Facebook Twitter

№ ას-1050-990-2015 1 აპრილი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - გ. ლ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ჟ. ბ-ე, ლ. ლ-ი, თ. მ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. ლ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ. ბ-ის, ლ. ლ-ის და თ. მ-ის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრში თ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული დუშეთის რაიონში, სოფ. მ-ეში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: #...) 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობა, ა. ლ-ის სამკვიდრო ქონებაზე ჟ. ბ-ისა და ლ. ლ-ის სახელზე ნოტარიუს ზ. ბ-ის მიერ 2011 წლის 29 ივნისს გაფორმებული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა 1/3 ნაწილში, ასევე დუშეთის რაიონში, სოფ. მ-ეში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: #...) ჟ. ბ-ეს, ლ. ლ-სა და თ. მ-ეს შორის 2011 წლის 5 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა 1/3 ნაწილში შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2. 2014 წლის 17 ნოემბერს გარდაიცვალა მამკვიდრებელი ა. ლ-ი. ა. ლ-ის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მეუღლემ - ჟ. ბ-ემ და შვილმა - ლ. ლ-მა 2011 წლის 29 ივნისს მიმართეს სანოტარო ბიუროს და მოითხოვეს ა. ლ-ის დანაშთი ქონების მიღება. ნოტარიუსის მიერ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა და გაიცა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა №110667085 ა. ლ-ის მთელ სამკვიდრო ქონებაზე.

3. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ლ. ლ-ი და ჟ. ბ-ე გახდნენ მამკვიდრებლის მთელი რიგი უძრავი ქონების და მათ შორის დუშეთის რაიონის სოფელ მ-ეში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები, რომელზეც ფაქტობრივ ფლობას მამის გარდაცვალების შემდეგ ახორციელებს მოსარჩელე.

4. მოსარჩელის განცხადებით, იმის გამო, რომ სამკვიდრო მოწმობა გაიცა მხოლოდ ორ მემკვიდრეზე და მასში არ იქნა გათვალისწინებული იმ მემკვიდრის წილი, რომელსაც ფაქტობრივი ფლობით ჰქონდა მიღებული სადავო ქონება, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებები უნდა შესულიყო მოსარჩელის წილის გათვალისწინებით.

5. ამასთან, მოსარჩელის განცხადებით, 2011 წლის 5 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ჟ. ბ-ემ და ლ. ლ-მა მიჰყიდეს თ. მ-ეს, რომელიც იყო ჟ. ბ-ის შვილიშვილი და ლ. ლ-ის ერთადერთი შვილი. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულება დადებული იყო მოჩვენებით და უნდა გაბათილებულიყო.

6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობის (ნოტარიუს ზ. ბ-ის 29.06.2011 წლის სანოტარო აქტი №110667085) გარდა არსებობდა დ. ლ-ისა და მოსარჩელე გ. ლ-ის 2010 წლის 31 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ისინი უარს აცხადებდნენ აწ გარდაცვლილი მამის, ა. ლ-ის სამკვიდრო ქონებაზე დის, ლ. ლ-ის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეთა აზრით, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა სამკვიდრო ქონებიდან 1/3 წილის მიკუთვნების შესახებ. ამასთან, მათი განცხადებით მოსარჩელე სამკვიდრო ქონებას არ ფლობდა ფაქტიურად. აღნიშნულ ქონებაში დღესაც ცხოვრობდა ლ. ლ-ი.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინებით გ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10. მოსარჩელის მამა, ა. ლ-ი გარდაიცვალა 2004 წლის 17 ნოემბერს. მას დარჩა კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები: მეუღლე - ჟ. ბ-ე და შვილები - გ. ლ-ი და ლ. ლ-ი.

11. ა. ლ-ის სამკვიდრო მასას შეადგენდა: 1) საცხოვრებელი ბინა, მდებარე, ქ. თბილისში, დ-ი, მე-... კვარტალი, კორპუსი #..., ბინა #... და 2) მიწის ნაკვეთები დუშეთის რაიონის სოფელი მ-ეში (ს/კ №...; ს/კ№...; ს/კ №...; ს/კ №...).

12. 2010 წლის 31 მარტს დ. და გ. ლ-ებმა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით უარი თქვეს აწ გარდაცვლილი მამის - ა. ლ-ის სამკვიდრო ქონებაზე დის, ლ. ლ-ის სასარგებლოდ.

13. 2010 წლის 1 აპრილისა (რეგ. №100306977) და 2011 წლის 29 ივნისის (რეგ. №110667085) სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე, ა. ლ-ის მთელი სამკვიდრო ქონება საკუთრებაში მიიღეს მოპასუხეებმა - ჟ. ბ-ემ და ლ. ლ-მა.

14. 2011 წლის 5 აგვისტოს ჟ. ბ-ეს, ლ. ლ-სა და თ. მ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, უძრავი ქონება, მდებარე, დუშეთის რაიონი, სოფელი მ-ე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., აღირიცხა თ. მ-ის საკუთრებაში.

15. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ გ. ლ-მა უარი თქვა მხოლოდ თბილისში, დ-ი, მე-... კვარტალი, კორპუსი №..., ბინა №...-ში მდებარე სამკვიდრო ქონებაზე.

16. პალატამ სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე განმარტა, რომ სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამდენად, დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მან 2010 წლის 31 მარტის განცხადებით უარი თქვა არა მთლიან, არამედ, მხოლოდ თბილისში, დიღმის მასივში მდებარე სამკვიდრო ქონებაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით ასეთი შინაარსი (ნება) მითითებული განცხადებიდან არ გამომდინარეობდა.

17. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 31 მარტს გ. ლ-მა სამკვიდრო ქონებაზე უარის თქმის შესახებ ნება გამოხატა ნოტარიუსთან. ამდენად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდებოდა, რომ სახეზე იყო ნების გამოვლენის ნამდვილობა და დასტურდებოდა, რომ ნოტარიუსმა შეამოწმა ხელმომწერი პირის ქმედუნარიანობა, გარიგების დადების ნების ნამდვილობა და ისე დაამოწმა იგი, რაც მოწინააღმდეგე მხარემ უტყუარი მტკიცებულებებით ვერ გააბათილა.

18. რაც შეეხება სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ გ. ლ-ის პრეტენზიას, სასამართლომ იხელმძღვანელა 1421-ე, 1424-ე მუხლებით, შეაფასა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებები და დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობდა გ. ლ-ის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. სააპელაციო სასამართლოს რწმენას იმის შესახებ, რომ გ. ლ-მა ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის დანაშთი ქონება, ამყარებდა ის გარემოებაც, რომ სამკვიდრო მოწმობა მოპასუხეების მიმართ გაიცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გ. ლ-მა სანოტარო წესით თქვა უარი სამკვიდრო ქონებაზე.

19. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1447-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა გ. ლ-ის მიერ სანოტარო წესით გამოვლენილი ნება - სამკვიდროზე უარის თქმა თავისი დის, ლ. ლ-ის სასარგებლოდ. პალატის მოსაზრებით, გ. ლ-ის მიერ გამოვლენილი ნება მამის, ა. ლ-ის დანაშთი ქონებიდან მის მიერ მიღებული წილის განკარგვის შესახებ, იყო ნამდვილი და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან, ნების გამოვლენა მოხდა ნოტარიუსის თანდასწრებით. ამასთან, რამდენადაც, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის მომენტისათვის გასული იყო კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 6 თვიანი ვადა, პალატამ მიიჩნია, რომ განცხადებაში აღნიშნული ნება განმარტებული უნდა ყოფილიყო არა როგორც გ. ლ-ის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმად, არამედ, როგორც მის მიერ უკვე მიღებული და საკუთრებაში გადმოსული ქონების (სამკვიდრო მასიდან მისი წილის) განკარგვად უნაცვალგებოდ, უსასყიდლოდ გადაცემად თავისი დის სასარგებლოდ.

20. სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლზე დაყრდნობით პალატამ აღნიშნა, რომ გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, შინაარსობრივი თვალსაზრისით, გ. ლ-ის მიერ სამკვიდროზე უარის თქმა დის სასარგებლოდ, შეიძლებოდა განმარტებულიყო, როგორც ჩუქების ხელშეკრულება, რადგან ნების გამოვლენის სუბიექტს სურდა, უნაცვალგებოდ გადაეცა თავისი კუთვნილი ქონება დისთვის. ამასთან, სახეზე იყო სანოტარო წესის დაცვა, ქონების უსასყიდლოდ გადაცემა და ორივე მხარის თანხმობა (ლ. ლ-მა თანხმობა გამოხატა ქონების საკუთრებაში მიღებით).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გ. ლ-ის მიერ 2010 წლის 31 მარტს სანოტარო ბიუროში შეტანილი განცხადება, რომლითაც, თითქოსდა, მან უარი განაცხადა თავისი მამის ა. ლ-ის დანაშთ ქონებაზე დის, ლ. ლ-ის სასარგებლოდ, წარმოადგენდა არა სამკვიდროს მიღებაზე უარს დის სასარგებლოდ, არამედ მის მიერ უკვე მიღებული და საკუთრებაში გადმოსული ქონების (მამის დანაშთი ქონების 1/3 წილის) განკარგვას, უსასყიდლოდ გადაცემას თავის დისადმი. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქონება სავსებით კანონიერად წარმოადგენდა ლ. ლ-ისა და ჟ. ბ-ის საკუთრებას.

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ლ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

23. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სასამართლოს საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების შეჯამების შედეგად დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ გ. ლ-ის მიერ 2010 წლის 31 მარტს შედგენილი განცხადება, რომელიც დამოწმდა ნოტარიუს ზ. ბ-ის მიერ, შეეხებოდა მხოლოდ დის სასარგებლოდ აწ გარდაცვლილი მამის, ა. ლ-ის სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე თბილისში დ-ი მე-... კვარტალი, კორპუსი №..., ბინა №... უარის თქმას. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად უნდა ეცნო, რომ ზემოაღნიშნული განცხადება წარმოადგენდა მის მიერ უკვე მიღებული და საკუთრებაში გადმოსული ქონების განკარგვას - უსასყიდლოდ გადაცემას თავის დისადმი და უსასყიდლოდ გადაცემა ეხებოდა არა მთლიან სამკვიდრო ქონებას, არამედ მხოლოდ თბილისში, დ-ი მე-... კვარტალი, კორპუსი №..., ბინა ...-ში მდებარე უძრავ ქონებას.

24. დადგენილია, რომ ნოტარიუს ზ. ბ-ს ჟ. ბ-ემ და ლ. ლ-მა ა. ლ-ის დანაშთ ქონებაზე მდებარე, თბილისი, დ-ი, მე-... კვარტალი, კორპ. №..., ბინა №..., სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით მიმართეს 2010 წლის 1 აპრილს, რაზეც იმავე დღეს გაიცა სამკვიდრო მოწმობა. ამდენად, მოპასუხეებმა ნოტარიუსს მიმართეს არა აწ გარდაცვლილი ა. ლ-ის მთელ ქონებაზე ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გ. ლ-ის მიერ 2010 წლის 31 მარტით დათარიღებული განცხადება შედგენილია 1 დღით ადრე, ვიდრე მოპასუხე მიმართავდა ნოტარიუსს კონკრეტულ სამკვიდროზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ. ამასთან, განცხადება მოთავსებულია ამ კონკრეტული ქონების შესახებ სამკვიდროს მიღების შესახებ ნაწარმოებ სანოტარო საქმეში. რაც შეეხება ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობას, რის საფუძველზეც მოპასუხე გახდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, აღნიშნული სამკვიდრო მოწმობა გაცემულია 2011 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 1 წლის შემდეგ. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ 2010 წლის 31 მარტის განცხადება სამკვიდროზე უარის თქმის შესახებ მოიაზრებდა მთლიან სამკვიდროზე უარის თქმას, ლოგიკურია, რომ მოპასუხეები თავიდანვე, 2010 წლის 1 აპრილის განცხადებაშივე მოითხოვდნენ მთლიან და, მათ შორის, სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემას, რაც არ გაუკეთებიათ, ვინაიდან, მათ კარგად იცოდნენ, რომ განცხადება შეეხებოდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქონებაზე დის სასარგებლოდ უარის თქმას.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ 319-300-2010, 24 მაისი, 2010წ., სადაც განმარტებულია მემკვიდრის მიერ კუთვნილი სამკვიდროს მიღების შემდეგ სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ სამკვიდროზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები).

31. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 334 ლარის 70% – 233,8 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ გ. ლ-ს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს ნ. ყ-ის (პ/ნ: ...) მიერ 2015 წლის 18 აგვისტოს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 334 ლარის 70% – 233,8 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე