Facebook Twitter

№ ას-1045-985-2015 1 აპრილი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ. ფ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – რ. გ-ი, რ. გ-ი, მ. გ-ი, თ. გ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ. ფ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. გ-ის, რ. გ-ის, მ. და თ. გ-ების მიმართ და მოითხოვა 2008 წლის 7 მაისს გაცემულ #2-92 და 2-94 სამკვიდრო მოწმობებში ცვლილების შეტანა და ო. გ-ის და ი. გ-ის დანაშთი ქონების 1/3 წილის მემკვიდრედ ცნობა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2. ქ. ქუთაისში, თ-ის ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა რ. ფ-ას მამის, ი. გ-ისა და ძმის, ო. გ-ის საკუთრებად. ო. გ-ი გარდაიცვალა 1981 წელს. მას საკუთარი ოჯახი არ ჰყოლია.

3. ი. გ-ი გარდაიცვალა 2004 წლის თებერვალში.

4. მათი გარდაცვალების შემდეგ დარჩნენ პირველი რიგის მემკვიდრეები: შვილები - რ. ფ-ა, რ. გ-ი და თ. გ-ი, რომელიც გარდაიცვალა 2000 წლის 24 ნოემბერს. დედა, დ. გ-ი გარდაიცვალა 2001 წლის 28 მარტს.

5. 2008 წლის 7 მაისს რ. გ-მა ო. გ-ისა და ი. გ-ის მთელ სამკვიდროზე აღიდგინა მემკვიდრეობა, მოსარჩელის განცხადებით, მას, თავის ძმასთან, რ. გ-თან ერთად მიღებული აქვს სამკვიდრო, რაც იმაში გამოიხატება, რომ მამის და ძმის დანაშთ ქონებას დღესაც ფლობს, მის განკარგულებაშია სადავო სახლის 2 ოთახი. აღნიშნული დასტურდება საბინაო წიგნის ამონაწერით, მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო გზავნილებითა და სხვა მტკიცებულებებით.

6. მოპასუხე რ. გ-მა სარჩელი ცნო, ხოლო რ. გ-მა, მ. გ-მა და თ. გ-მა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით:

7. მათი განმარტებით, მართალია რ. გ-მა 2008 წლის 7 მაისს მართლაც მიიღო მთელი სამკვიდრო ქონება, მაგრამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სამკვიდრო მოწმობაში შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც ი. და ო. გ-ების სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ. ქუთაისში, თ-ის ქ №...-ში ½ ნაწილი საკუთრების უფლებით აღირიცხა რ. და მ. გ-ების სახელზე. ამასთან, რ. ფ-ას არც სანოტარო ბიუროში მიმართვის გზით და არც ქონების ფაქტობრივი დაუფლებით არ მიუღია სამკვიდრო. იგი მამის გარდაცვალებამდე და მის შემდგომაც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და საქართველოში მამის დაკრძალვასაც არ დასწრებია.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით რ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ფ-ამ.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით რ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11. ქ. ქუთაისში, თ-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება ეკუთვნოდა მამა-შვილს, ი. და ო. გ-ებს ½ წილის უფლებით. ი. გ-ი გარდაიცვალა 2004 წლის 6 თებერვალს ქ. ქუთაისში. მისი შვილი ო. გ-ი კი გარდაიცვალა 1981 წლის 17 იანვარს რუსეთის ფედერაციაში, ქ. კრასნოიარსკში.

12. მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ ო. გ-ის გარდაცვალების შემდგომ მას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები: მშობლები - ი. გ-ი და დ. გ-ი, რომელიც გარდაიცვალა 2001 წლის 28 მარტს.

13. ი. გ-ს და დ. გ-ს ჰყავდათ ოთხი შვილი: ო. გ-ი (რომელიც გარდაიცვალა 1981 წლის 17 იანვარს), თ. გ-ი (რომელიც გარდაიცვალა 2000 წლის 24 ნოემბერს), რ. გ-ი და რ. ფ-ა.

14. 2000 წლის 24 ნოემბერს გარდაცვლილი თ. გ-ის შვილები არიან მ., რ. და თ. გ-ები.

15. 2008 წლის 7 მაისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა №2-92, რომლითაც ი. გ-ის შვილმა, რ. გ-მა მიიღო გარდაცვლილი მამის წილი სამკიდრო ქონებიდან, მდებარე ქ. ქუთაისში თ-ის ქ. №...-ში მთლიანად. ამავე დღეს გაიცა სამკვიდრო მოწმობა №2-94, რომლითაც იმავე ქონებაზე ძმის, ო. გ-ის წილი მთლიანად მიიღო რ. გ-მა.

16. ქუთაისის საქალქო სასამართლოს 2013 წლის 9 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 7 მაისს ნოტარიუს ე. წ-ის მიერ დამოწმებული №2-92 და №2-94 სამკვიდრო მოწმობები ო. და ი. გ-ების დანაშთ ქონებაზე რ. გ-ის სახელზე ½ ნაწილში სამკვიდროს მიღების თაობაზე. ქ. ქუთაისში, თ-ის ქ. №...-ში მდებარე ი. და ო. გ-ების სამკვიდრო დანაშთი ქონება, ½ ნაწილი საკუთრების უფლებით აღირიცხა რ. და მ. გ-ების სახელზე. აღნიშნული საქმის განხილვაში წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობდა მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე რ. ფ-ა.

17. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა ო. და ი. გ-ების სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მემკვიდრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი რ. და მ. გ-ების განცხადების საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინებით, რის შემდეგაც რ. ფ-ამ სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი რ. გ-ის, მ., რ. და თ. გ-ების მიმართ.

18. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რ. ფ-ა არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ცხოვრობს ქ. კრასნოიარსკში. მის სახელზე მამკვიდრებლებს ანდერძი არ დაუტოვებიათ, თავად მას კი არც კანონით დადგენილ ვადაში და არც შემდგომ სანოტარო ბიუროსათვის არ მიუმართავს განცხადებით მამის და ძმის სამკვიდროს მიღების თაობაზე.

19. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ რ. ფ-ას მამის სამკვიდრო არ მიუღია.

20. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილით და აღნიშნა, რომ რ. ფ-ას ი. გ-ის სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს.

21. სასამართლომ საქმის მასალების შესაბამისად, ასევე აღნიშნა, რომ არ დგინდებოდა ფ-ას მიერ მამის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტიც.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებისა და საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თუკი მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ რ. ფ-ა მამის დაკრძალვას ესწრებოდა, მოპასუხეთა ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა ეს ფაქტი კატეგორიულად უარყვეს. სასამართლომ მოპასუხეთა ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები უფრო თანმიმდევრულად და დამაჯერებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ამ ჩვენებათა სარწმუნოობა დასტურდებოდა შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის სამმართველოს მიერ 2015 წლის 20 თებერვალს გაცემული ცნობითაც, რომლის თანახმად, რ. ფ-ას 2004 წლის 1 თებერვლიდან 2015 წლის 19 თებერვლამდე საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

23. პალატამ ასევე მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მამის სამკვიდროს დაუფლების ფაქტს არ ადასტურებდა არც მოპასუხის ერთ-ერთი მოწმე, რ. გ-ი. რ. გ-ს დანარჩენ მოპასუხეებთან იმავე ქონებაზე სამართლებრივი დავა ჰქონდა, რაც, სასამართლოს აზრით, მის პოზიციაზე გავლენას უთუოდ მოახდენდა. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო თ. გ-ის, მ. გ-ისა და რ. გ-ის განმარტებაც იმის თაობაზე, რომ, სინამდვილეში, სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ინტერესი, სწორედ რ. გ-ს გააჩნდა და იგი ამის მიღწევას რ. ფ-ას დახმარებით ცდილობდა. სასამართლოს აზრით, ამ ფაქტს ამყარებდა ის გარემოებაც, რომ იმავე მხარეთა შორის უკვე გადაწყვეტილ დავაში მესამე პირის სახით რ. ფ-აც მონაწილეობდა და მას იქ სამკვიდრო ქონებაზე პრეტენზია არ განუცხადებია. საქმის დასრულების შემდეგ კი, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების შინაარსი უთუოდ ცნობილი იყო, სარჩელი აღძრა მხოლოდ რ. გ-ის მიმართ, რომელსაც სარჩელზე შესაგებელიც კი არ წარუდგენია.

24. აღნიშნულის გამო, სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ არ მიიჩნია რ. გ-ის განმარტება იმის თაობაზე, რომ სამკვიდრო ქონება აპელანტმაც მიიღო.

25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა რ. ფ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

26. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, არასწორად შეაფასა მოწმის ჩვენება, სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თობაზე, რომ 2004 წლის თებერვალში იგი იმყოფებოდა საქართველოში, დაესწრო მამის დაკრძალვას და თავისი ნება გამოხატა სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით, რაც იმაში გამოიხატა, რომ მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის დანაშთი ქონება და სხვა მემკვიდრეებთან შეთანხმებით დაკეტა სადავო სახლის ორი ოთახი, რომელიც დღესაც დაკეტილია. კასატორის განცხადებით აღნიშნულს ადასტურებენ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეები. ასევე დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთმა მოპასუხემ, კერძოდ, რ. გ-მა აღიდგინა რა მემკვიდრეობა, თავისი ნებით სამკვიდრო ქონებიდან ნაწილი სრულიად უსაყიდლოდ გადასცა ძმისშვილს, თეიმურაზ გ-ს. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, ანალოგიური გზით უნდა გადაეცა რ. გ-ს რ. ფ-ასათვის მამის დანაშთი ქონებიდან სამკვიდროს წილი. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს კი სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ მისცა შეფასება. აქედან გამომდინარე უსაფუძვლოა სასამართლოს მტკიცება, თითქოს დანარჩენ მოპასუხეებთან რ. გ-ს სამართლებრივი დავა ჰქონდა.

27. კასატორის განმარტებით, სამართლებრივი დავა მოპასუხეებს შორის წარმოიშვა რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც რ. გ-მა თ. გ-ს ყოველგვარი დავის გარეშე მისცა სამკვიდრო ქონებიდან წილი. ამ დავაში რ. ფ-ა ჩართული იყო მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და მას მემკვიდრეებთან შეთანხმებისამებრ სადავო არაფერი ჰქონდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ზემოხსენებული ორი ოთახი მას მიეცემოდა იმ ფორმით, რა ფორმითაც სამკვიდრო მიიღო თ. გ-მა.

28. ამრიგად, სასამართლოს მტკიცება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის უკვე გადაწყვეტილ დავაში მესამე პირის სახით რ. ფ-აც მონაწილეობდა და მას სამკვიდრო ქონებაზე პრეტენზია არ განუცხადებია, უსაფუძვლოა.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით რ. ფ-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

33. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც დასტურდებოდა მის მიერ მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტი.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

35. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მან მამის სამკვიდრო დანაშთი ქონება მიიღო ფაქტობრივი ფლობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში არსებული დოკუმენტები და მოწმეთა ჩვენებები. შესაბამისად, კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებს და თვლის, რომ კასატორის მხოლოდ მითითება მასზედ, რომ იგი ესწრებოდა მამის დაკრძალვას და გამოხატა საკუთარი ნება სამკვიდრო ქონების მიღებასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს მის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს.

36. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ სუსგ #ას-909-867-2013, 10 აპრილი, 2014 წ., სადაც განმარტებულია სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების სამართლებრივი წინაპირობები).

37. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ფ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (335 ლარის) 70% – 234,5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ. ფ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ რ. ფ-ას (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს მ. გ-ის (პ/ნ: ...) მიერ 2015 წლის 17 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 335 ლარის 70% – 234,5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე