საქმე№ა-886-შ-20-2016 20 მაისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე –ვ. ა-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საბერძნეთის ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საბერძნეთის ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ქორწინება ს. ა-სა და ვ. ა-ს შორის გაუქმდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს. ა-ის წარმომადგენელმა ტ. ა-ამ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საბერძნეთის ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით ს. ა-ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ვ. ა-ს გაეგზავნა 2016 წლის 22 აპრილს და ჩაბარდა 2016 წლის 28 აპრილს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ს. ა-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საბერძნეთის ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საბერძნეთის ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ქორწინება ს. ა-სა და ვ. ა-ს შორის გაუქმდა.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საბერძნეთის ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, საბერძნეთის ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ს. ა-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ქორწინება ს. ა-სა და ვ. ა-ს შორის გაუქმდა; უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე