საქმე №ას-308-293-2016 16 მაისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. პ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის14 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ბ-ის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. პ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ. ბ-ს მ. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1751, 8 აშშ დოლარი; მ. პ-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 48,2 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტ გ. ბ-ს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი უნდა შეევსო 2016 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ჩათვლილყო გაქარწყლებულად. განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 16 თებერვალს, ერთი დღის დაგვიანებით, გ. ბ-ის წარმომადგენელმა, ნ. ბ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამავე წლის 19 თებერვალს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევა მოითხოვა. განცხადებას დაურთო პაციენტის სამედიცინო ბარათები და ჯანმრთელობის ცნობა.
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე, 215-ე მუხლით და მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის აღდგენის შესახებ უსაფუძვლო იყო შემდეგ გარემოებათა გამო:
8. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ განცხადებაზე დართული სამედიცინო ბარათები და ჯანმრთელობის ცნობა დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი არ არის, ისინი პირდაპირაც არ მიუთითებენ შუამდგომლობის სასამართლოში წარმოდგენის შეუძლებლობაზე. ჯანმრთელობის ცნობით დასტურდება, რომ აპელანტი გ. ბ-ი სტანციონარში იმყოფებოდა 2016 წლის 4 თებერვალს და გაეწერა 2016 წლის 5 თებერვალს, ხარვეზის შესახებ განჩინება კი მის წარმომადგენელს, ნ. ბ-ეს ჩაბარდა 2016 წლის 5 თებერვალს. სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით ასევე დაადგინა, რომ გ. ბ-მა სამედიცინო დაწესებულებას განმეორებით მიმართა 2016 წლის 19 თებერვალს. ამრიგად, ვინაიდან აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2016 წლის 6 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით და იგი ამ პერიოდში არ იმყოფებოდა სტანციონარში, ამასთან მას ჰყავდა უფლებამოსილი წარმომადგენელი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ბ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
10. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსება შეფერხდა მისი ავადმყოფობის გამო. მართალია ხარვეზის განჩინება ჩაბარდა მის წარმომადგენელს, მაგრამ სახელმწიფო ბაჟი თავად უნდა გადაეხადა და დასაბუთებულ სააპელაციო საჩივართან ერთად წარედგინა სასამართლოსთვის. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მას ახალი გადატანილი ჰქონდა ქირურგიული ოპერაცია და იმყოფებოდა მძიმე სტრესულ მდგომარეობაში, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლოში მისვლა და ხარვეზის შევსება. იმ ფაქტორს, რომ აპელანტს გააჩნდა საქმის მიმართ მაღალი იურიდიული ინტერესი, განსაზღვრავდა მისი ქმედება - დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ფოსტის მეშვეობით სასამართლოსთვის გაგზავნა. შესაბამისად, საჩივრის ავტორმა მოითხოვა გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით აპელანტ გ. ბ-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოსთვის დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 175,8 აშშ დოლარის გადახის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა (იხ. ს.ფ. 179-182).
14. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება 2016 წლის 5 თებერვალს ჩაბარდა აპელანტ გ. ბ-ის წარმომადგენელს, ნ. ბ-ეს (იხ. ს.ფ. 184), რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებდა 2015 წლის 1 ივნისს ერთი წლის ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 69-71). დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მან ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა სასამართლოს მიერ დაწესებული ვადის ამოწურვის შემდეგ, ერთი დღის დაგვიანებით, 2016 წლის 16 თებერვალს.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლოს უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის ათვლა კონკრეტულ შემთხვევაში დაიწყო 2016 წლის 6 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 15 თებერვალს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის. ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრებსა და დაზუსტებულ სააპელაციო საჩივართან ერთად აპელანტის წარმომადგენელმა ნ. ბ-ემ სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა საპროცესო ვადის ამოწურვის შემდეგ, ერთი დღის დაგვიანებით, 2016 წლის 16 თებერვალს (იხ. ს.ფ. 197).
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
18. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
19. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ მან ხარვეზის დადგენილ ვადაში შევსება ვერ შეძლო ავადმყოფობის გამო, რის გამოც სასამართლომ გაშვებული საპროცესო ვადა უნდა მიიჩნიოს საპატიოდ და აღადგინოს იგი.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
22. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები ვერ განაპირობებს გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას, ვინაიდან განცხადებაზე დართული სამედიცინო ცნობებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის განმავლობაში (2016 წლის 6 თებერვლიდან 2016 წლის 15 თებერვლამდე) გ. ბ-ი იმყოფებოდა ავად. მითითებული ცნობებით ირკვევა, რომ გ. ბ-მა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკას“ მიმართა 2016 წლის 4 თებერვალს და აღნიშნული კლინიკიდან გამოეწერა მეორე დღეს, 2016 წლის 5 თებერვალს (იხ. ს.ფ. 201-202), განცხადებას ასევე ერთვის 2016 წლის 19 თებერვალს სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L“-ის ექიმის მიერ ხელმოწერილი პაციენტის სამედიცინო ბარათი #45001009122, რომლის შესაბამისად დგინდება, რომ გ. ბ-მა კლინიკას მიმართა განმეორებითი კონსულტაციის მიზნით. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება, რომ მას ახალი გადატანილი აქვს ქირურგიული ოპერაცია და იმყოფებოდა მძიმე სტრესულ მდგომარეობაში, საქმის მასალებით არ დასტურდება. თუმცა იმ პირობებშიც კი, თუ გამოიკვეთებოდა აპელანტის მიერ სასამართლოს მიერ დაწესებული ხარვეზის პირადად შევსების შეუძლებლობის ფაქტი, აღნიშნული მაინც არ შეიძლება მივიჩნიოთ გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის საპატიო მიზეზად, ვინაიდან როგორც საქმის მასალებით დგინდება, სააპელაციო საჩივრის წარდგენისას გ. ბ-ის ინტერესებს იცავდა მისი კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც ხელს აწერს სააპელაციო საჩივარს და მას ასევე პირადად ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე