საქმე №ას-277-263-2016 13 მაისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსამენის გარეშე
საჩივრის ავტორი – გ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – ა. წ-ე, ლ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო წარმოების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა. წ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. მ-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.წ-ემ.
5. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება წარადგინა ა. წ-ემ და მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, მ. გ-ის #...ბ. მიწის საკადასტრო კოდი: ... 2015 წლის 27 ოქტომბერს გაცემული #151182951 სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო საქმე #...; კრედიტორი - გ. კ-ი, პ/ნ: ..., მოვალე ლ. მ-ე, პ/ნ:...) მოქმედების შეჩერება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებელს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შედეგის მიმართ გააჩნდა დაცვის ღირსი ინტერესი, რადგან მოსარჩელის მოთხოვნაა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება. სწორედ ამ ქონებაზე, რომელზეც დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, ითხოვს ა. წ-ე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას.
7. პალატის განცხადებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა გამოწვეულია ქონების გასხვისების რეალური საშიშროებით, რის შემდეგაც შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უზრუნველყოფს გადაწყვეტილების შესრულებისაგან თავის ასარიდებლად მიმართული მოპასუხის მოქმედებების მყისიერ და ეფექტურ შეკავებას, რაც დავის მიმდინარეობის პროცესში, განმცხადებლის მოსაზრებით, განაპიროებებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას.
8. სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები ადასტურებდნენ იმ გარემოებას, რომელთა გამოც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობას შესაძლოა შეუძლებელი გაეხადა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერებულიყო სააღსრულებო ფურცლით დაწყებული წარმოება.
9. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა გ. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
10. საჩივრის ავტორის განცხადებით სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა სააღსრულებო ფურცლის მოქმედება სააღსრულებო საქმეზე, რომელშიც კრედიტორია გ. კ-ი, ხოლო მოვალე ლ. მ-ე. აღსრულება ხორციელდება გ. კ-ის ვალის ამოღების მიზნით ლ. მ-ის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით. საჩივრის ავტორის აზრით, მოცემულ დავასთან მას კავშირი არ აქვს, გასესხებული აქვს თანხა ლ. მ-ეზე, რომლის მიმართაც ახორციელებდა აღსრულებას კანონის დაცვით. სასამართლომ კი აღსრულების შეჩერებით დაარღვია მისი უფლებები, რადგან არც კი დაინტერესდა, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა აღნიშნული განჩინების აღსრულებას დავის დასრულებისას. საჩივრის ავტორი აქვე აღნიშნავს, რომ მას ა. წ-ის მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უნდა დაეწყო დავა ლ. მ-ესა და მას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან მიმართებით.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით გ. კ-ის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრების უფლება კანონით იმპერატიულად არის განსაზღვრული და გააჩნია მხოლოდ მოპასუხეს. საჩივრის წარდგენა გულისხმობს უკვე მიღებული განჩინების გადასინჯვას განჩინებაში მითითებული, მოპასუხისადმი განხორციელებული, უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერების შემოწმების თვალსაზრისაით და ეს უფლება კანონით განკუთვნილია მხოლოდ იმ პირისათვის, იმ მოპასუხისათვის, ვის მიმართაც იქნა გამოყენებული კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიება.
13. პალატამ ასევე განმარტა, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული ღონისძიების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ სასამართლოს მიერ მოცემულ დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი ქარწყლდება ამ ღონისძიების მოქმედება. ამასთან, საჩივრის ავტორის უფლებრივი მდგომარეობა არ იცვლება ქონების მესაკუთრის შეცვლით, რადგან მას გააჩნია უზრუნველყოფილი მოთხოვნა და იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრის შეცვლისას უცვლელად დარჩება კრედიტორის უფლებრივი მდგომარეობა.
14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ დავაში გ. კ-ი არ წარმოადგენდა პროცესში მონაწილე პირს - მოპასუხეს, რომელსაც შეეძლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით გაესაჩივრებინა პალატის მიერ მიღებული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ გ. კ-ი არ იყო გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტი, რის გამოც წარდგენილი საჩივარი დაუშვებლად ცნო.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. წ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეიცვალა; ა. წ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისში, მ. გ-ის ქ. #...-ში მდებარე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი: #...) ა. წ-ის წარმომადგენელ დ. წ-ესა და ლ. მ-ეს შორის 2013 წლის 11 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება; დადგინდა უძრავი ქონების, ქ. თბილისში, მ. გ-ის ქ. #...-ში მდებარე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი: #...) მესაკუთრედ ა. წ-ის რეგისტრაცია.
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ლ. მ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გ. კ-ის საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
19. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გ. კ-ის საჩივარი განუხილველად დატოვა იმ საფუძვლით, რომ იგი არ წარმოადგენდა პროცესში მონაწილე პირს - მოპასუხეს, რომელსაც შეეძლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით გაესაჩივრებინა პალატის მიერ მიღებული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლომ საჩივრის ავტორი მიიჩნია გასაჩივრების უფლების არმქონე პირად.
20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისთვის გადაცემის მომენტიდან.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი განჩინების გასაჩივრების უფლება, ზოგადად, აქვს მოპასუხეს, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპის - უფლების სასამართლოს წესით დაცვის საპროცესო რეალიზაციას წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ამ მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
23. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, განიხილოს პირის მოთხოვნა დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების თაობაზე და უპირველესად ადგენს მოთხოვნის მქონე პირის უფლების ნამდვილობას. კანონის ეს ზოგადი ნორმა ასახულია მთელ რიგ სპეციალურ საპროცესო ნორმებში, თუმცა, სპეციალური რეგულაცია არსობრივად მე-2 მუხლისაგან არ განსხვავდება. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
24. მას შემდეგ, რაც სასამართლო დარწმუნდება, რომ დაცულია კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნის ფორმალური მხარე, ხდება იმის შემოწმება, მოთხოვნის წარმდგენ პირს გააჩნია თუ არა ნამდვილი იურიდიული ინტერესი წარდგენილი მოთხოვნის მიმართ.
25. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ სადავო ურთიერთობის ადრესატს მხარე არ წარმოადგენს და ეს ურთიერთობა რაიმე გავლენას არ ახდენს მის სამოქალაქო უფლებათა განხორციელებაზე, სასამართლო მხარეს უარს ეტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმგვარად, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი პრეტენზიის საფუძველზე სადავო სამართალურთიერთობის კანონშესაბამისობას აღარ შეამოწმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო წარმოებაში მიიღებს და არსებითად განიხილავს წარდგენილ საჩივარს.
26. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ განსახილველი სარჩელი, რომელიც აღძრულია ა. წ-ის მიერ მოპასუხე ლ. მ-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე, ეხება ქ. თბილისში, მ. გ-ის ქ. #...-ში მდებარე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას (საკადასტრო კოდი: #...). მოსარჩელე ითხოვს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ დარეგისტრირებას.
27. დადგენილია ასევე, რომ ამავე ქონებაზე (ქ. თბილისში, მ. გ-ის ქ. #...-ში მდებარე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი: #...)) ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 27 ოქტომბერს გაცემული #151182951 სააღსრულებო ფუცლის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, სადაც კრედიტორია გ. კ-ი და მოვალე ლ. მ-ე.
28. სწორედ აღნიშნული სააღსრულებო ფორცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება მოითხოვა მოსარჩელე ა. წ-ემ, რაც სააპელაციო სასამართლომ თავისი 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დააკმაყოფილა.
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავოდაა გამხდარი უძრავი ქონება, რომელზე საკუთრების უფლების აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე, ა. წ-ე და ამავე უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ცდილობს კრედიტორი გ. კ-ი, გ. კ-ისათვის სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვაზე უარის თქმა გასაჩივრების უფლების არმქონე პირად მიჩნევის გამო ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილ - უფლების სასამართლოს წესით დაცვის - უმნიშვნელოვანეს პრინციპს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გასაჩივრებული განჩინებით შეჩერებულ სააღსრულებო საქმეზე კრედიტორია გ. კ-ი, ხოლო მოვალე - ლ. მ-ე და აღსრულება ხორციელდება გ. კ-ის ვალის ამოღების მიზნით ლ. მ-ის კუთვნილი უძრავი ქონების ქ. თბილისში, მ. გ-ის ქ. #...-ში მდებარე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი: #...) რეალიზაციის მოთხოვნით. ამრიგად, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება უშუალო ზიანს აყენებს კრედიტორ გ. კ-ის ინტერესებს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით დადგენილი საერთო წესით წარმოებაში უნდა მიეღო და არსებითად განეხილა კ-ის საჩივარი.
30. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით განუხილველად დარჩა ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ანა წ-ის სარჩელი და დადგინდა ქ. თბილისში, მ. გ-ის ქ. #...-ში მდებარე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი: #...) მესაკუთრედ ა. წ-ის რეგისტრაცია.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა სადავო ქონებაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერებას, რაც რაც ასევე მხედველობაში უნდა მიიღოს სააპელაციო სასამართლომ.
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 412-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინება და საქმე გ. კ-ის საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე