Facebook Twitter

საქმე №ას-340-325-2016 11 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა-ი პალასის" წევრები შპს „ა-ი", შ. ბ-დ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

დ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა-ი პალასის" წევრების შპს „ა-ის" და შ. ბ – დ-ის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა-ი პალასის" წევრებმა შპს „ა-მა" და შ. ბ-დ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინებით ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა-ი პალასის" წევრების შპს „ა-ის" და შ. ბ-დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა-ი პალასის" წევრებმა შპს „ა-მა" და შ. ბ-დ-მა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა-ი პალასის" წევრების შპს „ა-ის" და შ. ბ-დ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა-ი პალასის" წევრებს შპს „ა-ს" და შ. ბ-დ-ს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის და შპს „ა-ის“ მიერ ნ. უ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა-ი პალასის" წევრების შპს „ა-ის" და შ. ბ-დ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა-ი პალასის" წევრების შპს „ა-ის" და შ. ბ-დ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა-ი პალასის" წევრებს შპს „ა-ს" და შ. ბ-დ-ს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის და შპს „ა-ის“ მიერ ნ. უ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ უზენაესი სასამართლოს განჩინება კასატორებს გაეგზავნათ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდათ 2016 წლის 21 აპრილს (იხ.ხელწერილი ტ. II ს.ფ.118-121).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 22 აპრილს და დასრულდა ამავე წლის 28 აპრილს. საკასაციო საჩივრის ავტორებს ამ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა-ი პალასის" წევრების შპს „ა-ის" და შ. ბ-დ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური