საქმე№ას-367-351-2016 11 მაისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი/მ მ. ქ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე. პ. კ“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი/მ მ. ქ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე. პ. კ-ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ი/მ მ. ქ-ას სარჩელი შპს „ე. პ. ს“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
რაიონული სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ მ. ქ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინებით ი/მ მ. ქ-ას კერძო საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი. ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინებით ი/მ მ. ქ-ას კერძო საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი/მ მ. ქ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინებით ი/მ მ. ქ-ას კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.
2016 წლის 4 მაისს სასამართლოს დაზუსტებული კერძო საჩივრით მომართა ი/მ მ. ქ-ამ და წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინების ასლი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივნისის განჩინების ასლი და მის მიერ წარმოდგენილი განცხადებების და შუამდგომლობების ასლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ მ. ქ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინებით ი/მ მ. ქ-ას კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი. ამდენად, კერძო საჩივრის განუხილველად ცნობის შესახებ განჩინებით ი/მ მ. ქ-ას კერძო საჩივარზე სამართალწარმოება დასრულდა 2016 წლის 25 აპრილს. ი/მ მ. ქ-ამ კი, დაზუსტებული კერძო საჩივრით და მასზე დართული მტკიცებულებებით სასამართლოს მომართა 2016 წლის 4 მაისს, რაც ამ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი/მ მ. ქ-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლო განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური