საქმე №ას-587-555-2015 27 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ს-ი, დ. პ-ე, ლ. შ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ს“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – მიუღებელი ხელფასისა და საშვებულებო თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. ს-მა, დ. პ-ემ და ლ. შ-ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ა-ს“ მიმართ სახელფასო დავალიანების, მათ შორის გამოუყენებლი შვებულების ანაზღაურების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
2. მოსარჩელეთა განცხადებით შპს „ა-ს“ წარმოადგენს საინვესტიციო კომპანია ქ-ას“ შვილობილ კომპანიას, რომელიც ახორციელებს მრავალფუნქციურ პროექტს „ქინგზ გარდენ“. აღნიშნული პროექტის მართვა და მენეჯმენტი ქ-ას“ დაქირავებული თანამშრომლების მიერ ხორციელდება. მოსარჩელეები შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობდნენ შპს „ა-ს“-ში სხვადასხვა თანამდებობებზე და მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ. მ. ს-ი და ლ. შ-ა დასაქმებული იყვენენ არქიტექტორის პოზიციაზე, ხოლო დ. პ-ე ასრულებდა კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტის მოვალეობებს.
3. 2014 წლის 31 მარტს კომპანიის მენეჯერ თ. ა-ისაგან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოსარჩელებმა მიიღეს კომპანიის დირექტორის კ. პ-ის მიერ ხელმოწერილი შეტყობინებები მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მხარეებს ასევე განემარტათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღეში შეუწყდებოდათ შრომითი ხელშეკრულება და მიიღებდნენ გასასვლელ დახმარებას 2 თვის ხელფასის ოდენობით. როგორც წერილობით, ისე ზეპირი მოთხოვნის მიუხედავად, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთებული არგუმენტაცია მოსარჩელეებს არ მიუღიათ. კომპანიის დირექტორმა მოითხოვა 2 კვირის ვადა „სიტუაციაში გასარკვევად“.
4. მოსარჩელეთა განმარტებით, ვინაიდან აპრილის თვეში თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებები არ შეწყვეტილა და არც რაიმე სამართლებრივი აქტი (ბრძანება) გამოცემულა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ისინი მთელი თვის განმავლობაში ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ სამუშაო პროცესს. მიუხედავად ამისა, 2014 წლის 17 აპრილს კ. პ-ან მიიღეს წერილი, რომელშიც დირექტორი ადასტურებდა 31 მარტიდან თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტს, მაგრამ ამავე დროს გეგმავდა თბილისში ჩამოსვლას და ყველა თანამშრომელთან შეხვედრას. ამგვარი ბუნდოვანი წერილების შემდეგ, მოსარჩელეები მაინც აგრძელებდნენ მუშაობას.
5. მათი განცხადებით, კომპანიას თანამშრომლებთან ხელშეკრულებები ოფიციალურად არ შეუწყვეტია, დირექტორისთვის წაყენებული არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა და ყველა თანამშრომელს 2014 წლის 5 მაისს ჩაერიცხა მხოლოდ აპრილის თვის ხელფასი და ორი თვის ნაცვლად ერთი თვის კომპენსაცია. მოსარჩელეთა განმარტებით, მუშაობის პერიოდში მათ არც კუთვნილი შვებულებით უსარგებლიათ, ვინაიდან კომპანია უარს ეუბნებოდა გამოუყენებელი შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანაზე. შესაბამისად, ასანაზღაურებელი იყო მ. ს-ის 1 წლის გამოუყენებელი შვებულება 1800 ლარის ოდენობით, დ. პ-ის 5 წლის განმავლობაში გამოუყენებელი შვებულება 8 137,50 ლარის ოდენობით და ლ. შ-ას 1 წლის განმავლობაში გამოუყენებელი შვებულებa 1800 ლარის ოდენობით.
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
7. მან არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია, რომ აპრილის თვეში დირექტორთან არსებული კომუნიკაცია იძლეოდა ვარაუდის საფუძველს, რომ გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ შეიცვალა. კომპანიის დირექტორის 2014 წლის 7 აპრილის წერილში არაორაზროვნად იყო აღნიშნული, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. ანალოგიური შინაარსისაა 17 აპრილის ელექტრონული წერილი, რომელშიც კიდევ ერთხელ დადასტურებულია გათავისუფლების გადაწყვეტილება და დამატებით არის მითითება გაკეთებული, რომ მათ აღარ ევალებათ სამსახურში სიარული 2014 წლის 31 მარტიდან.
8. მოპასუხე ასევე არ ეთანხმება მოსარჩელეებს 1 თვის კომპენსაციის გაცემასთან დაკავშრებით და აღნიშნავს, რომ ყველა თანამშრომელზე გაიცა კომპენსაცია 2 თვის ხელფასის ოდენობით.
9. რაც შეეხება გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას, მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელე მ. ს-ს გამოყენებული აქვს შვებულება, რადგან მისი კუთვნილი 2013 წლის შვებულების გადატანა არ მომხდარა 2014 წელს;
10. მოსარჩელე დ. პ-ეს გამოყენებული აქვს 2009-2012 წლების შვებულება. მას არ გამოუყენებია მხოლოდ 2011 წლის შვებულება და გადიტანა 2012 წელს. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლის მიხედვით, 2013 წლის შვებულების გადატანა მოხდა 2014 წლისთვის, თუმცა დასტურდება ის გარემოება, რომ შვებულების გადატანა 2013 წლისთვის არ მომხდარა. შესაბამისად, არ დასტურდება დ. პ-ის 2009-2012 წლების შვებულების გამოუყენებლობა. რაც შეეხება 2013 წლის გამოუყენებელ შვებულებას, ვინაიდან 2013 წლის ივნისამდე კანონმდებლობა არ იცნობდა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ცნებას, მოსარჩელის გამოუყენებელი შვებულების ათვლა უნდა დაიწყოს შესაბამისი ნორმის ამოქმედების მომენტიდან.
11. მოპასუხის განმარტებით, უსაფუძვლოა მოსარჩელე ლ. შ-ას მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან იგი კომპანიაში მუშაობდა 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 მარტამდე. შესაბამისად, მას ნამუშევარი აქვს 6 თვე კანონით დადგენილი 11 თვის ნაცვლად, რაც გამორიცხავდა შვებულების მოთხოვნის უფლებას და შესაბამისად, გამორიცხავს გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის, დ. პ-ისა და ლ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „ა-ს“-ს დაეკისრა მ. ს-ის სასარგებლოდ საშვებულებო თანხის 1800 ლარის და საკოპენსაციო თანხის 1800 ლარის ანაზღაურება; დ. პ-ის სასარგებლოდ 5 წლის (2010 და 2014 არასრული წლების) საშვებულებო თანხის 6 612.5 ლარისა და საკოპენსაციო თანხის 1850 ლარის ანაზღაურება; ლ. შ-ას სასარგებლოდ საშვებულებო თანხის 1800 ლარისა და საკონპენსაციო თანხის 1050 ლარის ანაზღაურება.
13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-ს“-მ.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ა-ს“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ს-ის, დ. პ-ისა და ლ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ა-ს“-ს მ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა საშვებულებო თანხის 1800 ლარის ანაზღაურება; დ. პ-ის სასარგებლოდ საშვებულებო თანხის 2312.5 ლარის ანაზღაურება და ლ. შ-ას სასარგებლოდ საშვებულებო თანხის 1050 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში მ. ს-ის, დ. პ-ისა და ლ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
16. 2009 წლის 1 სექტემბერს, შპს „ა-ს“-სა და დ. პ-ეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის ვადა არაერთხელ გაგრძელდა. 2013 წლის 1 აგვისტოს შპს „ა. გს-სა და დ. პ-ეს შორის შრომითი ხელშეკრულება დაიდო განუსაზღვრელი ვადით. დ. პ-ეს შპს „ა-ს“-ში ეკავა კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტის თანამდებობა და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1850 ლარს.
17. 2013 წლის 20 მარტს, შპს „ა-ს“-სა და მ. ს-ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება 2013 წლის 1 აგვისტოს გაგრძელდა სამი წლის ვადით. მ. ს-ს არქიტექტორის თანამდებობა ეკავა და მისი ყოველთვიური ხელფასი 1800 ლარს შეადგენდა.
18. 2013 წლის 1 აგვისტოს, შპს „ა-ს“-სა და ლ. შ-ას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება ორთვიანი გამოსაცდელი ვადით. 2013 წლის 1 ოქტომბერს, ლ. შ-ასა და შპს „ა-ს“-ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. დ. შ-ას არქიტექტორის თანამდებობა ეკავა და მისი ყოველთვიური ხელფასი 1800 ლარს შეადგენდა.
19. 2014 წლის 27 მარტს შპს „ა-ს“-ს დირექტორმა კრის პალმერმა მ. ს-ს, დ. პ-ეს და ლ. შ-ას შეატყობინა, რომ კომპანია 2014 წლის 31 მარტიდან, მათთან, საქართველოს შრომის კოდექსის 37.1 (ა) პუნქტის შესაბამისად, წყვეტდა შრომით ხელშეკრულებებს და ისინი მიიღებდნენ მარტის თვის ხელფასს და გასასვლელ დახმარებას ორი თვის ხელფასის ოდენობით.
20.2014 წლის 31 მარტს მოსარჩელეებმა შპს „ა-ს-ს დირექტორებს წერილით მიმართეს, რომელშიც განმარტეს, რომ უკანონოდ მიაჩნდათ მათი სამსახურიდან გათავისუფლება და აცნობეს, რომ აპირებდნენ დავის სასამართლოში გაგრძელებას და დარღვეული უფლებების სასამართლო წესით დაცვას. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილების შეცვლა, ალტერნატივის სახით კი, შესთავაზეს მორიგების პირობები. იმ შემთხვევაში თუ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა, მათ მოითხოვეს ხელშეკრულებების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთების წარმოდგენა 7 დღის ვადაში და ამავე ვადაში მორიგების პირობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეტყობინება.
21. შპს „ა-ს-ს დირექტორმა კ. პ-მა 2014 წლის 7 აპრილის წერილით მოსარჩელეებს აცნობა, რომ დირექტორები ითხოვდნენ ორ კვირას, რომ გადაეხედათ სიტუაციისათვის, თუმცა გადაწყვეტილება დასაქმების შეწყვეტის შესახებ კვლავ ძალაში იყო. მისივე განმარტებით, მოსარჩელეებზე იყო დამოკიდებული თუ რას მოიმოქმედბდნენ მომავალში, თუმცა მათი ქმედებები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იქონიებდა პირდაპირ ზეგავლენას საკითხის საბოლოო შედეგზე.
22. 2014 წლის 17 აპრილის წერილით შპს „ა-ს-ს დირექტორმა კ. პ-მა კვლავ დაუდასტურა მოსარჩელეებს, რომ მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო 31 მარტს და ეს დღე უნდა ყოფილიყო მათი ოფისში ყოფნის ბოლო დღე, მათ აღარ მოეთხოვებოდათ სამსახურში მისვლა. პ-ი ასევე მზადყოფნას გამოთქვამდა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ შეხვედროდა მოსარჩელეებს წერილებში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ.
23. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი და არ მოუთხოვიათ სამუშაოზე აღდგენა. შესაბამისად, პალატამ სადავოდ არ მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტის მიერ დასაქმებულთა გათავისუფლება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. ასევე უდავო გარემოებად ჩათვალა, რომ მოსარჩელეებმა მიიღეს 2014 წლის მარტის თვის ხელფასი და დამატებით თანხა 2 თვის ხელფასის ოდენობით.
24. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, სადავოს წარმოადგენდა მოსარჩელეებზე გაცემულ თანხაში შედის თუ არა 2014 წლის აპრილის თვის ხელფასი და დამატებით მისაღები აქვთ თუ არა მოსარჩელეებს ერთი თვის კომპენსაცია.
25. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ მათ დამატებით უნდა მიეღოთ აპრილის თვის ხელფასი.
26. მხარეთა შორის არსებული მიმოწერით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა 2014 წლის 31 მარტიდან. საქმის მასალებში კი არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელეთა მხრიდან 2014 წლის აპრილში სამსახურში სიარულის და შრომითი ურთიერთობების გაგრძელების ფაქტი.
27. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეების მტკიცების ტვირთს წარმოადგენს მათი მხრიდან 2014 წლის აპრილის თვეში მოპასუხის სასარგებლოდ სამუშაოების შესრულება, რის დამტკიცებაც მოსარჩელეებმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლეს. ხოლო იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდებოდა მოსარჩელეთა მხრიდან დამსაქმებლისათვის 2014 წლის აპრილის თვეში სამუშაოების შესრულების ფაქტი, მარტოოდენ 2014 წლის 6 მაისის საგადასახადო დავალებებში გადახდის დანიშნულებად ხელფასის მითითება არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო იმის მამტკიცებელ გარემოებად, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეებისთვის 2014 წლის 6 მაისს გადახდილი თანხა წარმოადგენდა არა გასასვლელ კომპენსაციას, არამედ 2014 წლის აპრილის თვის ხელფასს.
28. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია მოსარჩელეებს მიღებული ჰქონდათ და დამატებით რაიმე თანხის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს არ ეკისრებოდა.
29. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 28 დეკემბრის №2/11 ბრძანებით დ. პ-ის 2011 წელს გამოუყენებელი შვებულებები გადატანილ იქნა 2012 წლისათვის.
30. 2013 წლის 26 დეკემბრის №3/13 ბრძანებით მ. ს-ისა და დ. პ-ის 2013 წელს გამოუყენებელი შვებულებები გადატანილ იქნა 2014 წლისათვის.
31. პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა დ. პ-ის 2011-2012 წლის შვებულებების გადატანა 2013 წლისათვის.
32. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე, 25-ე, 26-ე მუხლებით, ასევე „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის მე-6 მუხლით და დადგენილად მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. ს-ისა და დ. პ-ის მიერ 2013-2014 წლების ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების ფაქტს.
33. რაც შეეხება დ. პ-ის 2010-2012 წლის შვებულებებს, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მათი გადატანა 2013 წელს, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მათზე უფლება დაკარგა და შესაბამისად, აღნიშნული პერიოდის საშვებულებო თანხა მას არ უნდა ანაზღაურებოდა. ამდენად, დ. პ-ეს უნდა ანაზღაურებოდა 2013 წლის საშვებულებო თანხა სრულად, ხოლო 2014 წლის და ნამუშევარი დროის გათვალისწინებით - ხელფასის 1/4 ნაწილი.
34. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ლ. შ-ას არ ეკუთვნის საშვებულებო ანაზღაურება, რადგან მას კომპანიაში არ უმუშავია 11 თვე და არ წარმოშობია შვებულების მოთხოვნის უფლება.
35. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის შესაბამისად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
36. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 1 აგვისტოს, შპს „ა-ს“-სა და ლ. შ-ას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება ორთვიანი გამოსაცდელი ვადით. 2013 წლის 1 ოქტომბერს, ლ. შ-ასა და შპს „ა-ს“-ს შორის შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა დამატებით, ერთი წლის ვადით.
37. გამომდინარე იქიდან, რომ ლ. შ-ასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების უწყვეტობის პირობებში, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის მხედველობაში მიღებით, ლ. შ-ა მოიპოვებდა შვებულების უფლებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელს უნდა მისცემოდა საშვებულებო ანაზღაურება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. ვინაიდან ლ. შ-ა მოპასუხესთან მუშაობდა 7 თვის განმავლობაში, მისთვის ასანაზღაურებელი საშვებულებო თანხა პალატის მოსაზრებით, შეადგენდა 1050 ლარს.
38. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მ. ს-მა, დ. პ-ემ და ლ. შ-ამ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
39. საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შრომით დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრტაქტიკა არ არსებობს, რაც განსახილველი საქმის საფუძვლიანი გამოკვლევის აუცილებლობას განაპირობებს. შესაბამისად, საჭიროა უზენაესმა სასამართლომ სწორად განმარტოს შრომის კოდექსით დადგენილი ფაქტობრივად მუშაობისა და მუშაობის პერიოდში მიუღებელი საშვებულებო დახმარების ანაზღაურების საკითხები.
40. მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და უსაფუძვლოდ აუარა გვერდი მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებდნენ მოსარჩელეებისთვის აპრილის თვის ხელფასისა და ორი თვის ნაცვლად, ერთი თვის კომპენსაციის ჩარიცხვის ფაქტებს. კერძოდ, 2014 წლის 6 მაისის საბანკო ქვითრებზე დანიშნულების გრაფაში გარკვევით წერია „ხელფასი“, ხოლო 7 მაისის საბანკო ქვითრებზე - „გასასვლელი დახმარება“. გადარიცხვის საფუძვლის გრაფაში აღნიშნული ხელფასი მითითებულია არა ბანკის, არამედ კომპანიის ბუღალტრის მიერ და არც ერთ შემთხვევაში ადგილი არ ექნებოდა შეცდომას. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ კომპენსაცია ჩარიცხულია აპრილის თვის ხელფასის ჩარიცხვიდან ერთი დღის შემდეგ. ამრიგად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებენ მოსარჩელეთა მიერ აპრილის თვეში მუშაობისა და შესრულებული სამუშაოსათვის ხელფასის მიღების ფაქტს, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა და აპრილის თვის ხელფასი მიიჩნია 1 თვის კომპენსაციად. სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების მითითების გარეშე მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რითაც უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი - ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.
41. ამავე დროს, კასატორთა აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 21-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებები, რომლებმაც გამორიცხა გამოუყენებელი შვებულების „გაქარწყლების“ შესაძლებლობა და დასაქმებულებს მუშაობის მანძილზე გამოუყენებელი შვებულებების სანაცვლო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა მისცა. სასამართლომ უგულებელყო საქმეში არსებული ბრძანებები და მიიჩნია, რომ შვებულების გადატანის შესახებ 2012 წლის ბრძანების საქმეში არარსებობის გამო დ. პ-ემ საერთოდ დაკარგა 2010, 2011 და 2012 წლების გამოუყენებელი შვებულებების თანხის ანაზღაურების უფლება. სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის მე-6 მუხლი, რომელიც დასაქმებულს მუშაობის მთელ პერიოდში გამოუყენებელი შვებულებების სანაცვლო კომპენსაციის ანაზღაურების შესაძლებლობას ანიჭებს და ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს გამოუყენებელი შვებულებების გამოყენების უფლების გაქარწყლების ან მათზე უფლების დაკარგვის შესაძლებლობას.
42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით, მ. ს-ის, დ. პ-ისა და ლ. შ-ას საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
43. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ის, დ. პ-ისა და ლ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
44. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
45. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
46. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
47. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ #ას-1099-1035-2015, 13 იანვარი, 2016 წელი, სადაც განმარტებულია მუშაკის გათავისუფლების შემთხვევაში კუთვნილი საშვებულებო თანხის ანაზღაურების წესი და საფუძვლები (შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი).
48. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ს-ის, დ. პ-ისა და ლ. შ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
50. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამავე კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად კი, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
51. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემული დავის საგანი არაქონებრივია და საკასაციო პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით კასატორები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო კასატორებს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი, 150 (ას ორმოცდაათი) ლარი, საკასაციო პალატა თვლის, რომ მათ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 და 42-ე მუხლების შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ს-ის, დ. პ-ისა და ლ. შ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს მ. ს-ს (პ/ნ: ...), დ. პ-ესა (პ/ნ: ...) და ლ. შ-ას (პ/ნ: ...) დაუბრუნდეთ დ. პ-ის მიერ 2015 წლის 24 ივნისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე