Facebook Twitter

№ ას-489-463-2015 20 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ლ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ფ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ. კ-ემ სარჩელი აღძრა გ. ფ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. მოსარჩელის განმარტებით, ქუთაისში, ... ა-ის ქ.№...ა-ში 805.00 კვ.მ. მიწის ფართზე განთავსებული უძრავი ნივთი - თხევადი აირის სარეალიზაციო სადგური, წარმოადგენს მის პირად საკუთრებას, რომელიც 2013 წლის 30 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით 87 000 ლარის ფასდათქმით გასხვისდა მოპასუხე გ. ფ-ეზე, გ. კ-ესა და მ. კ-ეზე თანაბარი წილის უფლებით. ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ თანხა სრულად იყო გადახდილი. სინამდვილეში კი ანგარიშსწორება არ მომხდარა და არც ყოფილა გათვალისწინებული.

3. 2013 წლის ზაფხულში ობიექტით დაინტერესდა უცხოური ფირმა შპს ვ-ი’’ მისი დირექტორის ნ. დ-ას სახით და მხარეები შეთანხმდნენ მოსარჩელის ოჯახის ზემოაღნიშნული უძრავი ქონების შეტანის შესახებ, რის საფუძველზეც უნდა შექმნილიყო შპს ,,ს-ი’’, 50-50 პროცენტის წილთმფლობელობით.

4. მოსარჩელის განმარტებით, მისი შვილის - გ. კ-ის მფლობელობაში არსებულ 50%-იან წილზე, ოთხ თანაბარ ნაწილად, გათვალისწინებულ იქნა გ. კ-ე, მოპასუხე გ. ფ-ე, მოწმეები - მ. კ-ე და ზ. მ-ი, რაც განპირობებული იყო მოსარჩელის ოჯახთან მათი განსაკუთრებული სიახლოვით. აღნიშნული საფუძვლად დაედო ერთის მხრივ შპს ვ-ის’’ 50 პროცენტიან და მეორეს მხრივ დანარჩენი 50 პროცენტის წილზე გ. კ-ის, გ. ფ-ის, მ. კ-ისა და ზაქრო მამასახლისის მფლობელობით შპს ,,ს-ი’’-ს შექმნას.

5. საწესდებო კაპიტალში წილის რეალურად შეტანისას აღმოჩნდა, რომ შესატან უძრავ ქონებაზე არ იყო რეგისტრირებული მეწილეთა საკუთრების უფლება, რის გარეშე თანამშრომლობაზეც ვ-მა’’ უარი განაცხადა. ინვესტორის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად გ. კ-ე, გ. ფ-ე და მ. კ-ე შეთანხმდნენ გ. კ-ის ოჯახისა და მოსარჩელე ლ. კ-ის საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე გაეფორმებინათ ნასყიდობის ხელშეკრულება და საწესდებო კაპიტალში შეეტანათ თავიანთი წილის ანგარიშში, ხოლო მოსარჩელისათვის თანხა გადაეხადათ პერიოდულად, თავიანთი მოგების წილიდან.

6. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, 2013 წლის 30 სექტემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება, ყოველგვარი სასყიდლის თანხის გადახდის გარეშე, იგივე პარტნიორების მონაწილებით შეიქმნა შპს ,,ს-ი-2013’’, რომლის წესდებაც დამტკიცდა 2013 წლის 1 ოქტომბერს და სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2013 წლის 3 ოქტომბერს.

7. შპს ,,ს-ი-2013’’-ის საწესდებო კაპიტალში წილის რეალურად შეტანისას, აწ უკვე თავის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/3 წილის შეტანაზე უარს აცხადებდა მოპასუხე გ. ფ-ე, მან პარტნიორული არაკეთილსინდისიერებით გამოიყენა გ. კ-ისა და მისი ოჯახის, კერძოდ, დედის, მოსარჩელე ლ. კ-ის ნდობა, მოატყუა იგი და უსასყიდლოდ დაეუფლა მის ქონებას, რის შემდეგაც გამოიყენა იგი არა შეთანხმებული დანიშნულებით, არამედ სხვა მიზნებით. ამის გამო, შპს ვ-მა’’ ეჭვის ქვეშ დააყენა ყველა მეწილის კეთილსინდისიერება და მათთან შემდგომ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ამდენად, მოსარჩელის აზრით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე გ. ფ-ე ლ. კ-ის მოტყუებით მიზნად ისახავდა როგორც სარგებლის მიღებას, ისე უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიღებით მისთვის ზიანის მიყენებას.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის საგნის სანაცვლოდ, მოსარჩელე ლ. კ-ემ მისგან მიიღო თანხა 29 000 ლარი. ამასთან, გ. ფ-ემ არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს ,,ს-ი’’ უნდა შექმნილიყო მოსარჩელის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების ბაზაზე და საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 100 000 ლარით. მოპასუხემ ასევე უარყო ის გარემოება, თითქოს შპს ,,ს-ში’’ მისი 10.25%-იანი წილის განსაზღვრა მოხდა მხოლოდ მისი ოჯახთან სიახლოვის გამო.

9. მოპასუხის აზრით, არასწორია მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, თითქოს შპს ,,ს-ის’’ ამოქმედება ვერ მოხერხდა მის მიერ პარტნიორული წილის შეუტანლობის გამო. აღნიშნულის მიზეზად მან დაასახელა პარტნიორი ზაქრო მამასახლისი, ამასთანავე, აღნიშნა, რომ შპს ,,ს-ი-2013’’-ის საწესდებო კაპიტალის შეტანაზე უარი არასდროს განუცხადებია და ამის უტყუარ მტკიცებულებად მიუთითა იმ ფაქტზე, რომ მისთვის საწესდებო კაპილატში შენატანის შეტანის ვალდებულების შესრულება არავის მოუთხოვია, მაშინ როცა ამგვარ მოთხოვნას ითვალისწინებს კანონი და საზოგადოების წესდებაც.

10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 30 სექტემბრის სარეგისტრაციო აქტით დადასტურებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება - მოსარჩელე ლ. კ-ის მიერ მოპასუხე გ. ფ-ისათვის ( პ/ნ ...) ქ. ქუთაისში, ... ა-ის ქუჩის №...-ა-ში მდებარე 805.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე ( საკადასტრო კოდით ...) განთავსებული უძრავი ქონების - თხევადი აირის სარეალიზაციო სადგურის (შენობითა და ტექნიკური აღჭურვილობით) საკუთრების 1/3 უფლების ყიდვა-გაყიდვის ნაწილში და დადგინდა იმავე ქონების აღრიცხვა ლ. კ-ის სახელზე.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-ემ.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

14. 2013 წლის 30 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ლ. კ-ემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - ქ. ქუთაისში, ... ა-ის ქუჩის №... ა-ში მდებარე 805 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, საკადასტრო კოდით №... - საკუთრების უფლებით გადასცა გ. ფ-ეს, გ. კ-ესა და მ. კ-ეს თანაბარწილად. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 87 000 ლარი, რომელიც მყიდველების მიერ სრულად იქნა გადახდილი. იმავე დღეს ქონებაზე დარეგისტრირდა შემძენთა საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში.

15. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ახსნა-განმარტება და მოწმეთა ჩვენებები იმის თაობაზე, რომ გ. ფ-ეს ნასყიდობის ფასი არ გადაუხდია.

16. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 3 ოქტომბერს სახელმწიფო რეგისტრაცია გაიარა შპს ,,ს-ი 2013’’-მა, რომელიც დააფუძნეს მ. კ-ემ (16,3%), გ. კ-ემ (16,3%), გ. ფ-ემ (16,3%) და შპს ვ-მა’’ (51,1%).

17. 2013 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდა შპს ,,ს-ი 2013’’-ის პარტნიორთა კრება, რომელსაც დაესწრო ყველა პარტნიორი და რომელზეც ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება მომხდარიყო გ. ფ-ის, მ. კ-ისა და გ. კ-ის თანასაკუთრებაში არსებული, ზემოთ მითითებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი №...) შპს ,,ს-ი 2013’’-ის საწესდებო კაპიტალში გადაცემა, რისთვისაც საწარმოს დირექტორს მიენიჭა უფლებამოსილება - მოემზადებინა შესაბამისი ხელშეკრულება, უზრუნველეყო მასზე ხელის მოწერა და რეგისტრაციისათვის მისი წარდგენა საჯარო რეესტრში.

18. 1996 წლიდან არსებობს შპს ,,გ -2005’’ რომლის დამფუძნებლებიც არიან: მ. კ-ე, ზ. მ-ი, ლ. კ-ე და გ. ფ-ე, ხოლო 2006 წლიდან არსებობს შპს ,,შ-ი’’, რომლის დამფუძნებლებიც არიან ო. ბ-ა, ვ. უ-ე, მ. კ-ე, ზ. მა-ი, რ. ყ-ი, ლ. კ-ე და გ. ფ-ე.

19. გ. ფ-ე აწარმოებდა სასამართლო დავას შპს ,,შ-ის’’ წინააღმდეგ, საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით, რომელიც დასრულდა გ. ფ-ის მიერ სარჩელის გამოხმობის საფუძვლით სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინებით.

20. გ. ფ-ემ შპს ,,გ 2005’’-ისა და შპს ,,შ-ი’’-ს საქმიანობის განხორციელებისას სხვადასხვა პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოსაძიებლად, საჩივრით მიმართა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას, რომელმაც ეს საჩივარი, შემდგომი რეაგირებისათვის, 2014 წლის 3 ნოემბერს გადასცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს.

21. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე სამოქალაქო სამართალწარმოებაში ვალდებულია მიუთითოს იმ ფაქტებზე, რომელსაც ეფუძნება მისი სასარჩელო მოთხოვნა; სასამართლო შეზღუდულია მხარის მიერ ფაქტებზე მითითებით, განსხვავებით იმისაგან, რომ მხარის სამართლებრივი შეფასებები არ არის სავალდებულო სასამართლოსათვის და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, თუ ისინი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განაპირობებენ სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევას, დააკმაყოფილოს სარჩელი თუნდაც მოსარჩელის მიერ მითითებული სამართლებრივი ნორმებისაგან განსხვავებულ ნორმებზე დაყრდნობით.

22. პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე უთითებდა გ. ფ-ის მიერ მისი ნდობის ბოროტად გამოყენებაზე, რის საფუძველზეც, მოპასუხემ მიაღწია იმას, რომ მოსარჩელის ქონება დაირეგისტრირა საკუთრებად და არ შეასრულა დანაპირები ქონების შპს ,,ს-ი 2013’’-ის საწესდებო კაპიტალში შეტანის შესახებ, მაშინ როცა მოსარჩელე დათანხმდა ქონების გ. ფ-ისათვის გადაცემაზე სწორედ ამ დანაპირებიდან გამომდინარე და სხვაგვარად ამგვარ გარიგებას მასთან არ დადებდა, ამასთან გ. ფ-ეს არც ნასყიდობის ფასი გადაუხდია.

23. ზემოთ აღმიშნულ ფაქტზე დაყრდნობით, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სადავო გარიგება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, როგორც კანონსაწინააღმდეგო და მოტყუებით, უფლების ბოროტად გამოყენებით დადებული გარიგება.

24. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარიგება მოტყუებით დადებულად ვერ ჩაითვლებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და ამავე კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების სწორი და ლოგიკური ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლოს უნდა ემსჯელა - იყო თუ არა სადავო გარიგება მოტყუებით დადებული. ამდენად, უნდა შემოწმებულიყო, მოცემულ საქმეში არსებობდა თუ არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა - გ. ფ-ემ მოატყუა თუ არა ლ. კ-ე 2013 წლის 30 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიზნით და აშკარა იყო თუ არა, რომ მოტყუების გარეშე ეს გარიგება არ დაიდებოდა.

25. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მის მიერ მითითებული ფაქტების დასადასტურებლად მოსარჩელემ, ფაქტობრივად, წარადგინა საკუთარი ახსნა-განმარტება და მოწმეების, გ. კ-ის, მ. კ-ისა და ზ. მ-ის ჩვენებები.

26. პალატამ განმარტა, რომ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა, როგორც ცალკე აღებული გარემოება, არის არა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, არამედ - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 477-ე მუხლების ნორმათა საფუძველზე, ნასყიდობის ფასის მყიდველისათვის გადახდევინების, როგორც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მოთხოვნის წარდგენის საფუძველი.

27. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმეები, განსაკუთრებით, გ. კ-ე, რომელიც მოსარჩელის შვილია, წარმოადგენდნენ საქმის შედეგით პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაინტერესებულ პირებს. სარჩელის დაკმაყოფილებით გარკვეული ქონება დაუბრუნდებოდა ლ. კ-ეს, გ. კ-ის ოჯახის წევრს და მამკვიდრებელს, ხოლო დანარჩენი პირები კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებოდნენ გ. ფ-ესთან, რომელიც მათ მიმართ აწარმოებდა სასამართლო და სხვაგვარ სამართლებრივ დავებს, გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

28. ზემოთ აღნიშნულ ვითარებაში კი სასამართლომ მისთვის სარწმუნოდ და საკმარისად არ მიიჩნია მოწმეთა ჩვენებები იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ გ. ფ-ემ მოატყუა ლ. კ-ე სადავო გარიგების მიზნით და არც ნასყიდობის ფასი გადაუხდია მოსარჩელისათვის. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თვითონ მოსარჩელის ახსნა-განმარტება გაქარწყლდა მოპასუხის ახსნა-განმარტებით, როგორც თანაბარმნიშვნელოვანი მტკიცებულებით, რომელმაც კატეგორიულად უარყო ამგვარი ფაქტის არსებობა, ნასყიდობის ფასის გადახდა კი ცალსახად დადასტურდა წერილობითი მტკიცებულებით - 2013 წლის 30 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით.

29. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 323-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ უძრავ ნივთთან დაკავშირებით გარიგების ნებისმიერი პირობა უნდა დაფიქსირდეს წერილობითი ფორმით შედგენილ გარიგებაში და ვერ იარსებებს ზეპირსიტყვიერად; ზეპირი ფორმით არსებობის შემთხვევაში კი ამგვარ პირობას არავითარი მბოჭავი ძალა არ ექნება, ამასთან, პალატამ დამტკიცებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს ,,ს-ი 2013’’-ის პარტნიორთა კრებაზე გ. ფ-ემ მხარი დაუჭირა სადავო ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანას, რითაც მას დაეკისრა ამგვარი მოქმედების შესრულების ვალდებულება, რომლის შესრულების მოთხოვნაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა წარდგენოდა გ. ფ-ეს, ამის სანაცვლოდ კი აღიძრა დაუსაბუთებელი სარჩელი 2013 წლის 30 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლისა და ლ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

31. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ლ. კ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

32. სააპელაციო სასამართლო მოსარჩელე მხარის კანონიერი ინტერესების ხარჯზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობის სამართლებრივ დასაბუთებას შეეცადა პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმების კრიტიკით. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებაც და მისი გადაწყვეტის მატერიალური კანონიც გამოყენებულ იქნა რელევანტურად. სარჩელი სამართლებრივად სწორი ფორმულირებით წარედგინა პირველი ინტანციის სასამართლოს. შესაბამისად, სწორად იქნა ჩამოყალიბებული მოთხოვნაც. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო პალატა თვლიდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკუთარი ინიციატივით განავრცო სარჩელის საფუძვლიანობა, მას შეეძლო კანონშესაბამისობაში მოეყვანა საფუძვლიანად დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი გადაწყვეტის მატერიალურ ნორმებთან მისადაგება.

33. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 30 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მოსარჩელე ლ. კ-ემ მის საკუთრებაში არსებული ქალაქ ქუთაისში, ... ა-ის ქუჩის №...ა-ში 805,00 კვ.მ. მიწის ფართზე მდებარე უძრავი ნივთი - თხევადი აირის სარეალიზაციო სადგური საკუთრების უფლებით გადასცა მოპასუხე გ. ფ-ეს, აგრეთვე გ. კ-ეს და მ. კ-ეს თანაბარწილად, რაშიც მყიდველების მიერ სრულად იქნა გადახდილი ხელშეკრულების პირობით დათქმული ღირებულება (87 ათასი ლარი). ამით სააპელაციო სასამართლომ ბუნდოვანი და გაუგებარი გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მკაფიოდ და გარკვევით ჩამოყალიბებული შესაბამისი ფაქტობრივი გარემოების დასაბუთება იმის თაობაზე, რომ არავითარი სასყიდელი ე.წ. ,,შემძენ’’ მხარეს არ გადაუხდია და ასეთი რამ გათვალისწინებულიც კი არ ყოფილა, რადგან ქონების საკუთრებაში გადაცემას ჰქონდა მიზნობრივი ხასიათი - აღნიშნული ქონება უნდა შეეტანათ უცხოელი ინვესტორის პარტნიორობით შექმნილ საწესდებო კაპიტალში, რაზედაც, მოპასუხე გ. ფ-ემ, მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მოტყუებით ხელთ იგდო ქონების წილზე საკუთრების უფლება - განაცხადა კატეგორიული უარი.

34. მოსარჩელის განმარტებით, მოწმეების - გ. კ-ის, მ. კ-ისა და სხვათა განმარტებები ცალსახად მიუთითებენ, რომ ანგარიშსწორება არ მომხდარა და ასეთი არც ყოფილა გათვალისწინებული, რადგან მყიდველებზე უძრავი ქონების საკუთრების უფლების დაკანონება მიზნად ისახავდა საწესდებო კაპიტალში მხოლოდ მის შეტანას და სხვას არაფერს.

35. მართალია, მოპასუხე გ. ფ-ე შეეცადა იმის მტკიცებას, თითქოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადაუხადა მოსარჩელე ლ. კ-ეს, მაგრამ ამავდროულად ხაზგასმით მიუთითა, რომ ქონების მეწილე იყო აწ გარდაცვლილი მისი მამა და აღნიშნული ხელშეკრულებით უკან დაიბრუნა მისი კუთვნილი მამისეული სამკვიდრო ქონება. გარდა ამისა, მოპასუხე გ. ფ-ემ სააპელაციო სასამართლოს განუმარტა, რომ პარტნიორებთან ურთიერთობაში იგი აწარმოებდა ჩანაწერებს. ასეთ შემთხვევაში სხვა რა ურთიერთობა შეიძლებოდა ყოფილიყო იმაზე სერიოზული, ვიდრე ეს ლ. კ-ისათვის სახელშეკრულებო თანხის ანგარიშსწორება იყო, რომლის ჩანაწერიც მოპასუხემ ვერც ერთ სასამართლო ინსტანციას ვერ წარმოუდგინა.

36. სააპელაციო სასამართლომ, შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ თუ მოპასუხე გ. ფ-ე შეძენილ ქონებას მამისეულ სამკვიდროდ თვლიდა, რამდენად სარწმუნო იყო მას თანხა გადაეხადა მოსარჩელისათვის.

37. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდა შპს ,,ს-ი 2013’’-ის პარტნიორთა კრება, რომელმაც ერთხმად გადაწყვიტა, მომხდარიყო გ. ფ-ის, მ. კ-ისა და გ. კ-ის თანასაკუთრებაში გადასული სადავო უძრავი ქონების საწესდებო კაპიტალში გადაცემა, რაც არ განხორციელებულა.

38. დადგენილად მიიჩნია რა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა შეფასებას, თუ რატომ არ მოხდა უძრავი ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანა, რომლის გარეშეც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება, მხარეთა შორის არ დაიდებოდა.

39. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ახლადშექმნილი შპს ,,ს-ი 2013’’-ის ფაქტობრივად ჩამოყალიბება მოპასუხე გ. ფ-ის მიერ საწესდებო კაპიტალში მისი წილი ქონების შეტანაზე უარის გამო ჩაიშალა. ამას არც თვით გ. ფ-ე უარყოფდა - მან განაცხადა, რომ მამის სამკვიდრო ქონება დაიბრუნა და მოიპოვა უფლება - თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა იგი. ამდენად, გ. ფ-ემ ლ. კ-ისაგან მოტყუებით (თითქოსდა საწესდებო კაპიტალში შენატანის მიზნით) უსასყიდლოდ იგდო ხელთ სადავო ქონება, რის შემდეგაც მის განკარგვას შეუდგა არა შეთანხმებული პირობით, არამედ საკუთარი სურვილის შესაბამისად, მესაკუთრის ნამდვილი უფლებით, რასაც სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხის ინტერესებიდან გამომდინარე, მიკერძოებით დაუჭირა მხარი.

40. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლო შეიჭრა ისეთი გარემოებების გამოკვლევა-განხილვასა და შეფასებაში, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა. კერძოდ, როგორიცაა შპს ,,შ-ის’’ სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით მოპასუხე გ. ფ-ის მიერ სარჩელის აღძვრა და შემდგომში მისი გამოხმობა, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურისათვის საჩივრებით მიმართვა და ა.შ. აღნიშნულ საკითხებს სადავო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სარჩელთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

41. კასატორმა იშუამდგომლა უზენაესი სასამართლოს წინაშე საქმის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემისა და ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.

42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის განჩინებით ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

43. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

44. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

45. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

46. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

47. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

48. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

50. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობებს საქმის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემისა და ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

51. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911-ე მუხლის შესაბამისად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).

52. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, არ არსებობს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემისა და, შესაბამისად, ზეპირი მოსმენით განხილვის საფუძველი.

53. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1500 ლარის 70% – 1050 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

55. კასატორ ლ. კ-ეს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს გ. კ-ის (პ/ნ: ...) მიერ 2015 წლის 15 ივნისს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1500 ლარის 70% – 1050 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

56. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე