Facebook Twitter

№ას-336-321-2016 31 მაისი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ.ჭ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –ო.ქ., ე.ჯ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2012 წლის 14 თებერვალს ჯ. მ–სა და დ.ჭ–ს (შემდეგში:დამქირავებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) შორის დაიდო ბინის ქირავნობის ხელშეკრულება 5 წლის ვადით. ყოველთვიური ქირა განისაზღვრა 80 ლარით {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის , შემდეგში სსკ-ის 531-ე მუხლი}.

2. ქირავნობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა უძრავი ნივთი, კერძოდ, ქ. თბილისში, ...... მდებარე ბინა N45 (ს/კ .....).

3. 2014 წლის 27 იანვარს ჯ. მ–მა მის საკუთრებაში რიცხული ქირავნობის ხელშეკრულების საგანი მიჰყიდა ე.ჯე–სა და ო.ქ.ს (შემდეგში მოსარჩელეები, მყიდველი, გამქირავებელი), რომლებიც იმავე წლის 31 იანვარს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდნენ უძრავი ქონების მესაკუთრეებად და შესაბამისად დაიკავეს დამქირავებლის ადგილი {სსკ-ის 477-ე მუხლი, 183-ე მუხლი, 3111 და 572-ე მუხლი}.

4. დამქირავებელს, მესაკუთრის შეცვლის შემდეგ, ახალი მესაკუთრეებისათვის ბინის ქირა არ გადაუხდია მათ მიერ საკუთრების უფლების მოპოვების დღიდან სარჩელის აღძვრამდე.

5. 2015 წლის 7 აპრილს გამქირავებლებმა მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძეს ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის, ხელშეშლის აღკვეთისა და მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2014 წლის 31 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად 80 ლარის დაკისრების მოთხოვნით {სსკ-ის 558-ე მუხლი}.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქირავნობის ხელშეკრულება 2012 წელს დაიდო 5 წლის ვადით და, შესაბამისად, ქირავნობის საგანი მის მართლზომიერ მფლობელობაში იყო, ხოლო მოსარჩელეები გამიზნულად ცდილობდნენ ბინის დაუფლებას. რაც შეეხება ქირის გადახდას, ამასთან დაკავშირებით, მოპასუხემ განმარტა, რომ ბინის ახალ მესაკუთრეებს უნდა გამოეხატათ ქირის მიღების ნება და დამქირავებლისათვის მიეთითებინათ საბანკო რეკვიზიტი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ანგარიშსწორება, რაც მოსარჩელეთა მხრიდან არ განხორციელებულა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული გარემოებები, ხოლო დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 531-ე, 558-ე, 572-ე მუხლები.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამქირავებელმა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითებით:

8.1. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ 2012 წლის 14 თებერვლის ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია 5 წლის ვადით და ხელშეკრულებით დადგენილია ხელშეკრულების მოშლის განსხვავებული წესი, კერძოდ, ხელშეკრულების შეწყვეტის 8 - თვიანი ვადა, შესაბამისად, მხარეებს ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტისათვის უნდა დაეცვათ ზემოაღნიშნული ვადა.

9. მოწინააღმდეგე მხარეს დამქირავებლისათვის არ შეუტყობინებია კუთვნილი ანგარიშის რეკვიზიტები, რათა მას შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება და უნაღდოდ გაესწორებინა ანგარიში.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2016 წლის 7 მარტს, 150 საათზე. ამის თაობაზე აპელანტის წარმომადგენელს, დ.მ–ს, იმავე დღეს ეცნობა {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის70-78-ე მუხლები}.

11. საქმის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტი.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის საოქმო განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად {სსსკ-ის 387-ე მუხლის მესამე ნაწილი, 372-ე და 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადება}.

13. პალატის განმარტებით, აპელანტი სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო სსსკ-ის 70-ე - 78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მხარეს და მის წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავთ განცხადებით სხდომის გადადების თაობაზე და არ უცნობებიათ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეთა შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანი იყო.

14. ზემოაღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი საფუძვლებით:

15. სსსკ-ის 387-ე მუხლი, ცალკე აღებული, არ იძლევა აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას, ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, ხოლო, რაც შეეხება სსსკ-ის 229-ე მუხლით განსაზღვრულ რეგულაციას, იგი ითვალისწინებს სარჩელის და არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. ამასთან, ზემოაღნიშნული დანაწესი მიუთითებს სარჩელის განუხილველად დატოვების თანამდევი შედეგების სახით 2760-ე-278-ე მუხლებზე. ხოლო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 275-ე მუხლით.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ : „ ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.“

19. პალატა ყურადღებას ამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე იმ გარემობაზე, რომ აპელანტი, საქმის ზეპირი განხილვის თარიღისა და დროის თაობაზე ინფორმირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, სსსკ-ის 70-ე 78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით და მას სასამართლო სხდომაზე შესაძლო გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსთვის არ უცნობებია.

20. მოწინააღმდეგე მხარეებმა გამოიყენეს საპროცესო კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს სააპლაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

21. პალატა მომჩივნის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივარი, ფაქტობრივი თვალსაზრისით, საერთოდ არ შეიცავს რაიმე სახის პრეტენზიას. რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ მხარეს, პალატა მიიჩნევს, რომ იგი დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი.

22. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის სსსკ-ის XXVI თავით გათვალისწინებული გამონაკლისებით (სსსკ-ის 372-ე მუხლი). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილით ეხელმძღვანელა, რომელიც იმ სამართლებრივ შედეგებს განსაზღვრავს, რაც საქმის განხილვაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობას შეიძლება მოჰყვეს.

23. საკასაციო სასამართლოო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლი, ცალკე აღებული, არ იძლევა აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას და, ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. მითითებული ნორმის მესამე ნაწილი პირდაპირ მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის წესების (XXVI თავის) გამოყენების შესაძლებლობებზე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.დ.ჭ.ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის საოქმო განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ბესარიონ ალავიძე