ-ეს არ გაუსაჩივრებია, იგი გაასაჩივრა მხოლოდ მ. ჯ-ემ და საკასაციო სასამართლომაც სწორედ მისი საჩივარი დააკმაყოფილა.

30. ამის გამო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ჯ-ის გადაწყვეტილების ე.წ. საუარესოდ შებრუნება დაუშვებელია. ე.ი. მას არ უნდა მიეკუთვნოს იმაზე ნაკლები ფართი, რაც ერთხელ უკვე მიაკუთვნა სასამართლომ და მოწინააღმდეგე მხარე ამას დაეთანხმა.

31. ამრიგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მიწის ნაკვეთი უნდა გაყოფილიყო ისე, როგორც იგი გაიყო სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით. პალატამ აღნიშნა, რომ მხარეები სადავო ნაკვეთით სწორედ ამგვარად სარგებლობენ უკვე მრავალი წელია. ეს კი ნიშნავს, რომ გაყოფის შედეგად მიწის ნაკვეთს არ წაერთმევა ის დანიშნულება და ფუნქცია, რასაც იგი მესაკუთრისათვის გაყოფამდე ასრულებდა.

32. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახლის გვერდით და წინ მდებარე მონაკვეთები ერთმანეთისაგან გამიჯნული არ არის, თუმცა მხარეები ამ ნაკვეთებით დავის დაწყებამდე ინდივიდუალურად სარგებლობდნენ. ამას ამტკიცებს ისიც, რომ მ. ჯ-ე მთლიანად ფლობს სახლის ფასადის მხარეს მდებარე ოთახებს. სახლის გვერდითა მონაკვეთს იგი უკავშირდება ორი ოთახით (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2013 წლის 11 თებერვლის დასკვნის დანართის მიხედვით 17,37 და 7,13 კვ.მ. ფართის ოთახები), თუმცა ოთახებში ამ მონაკვეთთან დამაკავშირებელი ღიობები ამოქოლილია. ნ. ჯ-ეს კი, თავის მხრივ, სახლის ფასადის მხარეს გასასვლელი საერთოდ არა აქვს და დავით აღმაშენებლის გამზირს იგი უკავშირდება მხოლოდ სახლის გვერდით არსებული მონაკვეთით.

33. ამის გათვალისწინებით პალატამ დაადგინა, რომ ნ. ჯ-ე სარგებლობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2011 წლის 24 ნოემბრის დასკვნის დანართის შესაბამისად, აღმავალი ხაზით დაშტრიხული მიწის ნაკვეთებით თეთრი ფონით მონიშნული ნაკვეთის კუთხემდე (კუთხე, რომელსაც ქმნის 5,7 და 13,35 მ. მონაკვეთები) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2013 წლის 11 თებერვლის დასკვნის დანართის მიხედვით დაღმავალი ხაზით დაშტრიხული ნაკვეთით (ნაკვეთის ზომა: 9,27; 24,7; 15,15), ოღონდ, ზემოხსენებული კუთხიდან (ამ ნახაზის მიხედვით, კუთხე, რომელსაც ქმნის 5,72 და 13,34 მ. მონაკვეთები) 13 მ. სიგრძეზე. მიწის ნაკვეთის დანარჩენი ნაწილით კი სარგებლობს მ. ჯ-ე. ამის გამო, სააპელაციო სასამართლოს აზრით, თითოეულ მხარეს უნდა მიეკუთვნოს ის ქონება, რომელსაც იგი ფლობს.

34. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მ. ჯ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

35. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებები და მიიღო იგივე გადაწყვტილება, რაც უზენაესმა სასამართლომ ერთხელ უკვე გააუქმა და საქმე დააბრუნა ქუთაისის საპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

36. უზენაესი სასამართლოს მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია, თუ რამდენად იყო შესაძლებელი მიწის ნაკვეთზე თანასაკუთრების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

37. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული ნორმა და უზენაესი სასამართლოს მითითებები.

38. სააპელაციო სასამართლომ საზიარო ქონების გაუქმებისას და გაყოფისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად. კასატორის განმარტებით, აღნიშნული მუხლის გამოყენება მართებული იყო მხოლოდ ორი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების გათვალისწინებით: 1) თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2) მათი დაყოფა შესაძლებელია ღირებულების შემცირების გარეშე. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად. ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც გაყოფამდე ასრულებდა, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა, რასაც იგი ასრულებდა მესაკუთრისთვის.

39. როგორც სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლშია მითითებული, საკუთრებად ითვლება კანონის ამოქმედებისას სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, ხოლო სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნის საპირისპიროდ ნ. ჯ-ეს მიაკუთვნა სახლის გვერდით მ. ჯ-ის ოთახების მიმდებარედ მ. ჯ-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, ხოლო მ. ჯ-ეს მიაკუთვნა სახლის უკან ნ. ჯ-ის ეზოსთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ნ. ჯ-ის სარგებლობაში და მფლობელობაშია.

40. კასატორის აზით, სასამართლო აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენებით მიწის ნაკვეთის მიკუთვნებისას საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა მოქცეულიყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მხარეების წილების ფარგლებში, ანუ მ. ჯ-ეს რეგისტრირებული აქვს საერთო ქონების 11/15 ნაწილი, რაც შეადგენს 1744.9 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, ხოლო ნ. ჯ-ეს სამკვიდრო მოწმობით მიღებული აქვს საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის 4/15 ნაწილი, რაც შეადგენს 555.8 კვ.მ.-ს. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ეს მიაკუთვნა მის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულზე მეტი მიწის ნაკვეთი, დაახლოებით 700-800 კვ.მ., ხოლო მ. ჯ-ეს რეგისტრირებულზე ნაკლები - 1500-1600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ისე, რომ მ. ჯ-ის სახელზე რეგისტრირებული ჩანაწერები ნ. ჯ-ის მიერ არასოდეს გამხდარა სადავო, არ გაუქმებულა და დღესაც ძალაშია.

41. ამდენად, კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა როგორც სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი, ასევე აღნიშნულ სამართლებრივ ნორმასთან მიმართებაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები (მხარეების ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების მდებარეობა). სასამართლომ სიტყვა „ერთგვაროვანი“ აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში, არასწორად გაიგო და განმარტა, რომ იგი თანაბარს ნიშნავს და შესაბამისად, მიწის ნაკვეთიც მხარეებს შორის თანაბრად უნდა გაიყოს, მაშინ როდესაც უზენაესი სასამართლო მიუთითებდა, რომ სასამართლომ მიწის ნაკვეთის გამიჯვნისას უნდა იხელძღვანელოს საჯარო რეესტრის ჩანაწერებით და სწორედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით დაყოს მიწის ნაკვეთები ერთგვაროვან ნაწილებად, მისი ღირებულების შემცირების, ფუნქციის და დანიშნულების დაკარგვის გარეშე.

42. სასამართლოს უნდა ემსჯელა, რეესტრში რეგისტრირებული წილების გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთების ერთგვაროვანი (წილების პროპორციულად) დაყოფა, მისი ღირებულების შემცირების გარეშე ისე, რომ არ შეცვლილიყო მისი ფუნქციური დანიშნულება. მ. ჯ-ის საკუთრება უძრავ ქონებაზე და ნ. ჯ-ის მიერ სამკვიდრო მოწმობით მიღებული უძრავი ქონება წილობრივად ერთმანეთისგან გამიჯნულია, გასაყოფია მხოლოდ წილობრივად მიღებული უძრავი ქონება ნატურის სახით, რაზეც უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. სასამართლომ აღნიშნული ნორმა მისი პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და აქედან გამომდინარე დაასკვნა, რომ უძრავი ქონება უნდა დაეყო ერთგვაროვან ნაწილებად, წილობრივი მონაცემების გათვალისწინებით, მისი ღირებულების შემცირების გარეშე, რასაც არ ითვალისწინებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2013 წლის 11 თებერვლის დასკვნა.

43. ამდენად, კასატორის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც იძლევა გადაწყვეტილების უპირობო გაუქმების საფუძველს.

44. კასატორის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ბუნდოვნადაა მითითებული სახლის მარჯვენა მხარეს მდებარე მიწის მიკუთვნების საკითხი. კერძოდ, 2013 წლის 11 თებერვლის ექსპერტიზის დაკსვნაში დაღმავალი ხაზით დაშტრიხული მიწის ნაკვეთი მიეკუთვნა ნ. ჯ-ეს, რაც გაუგებრობას იწვევს, ვინაიდან დაღმავალი ხაზით დაშტრიხულია სახლის ის ნაწილი, რომელიც მ. ჯ-ეს მიეკუთვნა და მის მიმდებარედ, წინ მდებარე მიწის ნაკვეთი, ხოლო რაც შეეხება გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთს, აქაც გაურკვევლობაა, ვინაიდან აღნიშნული ნაკვეთის სიგანე ნ. ჯ-ის კუთვნილ სახლთან არის 2.9 მეტრი, ხოლო შემდგომ მ. ჯ-ის კუთვნილი სახლის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის სიგანე არის 4.8 მეტრი, რაც გამოწვეულია იმით რომ აივანი და კიბე დროებით მონგრეულია და ექსპერტიზის დასკვნით, აქაც დაშტრიხულია მთლიანად მიწის ნაკვეთი. მართალია, მითითებულია, რომ სიგანე შეადგენს 2.9 მეტრს, მაგრამ ვიზუალურად დაშტრიხვა სახლამდეა გაკეთებული, მაშინ როდესაც სახლამდე 4.8 მეტრია.

45. კასატორის მითითებით, მიწის ნაკვეთის მიკუთვნებისას სასამართლოს მიერ გამოყენებულია აგრეთვე 2011 წლის 24 ნოემბრის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ აღმავალი ხაზებით დაშტრიხული მიწის ნაკვეთი მიეკუთვნა ნ. ჯ-ეს. მართალია, აღნიშნული დასკვნაში დაშტრიხული არ არის მ. ჯ-ე მიკუთვნებული სახლის და მის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილი, მაგრამ აქაც გაუგებრადაა მარჯვენა მხარეს მდებარე მიწის ნაკვეთის მიკუთვნება, რადგან არ არის მითითებული მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის სიგანე 2.9 მეტრი და ვიზუალურად დაშტრიხვა სახლის კედლამდეა, რომლის სიგანე მ. ჯ-ის კუთვნილი სახლის ნაწილიდან 4.8 მეტრია. აღნიშნული 4.8 მეტრიდან 2.9 მეტრი ნ. ჯ-ა მიკუთვნებული, ხოლო დარჩენილ ნაწილზე აივანი და კიბე იყო რომელიც დღეისათვის დანგრეულია.

46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნული ფორმით რომ შევიდეს ძალაში მისი აღსრულება დამატებითი დავების გარეშე შეუძლებელი იქნება.

47. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

48. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

49. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

50. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების გაუქმება, თუ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება საქმის ზემდგომი წესით განხილვისას შეუძლებელია, თავის მხრივ, ასეთ ვითარებაში, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, გადაწყვიტოს დავა, რის გამოც საქმე განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს (სსსკ 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

51. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით არასწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც კასატორმა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარადგინა. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:

52. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, სააპელაციო პალატას წინამდებარე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა, რათა მას გამოეკვლია რამდენად იყო შესაძლებელი მხარეთა თანასაკუთრების გაუქმება ნატურით გაყოფით ისე, რომ უძრავი ნივთი გაყოფილიყო ერთგვაროვან ნაწილებად მათი ღირებულების შემცირების გარეშე (იხ. ტ. 1. ს.ფ 313-325).

53. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა: „დაუშვებელია საკუთრების უფლების ისეთი შეზღუდვა, რომლითაც ისპობა საკუთრების სუბსტანცია. იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველ საკითხს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც გადაწყდა მიწის ნაკვეთის გაყოფა (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 და მე-8 ნაწილები) და საზიარო უფლების გაუქმება, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შესაძლებელია მიწის ნაკვეთზე თანასაკუთრების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.

54. საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექის 963-ე მუხლის განმარტებასთან დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე (№ას-332-309-2010 28.10.2010 წ.) და აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ ფაქტორზე, რომლის არსებობა იწვევს ამ ნორმით გათვალისწინებულ იურიდიულ შედეგს. საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში: 1) თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2) მათი დაყოფა შესაძლებელია ღირებულების შემცირების გარეშე. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგი მივიღოთ. განსახილველ დავასთან მიმართებით, როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც გაყოფამდე ასრულებდა, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა რასაც იგი ასრულებდა მესაკუთრისათვის.

55. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს მითითებები და 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება დაამყარა იმავე მოტივებს, რაც საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნული მსჯელობისას უსაფუძლოდ ჩათვალა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, როგორც სიტყვასიტყვითი, ასევე ლოგიკური მნიშვნელობით „ერთგვაროვანი” ნიშნავს ერთნაირს, თანაბარს. ამიტომ, მოდავე მხარეებს მიწის ნაკვეთი უნდა მიეკუთვნოთ თანაბრად და, თან ისე, რომ გამოყოფილმა ნაკვეთებმა არ უნდა დაკარგოს თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა.

56. სააპელაციო სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2013 წლის 11 თებერვლის დასკვნით (ტ. მე-2, ს.ფ. 193-199) და მიიჩნია, რომ ამ წესით მიწის ნაკვეთის გაყოფა სავსებით შესაძლებელია. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ მიწის ნაკვეთი უნდა გაიყოს ისე, როგორც იგი გაიყო სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით.

57. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს ამ მსჯელობას და თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა როგორც სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი, ასევე აღნიშნულ სამართლებრივ ნორმასთან მიმართებაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები (მხარეების ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების მდებარეობა). სასამართლომ სიტყვა „ერთგვაროვანი“ აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში, არასწორად გაიგო და განმარტა, რომ იგი თანაბარს ნიშნავს და შესაბამისად, მიწის ნაკვეთიც მხარეებს შორის თანაბრად უნდა გაიყოს, მაშინ როდესაც უზენაესი სასამართლო მიუთითებდა, რომ სასამართლომ მიწის ნაკვეთის გამიჯვნისას უნდა იხელძღვანელოს საჯარო რეესტრის ჩანაწერებით და სწორედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით დაყოს მიწის ნაკვეთები ერთგვაროვან ნაწილებად, მისი ღირებულების შემცირების, ფუნქციის და დანიშნულების დაკარგვის გარეშე.

58. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის ამ მოსაზრებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მცდარი შეფასება მისცა ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმასა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

59. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო საკითხს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ნ. ჯ-ეს მიეკუთვნა ქ. ქობულეთში, დ. ა-ის გამზირი №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი №...) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2011 წლის 24 ნოემბრის დასკვნის დანართის შესაბამისად, აღმავალი ხაზით დაშტრიხული მიწის ნაკვეთები თეთრი ფონით მონიშნული ნაკვეთის კუთხემდე (კუთხე, რომელსაც ქმნის 5,7 და 13,35 მ. მონაკვეთები) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2013 წლის 11 თებერვლის დასკვნის დანართის მიხედვით დაღმავალი ხაზით დაშტრიხული ნაკვეთი (ნაკვეთის ზომა: 9,27; 24,7; 15,15), ოღონდ, ზემოხსენებული კუთხიდან (ამ ნახაზის მიხედვით, კუთხე, რომელსაც ქმნის 5,72 და 13,34 მ. მონაკვეთები) დაახლოებით 13 მ სიგრძეზე. ასევე სადავოა გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მ. ჯ-ეს მიეკუთვნა ქ. ქობულეთში, დ. ა-ის გამზირი №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი №...) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2011 წლის 24 ნოემბრის დასკვნის დანართის შესაბამისად, დაღმავალი ხაზით დაშტრიხული მიწის ნაკვეთები, გარდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2013 წლის 11 თებერვლის დასკვნის დანართის შესაბამისად, დაღმავალი ხაზით დაშტრიხული ნაკვეთის (ნაკვეთის ზომა: 9,27; 24,7; 15,15) იმ ნაწილისა, რომელიც გადაწყვეტილებით მიეკუთვნა ნ. ჯ-ეს.

60. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი საკითხი ეხება საზიარო საკუთრების გაუქმებას. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ქობულეთში, დ. ა-ის გამზირი №...-ში მდებარე სახლი ეკუთვნოდა ს. ჯ-ეს; 1989 წლის 15 ივნისს ს. ჯ-ემ სახლის 4/15 ნაწილი აჩუქა შვილს, თ. ჯ-ეს; ს. ჯ-ე გარდაიცვალა 1990 წლის 7 ნოემბერს და მისი სამკვიდრო, სახლის 11/15 ნაწილი მიიღო შვილმა, მ. ჯ-ემ; 2010 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა თ. ჯ-ე, ნ. ჯ-ე არის თ. ჯ-ის მეუღლე და მემკვიდრე და თ. ჯ-ის სამკვიდრო მას მიღებული აქვს; საცხოვრებელი სახლის გარდა, მხარეებს ეკუთვნით რამდენიმე მიწის ნაკვეთი, რომლებიც მათ მრავალი წელია გამიჯნული აქვთ და ინდივიდუალურად სარგებლობენ. გარდა ამისა, მხარეები ინდივიდუალურად სარგებლობენ სახლის გვერდით და წინ მდებარე მონაკვეთებით, თუმცა ისინი ერთმანეთისაგან გამიჯნული არ არის. ამრიგად, მოცემული საქმის დავის საგანია მხარეთა საზიარო უფლების გაუქმება.

61. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ნ. ჯ-ე სარგებლობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2011 წლის 24 ნოემბრის დასკვნის დანართის შესაბამისად, აღმავალი ხაზით დაშტრიხული მიწის ნაკვეთებით თეთრი ფონით მონიშნული ნაკვეთის კუთხემდე (კუთხე, რომელსაც ქმნის 5,7 და 13,35 მ. მონაკვეთები) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2013 წლის 11 თებერვლის დასკვნის დანართის მიხედვით დაღმავალი ხაზით დაშტრიხული ნაკვეთით (ნაკვეთის ზომა: 9,27;24,7; 15,15), ოღონდ, ზემოხსენებული კუთხიდან (ამ ნახაზის მიხედვით, კუთხე, რომელსაც ქმნის 5,72 და 13,34 მ. მონაკვეთები) 13 მ. სიგრძეზე, მიწის ნაკვეთის დანარჩენი ნაწილით კი სარგებლობს მ. ჯ-ე, ამის გამო, თითოეულ მხარეს უნდა მიეკუთვნოს ის ქონება, რომელსაც იგი ფლობს.

62. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლებრივი მდგომარეობისაგან განსხვავებით მხარეთა ფაქტობრივი მფლობელობა გავლენას ვერ მოახდენს ამ ქონების საკუთრების რეჟიმზე. დაუშვებელია საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებაზე გავლენა მოახდინოს მხარეთა შორის ამ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივმა მფლობელობამ.

63. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის მე-3 ნაწილი კრძალავს თან.არი საკუთრების უფლების სარგებლობის ისეთ წესზე შეთანხმებას, რომლითაც გაუქმების მოთხოვნის უფლება გამოირიცხება ან იზღუდება ამ წესების საწინააღმდეგოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ შეთანხმებით გაუქმების მოთხოვნის უფლება გამორიცხულია სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით, მაშინ პატივსადები მიზეზის არსებობისას გაუქმება მაინც შეიძლება იქნეს მოთხოვნილი. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მივიჩნევთ, რომ მეზობლები 30 წლის წინ შეთანხმებულები იყვნენ მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესზე, ზემოაღნიშნული ნორმები ცხადყოფს, რომ იმ დროს არსებული კანონი არ ითვალისწინებდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის სახელმწიფოსაგან მფლობელობაში გადაცემული მიწის ნაკვეთის მფლობელის მიერ სხვა პირის მფლობელობაში სამუდამოდ გადაცემას. მიწა არგასხვისებადი იყო, შესაბამისად, ამ მიწის ნაკვეთის გასხვისების ან სხვაგვარი კანონსაწინააღმდეგო გადაცემის ხელშეკრულება იყო ბათილი. მოქმედ სამართლებრივ სივრცეში წარმოშობილი ურთიერთობების შემთხვევაშიც, კანონი ითვალისწინებს, რომ პატივსადები მიზეზის არსებობისას გაუქმებულ იქნეს სამუდამოდ განსაზღვრული თანასაკთრებაში არსებული ნივთის სარგებლობის შეთანხმება. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია“.

64. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ დაუშვებელია საკუთრების უფლების ისეთი შეზღუდვა, რომლითაც ისპობა საკუთრების სუბსტანცია. იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველ საკითხს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც გადაწყდა მიწის ნაკვეთის გაყოფა და საზიარო უფლების გაუქმება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შესაძლებელია მიწის ნაკვეთზე თანასაკუთრების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით და მხარეთა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილობრივი საკუთრების შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან (და არა თანაბარ) ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.

65. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატისათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

66. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხიც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას;

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე