№ას-65-59-2015 20 მაისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს „ტ-ი“, ბ. დ-ი, მ. ფ-ა, მ. ც-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შ. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება შპს „ტ-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შპს „ტ-ისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 7 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და საქმის წარმოების განახლება; ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ტ-ის“, ბ. დ-ის, მ. ფ-ასა და მ. ც-ის საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. დ-ის, შპს „ტ-ის", მ. ფ-ასა და მ. ც-ის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:
2. შეწყდეს შპს „ტ-სა“ და შ. ბ-ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება და შპს „ტ-ს“ შ. ბ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1 278 092 ლარი, ასევე სარჩელის წარდგენიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, დამატებით ყოველთვიურად, სესხის ძირი თანხის 621 426 ლარის 1.5 %-ის გადახდა. მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგნაირად: შ. ბ-ემ შპს „ტ-ს“ მრავალსართულიანი სახლის მშენებლობისათვის სხვადასხვა დროს გადასცა სხვადასხვა ოდენობის კრედიტი. საბოლოო ჯამში შპს „ტ-ს“ მოსარჩელის მიმართ ერიცხება 641 426 ლარის დავალიანება. დასახელებული დავალიანება იზრდება ყოველთვიურად სარგებელის დარიცხვით. იგი შედგება შ. ბ-ის მიერ საწარმოსათვის გაცემული კრედიტისა და მასზე დარიცხული სარგებელისაგან. სარჩელის აღძვრამდე კრედიტზე დარიცხული სარგებელისა და ძირითადი თანხის ჯამი შეადგენს 1 278 092 ლარს. მოსარჩელის აზრით, დასახელებული ოდენობის თანხა შპს „ტ-მა“ უნდა გადაუხადოს მას. ასევე გადაწყვეტილების აღსრულებამდე შპს „ტ-ს“ უნდა დაეკისროს ძირი თანხის 621 426 ლარის 1.5 % ყოველთვიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
3. შესრულებულად იქნას აღიარებული შპს „ტ-ის “ 2008 წლის 26 სექტემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება შემდეგ ნაწილში და წესით: მოსარჩელე შ. ბ-ისათვის კომპენსაციის სახით გადასახდელი 456.199 ლარიდან, შპს „ტ-ის“ 2008 წლის შუალედური მოგებიდან პარტნიორ ბ. დ-ზე გადაცემულად ჩაითვალოს დივიდენდი - 97 400 ლარი; მ. ფ-აზე - 50 000 ლარი. ბ. დ-ს საკუთრებაში გადაეცეს უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ... №16-3 ბინები (საერთო ფართით 329კვ.მ). მ. ფ-ას საკუთრებაში გადაეცეს უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ... №3 ბლოკის (საერთო ფართი 382.7 კვ.მ) ბინა. ბ. დ-ის კუთვნილი წილი 23.3 % (თანხობრივად 466) ლარი საკუთრებაში გადაეცეს შ. ბ-ეს. მ. ფ-ას კუთვნილი წილი 23.3% (თანხობრივად 466 ლარი) საკუთრებაში გადაეცეს შ. ბ-ეს. მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგნაირად: შპს „ტ-ის“ 2008 წლის 26 სექტემბრის პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე. მიუხედავად შეთანხმებისა, მოპასუხეებმა აღარ შეასრულეს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, მათ შორის მოსარჩელეს აღარ გადასცეს წილები. თუმცა დივიდენდი და უძრავი ქონება მიიღეს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კრების გადაწყვეტილება კანონიერია და იგი უნდა შესრულდეს. ამ მიზნით წარმოადგინა აღიარებითი სარჩელი და მოითხოვს სასამართლომ შესრულებულად ცნოს შპს „ტ-ის“ 2008 წლის 16 სექტემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება;
4. შპს „ტ-ს“, შ. ბ-ის სასარგებლოდ კრედიტის გაუსტუმრებლობით განცდილი და მოსალოდნელი ზიანის სახით დაეკისროს 54 762 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგნაირად: მოპასუხემ დროულად არ გადაუხადა კრედიტის სახით მისგან მიღებული თანხები, რის გამოც მან და მისი ოჯახის წევრებმა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირებისაგან და საკრედიტო დაწესებულებებიდან ისესხეს თანხები. სესხის დასაფარავად მან გაზარდა სარგებელი, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 54 762 ლარი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დასახელებული ზიანი მას მიადგა შპს „ტ-ის“ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, რის გამოც მოითხოვს მის ანაზღაურებას;
5. მოპასუხე ბ. დ-ის შპს „ტ-ის“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს 948 540 ლარის გადახდა. ასევე მიუღებელი შემოსავალის სახით 282 562 ლარის გადახდა. მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგნაირად: შპს „ტ-ს“ გააჩნდა შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება 230 539 ლარის ოდენობით. ბ. დ-ი იყო რა საწარმოს დირექტორი, მას ვალდებულება გააჩნდა ეზრუნა საწარმოს აქტივების გასხვისებით საგადასახადო ვალდებულების დაფარვაზე. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ბ. დ-მა არ იზრუნა იძულებითი აუქციონის თავიდან არიდებაზე და შედეგად 1 176 540 ლარის ღირებულების 1083.43 კვ.მ ფართი იძულებითი აუქციონზე გაიყიდა 228 000 ლარად, რითაც საწარმომ დაკარგა 948 540 ლარი. მიუღებელი შემოსავლის სახით კი დაკარგა 282 562 ლარი;
6. შპს „ტ-ის“ პარტნიორებს, ბ. დ-სა და მ. ფ-ას შ. ბ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად კომპენსაციის სახით დაეკისროთ 194 999 ლარის გადახდა. ასევე მიუღებული შემოსავლის, 364 959 ლარის გადახდა. მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგნაირად: ბ. დ-მა და მ. ფ-ამ მოსარჩელეს არ მისცეს საშუალება სრულყოფილად ემართა საწარმო და ჩამოაშორეს საწარმოს მართვას. მათ არ იზრუნეს საგადასახადო დავალიანების დაფარვაზე და ამან გამოიწვია ის, რომ 1 176 540 ლარის ღირებულების 1083.48 კვ.მ ფართი იძულებით აუქციონზე გაიყიდა 228 000 ლარად, რითაც საწარმომ იზარალა 948 540 ლარით. გარდა ამისა, საცხოვრებელი ბინის ფართები დ. ჯ-სა და ა. ს-ას მიყიდეს 572 125.68 ლარით იაფად, ორივე თანხის საწარმოს სალაროში შეცვლით საწარმო მიიღებდა 1 520 665.6 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, პარტნიორებმა გამოიყენეს თავიანთი დომინანტური მდგომარეობა და დააზარალეს ის, ვინაიდან ამ თანხის საწარმოში შესვლით მიიღებდა დივიდენდის 30 %-ს. ამრიგად, მოსარჩელემ მოითხოვა ამ თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრება;
7. შპს„ტ-ს“ შ. ბატაძის სასარგებლოდ დაეკისროს გაუცემელ და მიუღებელ ხელფასზე დარიცხული საურავის 272 998.21 ლარის გადახდა და გაუცემელი ხელფასის 22 500 ლარის გადახდა. მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგნაირად: 1998-2004 წლებში ხელფასის სახით დაერიცხა 101 520 ლარი. დასახელებული თანხა აიღო 2009 წლის 10 ივნისს. შპს „ტ-ი“ ვალდებული იყო მისთვის ხელფასი გადაეხადა დროულად. მიუხედავად ამისა, არ გადაუხადა 2009 წლის 10 ივნისამდე. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა დაერიცხოს საურავი 0.07 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 210 797.31 ლარს. 2004 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 4 აგვისტომდე ხელფასის სახით დაერიცხა 22 500 ლარი, რაც აღებული არ აქვს. ამ თანხას უნდა დაერიცხოს 0.07 %, რაც შეადგენს 39 700 ლარს. დარიცხვა უნდა გაგრძელდეს სრულ ანაზღაურებამდე;
8. შპს „ტ-ს“ შ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისროს გაუცემელი ხელფასის 0.07 % საურავის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სარჩელის წარდგენიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგნაირად: 2004 წლის 1 იანვრის შემდეგ ხელფასი 22 500 ლარი მიღებული არ აქვს. მოსარჩელემ მოითხოვა ამ თანხას 0.07% საურავი დაერიცხოს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
9. შპს „ტ-ს“ შ. ბ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს აუდიტორული მომსახურებისათვის შპს „ბაკაშვილი და კომპანიასთვის“ გადახდილი 20 000 ლარი. მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგნაირად: შპს „ბაკაშვილი და კომპანიამ“ შპს „ტ-ისათვის“ მოამზადა აუდიტის დასკვნა. დასკვნის მომზადებაში შ. ბ-ემ გადაიხადა საკუთარი ფული 20 000 ლარი. მოსარჩელემ მოითხოვა დასახელებული თანხის გადახდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
10. ბ. დ-მა, შპს „ტ-მა", მ. ფ-ამ და მ. ც-ემ შეგებებული სარჩელი აღძრეს შ. ბ-ის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:
11. შ. ბ-ეს შპს „ტ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საწარმოს მიმართ არსებული დავალიანების თანხის 73 873 ლარის გადახდა. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებმა აღნიშნული მოთხოვნა დაასაბუთეს შემდეგნაირად: შ. ბ-ეს საწარმოდან მიღებული აქვს 73 873 ლარი. საბუღალტრო დოკუმენტებში მითითებული არ არის თუ რისთვის აქვს თანხა მიღებული;
12. შ. ბ-ეს დაეკისროს შპს „ტ-ისათვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1 403 628.21 ლარისა და 992 440 აშშ დოლარის ოდენობით. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებმა აღნიშნული მოთხოვნა დაასაბუთეს შემდეგნაირად: შპს „ტ-ს“ გააჩნდა შესასრულებებლი საგდასახადო ვალდებულება 230 539 ლარის ოდენობით. დასახელებული თანხა გადასახდელად წარმოეშვა შ. ბ-ის დირექტორობის პერიოდში საწარმოს არაგონივრული მართვის გამო, ასევე დეკლარაციების დაგვიანებით წარდგენის გამო. აღნიშნულის გამო, შპს „ტ-ის“ ქონება საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით დაყადაღებული და რეალიზებული იქნა იძულებით აუქციონზე. ქონება აუქციონზე გაიყიდა თვითღირებულებაზე 688 932 ლარით იაფად. შ. ბ-ემ შ. მ-ეს 992 440 აშშ დოლარით იაფად მიყიდა ფართი, რითაც საწარმო აზარალა დასახელებული თანხით. შ. ბ-ემ შ. მ-ისაგან მიიღო 257 108.21 ლარი. დასახელებული თანხა ბ-მას სალაროში არ შეუტანია და არც დანიშნულებით გამოუყენებია, რის გამოც მოითხოვა ამ თანხის მასზე დაკისრებას. შ. ბ-ემ დირექტორობის პროცეში სწორად არ ასახა მოზიდული თანხები. მათ დაარიცხა სარგებელი და ამით გაზარდა საწარმოს მიმართ თავისი კრედიტორული დავალიანება 369 860 ლარით. უძრავი ქონება გაასხვისა ლ. დ-ეზე და ნ. ბ-ეზე. ნასყიდობის რეალურად გადახდილსა და საბუღალტრო დოკუმენტებში აღრიცხული თანხის სხვაობამ შეადგინა 44 720 ლარი. საერთო ჯამში თითოეული თანხა ერთად შეადგენს 1 403 628.21 ლარს და 992 440 აშშ დოლარს;
13. შ. ბ-ეს შპს „ტ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ საწარმოზე მიყენებული ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით 488 500 ლარის და 337 413 აშშ დოლარის, ასევე გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდში ყოველდღიურად 9924 აშშ დოლარის და 4437 ლარის ოდენობით. შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეებმა აღნიშნული მოთხოვნა დაასაბუთეს შემდეგნაირად: შ. ბ-ის მიერ საწარმოსათვის მიყენებული ზიანის თანხის დაკარგვით საწარმომ განიცადა ზარალი მიუღებელი შემოსავალის სახით, რომლის 1% ყოველდღიურად შეადგენს 9 924 აშშ დოლარს და 4437 ლარს, სულ 488 500 ლარს და 337 416 აშშ დოლარს;
14. ბათილად იქნას ცნობილი 2012 წლის 12 ოქტომბერს შ. ბ-ის მიერ მომზადებული და მხოლოდ მისი ხელმოწერით საჯარო რეესტრში წარდგენილი შპს „ტ-ის“კრების ოქმი. შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეებმა აღნიშნული მოთხოვნა დაასაბუთეს შემდეგნაირად: შ. ბ-ემ ამხანაგობა შპს „ტ-ის“ განმეორებითი კრება მოიწვია ქ. ბათუმში გ-ოს დასახლებაში საკუთარ სახლში. კრებაზე მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდა მ. ც-ე, მ. ფ-ას წარმომადგენელი ნ. ა-ე და ბ. დ-ის წარმომადგენელი კ. ფ-ი. შ. ბ-ემ ისინი არ დაუშვა კრებაზე იმ მოტივით, რომ მ. ც-ე არ იყო საწარმოს პარტნიორი, ხოლო კ. ფ-სა და ნ. ა-ეს არ ჰქონდათ სათანადო მინდობილობა, რომლითაც ისინი მონაწილეობას მიიღებდნენ გადაწყვეტილების მიღებაში. მიუხედავად ამისა, მათ შეადგინეს ოქმი და კრება დაასრულეს გადადებით, მაგრამ მათი წამოსვლის შემდეგ შ. ბ-ემ შეადგინა ახალი ოქმი და ამ ოქმით გადაწყვიტა რიგი საკითხები, მათ შორის დირექტორის დანიშვნის, დივიდენდის განაწილებისა და წილების გასხვისების საკითხი. მოპასუხეები მიიჩნევენ,რომ კრების ოქმი ეწინააღმდეგება კანონს და მოითხოვენ მის ბათილად ცნობას.
15. ძირითადი და შეგებებული სარჩელით მოპასუხეებმა მოწინააღმდეგე მხარის სასარჩელო მოთხოვნები არ ცნეს.
16. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ერთის მხრივ შ. ბ-ის, ხოლო, მეორეს მხრივ, ბ. დ-ის, შპს „ტ-ის", მ. ფ-ასა და მ. ც-ის სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „ტ-ს“ შ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ შპს „ტ-ში“ შეტანილი 621 426 ლარის გადახდა; შ. ბ-ეს უარი ეთქვა ამ ნაწილში 656 666 ლარის დაკისრებაზე, ასევე გადაწყვეტილების აღსრულებამდე 1.5 % სარგებლის დაკისრებაზე; შ. ბ-ეს უარი ეთქვა აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, 2008 წლის 26 სექტემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულებულად აღიარებაზე უსაფუძვლობისა და იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო; შპს „ტ-ს“ შ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 621 426 ლარის გადახდის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 13 177.86 ლარის ოდენობით; ამ ნაწილში სხვა თანხების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; ბ. დ-ს შპს „ტ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 682 123 ლარის ოდენობით; შ. ბ-ის სარჩელი ბ. დ-ისა და მ. ფ-ას მიმართ სოლიდარულად კომპენსაციის თანხისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; შ. ბ-ის სარჩელი მიუღებელი ხელფასის ნაწილში და ხელფასის დაყოვნებისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებლის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; შ. ბ-ის სარჩელი მიუღებელ ხელფასზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საურავის 0.07%-ის დარიცხვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; შ. ბ-ის სარჩელი აუდიტორული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 20 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; შ. ბ-ის სარჩელი შპს „ტ-ის“ სასარგებლოდ ბ. დ-ის და მ. ფ-ას მიმართ 572 125.68 ლარის და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში (ა. ს-ასათვის და დ. ჯ-ისათვის ფართების იაფად რეალიზაციით დამდგარი ზიანის ნაწილი) არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შ. ბ-ეს, შპს „ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 73 873 ლარის გადახდა; შპს „ტ-ის“ ბ. დ-ის, მ. ფ-ას და მ. ც-ის სარჩელი შ. ბ-ეზე საწარმოსთვის მიყენებული ზიანის (საგადასახადო ვალდებულების, შ. მ-ისათვის ქონების იაფად გასხვისების გამო, მოზიდული თანხების ბუღალტერიაში არ ასახვითა და უძრავი ქონების ნასყიდობის ფასების სხვაობის ნაწილში) ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; შ. ბ-ეს შპს „ტ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 257 108.21 ლარის გადახდა; შპს „ტ-ის“ ბ. დ-ის, მ. ფ-ას და მ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა შ. ბ-ეზე მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ტ-ის“ 2012 წლის 12 ოქტომბრის კრების ოქმი.
17. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. დ-მა, შპს „ტ-მა", მ. ფ-ამ, მ. ც-ემ და შ. ბ-ემ.
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ. ბ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „ტ-ისა" და ბ. დ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; შ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და შ. ბ-ისათვის შპს „ტ-ის", ბ. დ-ის, მ. ფ-ასა და მ. ც-ის სასარგებლოდ 5000 ლარის დაკისრების ნაწილში; შპს „ტ-ის", ბ. დ-ის, მ. ფ-ასა და მ. ც-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ. ბ-ის სარჩელი შპს „ტ-ისათვის" შ. ბ-ის სასარგებლოდ თანხისა და სარგებლის დაკისრების, მიუღებელი ხელფასისა და მიუღებელ ხელფასზე პროცენტის დაკისრების, ბ. დ-ისათვის შპს „ტ-ის" სასარგებლოდ თანხის დაკისრებისა და შპს „ტ-ისათვის" შ. ბ-ის სასარგებლოდ აუდიტორული მომსახურებისათვის გადახდილი 20 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში; გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შ. ბ-ეს უარი ეთქვა აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, 2008 წლის 26 სექტემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულებულად აღიარებაზე, გადახდის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე და ბ. დ-ისა და მ. ფ-ას მიმართ შ. ბ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად კომპენსაციის თანხისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე დარჩა უცვლელი; შ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხისა, შპს „ტ-ს" შ. ბ-ის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა სესხზე დარიცხული სარგებლის 656 666 ლარისა და 2012 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 621 426 ლარის 1,5%-ის გადახდა; შპს „ტ-ს" შ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის 22 500 ლარისა და 2009 წლის 1 ივნისიდან ამ თანხის გადახდამდე, ყოველდღიურად 22 500 ლარის 0.07%-ის გადახდა; შპს „ტ-ს" შ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა; გარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხისა ბ. დ-ს შპს „ტ-ის" სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 838 542 ლარისა და 60 თეთრის გადახდა; შპს „ტ-ს" და ბ. დ-ს შ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 5000 ლარის გადახდა.
19. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
20. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ ბ. დ-ისა და შპს ტ-ის წარმომადგენლები, ასევე, მ. ფ-ა და მ. ც-ე, რომლებიც სხდომის თაობაზე გაფრთხილებულნი იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
21. 2014 წლის 16 ოქტომბერს, ანუ საქმის ზეპირი განხილვის წინა დღეს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ბ. დ-ის რწმუნებულმა, კ. ფ-მა და მოითხოვა სასამართლოს სხდომის გადადება.
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
23. სხდომაზე გამოცხადებულმა შ. ბ-ემ იშუამდგომლა გამოუცხადებელ მხარეთა მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. ამ ნორმის საფუძველზე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ დადგინდება, რომ გამოუცხადებელ მხარეს ჰქონდა საქმის ზეპირ განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
25. სასამართლომ ბ. დ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობაში მითითებული სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, რომ იგი, ამავე დღის 11 საათზე მონაწილეობას იღებდა საქმის განხილვაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში, არ მიიჩნია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად და აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვა დანიშნული იყო 14 საათსა და 30 წთ-ზე, ე.ი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დანიშნული საქმის განხილვის დაწყებიდან 3 სთ-სა და 30 წთ-ის შემდეგ. თუ ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დასრულდებოდა მისი დაწყებიდან 1 საათიდან 2 საათამდე შუალედში, რაც სავსებით გონივრულია, შუამდგომლობის ავტორი მოახერხებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, თუნდაც რამდენიმე წუთის დაგვიანებით გამოცხადებას. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები კი შუამდგომლობის ავტორს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
26. პალატამ აქვე აღნიშნა, რომ სასამართლოსთვის უცნობი იყო შპს „ტ-ის“ წარმომადგენლის, მ. ფ-ასა და მ. ც-ის საქმის ზეპირ განხილვაზე გამოუცხადებლობის მიზეზი. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. დ-ისა და შპს ტ-ის სააპელაციო საჩივრებთან მიმართებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა და, ამიტომ, ბ. დ-ისა და შპს ტ-ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
27. ამავდროულად, პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
29. მომჩივანის ახსნა-განმარტების საფუძველზე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, არსებობდა შ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
30. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრეს მ. ც-ემ, შ. ბ-ემ, მ. ფ-ამ, შპს „ტ-მა" და ბ. დ-მა.
31. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28 ნოემბრის განჩინებით მ. ც-ის, შ. ბ-ის, მ. ფ-ას, შპს „ტ-ისა" და ბ. დ-ის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „ტ-ის" სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შპს „ტ-ისათვის" სახელმწიფო ბიუჯეტის 7000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში დარჩა ძალაში; დანარჩენ ნაწილში გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; განახლდა საქმის წარმოება შ. ბ-ისა და ბ. დ-ის სააპელაციო საჩივრების გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებაზე.
32. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
33. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის სხდომის შესახებ ეცნობათ შ. ბ-ეს, ბ. დ-ს, შპს ტ-ს და მ. ფ-ას.
34. სხდომის თარიღის შესახებ უწყება გაეგზავნა მ. ც-ესაც, თუმცა არ ჩაბარებია.
35. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, სასამართლოს სხდომის თაობაზე უთუოდ იყო ინფორმირებული მ. ც-ის წარმომადგებელი, კ. ფ-ი, მაგრამ მას სასამართლოს გზავნილი, როგორც მ. ც-ის წარმომადგენელს არ გაგზავნია.
36. ბ. დ-ის მშობელი, 1922 წლის 10 მაისს დაბადებული ცირა დარჩია არის მძიმედ ავად, იგი მწოლიარეა და საჭიროებს მუდმივ მომვლელს.
37. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტისა და 241-ე მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, ხოლო უკვე გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თუ სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პალატამ დაადგინა, რომ ბ. დ-ის წარმომადგენელმა სასამართლოს აცნობა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ და წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები.
39. სასამართლომ სხდომაზე ბ. დ-ის გამოუცხადებლობა მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით საპატიოდ მიიჩნია.
40. პალატამ დაადგინა, რომ შ. ბ-ის სააპელაციო საჩივარზე მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენდა შპს ტ-ი, ბ. დ-ი, მ. ფ-ა და მ. ც-ე. ეს სააპელაციო საჩივარი მიმართული იყო, როგორც მოწინააღმდეგე მხარისათვის თანხის დაკისრების, ასევე, მათი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისაკენ.
41. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარეთაგან ერთ-ერთი - მ. ც-ე - სასამართლოს სხდომის თაობაზე არ იყო ინფორმირებული კანონით დადგენილი წესით, ხოლო მეორე მოწინააღმდეგე მხარის, ბ. დ-ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში უნდა გაუქმებულიყო და ამ ნაწილში უნდა განახლებულიყო საქმის წარმოება.
42. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ შპს „ტ-ის“ წარმომადგენელს სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ მიუთითებია. ხოლო ის გარემოება, რომ ბ. დ-ის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სხდომის გადადების შესახებ, არ შეიძლებოდა სხვა სააპელაციო საჩივრის ავტორის, შპს „ტ-ის“ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიჩნეულიყო.
43. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე შპს „ტ-მა", ბ. დ-მა, მ. ფ-ამ და მ. ც-ემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ტ-ის", ბ. დ-ის, მ. ფ-ასა და მ. ც-ის საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ. ასევე მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება შპს „ტ-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შპს „ტ-ისათვის" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 7 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და საქმის წარმოების განახლება.
44. საკასაციო საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული ორი გარემოება. კერძოდ, მ. ც-ე არ იყო მოწვეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო კ. ფ-ის და მისი მარწმუნებლის გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილი იყო. ორივე ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ დადგენილად ცნო და ისინი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძვლად იქნა მიჩნეული, თუმცა სასამართლომ აღნიშნული არ მიიჩნია დაუსწრებელი გადაწყვეტილების სრულად გაუქმების საფუძვლად, რაც კასატორების აზრით, დაუსაბუთებელია.
45. კასატორების განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლები მართალია პირდაპირ არ მიუთითებენ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუშვებლობის შესახებ, თუმცა მოცემული გამომდინარეობს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი გაუქმების საფუძვლების არსიდან. მხარეები, როგორც წესი, საქმეში მონაწილეობენ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმე შეეხება მათ ინტერესებს და საქმის შედეგი პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას ახდენს მათ ქონებრივ თუ პირად უფლება-მოვალეობებსა და ინტერესებზე. სწორედ ამ ნიშნით იყო დასახელებული მხარეებად შპს „ტ-ი“, ბ. დ-ი, მ. ც-ე, მ. ფ-ა და შ. ბ-ე. ყველა მხარე აღიარებდა და ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია რომელიმე მხარის მონაწილეობის სათანადოობა პროცესში, შესაბამისად, რა ნაწილშიც არ იქნა დაკმაყოფილებული შპს „ტ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, საჩივარი თანაბრად შეეხებოდა როგორც შპს „ტ-ს“, ასევე ბ. დ-ს და მ. ც-ეს, რომელთა გამოუცხადებლობა საპატიოდ იქნა მიჩნეული სასამართლოს მიერ.
46. კასატორები ასევე არასწორად მიიჩნევენ სასამართლოს პოზიციას, რომ მ. ც-ეს წარმოადგენდა კ. ფ-ი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში მ. ც-ეს უკვე აღარ წარმოადგენდა კ. ფ-ი. სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მ. ც-ე, ხოლო კ. ფ-ი ხელს აწერს ბ. დ-ის სახელით.
47. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით შპს „ტ-ის“, ბ. დ-ის, მ. ფ-ასა და მ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
48. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით შპს „ტ-ის“, ბ. დ-ის, მ. ფ-ასა და მ. ც-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და ამავე პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
49. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა შპს „ტ-ის“, ბ. დ-ის, მ. ფ-ასა და მ. ც-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
50. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
51. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:
52. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
53. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტი; ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა კუმულაციურად არსებობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოიტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა, გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატამ ასევე უნდა შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი სხვა გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ 233-ე მუხლის პირველი ნაწილი).
54. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ აპელანტ შპს „ტ-ის“ უფლებებს სააპელაციო სასამართლოში იცავდა ადვოკატი ს. ფ-ი; აპელანტ ბ. დ-ის უფლებებს იცავდა ადვოკატი კ. ფ-ი.
55. უდავოა, რომ შპს „ტ-ის“, ბ. დ-ის, მ. ფ-ასა და მ. ც-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინებით დაინიშნა იმავე წლის 17 ოქტომბერს 14:30 საათზე (იხ. ტ. 12. ს.ფ. 154-155).
56. სადავო არ არის ასევე ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სასამართლო უწყება 2014 წლის 10 ოქტომბერს ჩაბარდა შპს „ტ-ის“ წარმომადგენელს ს. ფ-ს (იხ. ტ.12. ს.ფ.172). ბ. დ-ის წარმომადგენელს, კ. ფ-ს სასამართლო უწყება ჩაბარდა 2014 წლის 7 ოქტომბერს (ტ. 12. ს.ფ. 171).
57. სასამართლოს სხდომამდე ერთი დღით ადრე, 2014 წლის 16 ოქტომბერს ბ. დ-ის წარმომადგენელმა კ. ფ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს სხდომის გადადების თაობაზე. აღნიშნული შინაარსის სხვა შუამდგომლობა პროცესის მონაწილე არცერთი მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
58. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტების ბ. დ-ისა და შპს „ტ-ის“ წარმომადგენლები, ასევე მ. ფ-ა და მ. ც-ე. აპელანტმა და იმავდროულად, შპს „ტ-ის“ სააპელაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარემ, შ. ბ-ემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.
59. 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრეს როგორც შპს „ტ-ის“ წარმომადგენელმა ს. ფ-მა, ასევე ბ. დ-ის წარმომადგენელმა კ. ფ-მა, მ. ც-ემ და მ. ფ-ამ.
60. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ აპელანტ ბ. დ-ის, ისევე როგორც მისი წარმომადგენლის, კ. ფ-ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. სასამართლომ ასევე საპატიოდ მიიჩნია მ. ც-ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობაც, ვინაიდან დაადგინა, რომ იგი სხდომის თაობაზე არ იყო ინფორმირებული კანონით დადგენილი წესით. ხოლო შპს „ტ-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვა ძალაში იმ საფუძვლით, რომ აპელანტ შპს „ტ-ის“ წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით არ ირკვეოდა.
61. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ავტორების ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ ვინაიდან სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება თანაბრად ეხებოდა როგორც შპს „ტ-ის“, ასევე სხვა მოწინააღმდეგე მხარეების (ბ. დ-ის და მ. ც-ის) ინტერესებს, რომელთა გამოუცხადებლობა სასამართლომ საპატიოდ მიიჩნია, სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა არა ნაწილობრივ, არამედ მთლიანად.
62. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოცემულ მსჯელობას და თვლის, რომ არ არსებობს აღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
63. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
64. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
65. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.
66. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს საჩივრის ავტორის, შპს „ტ-ის“ წარმომადგენლის ს. ფ-ის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ შპს „ტ-ის“ წარმომადგენლის ს. ფ-ის მიერ მოსამართლის თანაშემწისთვის სატელეფონო საუბრით მიწოდებული ინფორმაცია მისი პროცესზე გამოუცხადებლობის თაობაზე ვერ მიიჩნევა ორგანიზაციის სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საკმარის საფუძვლად. აღნიშნული არგუმენტი სრულიად დაუსაბუთებელია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. საქმეში არ მოიპოვება არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შპს „ტ-ის“ წარმომადგენელს არ ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა დასწრებოდა ორგანიზაციის სააპელაციო საჩივრის განხილვას. უფრო მეტიც, თავად ს. ფ-ი საჩივარში განმარტავს, რომ მისთვის ცნობილი იყო ბ. დ-ის წარმომადგენლის, კ. ფ-ის მიერ დაყენებული შუამდგომლობის (სხდომის გადადების შესახებ) თაობაზე და სწორედ იმის გამო, რომ ზეპირი მოსმენა გადაიდებოდა, ის არ აპირებდა მოსმენაზე ჩამოსვლას. ამრიგად, თავად საჩივრის ავტორი აღიარებს, რომ სახეზე არ იყო მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
67. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შპს „ტ-ის“ გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მისი სააპელაციო საჩივრის მიმართ მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. შესაბამისად, 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა ძალაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „ტ-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შპს ტ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 7000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
შპს „ტ-ის“, ბ. დ-ის, მ. ფ-ასა და მ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად; კასატორებს შპს „ტ-ს“ (ს/კ: ...), ბ. დ-ს (პ/ნ: ...), მ. ფ-ასა (პ/ნ: ...) და მ. ც-ეს (პ/ნ: ...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროთ საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 350 (სამასორმოცდაათი) ლარის გადახდა; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე