Facebook Twitter

საქმე №ას-249-237-2016 13 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ს-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ქ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ს-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელზე შესაგებელი არ წარადგინა.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ი. ს-ს ი. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7475 აშშ დოლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა მოპასუხე ი. ს-ზე დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, ი. ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე, ქ. თბილისი, ს-ის დასახლება, კვ. ..., კორპ. #...ა, ბ. ...) რეალიზაცია.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-მა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდა მოწინააღმდეგე მხარე ი. ს-ი, თუმცა მისთვის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით.

7. ი. ს-ს მისი განცხადების საფუძველზე გაეგზავნა აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და ჩაბარდა მის მეუღლეს 2016 წლის 25 იანვარს. სააპელაციო საჩივარი კი ს-მა წარადგინა 2016 წლის 30 იანვარს.

8. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან ი. ს-ის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შესაბამისად, მისთვის სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 2015 წლის 18 ნოემბერს და ამოიწურა 2015 წლის 2 დეკემბერს, მოპასუხემ კი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა აღნიშნული ვადის დარღვევით, 2016 წლის 30 იანვარს.

9. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ს-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

11. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, იგი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდა და არც იყო მისთვის ცნობილი აღნიშნულის თაობაზე. ეს ფაქტი რომ ცნობილი ყოფილიყო, მაშინ ფოსტის მეშვეობით არ მოითხოვდა გადაწყვეტილების გადაგზავნას და დაესწრებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას.

12. საჩივრის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება მისი არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ, 2016 წლის 25 იანვარს ჩაიბარა მეუღლემ და სააპელაციო საჩივარი, კანონით დადგენილ 14 დღიან ვადაში, 2016 წლის 30 იანვარს წარდგენილ იქნა სასამართლოში. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2-მე-5 მუხლებით განსაზღვრული ფუძემდებლური პრინციპები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

16. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

17. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული მუხლი იმპერატიულია და, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

19. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ, რომ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2015 წლის 19 ოქტომბერი) არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით. საჩივრის ავტორი აპელირებს იმ ფაქტზე, რომ მისთვის უცნობი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი და, ამასთან, აღნიშნავს, რომ მან არაერთგზის მოითხოვა ფოსტით გაგზავნილი წერილებით დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა და აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ 14 დღიან ვადაში გაასაჩივრა იგი.

21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს და პირველ პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო სხდომის თაობაზე ი. ს-ის ინფორმირების ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ი. ს-ი პირადად ესწრებოდა მოცემულ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში 2015 წლის 6 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომას, რომელზეც მხარეებს ეცნობათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (სხდომა გადაიდო 2015 წლის 19 ოქტომბერს, 13:00 საათზე (იხ. 2015 წლის 6 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 82-97)). ამრიგად, უსაფუძვლოა აღნიშნული მოტივით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნა.

22. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების არაერთგზის მოთხოვნის თაობაზე (საქმის მასალებით დადგენი., რომ ი. ს-მა 2015 წლის 26 ოქტომბერს და 2016 წლის 8 იანვარს სასამართლოში ფოსტით გააგზავნა წერილები ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების მისთვის გადაცემის მოთხოვნით (იხ. ს.ფ. 111-113, 118-119)), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფოსტის მეშვეობით სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნა არ შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით განსაზღვრული მხარის ვალდებულების განხორციელებად. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს მხარის (რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილი იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი) ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად, გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. შესაბამისად, სასამართლო თავისი ინიციატივით გადაწყვეტილებას უგზავნის სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 46-ე მუხლში მითითებულ ან პატიმრობაში მყოფ პირებს, თუ მათ არ ჰყავთ წარმომადგენელი. ი. ს-ი კი, როგორც საქმის მასალებით დგინდება, არ წარმოადგენს ამ ნორმით განსაზღვრულ პირს.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ი. ს-ი ვალდებული იყო კანონით დადგენილ ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. ვინაიდან მას აღნიშნულ ვადაში ეს ვალდებულება არ განუხორციელებია და სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა საპროცესო ვადის დარღვევით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016წლის 11 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე