Facebook Twitter

საქმე №ას-292-278-2016 17 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. გ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. უ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება და სარდაფის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. უ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ზიანის ანაზღაურებისა და სარდაფის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ა. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ამ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. გ-ამ.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით ა. გ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

9. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარის, ს. უ-ის წარმომადგენელმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება სხვა ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 თებერვლის განჩინებით ს. უ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა; შეჩერდა მოცემული სამოქალაქო საქმის №2ბ/3492-15-ის წარმოება თბილისის საქალაქო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეზე №3/843-16 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ს. უ-ის მიერ აღძრულია ადმინისტრაციული სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: 1. ბათილად იქნას ცნობილი ტექნიკური აღრიცხვის თბილისის სამსახურის რეალაქტი - ქ. თბილისის, ი-ის ქუჩა (ვ-ის) #...-ის ტექნიკური აღრიცხვის ბარათში უსაფუძვლო ჩანაწერის შესრულება ა. გ-ას მიერ 38 კვ.მ სარდაფის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ; 2. მოპასუხე მხარეს დაევალოს ტექნიკური აღრიცხვის ბარათის ჩანაწერის საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერებთან შესაბამისობაში მოყვანა და უზუსტობის გასწორება. პალატამ ასევე დაადგინა, რომ ს. უ-მა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მიმართა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ა. გ-ას მიერ 38 კვ.მ სარდაფის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2003 წლის 13 ოქტომბრის #24-4105 წერილისა და ქ. თბილისში, ი-ის ქუჩა (ვ-ის) #...-ის ტექნიკური აღრიცხვის ბარათის ჩანაწერის ბათილად ცნობა. აღნიშნული დაზუსტებული სარჩელიც მიღებულია წარმოებაში.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელეა ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე ფლობს სადავო ნივთს და მოპასუხეს არ აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება. პალატამ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ა. გ-ას სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ვ-ის ქუჩა #...-ში მდებარე 38 კვ.მ სარდაფი. ასევე უდავო იყო, რომ ს. უ-ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ვ-ის ქ. #...-ში მდებარე 55 კვ.მ სარდაფი. დადგენილი იყო ასევე, რომ ს. უ-ი სახელზე რეგისტრირებულ 55 კვ.მ სარდაფში შედის ამავე მისამართზე ა. გ-ას სახელზე რეგისტრირებული 38 კვ.მ სარდაფი.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც სახეზეა ერთსა და იმავე უძრავ ნივთზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ასევე, უზენაესი სასამართლოს მითითებით, სააპელაციო პალატას დაევალა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2003 წლის 13 ოქტომბრის #24-4105 წერილის გამოკვლევა და იმის დადგენა, განახორციელა თუ არა მოსარჩელემ სადავო სარდაფის მის სახელზე რეგისტრაცია ტექბიუროში 2002 წლამდე, ანუ მოპასუხის საკუთრებაში ამავე სარდაფის საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე.

14. საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის, ს. უ-ის განცხადებიდან სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ ს. უ-მა სადავოდ გახადა სწორედ ის წერილი, რომლის გამოკვლევაც დაევალა სააპელაციო სასამართლოს ზემდგომი სასამართლოს მიერ, კერძოდ, მან ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2003 წლის 13 ოქტომბრის #24-4105 წერილის ბათილობის მოთხოვნით მიმართა ადმინისტრაციულ სასამართლოს, ასევე მან მოითხოვა ქ. თბილისში, ი-ის ქუჩა #...-ში ტექნიკური აღრიცხვის ბარათის ჩანაწერის ბათილად ცნობა ა. გ-ას მიერ 38 კვ.მ სარდაფის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ; შესაბამისად, სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავოდ არის გამხდარი მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ჩანაწერი, რომლის გამოკვლევაც უზენაესმა სასამართლომ დაავალა სააპელაციო პალატას და რომლის დადგენაც, პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იყო მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობა.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. გ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

17. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა ს. უ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებაზე, რადგან აღნიშნული შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული, პრეტენზია იყო აბსურდული და უსუსური. უ-ის მოთხოვნა მიმართულია პროცესის გაჭიანურებისაკენ, რადგან მოცემული დავა უკვე 13 წელია მიმდინარეობს და საქმის წარმოების შეჩერების შემდეგ დაახლოებით 2-4 წელი კიდევ გაგრძელდება. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ს. უ-ს გაუქმებული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს საარქივო მასალების რევიზიისა და თითქოსდა, მოსარჩელის ე.წ „თაღლითური ქმედების (დოკუმენტის გაყალბების) შესახებ უნდა მიემართა საგამოძიებო ორგანოსთვის და არა სასამართლოსთვის. თავად ს. უ-ის მიმართ ჯერ კიდევ 2009 წლის 9 იანვრიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ა. გ-ას ქონების დაუფლების ფაქტზე, ხოლო ა. გ-ა ცნობილია დაზარალებულად.

18. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მისი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს არსებითად განსახილველად, სადაც სააპელაციო პალატა უზენაესი სასამართლოს მითითების შესაბამისად, ძირითად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ ორი ფიზიკური პირიდან ვინ მოახდინა უფრო ადრე სადავო სარდაფის პრივატიზაცია და ვინ გაატარა პირველად უძრავი ქონების აღრიცხვისა და რეგისტრაციის სახელმწიფო უწყებაში.

19. კერძო საჩივრის ავტორი არსებითად მსჯელობს საქმეში არსებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების (რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი საკასაციო საჩივარი) სამართლებრივ შეფასებებზე, ასევე მიუთითებს მოცემული დავის გადაწყვეტის გზებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენების მართებულობა.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს: სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე არსებულ გარემოებათა გამო, შესაძლებელია, შეიქმნას იმგვარი ფაქტობრივი ვითარება, რომლის არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი დავის განხილვა და გადაწყვეტა.

24. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მიჯნავს შემთხვევებს, როცა სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და როცა სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია, შეაჩეროს საქმის წარმოება. საქმის წარმოების შეჩერების ფაკულტატური შემთხვევებისას, სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომ ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებული ესა თუ ის საპროცესო ინსტიტუტი.

25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩერს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

26. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს შემდეგში:

27. სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა.

28. ნორმატიული დათქმა - საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნებიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

29. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს. სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა.

30. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა.

31. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების მიზანს წარმოადგენს საქმის განხილვის გაჭიანურება. საჩივრის ავტორის აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის გარემოებებიდან. მხარე არსებითად მსჯელობს განსახილველი დავის ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებებზე, რაც სცდება საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლიანობის თაობაზე განჩინების შემოწმების ფარგლებს და, მოცემულ შემთხვევაში, არ შეიძლება გახდეს საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი.

32. განსახილველი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. გ-ას სარჩელით ს. უ-ის მიმართ სადავოა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ვ-ის ქ. #...-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი სარდაფის (ფართით 38 კვ.მ) გამოთხოვა, მოპასუხის მიერ სარდაფის თვითნებურად დაკავებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და მოპასუხისათვის სარდაფის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის დავალდებულება (ტ. 1. ს.ფ.1-5). საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ა. გ-ას სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ვ-ის ქუჩა #...-ში მდებარე 38 კვ.მ სარდაფი, ს. უ-ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ამავე მისამართზე მდებარე 55 კვ.მ სარდაფი, რომელშიც შედის ა. გ-ას სახელზე რეგისტრირებული 38 კვ.მ სარდაფი.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით ა. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვალს მიღებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 280-294).

34. უზენაესი სასამართლოს მითითების შესაბამისად, სააპელაციო პალატას დაევალა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2003 წლის 13 ოქტომბრის #24-4105 წერილის გამოკვლევა და იმის დადგენა, განახორციელა თუ არა მოსარჩელემ სადავო სარდაფის მის სახელზე რეგისტრაცია ტექბიუროში 2002 წლამდე, ანუ მოპასუხის საკუთრებაში ამავე სარდაფის საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სახეზეა ერთსა და იმავე უძრავ ნივთზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას.

35. დადგენილია, რომ მოპასუხე ს. უ-მა სააპელაციო სასამართლოში განსახილველი საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით იხილებოდა მისი სარჩელი ა. გ-ას მიმართ სწორედ ზემოაღნიშნული წერილის - ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2003 წლის 13 ოქტომბრის #24-4105 წერილის კანონშესაბამისობის დადგენის მოთხოვნით, ასევე მის მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ი-ის ქუჩა (ვ-ის) #...-ში ტექნიკური აღრიცხვის ბარათის ჩანაწერის ბათილად ცნობა ა. გ-ას მიერ 38 კვ.მ სარდაფის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ (ტ. 2. ს.ფ. 323-325).

36. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული სარჩელით მხარემ სადავოდ გახადა სწორედ ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ჩანაწერი (ქ. თბილისში, ვ-ის ქ. #...-ში ა. გ-ას მიერ 38 კვ.მ სარდაფის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ), რომლის გამოკვლევაც უზენაესი სასამართლოს მიერ დაევალა სააპელაციო პალატას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოების (სამართალწარმოების) წესით საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ და უშუალო გავლენას იქონიებს სამოქალაქო წესით განსახილველ საქმეზე იმგვარად, რომ ფაქტები, რომლებიც წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტის საფუძველი გახდება, არ შეიძლება დადგინდეს სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, რაც უდავოდ მეტყველებს სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის სწორ გამოყენებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე