Facebook Twitter

საქმე №ას-239-227-2016 10 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ფ. ი-ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ს. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ფ. ი-ის" მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს „ფ. ი-ის“ დირექტორის 2014 წლის 11 ნოემბრის ბრძანება ს. ა-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოპასუხე სს „ფ. ი-ს“ ს. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით თანხის გადახდა 6 თვის და 19 დღის (თვეში 1875 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) ხელფასის ოდენობით; მოპასუხე სს „ფ. ი-ს“ მოსარჩელე ს. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 765 ლარის ოდენობით; სს „ფ. ი-ს“ ს. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ფ. ი-მა".

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით სს „ფ. ი-ის" სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი. შესაბამისად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 26 ნოემბერს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ვადა ამოიწურა 2015 წლის 25 დეკემბერს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საქპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 26 დეკემბერს და ამოიწურა 2016 წლის 8 იანვარს. სს „ფ. ი-მა“ კი სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2016 წლის 12 იანვარს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით.

7. სააპელაციო სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ სს „ფ. ი-ს“ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2015 წლის 30 დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან ამ დროისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაწყებული იყო (გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 26 დეკემბერს), სასამართლომ ეს ფაქტი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღო.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს „ფ. ი-მა" შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

10. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა არ უნდა დაწყებულიყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 23-ე დღეს, 2015 წლის 18 დეკემბერს სს „ფ. ი-ის“ წარმომადგენელი გამოცხადდა სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, თუმცა გადაწყვეტილება ვერ ჩაიბარა, რადგან მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ მზად არ იყო. 2016 წლის 4 თებერვლის #2/20862-14 წერილით სასამართლომ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება მომზადდა 2015 წლის 24 დეკემბერს. სასამართლომ არც ის ფაქტი უარყო, რომ სს „ფ. ი-ის“ წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდა სასამართლოში და გადაწყვეტილება ვერ ჩაიბარა, რადგან მზად არ იყო. უფრო მეტიც, მოსამართლის თანაშემწემ მხარეს განუცხადა, რომ ის თვითონ შეატყობინებდა გადაწყვეტილების გამოცემის შესახებ მისი მომზადებისთანავე, რაც არ განხორციელებულა.

11. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაზე საქმე #ას-941-884-2012, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

12. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა უნდა დაწყებულიყო გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან (2015 წლის 30 დეკემბრიდან) და სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 13 იანვარი, რაც აპელანტის მიერ დაცული იქნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ფ. ი-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

16. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

17. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

19. საკასაციო პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად. აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას.

20. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

21. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას სააპელაციო სასამართლო ახდენს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის, სს „ფ. ი-ის“ წარმომადგენელი ნ. რ-ი ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 132), თუმცა მას კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ განჩინების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 26 დეკემბრიდან (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და ამოიწურა 2016 წლის 8 იანვარს. ხოლო ვინაიდან სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 2016 წლის 12 იანვარს, პალატამ იგი ვადის დარღვევით წარდგენილად მიიჩნია და განუხილველად დატოვა.

22. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 28 იანვრის განჩინების გამოტანის დროისთვის საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, მართებულად მიიჩნია დადგენილად აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის ფაქტი, თუმცა კერძო საჩივრის ავტორმა სადავოდ გახადა საკითხი იმის შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა მიმართა თუ არა მან სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით.

23. კერძო საჩივრის ავტორი ამტკიცებს, რომ იგი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 23-ე დღეს, 2016 წლის 18 დეკემბერს გამოცხადდა სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, თუმცა მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მზად არ იყო. მოცემული ფაქტის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორი უთითებს საჩივარზე დართულ მოსამართლის თანაშემწის 2016 წლის 4 თებერვლის #2/20862-14 წერილზე, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა 2015 წლის 24 დეკემბერს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 16).

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნული მტკიცებულების შესწავლისა და შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

25. კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ივარაუდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლომ დროულად მოამზადა. ამ ვარაუდის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი კი ეკისრება იმ პირს, ვინც ასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ყოველგვარი ეჭვი წყდება მხარის სასარგებლოდ.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. ამავე დროს, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას ზემოაღნიშნულ ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება. სასამართლოს ევალება მხარის მიმართვის შემთხვევაში, კანონით დადგენილ ვადაში, დაუყოვნებლივ ჩააბაროს მას გადაწყვეტილება და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება.

27. მოცემულ შემთხვევაში მართალია, საქმის მასალებში არ მოიპოვება კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადების დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა კერძო საჩივარზე დართული სასამართლო მოხელის მიერ გაცემული წერილიდან ირკვევა, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 29-ე დღეს (2016 წლის 24 დეკემბერს), რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარე კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში რომც გამოცხადებულიყო, იგი დასაბუთებულ გადაწყვეტილებას 2016 წლის 24 დეკემბრამდე ვერ ჩაიბარებდა. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ 2015 წლის 25 ნოემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლომ ორივე მხარეს ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა 2015 წლის 29 დეკემბერს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 147-148).

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორმა წარდგენილი მტკიცებულებით გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების შესახებ, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კი სააპელაციო სასამართლომ სს „ფ. ი-ის“ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა უნდა აითვალოს არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღიდან, არამედ მხარისათვის გადაწყვეტილების ფაქტობრივად ჩაბარების დღიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ფ. ი-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინება და საქმე სს „ფ. ი-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე