საქმე №ას-1257-1197-2014 10 მაისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორები - ჯ., გ. და გ. მ-ეები (მოსარჩელეები)
II საკასაციო საჩივრის ავტორები - მ., ი. და გ. მ-ეები (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ჯ., გ. და გ. მ-ეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ., ე., გ. და ი. მ-ეების მიმართ და მოითხოვეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თ-ში მდებარე 123,8 კვ.მ საცხოვრებელი სახლიდან (საკადასტრო კოდი: ...) 51,12 კვ.მ ფართის თანამესაკუთრეებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
2. ჯ. მ-ე დაიბადა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თ-ში, საკოლმეურნეო კომლის ოჯახში და დაბადებიდან ამ კომლის წევრია. მან 1979 წელს ცოლად შეირთო გ. მ-ე-თ-ისა, რომელიც კომლში წევრად ჩაეწერა. ჯ. და გ. მ-ეების გარდა კომლის წევრებად ირიცხებოდნენ ჯ. მ-ის დედა - ე. მ-ე, ძმა - ა. მ-ე, დები - ე. და მ. მ-ეები, ძმისშვილი - მ. მ-ე, ასევე, ძმის ოჯახის წევრები - გ. მ-ე და ი. მ-ე. საკომლო წიგნის 1990-2013 წწ ჩანაწერების შესაბამისად, კომლს ეწერა და სარგებლობაში ჰქონდა 0,22 ჰა მიწის ნაკვეთი (მიღებული ორ ნაკვეთად) და 1975 წელს აშენებული 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 123,8 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც ადრე არ შედიოდა კომლზე რიცხულ მიწის ნაკვეთში, თუმცა მას კომლის წევრები ფლობდნენ და, შესაბამისად, იხდიდნენ მიწის გადასახადს. 1979 წლიდან საცხოვრებელი სახლის 51,12 კვ.მ-ის ნაწილს ფლობს მოსარჩელეების ოჯახი, თუმცა, შესაბამისი უფლება საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. 2012 წლის სექტემბერში მოსარჩელეებს თავისუფალი მიწის ფონდიდან საცხოვრებელი სახლის ასაგებად გამოეყოთ 210 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, მაგრამ, უსახსრობის გამო, მშენებლობა არ დაწყებულა. 2013 წლის აპრილში მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ თანასაკუთრებაში არსებული მთლიანი საცხოვრებელი სახლი, მათ შორის, მოსარჩელეებისათვის გამოყოფილი 51,12 კვ.მ ფართი, საკუთრებაში უკანონოდ დაირეგისტრირეს მოპასუხეებმა, რის საფუძველზეც მიმართეს პოლიციას მოსარჩელეების გამოსახლების მოთხოვნით.
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
4. სარჩელი, როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. 1986 წლიდან მოსარჩელეები გამოიყვნენ ცალკე კომლად, მათ საკუთრებაშია 0.22 ჰა მიწის ნაკვეთი და არა საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს არ გააჩნიათ თანასაკუთრების უფლება მოპასუხეების კომლზე რიცხულ უძრავ ქონებაზე და ისინი საჯარო რეესტრში მესაკუთრეებად ვერ დარეგისტრირდებიან.
5. მოპასუხე ე. მ-ემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ჯ. მ-ე მისი შვილია და ქონებიდან წილი ეკუთვნის.
6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ჯ., გ. და გ. მ-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზეც სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ., გ. და გ. მ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ჯ. მ-ე ცნობილ იქნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თ-ში მდებარე 301,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 123,80 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ს/კ ...) თანამესაკუთრედ მ., გ. და ი. მ-ეებთან ერთად ე. მ-ის ამ ქონებაზე დადგენილი თანასაკუთრების წილის უფლებით.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან საკოლმეურნეო კომლები გაუქმდა, ხოლო ქონება, რომლებიც კომლის ქონებას და, შესაბამისად, კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122-125-ე მუხლების შესაბამისად, თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა იმ პირებზე, რომელიც იმ პერიოდისთვის კომლის წევრები იყვნენ.
9. პალატამ დადგენილად შემდეგი გარემოებები მიიჩნია:
10. ჯ., გ. და გ. მ-ეები 1993 წლის მონაცემებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თ-ში ცალკე კომლად იყვნენ რეგისტრირებული. ასევე, 1993 წლის მონაცემებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თ-ში ცალკე კომლად იყვნენ რეგისტრირებული ე., მ., გ. და ი. მ-ეები.
11. 2013 წლის 22 ოქტომბრის №01-17/№97-მ საარქივო ცნობის თანახმად, ე. (ე.) მ-ის კომლში კომლის წევრებად ირიცხებიან: გ. მ-ე, მ. მ-ე და ი. მ-ე.
12. საჯარო რეესტრის 2013 წლის 15 აგვისტოს №882013391128 ამონაწერის მიხედვით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თ-ში მდებარე 301,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 123,80 კვ.მ შენობა-ნაგებობა (ს/კ ...) რეგისტრირებულია ე. მ-ის, გ. მ-ისა და ი. მ-ის საკუთრებად.
13. ე. მ-ე გარდაიცვალა 2014 წლის 14 მარტს.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის განჩინებით ე. მ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით, №2/ბ-526-2014წ სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება განახლდა და მოწინააღმდეგე მხარის - ე. მ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში მისი შვილი - ჯ. მ-ე იქნა დაშვებული.
16. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დადგინდა, რომ აწ გარდაცვლილი ე. მ-ის სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა, ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, აპელანტმა, ჯ. მ-ემ.
17. ჯ. მ-ე ე. მ-ის შვილია. ჯ. მ-ე, ასევე, ე. მ-ის ანდერძისმიერი მემკვიდრეა. ანდერძი ამ დროსათვის ძალაშია და იგი გაუქმებული არ არის.
18. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1307-ე, 1344-ე, 1320-ე, 1424-ე, 1421-ე, 1328-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ჯ. მ-ემ ე. მ-ის დანაშთი სამკვიდრო მიიღო იმგვარად, რაც მის აქტივს შეადგენდა სამკვიდროს გახსნის დროისათვის. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ჯ. მ-ეს გააჩნია საკუთრების უფლება სადავო ქონებიდან იმ წილზე, რომლის მესაკუთრეც ე. მ-ე იყო.
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ., გ. და გ. მ-ეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს ასევე მ., ი. და გ. მ-ეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
20. ჯ., გ. და გ. მ-ეების საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
21. სასამართლომ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც დავისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნდათ. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში თავდაპირველად არსებობდა ე. მ-ის კომლი, რომელშიც ცხოვრობდნენ ძმები - ჯ. მ-ე და ა. მ-ე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - მხარეთა ახსნა განმარტებებით, თვით ე. მ-ის განმარტებით, პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სახლი გაყოფილია ორ ნაწილად და მათ აქვთ თავიანთი დამოუკიდებელი შესასვლელი. 1983 წელს ჯ. მ-ე გამოეყო ცალკე კომლად, თუმცა საცხოვრებლად დარჩა იმავე სახლში, რომელიც ირიცხებოდა ემისლე მ-ის კომლზე, ანუ, მიუხედავად კომლად გამოყოფისა, იგი თავის ოჯახთან ერთად დარჩა საცხოვრებლად დედისეულ სახლში. ამაზე არავის პრეტენზია არ გამოუთქვამს. მართალია, 1993 წელს გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და ის ქონება, რომელიც ეკუთვნოდა კომლებს, გამოცხადდა ამ კომლის წევრთა საერთო საკუთრებად და ამ დროისთვის ჯ. მ-ე წარმოადგენდა ცალკე კომლს, მაგრამ, მიუხედავად გაყოფისა, ის დედისეული კომლიდან არსად წასულა და ფლობს კუთვნილ წილს, რომელიც იზოლირებულია მოპასუხეთა მფლობელობაში არსებული ნაწილისგან. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მესაკუთრეები შეთანხმდნენ საცხოვრებელი სახლის გაყოფაზე. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა სწორედ იმგვარად, როგორც ამას მოსარჩელეები მოითხოვენ.
22. კასატორთა განცხადებით, მსგავსი კატეგორიის საქმე 2009 წელს იმავე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა სარჩელი ისეთი სახით, როგორც ეს კასატორმა ჯ. მ-ემ მოითხოვა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმე № ას-897-845 2010).
23. მართალია, სააპელაციო სასამართლომ მიიღო მათი სასარგებლო გადაწყვეტილება, მაგრამ იგი დაასაბუთა სულ სხვა ფაქტობრივი გარემოებებით, მაშინ, როდესაც მათი სარჩელი და სააპელაციო საჩივარი დაფუძნებული იყო სხვა ფაქტობრივ საფუძვლებზე.
24. მ., ი. და გ. მ-ეების საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
25. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწინააღმდეგე მხარეებიდან მხოლოდ ჯ. მ-ე იქნა ცნობილი სადავო ქონების თანამესაკუთრედ იმ საფუძვლით, რომ მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ და როგორც ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო მემკვიდრეობა ე. მ-ის წილ ქონებაზე. ჯ. მ-ე, როგორც მემკვიდრე, სადავო ქონების თანამესაკუთრედ სამკვიდრო მოწმობის წარდგენის გზითაც დარეგისტრირდებოდა და მას დამატებითი სასამართლოს გადაწყვეტილება არ სჭირდებოდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში ჯ. მ-ის თანასაკუთრების რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითება აღნიშნული გადაწყვეტილება. მოწინააღმდეგე მხარეს, როგორც ე. მ-ის შვილიშვილს, ასევე, გააჩნია ე. მ-ის ანდერძისა და მის სამკვიდროზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გასაჩივრების უფლება, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ უფლების რეალიზაციას საფუძველს აცლის.
26. მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს კომლის წევრზე თანასაკუთრების უფლების აღიარება და არა სამკვიდრო ქონება.
27. კასატორთა განცხადებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 248-ე მუხლები და არასწორად განმარტა დისპოზიციურობის პრინციპი, შეცვალა რა დავის საგანი და დავაში შემოიტანა მემკვიდრეობის ელემენტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოყვანილი მუხლები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1344-ე, 1320-ე, 1424-ე, და 1328-ე) აწესრიგებენ მემკვიდრეობის გზით სამკვიდროს მემკვიდრეზე გადასვლის წესებსა და გზებს, რასაც მოცემულ დავაში არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ჯ., გ. და გ. მ-ეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით მ., ი. და გ. მ-ეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მაისის განჩინებით ჯ., გ. და გ. მ-ეების საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
31. ამავე განჩინებით მ., ი. და გ. მ-ეების საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
32. საკასაციო სასამართლომ, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ჯ., გ. და გ. მ-ეების, ასევე მ., ი. და გ. მ-ეების საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
33. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საკუთარი ინიციატივით, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა და მისი საფუძვლები, დაადგინა ახალი ფაქტობრივი გარემოებები და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 384-ე მუხლები. აღნიშნულის შედეგად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
34. ჯ., გ. და გ. მ-ეების სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თ-ში მდებარე 123,8 კვ.მ საცხოვრებელი სახლიდან (საკადასტრო კოდი: ...) 52,12 კვ.მ ფართის მესაკუთრედ ცნობა.
35. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელეები უთითებენ, რომ ისინი წარმოადგენენ აღნიშნულ ფართის მართლზომიერ მფლობელებს, რადგან მოპასუხეებთან ერთად თავდაპირველად (1975 წლიდან) იყვნენ ერთი კომლის წევრები, რომელზეც ირიცხებოდა სადავო სახლი (აშენებული 1978 წელს) მიწის ნაკვეთთან ერთად. 1983 წელს მოსარჩელეთა ოჯახი გამოიყო ცალკე კომლად, თუმცა საცხოვრებლად დარჩა იმავე სახლში, რომელიც მოპასუხეებთან შეთანხმებით გაიყო ორ დამოუკიდებელ ნაწილად და ასე ცხოვრობდნენ დავის წარმოშობამდე. შესაბამისად, უკანონო იყო მოპასუხეების მხრიდან სახლის მთლიანი ფართის მათ წილობრივ საკუთრებაში რეგისტრაცია.
36. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებები. ამ გარემოებების გამოკვლევის ნაცვლად, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე (ს.ფ. 258-260) მიუთითა ახალ გარემოებებზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ დავის პროცესში გარდაცვლილი ერთ-ერთი მოპასუხის, ე. მ-ის სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა, ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, აპელანტმა (მოსარჩელე) ჯ. მ-ემ. ხოლო, რამდენადაც ე. მ-ე წარმოადგენდა სადავო ქონების თანამესაკუთრეს, ჯ. მ-ე, როგორც ე. მ-ის ანდერძისმიერი მემკვიდრე, ცნო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის მთლიანი ფართის თანამესაკუთრედ მოპასუხე მ., გ. და ი. მ-ეებთან ერთად, ე. მ-ისთვის ამ ქონებაზე დადგენილი თანასაკუთრების წილის უფლებით, რითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნაც.
37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ
38. ამავე კოდექსის 381-ე მუხლის მიხედვით, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა. რაც შეეხება სასამართლოს, მისი ინიციატივით დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, სარჩელის დაზუსტება საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუშვებელია.
39. სააპელაციო სასამამართლომ საქმის განხილვისას გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1307-ე, 1344-ე, 1320-ე, 1424-ე, 1421-ე, 1328-ე მუხლები, რომლებიც არეგულირებს მემკვიდრეობის გზით სამკვიდროს მემკვიდრეზე გადასვლის წესებსა და გზებს, რასაც მოცემული დავის საგანთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, რადგან მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კომლის წევრებზე თანასაკუთრების უფლების გადასვლა და არა მემკვიდრეობის მიღებით ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობა.
40. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
41. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მტკიცების საგანი, გამოიკვლიოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
42. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხიც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ჯ., გ. და გ. მ-ეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მ., ი. და გ. მ-ეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე