Facebook Twitter

საქმე№ას-201-190-2016 11 მაისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჰ-ი" ( მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს +" (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტულების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ს +"-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მენარდის საზღაურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „ჰ-მა" სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს +" –ს მიმართ მენარდის საზღაურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. ასევე, შეგებებული სარჩელი აღძრა შპს „ს +" – მა შპს „ჰ-ის" მიმართ თანხის დასკისრების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ჰ-ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ს +" -ს შპს „ჰ-ის" სასარგებლოდ დაეკისრა 312690.43 ლარის გადახდა; შპს „ჰ-ს" უარი ეთქვა მოპასუხისათვის 38191.57 ლარის დაკისრებაზე; შპს „ს +" -ს შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ჰ-ს" შპს „ს +" -ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 103610.84 ლარის ოდენობით; შპს „ს +" -ს შეგებებული სარჩელი 257 318.11 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ს +" – მა და შპს „ჰ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ს +" ს სააპელაციო საჩივარი და შპს „ჰ-ის" შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ს +" -ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ს +" –ს შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ჰ-ს" დაეკისრა 51463.62 ლარის გადახდა შპს „სს +"ს სასარგებლოდ; შპს „ჰ-ს" დაეკისრა 14505.21 ლარის გადახდა შპს „ს +" -ს სასარგებლოდ; შპს „ს +"-ისათვის 312690.43 ლარის გადახდის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; შპს „ს +"–ს დაეკისრა 5150 ლარის გადახდა შპს „ჰ-ის" სასარგებლოდ; შპს „ს +" -ს დაეკისრა 3564.22 ლარის გადახდა შპს „ჰ-ის" სასარგებლოდ; შპს „ს +"-ს დაეკისრა 750 ლარის გადახდა შპს „ჰ-ის" სასარგებლოდ; შპს „ჰ-ს" დაეკისრა 3747.5 ლარის გადახდა შპს „ს +"-ს სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს „ჰ-მა" შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტულების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ს +"-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით შპს „ჰ-ის" საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში შპს „ჰ-ის" მიერ რ. პ-ის სახელზე გაცემული მინდობილობისა და სახელმწიფო ბაჟის – 2573.181 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

2016 წლის 31 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ჰ-ის" წარმომადგენელმა რ. პ-ემ წარმოადგინა კასატორის მიერ გაცემული მინდობილობა და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 2 კვირით გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით შპს „ჰ-ის" წარმომადგენელ რ. პ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით – 2573.181 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ჰ-ის" საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით შპს „ჰ-ის" წარმომადგენელ რ. პ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 2573.181 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმოამდგენელ რ. პ-ეს (იხ. რწმუნებულება ტ.IV, ს.ფ.298) ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2016 წლის 20 აპრილს (იხ.შეტყობინების აქტი ტ. IV, ს.ფ.308).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივრის თაობაზე დადგენილი ხარვეზის განჩინება სახელმწიფო ბაჟს შეეხებოდა, შეტყობინების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) ჩაბარება კანონის დანაწესებთან შესაბამის ქმედებას წარმოადგენს და ეს შეტყობინება, კანონის ძალით, მისი განხორციელების დღეს - 2016 წლის 20 აპრილს ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2016 წლის 21 აპრილს და ამოიწურა 2016 წლის 25 აპრილს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჰ-ის" საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური