Facebook Twitter

საქმე №ას-239-227-2016 13 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – სს „ფ. ი-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ს. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ფ. ი-ის" მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს „ფ. ი-ის“ დირექტორის 2014 წლის 11 ნოემბრის ბრძანება ს. ა-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოპასუხე სს „ფ. ი-ს“ ს. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით თანხის გადახდა 6 თვის და 19 დღის (თვეში 1875 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) ხელფასის ოდენობით; მოპასუხე სს „ფ. ი-ს“ მოსარჩელე ს. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 765 ლარის ოდენობით; სს „ფ. ი-ს“ ს. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ფ. ი-მა".

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით სს „ფ. ი-ის" სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „ფ. ი-მა“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინებით კი კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმე სს „ფ. ი-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

6. 2016 წლის 17 თებერვალს ს. ა-მა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 17 000 ლარის ფარგლებში მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით ს. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო სს „ფ. ი-ის“ ანგარიშებს საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში 17 000 ლარის ფარგლებში.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. ა-ის სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში. პალატის განმარტებით, სასამართლოს ვალია არა მხოლოდ სწორად და ობიექტურად გადაწყვიტოს დავა მხარეებს შორის, არამედ უზრუნველყოს სამომავლო გადაწყვეტილება აღუსრულებლობისაგან, რადგან სწორედ აღსრულებული, სისრულეში მოყვანილი გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჭეშმარიტი მართლმსაჯულების განხორციელება. თუ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისთვის არ იარსებებს მოსარჩელის დაკმაყოფილების საშუალება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

9. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სს „ფ. ი-მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

10. საჩივრის ავტორის განმარტებით, სს „ფ. ი-ი“ არის თბილისის ზღვის პროექტისა და ჰუალინგ ჯგუფის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ახორციელებს საქართველოში 10 წლიან პროექტს - ოლიმპიური სოფლის მშენებლობას და სხვადასხვა პროექტებს. ამავე პროექტის ფარგლებში აკისრია სახელმწიფოს წინაშე საინვესტიციო ვალდებულებები. გარდა ოლიმპიური სოფლის ტერიტორიისა, ფლობს სასტუმრო „ფ.ის“ გვერდით მომიჯნავე მიწის ნაკვეთებსაც, სადაც ასევე აქვს საინვესტიციო ინტერესი. ყოველივე აღნიშნული, ნათლად მიუთითებს, რომ კომპანია აქტიურად ფუნქციონირებს, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება კი, რომლის საფუძველზეც ხდება კომპანიის ანგარიშების დაყადაღება, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კომპანიის საქმიან რეპუტაციას, რაც გაცილებით დიდი უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება კომპანიის ურთიერთოებებისთვის მის საქმიან პარტნიორებთან, ვიდრე უბრალოდ 17 000 ლარი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განჩინებით სს „ფ. ი-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ფ. ი-ის“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

16. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს „ფ. ი-ის“ დირექტორის 2014 წლის 11 ნოემბრის ბრძანება ს. ა-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოპასუხე სს „ფ. ი-ს“ ს. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით თანხის გადახდა 6 თვის და 19 დღის (თვეში 1875 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) ხელფასის ოდენობით; მოპასუხე სს „ფ. ი-ს“ მოსარჩელე ს. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 765 ლარის ოდენობით; სს „ფ. ი-ს“ ს. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა.

17. აღნიშნულის საფუძველზე ს. ა-ი მოითხოვს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას - მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას 17 000 ლარის ფარგლებში. მხარე თავის მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მისთვის ცნობილი გახდა საქართველოში სს „ფ. ი-ის“ ფუნქციონირების შეწყვეტისა და ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ქონების გასხვისების თაობაზე, რაც განმცხადებლის აზრით, შეუძლებელს გახდის მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.

18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გაუმართლებელია, რადგან საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა მოსარჩელის მიერ მითითებული ვარაუდების გამაქარწყლებელი არგუმენტები. საჩივარზე დართული საქართველოს მთავრობას, ქ. თბილისის მერიას, სს „Hualing Internetional Special Ekonomic Zone“-ს, „Ruilong Industrial Investment“-სა და სს „ფ. ი-ს“ შორის გაფორმებული მიწის ნასყიდობისა და ინვესტირების შესახებ 2012 წლის 30 მარტის ხელშეკრულება ვერ მიიჩნევა იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ ამჟამად კომპანია ფლობს რაიმე ქონებას ან ეწევა აქტიურ საქმიანობას. საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია მოგების გადასახადის დეკლარაციები, რომლითაც დადასტურდება კომპანიის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულობა და შემოსავლის არსებობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დადასტურდება მის მიერ უძრავი ქონების ფლობის ფაქტი. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხოლოდ მიწის ნასყიდობის ხელშეკრულების წარდგენით ვერ დადგინდება ზემოაღნიშნული გარემოებების (კომპანიის მიერ უძრავი ქონების ფლობა, მის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულობა და შემოსავლის მიღება) არსებობის ფაქტი. ასეთ პირობებში კი, მითითება მხოლოდ საქმიანი რეპუტაციის შელახვაზე არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დაუშვებლობის საფუძველს.

19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობაა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ს. ა-ის სარჩელი მის სასარგებლოდ სს „ფ. ი-ის“ კომპენსაციისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, რაც კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის განმცხადებლის მოთხოვნას.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სს „ფ. ი-ის“ საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ფ. ი-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე