Facebook Twitter

№ ას-259-247-2016 29 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები - ს. ჩ-ე, ს. ჩ-ა (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ. კ-ე, ლ. ჩ-ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - საცხოვრებელი სახლის რემონტზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ს. ჩ-ამ და ს. ჩ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს ა. ჩ-ის მიმართ და მოითხოვეს ბინის სარემონტო ხარჯების დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:

2. 2013 წლის 14 ივნისს ა. ჩ-იმ შეიძინა 55.98 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ფ-ის/თ-ის 146/19 ლიტ. „ბ“-ში. ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონების ღირებულება შეადგენდა 32 000 აშშ დოლარს, თუმცა მყიდველმა ფაქტობრივად მხოლოდ 24 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

3. ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინა საჭიროებდა კაპიტალურ რემონტს, რაც ა. ჩ-ის მხრიდან ბინის გასხვისების შემდეგ, რემონტის ხარჯების დაფარვის დაპირებით განახორციელეს მისმა ქალიშვილმა და სიძემ (მოსარჩელეებმა) საკუთარი ხარჯებით.

4. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საცხოვრებელ სახლზე ჩატარებული სამშენებლო, სარემონტო და კეთილმოწყობითი სამუშაოებისათვისათვის დახარჯული თანხის, 12971 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

5. ა. ჩ-იმ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საცხოვრებელი ბინის კაპიტალური რემონტი საკუთარი ხარჯებით ჩაატარა.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 მაისის განჩინებით ა. ჩ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება შეჩერდა მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეების, ს. ჩ-ასა და ს. ჩ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და განახლდა საქმის წარმოება.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელე ს. ჩ-ის შუამდგომლობა ა. ჩ-ის უფლებამონაცვლის შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ა. ჩ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი, ლ. ჩ-ა და მეუღლე, ნ. კ-ე.

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ჩ-ასა და ს. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. ჩ-ამ და ს. ჩ-ემ.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ჩ-ას და ს. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება; ს. ჩ-ას და ს. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ. ჩ-ას ს. ჩ-ასა და ს. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ა. ჩ-ის საცხოვრებელ სახლზე გაწეული ხარჯის ნაწილის, 3 763,66 ლარის ანაზღაურება; ნ. კ-ეს ს. ჩ-ასა და ს. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ა. ჩ-ის საცხოვრებელ სახლზე გაწეული ხარჯის ნაწილის, 3 763,66 ლარის ანაზღაურება.

12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

13. ა. ჩ-ი წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთის რესპუბლიკაში, სადაც მას გააჩნდა უძრავი ქონება, რომელიც გაყიდა და საცხოვრებლად გადმოვიდა საქართველოში.

14. 2013 წლის 14 ივნისს ა. ჩ-იმ ქ. ბათუმში, ფ-ის/თ-ის 149/19 ლიტ ,,ბ’’-ში შეიძინა 55,98 კვ.მ საცხოვრებელი სახლი 32 000 აშშ დოლარად.

15. სასამართლოში საქმის წარმოების დროს, ა. ჩ-ი გარდაიცვალა და მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მემკვიდრეები - შვილი, ლ. ჩ-ა და მეუღლე, ნ. კ-ე.

16. მოსარჩელე ს. ჩ-ა არის ა. ჩ-ის შვილი, ხოლო ს. ჩ-ე ს. ჩ-ას მეუღლე, შესაბამისად, ა. ჩ-ის სიძე.

17. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლში, საჭიროების შესაბამისად ჩატარდა კაპიტალური რემონტი, რომლის საბაზრო ღირებულება, აუდიტის დასკვნის თანახმად, შეფასდა 11 291 ლარად.

18. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, ასევე სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით წარდგენილი შესაგებლით ა. ჩ-ის უფლებამონაცვლემ, შვილმა - ლ. ჩ-ამ სასარჩელო მოთხოვნა ცნო და დაადასტურა, რომ სარემონტო სამუშაოები ს. ჩ-ასა და ს. ჩ-ის ხარჯებით ჩატარდა.

19. პალატამ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირებისა და წარდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა. ჩ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გარემონტებისა და კეთილმოწყობის მიზნით, სამუშაოების მწარმოებელ პირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა მოსარჩელე ს. ჩ-ე, მის მიერვე ხდებოდა სარემონტო სამუშაოებზე დაკავებული პირების კვება, მათი მომარაგება სამშენებლო მასალითა და შესრულებული სამუშაოს შესაბამისად მათთან ანგარიშსწორება. ამდენად, იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ ს. ჩ-ის მიერ გახარჯული თანხები ეკუთვნოდა ა. ჩ-ის, მოპასუხის მხარეს იყო და სრულად შეესაბამებოდა შეჯიბრებითობის პრინციპს.

20. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი საბანკო ამონაწერები და ა. ჩ-ის მიერ ანგარიშზე თანხის შეტანის ამსახველი დოკუმენტები არ მიიჩნია ა. ჩ-ის მიერ სარემონტო ხარჯების გაღების დამადასტურებელ მტკიცებულებებად. ამასთან, აღნიშნა, რომ მოცემული თანხების ბრუნვა განხორციელებულია უძრავი ქონების ნასყიდობამდე და არა მას შემდეგ.

21. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სარემონტო სამუშაოები განხორციელდა ა. ჩ-ის დავალებითა და მოსარჩელეთა კუთვნილი თანხებით.

22. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით და განმარტა, რომ მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ვინაიდან ა. ჩ-ის საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 32 000 აშშ დოლარს, შესაბამისად, თითოეული მემკვიდრის მიერ უძრავი ქონების მიღებიდან გამომდინარე სამკვიდროს აქტივი შეადგენს დაახლოებით 10 667 აშშ დოლარს.

23. პალატამ სამოქალაქო კოდექსის 452-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება. ა. ჩ-ის მემკვიდრეს 1/3 ნაწილში წარმოადგენს მოსარჩელე ს. ჩ-ა, რემონტზე გაწეული ხარჯების 11 291 ლარის 1/3 ნაწილში (3 763,66 ლარი). ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირია, მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნია და სამოქალაქო კოდექსის 452-ე მუხლის შესაბამისად შეწყვეტილია.

24. პალატამ ასევე განმარტა, რომ ლ. ჩ-ას მიერ მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენდა მის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

25. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნ. კ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

27. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ასევე ს. ჩ-ემ და ს. ჩ-ამ, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

28. ა. ჩ-ის მემკვიდრეები არიან ს. ჩ-ა, ნ. კ-ე და ლ. ჩ-ა. შესაბამისად, შესრულების ვალდებულება მოთხოვნასთან ერთად მხოლოდ ს. ჩ-ას ხელში არ აღმოჩენილა, იგი არ წარმოადგენს ერთდროულად მოვალესა და კრედიტორს. შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა სხვა მემკვიდრეთა მიმართ არ წყდება.

29. მოცემულ შემთხვევაში ს. ჩ-ა და ს. ჩ-ე არიან სოლიდარული კრედიტორები, ხოლო ნ. კ-ე და ლ. ჩ-ა სოლიდარული მოვალეები, რისი მხვედელობაში მიღებითაც ადგილი არ აქვს კონფუზიას და ვალდებულებითი ურთიერთობა მოთხოვნის 1/3 ნაწილში არ უნდა შეწყვეტილიყო. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 452-ე მუხლი.

30. განსახილველ დავაში ს. ჩ-ე არ წარმოადგენს ა. ჩ-ის მემკვიდრეს და მას ამგვარი კავშირი არ გააჩნია სამკვიდრო ქონებასთან. ამიტომ სასამართლოს თუნდაც რომ გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 452-ე მუხლი, ს. ჩ-ის მოთხოვნა მის კუთვნილ წილზე უნდა დაკმაყოფილებულიყო.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინებით ს. ჩ-სა და ს. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

32. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჩ-სა და ს. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებამონაცვლეობის ყველაზე გავრცელებულ სახეს სწორედ სამემკვიდრეო ურთიერთობები წარმოადგენს და ამ შემთხვევაში მემკვიდრის პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით, რაც სწორად იქნა შეფასებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. მოცემულ საქმეში სახეზეა სამი პირველი რიგის მემკვიდრე. შესაბამისად, თითოეულის წილი შეადგენს მიღებული აქტივის 1/3-ს და 1/3-ს შეადგენს კრედიტორების წინაშე თითოეულის ვალდებულების მოცულობაც. ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებს კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული, სამოქალაქო კოდექსის 452-ე მუხლით გათვალისწინებული კონფუზია მოცემულ შემთხვევაში არ წარმოშობილა, აღნიშნული ვერ გამოიწვევს კრედიტორების წინაშე დანარჩენი ორი მემკვიდრის ვალდებულების მოცულობის გაზრდას, მესამე მემკვიდრის ვალდებულების მათზე გადანაწილებით. აღნიშნული ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს.

36. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, არც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე,

37. ამრიგად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. ჩ-სა და ს. ჩ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს. ჩ-ისა და ს. ჩ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორებს ს. ჩ-ესა (პ/ნ: ...) და ს. ჩ-ას (პ/ნ: ...) დაუბრუნდეთ კ. ნ-ის (პ/ნ: ...) მიერ 2016 წლის 5 მარტს №5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე