Facebook Twitter
საქმე №ას-184-171-2015 20 მაისი, 2016 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე


კასატორი - ი. ჩ-ის უფლებამონაცვლე ტ. კ-ი (მოსარჩელე)


მოწინააღმდეგე მხარე - ა. ე-ი (მოპასუხე)


გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება


კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება


დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი. ჩ-მა (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ე-ის (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ 23,000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მხარეები 5 წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მოსარჩელემ მოპასუხე გაიცნო თურქეთში, სადაც იგი მის ოჯახში მუშაობდა 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და უვლიდა მოპასუხის მამას, რისთვისაც ყოველთვიურად უხდიდნენ 700 აშშ დოლარს. მამის გარდაცვალების შემდეგ, მოპასუხე საქართველოში ჩამოვიდა და მოსარჩელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოსარჩელის ხელი სთხოვა.
3. უფრო ადრე კი, მოსარჩელე თურქეთში მუშაობდა 6 თვის მანძილზე სხვა ოჯახში, რა დროის განმავლობაშიც დააგროვა ფული უძრავი ქონების შესაძენად. მთლიანობაში, მოსარჩელეს დაგროვებული ჰქონდა 30,000-მდე აშშ დოლარი (ამ თანხაში მოსარჩელემ მოიაზრა ის 10,000 დოლარი, რომელიც მას გარდაცვლილმა მეუღლემ დაუტოვა). 5-წლიანი თანაცხოვრების პერიოდში, მოსარჩელემ მოპასუხეს გაუმხილა სურვილი, რაც საქართველოში ბინის შეძენაში მდგომარეობდა და ისიც, რომ მას ამისათვის დანაზოგიც გააჩნდა. 2013 წლის დასაწყისში, მხარეები ჩამოვიდნენ საქართველოში და შუამავლის დახმარებით შეარჩიეს ქ.რუსთავში კ-ის ქ.№...-ში მდებარე ბინა. ბინის გადაფორმების დროს, მოპასუხემ მოსარჩელეს კატეგორიულად მოსთხოვა ბინის მის სახელზე დარეგისტრირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა მიტოვებითა და უსიამოვი. ჩ-მა (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი აღძრა ნებების შექმნით. მოპასუხე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმების დროსაც შეეცადა უსიამოვნება შეექმნა მოსარჩელისათვის.
4. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2013 წლის 28 თებერვალს ბინა გადაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და მოსარჩელემ გამყიდველს პირადად ჩაურიცხა საბანკო ანგარიშზე კუთვნილი 23000 აშშ დოლარი.
5. მოგვიანებით, მოპასუხის დამოკიდებულება მოსარჩელის მიმართ შეიცვალა, მოპასუხე გახდა აგრესიული და უმნიშვნელო მიზეზების გამო ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციებს.
6. 2013 წლის 14 მაისის მორიგი კონფლიქტის დროს, მოპასუხემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და მოსარჩელე საკუთარი დანაზოგით ნაყიდი ბინიდან ქუჩაში გააგდო.
7. მოპასუხემ წარმოდგენილი კვალიფიციური შედავებით უარყო სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა არასოდეს ყოფილა, არც ამგვარ განზრახვას ჰქონია ადგილი. მოპასუხემ მხოლოდ მეგობრული ურთიერთობების არსებობა დაადასტურა. გარდა ამისა, მიუთითა, რომ საქართველოში, პირველად, ტურისტის სახით ჩამოსვლის დროს სტუმრად იმყოფებოდა მოსარჩელის ოჯახში.
8. მოპასუხემ დაადასტურა მის ოჯახში, მომვლელად მოსარჩელის მუშაობის ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ აღნიშნული 270 დღე გრძელდებოდა და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 450 აშშ დოლარს.
9. მოპასუხემ მიუთითა თავისივე კარგ ფინანსურ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ იგი ხშირად მატერიალურად ეხმარებოდა მოსარჩელეს მისივე თხოვნის გათვალისწინებით. აღნიშნულმა კი, განაპირობა მოსარჩელის მისწრაფება ჰქონოდა მუდმივი ფინანსური წყარო.
10. მოპასუხემ უარყო მოსარჩელის მტკიცება ქ.რუსთავში, კ-ის ქ.№...-ში მდებარე ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულების მის სახელზე გაფორმების იძულების შესახებ. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არასოდეს მიუმართავს შესაბამისი ორგანოებისათვის მის მიმართ იძულების განხორციელების ან მისი განხორციელების მცდელობის ფაქტზე.
11. მოპასუხემ სარჩელზე თანადართულ საბანკო ქვითარში მითითებულ თანხაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება უარყო, ხოლო სადავო თანხის ბანკში მოსარჩელის სახელზე შეიტანა იმით ახსნა, რომ მოპასუხე ფლობდა რა თურქულ პასპორტს, იცოდა თურქული ენა და არ გააჩნდა ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის ქართული თარგმანი, დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა სასურველი შეძლო საბანკო ოპერაციის განხორციელებას.
12. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ბინის ნასყიდობის საფასურიდან 10 000 აშშ დოლარი აიღო პირადი საბანკო ბარათიდან, ნაწილი ჰქონდა ხელზე, ხოლო დარჩენილი თანხა ისესხა მისი ნაცნობი - ქერიმ ჰუსეინოვისგან.
13. მოპასუხემ განმარტა, მას ჰქონდა ქ. რუსთავში საცხოვრებელი ბინის შეძენის სურვილი, რადგან დაინტერესებული იყო აქ არსებული ბიზნესგარემოთი და გეგმავდა ბიზნეს საქმიანობას ამ ქალაქში.
14. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზედაც მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივრი.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება.
16. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
17. მხარეები იცნობენ ერთმანეთს. მოსარჩელე მუშაობდა თურქეთში მოპასუხის მამის მომვლელად. მამის გარდაცვალების შემდეგ, მათ გააგრძელეს ურთიერთობა, ხვდებოდნენ ერთმანეთს, ჰქონდათ სატელეფონო კავშირი, მოსარჩელე თურქეთში ყოფნისას სტუმრობდა მოპასუხეს. მოპასუხე საქართველოში პირველად ჩამოვიდა მოსარჩელის მოწვევით.
18. 2013 წლის 27 თებერვალს ქ. თბილისში, ნოტარიუს ჯ. ა-ის სანოტარო ბიუროში გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლითაც მოპასუხემ 23,500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ ა. ა-ან (შემდეგში: გამყიდველი) შეიძინა ქ.რუსთავში, კ-ის ...-ში, მე-... სართულზე, N...-ში მდებარე ბინა ((ს/კ: ...) (ტ. I, ს.ფ. 102-109)). ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხის საკუთრების უფლებით (ტ. I, ს.ფ.40,41).
19. ხელშეკრულების 3.1 მუხლის მიხედვით მყიდველმა გამყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, გამყიდველმა კი, მიიღო ნასყიდობის ფასი. ხელშეკრულება ხელმოწერილია უშუალოდ მხარეთა მიერ.
20. ნასყიდობის საფასური (23,000 აშშ დოლარი) ნაღდი ანგარიშსწორების გზით 2013 წლის 25 თებერვალს ჩაირიცხა გამყიდველის ანგარიშზე. შემოსავლის ორდერში თანხის შემტან პირად დაფიქსირებულია მოსარჩელე (მტკიცებულება: სს ,,პროკრედიტ ბანკის’’ რუსთავის ფილიალში 2013 წლის 25 თებერვალს განხორციელებული საბანკო ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - სალაროს შემოსავლის ორდერი 285617031; ტ. I, ს.ფ.10).
21. 25.02.2013წ.-ს მოსარჩელის მიერ გამყიდველის სასარგებლოდ საბანკო ოპერაციით გადარიცხული თანხის მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტობრივი გარემოება საქმის მასალებით არ დადასტურდა. არც ის მტკიცებულება იყო წარმოდგენილი, ბანკში ნაღდი ანგარიშსწორების გზით მყიდველის ანგარიშზე შეტანილი თანხის გარკვეული ნაწილი წარმოადგენდა მოსარჩელის დანაზოგს, ხოლო სხვა ნაწილი - პირველი მეუღლისაგან დანატოვარ თანხას.
22. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმეები: მ. კ-ე და მ. ა-ე ვერ მიუთითებდნენ სადავო თანხის კუთვნილების ფაქტზე. კერძოდ, მ. კ-ე ადასტურებდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ბანკში გამყიდველის ანგარიშზე თანხა შეიტანა უშუალოდ მოსარჩელემ, ხოლო თანხის წარმომავლობის შესახებ რაიმე ინფორმცია მას არ გააჩნდა (იხ.: 08.01.2014წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 16:01:12-16:01:37).
23. ამასთან, მოწმე მ. კ-ის ჩვენებით, მას საშუამავლო თანხა გადაუხადა პირადად მოპასუხემ (იხ.: 08.01.2014წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 16:01:12-16:01:37).
24. მ. ა-ის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო ფულის წარმომავლობა. ბანკში მისვლისას კი, მხოლოდ ის დაინახა, რომ გამყიდველი და მოსარჩელე იდგნენ ოპერატორთან თანხის ანგარიშზე შეტანის მიზნით და თანხა შეიტანა მოსარჩელემ (08.01.2014წ.. სხდომის ოქმი CD დისკზე, 16:08:38- 16:09:39; 16:10:48 -16:11:41).
25. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხული ქ. ჰ. ო-ი ადასტურებდა ნასყიდობის საგნის ღირებულების მოპასუხისადმი კუთვნილების ფაქტს, კერძოდ, განმარტავდა, რომ მოპასუხემ გადაცვალა თურქული ვალუტა, დანარჩენი ჰქონდა ნაღდი ფულის სახით, შემდეგ ყველანი ერთად მივიდნენ ბანკში, მოპასუხემ ფული მისცა მოსარჩელეს და მან გადაიხადა გამყიდველის სახელზე ბინის ღირებულება. მოწმის განმარტებით, შემდეგ წავიდნენ თბილისში ნოტარიუსთან, სადაც მოპასუხემ გადაიხადა ყველაფრის ღირებულება და ბინა თავის სახელზე გაიფორმა (16:29:38-16:30:31; 16:30:55-16:31:08). მოწმის განმარტებით, სადავო თანხა ნამდვილად იყო მოპასუხის კუთვნილება და მან მისი თანდასწრებით გადასცა მოსარჩელეს ნასყიდობის თანხა (16:36:01-16:36:25; 16:39:28-16:39:48).
26. არ დადასტურდა ნასყიდობის ხელშეკრულების მოპასუხის მონაწილეობით გაფორმების და მის საფუძველზე ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების ან მუქარის ფაქტობრივი გარემოება.
27. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხული მ. კ-ის განმარტებით, მართალია მოპასუხემ მოითხოვა უძრავი ქონების მის სახელზე გაფორმება, თუმცა, ეს არ მომხდარა რაიმე სახის ძალადობის და კონფლიქტის გზით (08.01.2014წ.. სხდომის ოქმი CD დისკზე, 15:57:22-15:57:34; 15:59:51). ამასთან, თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით და მის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება, რომ ბინის ნასყიდობის გარიგებაში იგი მონაწილეობდა მოპასუხე ა. ე-ან დამოუკიდებლად, თავად შეათანხმა გამყიდველთან ნასყიდობის ფასი ან დამოუკიდებლად შეამოწმა ნასყიდობის საგანი.
28. მოწმე მ. კ-ის ჩვენების გაბათილების მიზნით აპელანტი უთითებდა, რომ ადგილი ჰქონდა მოპასუხისა და მისი მეგობრის მხრიდან მოწმის მოსყიდვას („პატივისცემას, დაპირდნენ“) (იხ.: სააპელაციო საჩივარი). რაიმე მტკიცებულება, რაც აღნიშნულს დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
29. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 978-ე მუხლით, რომლის თანახმად, პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე და განმარტა, რომ ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ქონების მიმღების არამართლზომიერი ქმედება, რომელიც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებებით. მოპასუხის მხრიდან კი, ასეთი ქმედებას ადგილი არ ჰქონდა.
30. სასამართლომ ასევე მიუთითა სსკ-ის 991-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არც ის გარემოება დასტურდებოდა, რომ 2013 წლის 25 თებერვალს მოსარჩელის მიერ მყიდველისათვის სასარგებლოდ საბანკო ოპერაციით გადარიცხული თანხა ეკუთვნოდა მოსარჩელეს. არ იქნა დადასტურებული, რომ რეალურად უძრავი ნივთის ნასყიდობისას გარიგების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა მოსარჩელე და მოპასუხის სახელზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა იძულების ან მუქარის საფუძველზე.
31. იმ პირობებში, როდესაც ნაყიდი უძრავი ქონება შეიძინა მოპასუხემ, არ დგინდებოდა, რომ რეალურად უძრავი ნივთის ნასყიდობისას გარიგების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა მოსარჩელე და ბინის გამყიდველისათვის საბანკო ოპერაციით გადარიცხული თანხა წარმოადგენდა მოსარჩელის კუთვნილებას, პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ საბანკო ოპერაციაში მოსარჩელის მონაწილეობა არ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების და მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის დაკისრების საკმარის საფუძველს.
32. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის უფლებამონაცვლემ - ტ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
33. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომლითაც უარყოფილია მოსარჩელის საკუთრების უფლება მყიდველისათვის ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადრიცხულ თანხაზე.
34. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის პირად საბანკო ანგარიშზე აღრიცხული 23 000 აშშ დოლარის, რომელიც გადარიცხულ იქნა ბინის შესაძენად, მოპასუხის მიერ შეტანის ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
35. კასატორი სადავოდ ხდის მოწმე - ქ. ჰ. ო-ის ჩვენების იურიდიულ შეაფასებას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მასსა და მოპასუხეს შორის არსებობდა ახლო მეგობრული ურთიერთობა დაუშვებელი იყო მისი შინაარსით სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენა.
36. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეზე იძულების და მუქარის განხორციელების არარსებობის შესახებ.
37. კასატორი აღნიშნავს, რომ 2014 წლის 24 დეკემბერის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის შეკითხვაზე მოპასუხემ არ უარყო, რომ მას გააჩნდა ბანკში უმნიშვნელო თანხების მიმოქცევა, მაგრამ ამ თანხით არ შეუძენია სადავო ბინა. თუმცა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 23 000 აშშ დოლარი იყო მისი კუთვნილი თანხა, მას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
38. კასატორი სადავოდ ხდის საქმის განმხილველი სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობის მიერ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესს და არ ეთანხმება დასკვნას, რომლითაც რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნაღდი ფულის სახით ბანკში გამყიდველის ანგარიშზე შეტანილი თანხის მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტს მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. აღნიშნული დასკვნა სასამართლომ გააკეთა იმ პირობებში, როდესაც სახეზეა თანხის არსებობა მოსარჩელის პირად ანგარიშზე საბანკო დაწესებულებაში და მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება.
39. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 477-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, ხოლო ამავე კანონის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი. ნორმის საფუძველზე გამყიდველისათვის 23 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი უნდა დაადასტუროს მყიდველმა - მოპასუხემ, ხოლო მისგან თანხის მიღების ფაქტი უნდა დაადასტუროს გამყიდველმა. მოცემულ შემთხვევაში, ქონების გამყიდველი არ ადასტურებს მოპასუხისაგან გაყიდული ბინის საფასურის მიღების ფაქტს. იგი ადასტურებს, რომ გაყიდული ბინის საფასური საბანკო ოპერაციის საფუძველზე გადაიხადა მოსარჩელემ.
40. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და მოწმე მ. კ-აც დაადასტურა ის გარემოება, რომ ბანკში გამყიდველის ანგარიშზე თანხა შეიტანა უშუალოდ მოსარჩელემ. ასევე დადგენილად მიიჩნია სასამართლომ მოწმე მ. ა-ის განმარტება, რომელმაც დაადასტურა ანალოგიური გარემოება.
41. კასატორის განმარტებით, მოპასუხე მოპასუხე ვერ ადასტურებს შესყიდული ბინის საფასურის პირადად გამყიდველისათვის გადახდის ფაქტს. იგი ჯერ აღნიშნავს, რომ 25 თებერვალს ბანკიდან გამოიტანა გარკვეული რაოდენობის თანხა, რის დასტურადაც წარმოადგინა ქვითრები ბანკის ანგარიშიდან თანხის გამოტანის შესახებ. მისი მეგობარი, მოწმე ქ. ჰ. ო-ი კი განმარტავს, რომ თითქოს მისი თანდასწრებით მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა გადაცვლილი თურქული ვალუტა, ხელზე არსებული დანარჩენი ნაღდი ფული, ერთად მივიდნენ ბანკში და მოსარჩელემ გადაიხადა ბინის ღირებულება გამყიდველის სახელზე.
42. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ქსეროასლები (რომლებიც ნათარგმნია 25 თებერვალს) რომ არ წარმოადგენს ბანკიდან გამოტანილი თანხის გადახდის მტკიცებულებას და ეს ოპერაცია არ წარმოადგენს ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის დამადასტურებელ ფაქტს, დადასტურებულია თვითონ მოპასუხე ა. ე-ის მიერ 2014 წლის 23 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, სადაც მან განმარტა, რომ ამ საბანკო ქვითრების მეშვეობით არ მომხდარა ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდა, მას გააჩნდა სხვა ანგარიშებიც, რისი მტკიცებულებაც სასამართლოში არ წარმოუდგენია.
43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინებით ტ. კ-ი ცნობილ იქნა ი. ჩ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ი. ჩ-ის სარჩელის გამო ა. ე-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე; ამავე განჩინებით ტ. კ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2015 წლის 13 ნოემბერს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

44. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი გარემოებების გამო:
45. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 27 თებერვალს ქ. თბილისში, ნოტარიუს ჯ. ა-ის სანოტარო ბიუროში გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ 23,500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შეიძინა ქ.რუსთავში, კ-ის ...-ში, მე-.. სართულზე, N...-ში მდებარე ბინა. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხის საკუთრების უფლებით. ხელშეკრულების 3.1 მუხლის მიხედვით მყიდველმა გამყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, გამყიდველმა კი, მიიღო ნასყიდობის ფასი. ხელშეკრულება ხელმოწერილია უშუალოდ მხარეთა მიერ.
46. დადგენილია, რომ ნასყიდობის საფასური (23,000 აშშ დოლარი) ნაღდი ანგარიშსწორების გზით 2013 წლის 25 თებერვალს ჩაირიცხა გამყიდველის ანგარიშზე. შემოსავლის ორდერში თანხის შემტან პირად დაფიქსირებულია მოსარჩელე (მტკიცებულება: სს ,,პროკრედიტ ბანკის’’ რუსთავის ფილიალში 2013 წლის 25 თებერვალს განხორციელებული საბანკო ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - სალაროს შემოსავლის ორდერი 285617031; ტ. I, ს.ფ.10).
47. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი რაიმე პრეტენზიას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ შეიცავს. შესაბამისად, ამ ნაწილში, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ.
48. წარმოდგენილი სარჩელით და საკასაციო საჩივრით მოსარჩელე სადავოდ ხდის 2013 წლის 25 თებერვალს გამყიდველის ანგარიშზე შეტანილ 23,000 აშშ დოლარზე (ნასყიდობის საფასური) საკუთრების უფლებას და აღნიშნავს, რომ სადავო თანხის გარკვეული ნაწილი წარმოადგენდა მის დანაზოგს, ხოლო სხვა ნაწილი - პირველი მეუღლისაგან დანატოვარ თანხას.
49. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიდა თანხის დაბრუნების და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების სსკ-ის 978-ე, 991-ე მუხლებით გათვალისწინებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს. სახელდობრ, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც ნაყიდი უძრავი ქონება შეიძინა მოპასუხემ, არ დგინდებოდა, რომ რეალურად უძრავი ნივთის ნასყიდობისას გარიგების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა მოსარჩელე და ბინის გამყიდველისათვის საბანკო ოპერაციით გადარიცხულ თანხაზე ვრცელდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება, მარტოოდენ საბანკო ოპერაციაში მოსარჩელის მონაწილეობა კი, არ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის ამ თანხის დაკისრების საკმარის საფუძველს. აღნიშნული კი, წარმოდგენილ სარჩელს წარუმატებელს ხდიდა.
50. კასატორმა სადავოდ გახადა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სარჩელის წარუმატებლობის შესახებ, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლით. კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას იმ გარემოებებზე აფუძნებს, რომ მხარეები იცნობენ ერთმანეთს. მოსარჩელე მუშაობდა თურქეთში მოპასუხის მამის მომვლელად. მამის გარდაცვალების შემდეგ, მათ გააგრძელეს ურთიერთობა, ხვდებოდნენ ერთმანეთს, ჰქონდათ სატელეფონო კავშირი, მოსარჩელე თურქეთში ყოფნისას სტუმრობდა მოპასუხეს. მოპასუხე საქართველოში პირველად ჩამოვიდა მოსარჩელის მოწვევით. კასატორმა მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ნასყიდობის საფასური გამყიდველს ჩაერიცხა მოსარჩელის პირადი საბანკო ანგარიშიდან, რაც ერთმნიშვნელოვნად გამოდგებოდა იმის დასტურად, რომ სადავო თანხა წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას, რაზედაც წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ვრცელდებოდა მოპასუხის უკან დაბრუნების ვალდებულება (სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები - პპ: 4.1.; 4.3).
51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ - 23,000 აშშ დოლარი ნაღდი ანგარიშსწორების გზით 2013 წლის 25 თებერვალს ჩაირიცხა გამყიდველის ანგარიშზე, შემოსავლის ორდერში თანხის შემტან პირად დაფიქსირებულია მოსარჩელე - ამოქმედდა პრეზუმფცია სადავო თანხის კუთვნილების შესახებ მოსარჩელის სასარგებლოდ.
52. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.
53. ამავდროულად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
54. მოცემულ შემთხვევაში, საპირისპირო მტკიცების ტვირთი, რომლითაც გამოირიცხებოდა სადავო თანხაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, მოპასუხის მხარეზეა, რომელიც სადავო თანხის მოსარჩელის პირად ანგარიშზე მოხვედრის გარემოებას იმით ხსნის, რომ მას ჰქონდა ქ.რუსთავში საცხოვრებელი ბინის შეძენის სურვილი, რადგან დაინტერესებული იყო იქ არსებული ბიზნესგარემოთი და გეგმავდა ბიზნეს საქმიანობას ამ ქალაქში, თუმცა იგი ფლობდა რა თურქულ პასპორტს, იცოდა თურქული ენა და არ გააჩნდა ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის ქართული თარგმანი, დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა სასურველი საბანკო ოპერაციის განხორციელებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის გადახდის შესახებ მყიდველის ვალდებულების შესრულებას. მოპასუხის მითითებული პოზიცია საკასაციო პალატას სარწმუნოდ, მით უფრო, მოსარჩელის სასარგებლოდ მოქმედი პრეზუმციის გაქარწყლების საფუძვლად არ მიაჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ეს საქმეში თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერებით ირკვევა, ქართულ საბანკო დაწესებულებაში - სს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ა. ე-ის სახელზე 2013 წლის 04 ოქტომბერს გახსნილია ანაბარი (იხ., ტ.1. ს.ფ. 68-72). მით უფრო, იმ ვითარებაში, რომ მოპასუხის აღნიშნული პოზიცია ლოგიკურ დასაბუთებასაა მოკლებული მოპასუხისავე ახსნა-განმარტების იმ შინაარსის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ მას საფულიდან მოჰპარა 400 აშშ დოლარი (იხ.,რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 08 იანვრის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:59 სთ.). საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ ვითარებაში, ნაკლებად სავარაუდოა მოპასუხეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაში დახმარება ეთხოვა მოსარჩელისათვის, უფრო მეტიც, მოსარჩელის პირადი საბანკო ანგარიშის მეშვეობით გადაეხადა ნასყიდობის საფასური (23,000 აშშ დოლარი).
55. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია, რაც საქმის განმხილველი სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობის მიერ სსკ-ის 991-ე მუხლის არასწორ გამოყენებასა და განმარტებაში გამოიხატა:
56. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით კი, დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
57. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
58. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სახელდობრ, იმის გათვალისწინებით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ 23,500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხის საკუთრების უფლებით; აგრეთვე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ხელშეკრულების მიხედვით მყიდველმა გამყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, გამყიდველმა კი, მიიღო ნასყიდობის საფასური (23,000 აშშ დოლარი), რომელიც უნაღდო ანგარიშსწორების გზით მის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 2013 წლის 25 თებერვალს; შემოსავლის ორდერში თანხის შემტან პირად დაფიქსირებულია მოსარჩელე, გამოსაკვლევია, მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული სადავო თანხის (23,000 აშშ დოლარის) დაბრუნების კონდიქციის არსებობა, უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი სსკ-ით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით.
59. ამას გარდა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მყიდველის ვალდებულება ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის შესახებ (სსკ-ის 477-ე მუხლი) შესრულდა მოსარჩელის პირადი საბანკო ანგარიშიდან თანხის გადრიცხვით, ხოლო მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ნასყიდობის ხელსეკრულებიდან წარმოშობილი იურიდიული შედეგი (ანუ, ნასყიდობის საგანზე მოპასუხის საკუთრების უფლების წარმოშობა), საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ უნდა შეამოწმოს ადგილი ხომ არ ჰქონდა სსკ-ის 371-ე მუხლის შემადგენლობას, რომლის საკანონმდებლო დანაწესი ითვალისწინებს უფლებამოსილი პირის მიმართ ვალდებულების შესრულებას მესამე პირის მიერ, ამ ურთიერთობის მომწესრიგებელ დამფუძნებელ ნორმებთან ერთობლიობაში.
60. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება შეუძლებელია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტობრივი გარემოებები. ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მისი პირადი საბანკო ანგარიშიდან გარიცხული თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას, დასადგენია ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შექმნის ობიექტურ, რეალურ სურათს სადავო თანხის მოპასუხის ვალდებულების შესასრულებლად გადარიცხვასთან (გადახდა) დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას (სსკ-ის 361-ე მუხლი), თუ არ დგინდება მხარეთა შორის ვალდებულების არსებობა (სსკ-ის 317-ე მუხლი) და აღნიშნული არც სახელშეკრულებო ურთიერთობის არსიდან გამომდინარეობს, მაშინ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის კვლევისათვის რელევანტურია უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლების ძიება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს საკითხი სარჩელის წარმატებულობის შესახებ.
61. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
62. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს მოცემულ განჩინებაში მოცემულ საკასაციო პალატის მითითებებზე და ამ მითითებების გათვალისწინებით ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
63. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხიც.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. ჩ-ის უფლებამონაცვლე ტ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური


მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი


ბ. ალავიძე