Facebook Twitter

საქმე №ას-377-361-2016 16 მაისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი –რ. ზ-ი, ზ. ა-ი (მოპასუხეები)

წარმომადგენელი – დ. ბ-ე, თ. ჯ-ის

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ს. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ა-ის და რ. ზ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ს. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ა-ის და რ. ზ-ის წარმომადგენენლებმა დ. ბ-ემ და თ. ჯ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებით რ. ზ-ის და ზ. ა-ის სააპელაციო საჩივრები რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. ა-ის და რ. ზ-ის წარმომადგენენლებმა დ. ბ-ემ და თ. ჯ-მა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ა-ის და რ. ზ-ის წარმომადგენლების დ. ბ-ის და თ. ჯ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინება ზ. ა-ის წარმომადგენელ თ. ჯ-ს ჩაბარდა 2016 წლის 13 თებერვალს (იხ.ტ.II, ს.ფ. 38) ხოლო ზ. ა-ს ჩაბარდა 2016 წლის 15 მარტს (იხ.ტ.II, ს.ფ. 41).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 14 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 25 თებერვალს, ხოლო კერძო საჩივარი ზ. ა-ის და რ. ზ-ის წარმომადგენლებმა დ. ბ-ემ და თ. ჯ-მა შეიტანეს 2016 წლის 1 აპრილს (იხ.ტ.II, ს.ფ. 44-46), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ. ა-ის და რ. ზ-ის წარმომადგენლების დ. ბ-ის და თ. ჯ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ზ. ა-ის და რ. ზ-ის წარმომადგენლების დ. ბ-ის და თ. ჯ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური