Facebook Twitter

№ ას-449-428-2015 27 აპრილი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი თ. ჭ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ჭ-ი(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ. ჭ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ჭ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა მოსარჩელის მიერ ქონების გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯის - 16 275.86 ლარის 15%-ის, 2 441.38 ლარის, შესრულებული სამუშაოს - 4069 ლარის 15%-ის (610.34 ლარის), ასევე თანხის სრულად გადაუხდელობისათვის მიუღებელი სარგებლის წლიური 24%-ის, 1 511.30 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2. 2011 წლის 24 თებერვალს მასსა და მოპასუხე დ. ჭ-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების (მდებარე ტყიბულის რაიონი, სოფელი მ-ა; მიწის საკადასტრო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი: 151.00 კვ.მ.; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1; შენობა-ნაგებობ(ებ)-ის საერთო ფართი: 106.00 კვ.მ.) 15/100 ნაწილზე.

3. 2011 წლის 17 აგვისტოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციაში გატარდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ბრძანება საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების შესახებ №451 (დამოწმების თარიღი: 27/12/2010). შესაბამისად, გაიზარდა შენობა-ნაგებობის საერთო ფართი და გახდა 192.04 კვ.მ. მოსარჩელის აზრით, შენობა- ნაგებობის ფართის გაზრდა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ განხორციელდა შენობა-ნაგებობის ფართის მიმატება, რაშიც მოსარჩელის მიერ დაიხარჯა 13 398,37 ლარი. აღნიშნულის თაობაზე იცოდა მოპასუხემ, რასაც ადასტურებს შპს „უძრავი ქონების მარეგისტრირებელი კომპანიის“ შენობის აზომვითი ნახაზი, რომელსაც ხელს აწერს როგორც თ. ჭ-ი, ისე დ. ჭ-ი.

4. 2014 წლის 5 მაისს გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე დ. ჭ-მა გაყიდა ზემოთმითითებული უძრავი ქონება ე. ტ-ეზე და, შესაბამისად, ე. ტ-ესაც გადაუფორმდა 15/100 ნაწილი 192.04 კვ.მ-დან.

5. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხეს ზემოთმითითებულ უძრავ ქონებაზე შენობა-ნაგებობის ფართის მიმატებასთან დაკავშირებით რაიმე თანხა არ გადაუხდია. თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მან არაერთხელ მიმართა მოპასუხეს, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც სარჩელი წარადგინა სასამართლოში.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არასწორად მიუთითებდა ფაქტობრივ გარემოებებზე, რადგან მას ფართის მიმატების სამუშაოები 2011 წლის 27 თებერვლის შემდეგ, ე.ი, წილის შესყიდვის შემდეგ არ განუხორციელებია.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დ. ჭ-ს თ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 260,63 ლარის გადახდა.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჭ-მა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით თ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11. 2011 წლის 24 თებერვალს თ. ჭ-სა და დ. ჭ-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თ. ჭ-მა დ. ჭ-ს მიჰყიდა მისი კუთვნილი უძრავი ქონების 15/100 ნაწილი, მდებარე ტყიბული, სოფელი მ-ა, მიწის საკადასტრო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი: 151.00 კვ.მ. შენობა ნაგებობის ჩამონათვალი: #1; შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 106.00 კვ.მ; ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საგანი 10 000 ლარად გაიყიდა.

12. საჯარო რეესტრის 2011 წლის 12 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, ტყიბულის რაიონის სოფელ მ-აში მდებარე სადავო უძრავი ქონების მახასიათებლად მითითებულია მიწის ნაკვეთი 151,00 კვ.მ.; შენობა - ნაგებობის საერთო ფართი: 192,04 კვ.მ.

13. იგივე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით 2014 წლის 17 აპრილს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ არ გაზრდილა შენობა- ნაგებობის ფართი და იგი კვლავ 192,04 კვ.მ. ოდენობისაა, განთავსებული 151 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 5 მაისს დ. ჭ-მა თავისი 15/100 ნაწილი 192,04 კვ.მ-დან მიჰყიდა ე. ტ-ეს და ნასყიდობის თანხად განსაზღვრა 35 000 აშშ დოლარი. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში ე. ტ-ის სახელზე დარეგისტრირდა.

15. სააპელაციო სასამართლომ იმ სადავო გარემოების გასარკვევად, თუ როდის გაიზარდა 106 კვ.მ ფართი 192.04 კვ.მ-მდე, შეფასება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის შუამდგომლობით წარდგენილი მოწმეების ჩვენებებს. ამასთან, მიუთითა, რომ წარდგენილ შესაგებელში დ. ჭ-ის განმარტებით, შენობა - ნაგებობის ფართი 2011 წლის 27 თებერვლის შემდგომ არ გაზრდილა, ანუ არანაირი მიმატება, გაზრდა შენობისა მის მიერ ნაგებობის შესყიდვის შემდეგ სადავო ნაგებობაზე მოსარჩელეს არ განუხორციელებია.

16. სააპელაციო პალატამ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და აღნიშნა, რომ მოწმეებმა, ნ. ჭ-მა და ზ. ზ-მა დაადასტურეს მოპასუხის მიერ შესაგებლით შედავებული გარემოება, რომ არანაირი გაუმჯობესება ან გაზრდა საზიარო საგნისა, მას შემდგომ არ მომხდარა, რაც მოპასუხე გახდა საზიარო საგნის თანამესაკუთრე.

17. ამრიგად, საქმეზე დაკითხული ორივე მოწმის განმარტების საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის თებერვლის შემდგომ (როცა შენობის ნაწილის მესაკუთრე გახდა დ. ჭ-ი), შენობა - ნაგებობის ფართის გაზრდა არ მომხდარა. მანამ კი, რადგან სესხის ბანკიდან გამოტანა თ. ჭ-ის სახელზე უნდა მომხდარიყო, შენობაც გარკვეული სამუშაოების განხორციელების შემდეგ მხოლოდ მის სახელზე დარეგისტრირდა.

18. სასამართლოს განმარტებით, მართალია, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომელთა თანახმად, 2011 წლის 12 აგვისტოსათვის საზიარო საკუთრების შენობა-ნაგებობის ფართი უკვე 192,04 კვ.მ იყო, ხოლო მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე გასხვისებისას (2011 წლის 24 თებერვალს), 106 კვ.მ., მაგრამ პალატის მოსაზრებით, თავად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებია ურთიერთგამომრიცხავი სადავო შენობის ფართის გაზრდასთან დაკავშირებით, რის გამოც აღნიშნული პოზიცია დაუსაბუთებლად მიიჩნია. სახელდობრ, მოსარჩელე სარჩელში უთითებს, რომ ფართის გაზრდა დასრულდა 2014 წელს, სწორედ ამ დროისათვის გაიზარდა საზიარო ფართი და გახდა 196.04 კვ.მ. (ამ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მან სასამართლოში წარმოადგინა 2011-2013 წლების საგადასახადო დოკუმენტები და სასაქონლო ზედნადებები, რომლებიც, მოსარჩელის პოზიციით, ადასტურებენ მის მიერ შენობის ფართის გაზრდასთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო სამუშაოების ხარჯებს), ხოლო მის მიერვე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საზიარო შენობა 192 კვ.მ უკვე 2011 წლის აგვისტოში იყო.

19. პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსარჩელის პოზიცია და წარმოდგენილი მტკიცებულებები თანასაკუთრების ობიექტის ფართის გაზრდის პერიოდთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავია, რის გამოც მათი სამართლებრივი სანდოობაა არ გაიზიარა.

20. ნაცვლად ამისა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ საზიარო საგანზე მშენებლობისას დ. ჭ-ი მონაწილეობდა როგორც ფიზიკურად (მოწმე ჭ-ი), ისე ფინანსურად, მშენებლობა დაიწყო 2009 წელს და დასრულდა ერთი წლის შემდეგ (მოწმე ჭ-ი და მოწმე ზ-ი).

21. პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთია, რომ თანასაკუთრებაში არსებულ საზიარო საგანზე მხოლოდ მან გასწია ხარჯები, მხოლოდ მან აწარმოა მიშენებები ქონებაზე და გაზარდა მისი ღირებულება. აღნიშნული ფაქტების დადასტურება კი, სასამართლოს აზრით, მოსარჩელემ ვერ შეძლო.

22. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა დ. ჭ-ისაგან გასხვისებული საგნის ღირებულების, 35 000 აშშ დოლარის მოთხოვნასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ დ. ჭ-მა გაასხვისა თავისი წილი ქონება, რომლის შექმნა-გაუმჯობესებაში მოსარჩელეს წვლილი არა აქვს, რის გამოც მისი გასხვისებით მიღებული შემოსავალიც მხოლოდ მოპასუხის საკუთრება იყო.

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. ჭ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

24. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ გამოიკვლია, სამართლებრივად რას ისახავდა მიზნად უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნა მაშინ, როდესაც მოსარჩელე როგორც სარჩელში, ისე სააპელაციო საჩივარშიც მიუთითებდა, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სახეზეა, რადგან 2014 წლის 5 მაისს უძრავი ქონება მოპასუხემ გაყიდა 35 000 აშშ დოლარად განვადებით, ანუ იმაზე მეტად, ვიდრე ეს მასსა და დ. ჭ-ს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაშია დაფიქსირებული.

25. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, ვერ გამოდგება მოწმე ზ. ზ-ის ჩვენება, რადგან მან ვერ ახსნა საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძვლიანობა, ასევე უსაფუძვლოა ნ. ჭ-ის ჩვენება, რადგანაც შეკითხვაზე, იცოდა თუ არა ხარჯების შესახებ დ. ჭ-მა, ნ. ჭ-მა უპასუხა, რომ ესწრებოდა მშენებლობას და იცოდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად მიუთითა, რომ მოწმეებმა თითქოს უარყვეს შენობა-ნაგებობის ფართის ზრდა.

26. კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ერთ შემთხვევაში ითვალისწინებს მოსარჩელის პოზიციას და ნაწილობრივ, ხარჯის ნაწილში აკმაყოფილებს სარჩელს. მეორეს მხრივ კი, თავისი აზრის საპირისპიროდ მსჯელობს და ხარჯად არ თვლის იმ თანხას, რომელიც გასწია მოსარჩელე მხრემ. სასამართლო გადაწყვეტილების ერთ ნაწილში უთითებს, რომ მოპასუხემ არ იცოდა ამ ხარჯების შესახებ, მეორე ნაწილში კი ამბობს, რომ ესწრებოდა მშენებლობას და უძრავი ქონების აშენებას.

27. სასამართლომ ასევე არ დაიცვა საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია, რადგან როგორც ცნობილია, ფართთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონია მოპასუხე მხარეს მაშინ, როდესაც მან ხელი მოაწერა ნახაზს, რომელიც საჯარო რეესტრში დაფიქსირდა, როგორც უტყუარი მტკიცებულება.

28. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, თითქოს მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვდა 35 000 აშშ დოლარს. სასამართლომ სამართლებრივად მოთხოვნა არასწორად გაიგო და სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე თქვა უარი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და არ იმსჯელა იმ თანხაზე, რომელსაც მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვდა.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის განჩინებით თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

33. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუს 2013 წლის 7 მარტის #ას-1150-1079-2012 განჩინება; სუს 2012 წლის 12 დეკემბრის #ას-1320-1246-2012 განჩინება, სადაც განმარტებულია დავალების გარეშე სხვისი საქმეების წარმოებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობების არსი და სამოქალაქო კოდექსის 969-975 მუხლების გამოყენების წინაპირობები, ასევე აღნიშნული ურთიერთობის განსხვავება უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ურთიერთობისაგან).

35. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ თ. ჭ-ს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 28 მაისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე