საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-931-881-2015 29 იანვარი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი – ა(ა)იპ "შ-ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. თ-ე (მოსარჩელე)
მეორე კასატორი - მ. თ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ "შ-ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სამსახურში აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. თ-ე (შემდეგში: დასაქმებული, მოსარჩელე ან მეორე კასატორი) 1978 წლიდან მუშაობდა შუახევის რაიონის კულტურის სისტემაში, სარაიონო ბიბლიოთეკაში, საბავშვო ბიბლიოთეკის გამგედ, კულტურის განყოფილების გამგის მოადგილედ. 2005 წლის დეკემბრიდან 2008 წლის თებერვლამდე, იგი უმუშევარი იყო. 2008 წლის თებერვლიდან მუშაობა დაიწყო ააიპ „შ-ში“ (შემდეგში: დამსაქმებელი, კულტურის ცენტრი, მოპასუხე ან პირველი კასატორი) სპეციალისტად, ხოლო შემდეგ მთავარ სპეციალისტად სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობის დარგში.
2. კულტურის ცენტრის დირექტორის 31.12.2014 წლის N22 ბრძანებით, დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან „საქართველოს შრომის კოდექსის“ - საქართველოს ორგანული კანონი (შემდეგში სშკ) მე-7 მუხლის, 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და დამსაქმებლის წესდების მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო (იხ. ს.ფ. 46).
3. კულტურის ცენტრის დირექტორს დასაქმებულთან 01.01.2014 წელს გაფორმებული ჰქონდა # 4 შრომითი ხელშეკრულება იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ს.ფ. 43).
4. 2015 წლის იანვარში, კულტურის ცენტრში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა ის საშტატო ერთეული, რომელზეც დასაქმებული მუშაობდა და, სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობის დარგში, მთავარი სპეციალისტის ფუნქციები, დირექციის შეხედულებით, გადაუნაწილდათ სხვა თანამშრომლებს.
5. დასაქმებულმა 2015 წლის 5 მარტს სარჩელი აღძრა კულტურის ცენტრის წინააღმდეგ, მისი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო ამ განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სშკ-ის მე-2, მე-5, მე-6, მე-8, 37-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.
8. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ, ვინაიდან მოსარჩელე 2008 წელს უწყვეტად მუშაობდა კულტურის ცენტრში, სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის თანახმად, მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დადებულად ითვლებოდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა ხელშეკრულებაში ერთწლიანი ვადის დაფიქსირებას (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი).
9. კულტურის ცენტრმა დასაქმებულს, სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობის დარგში, მთავარ სპეციალისტად 2014 წლის 1 იანვრიდან გაუფორმა ხელშეკრულება, განსაზღვრული ვადით, იმავე წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დასაქმებულის პოზიცია, რომ მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება იყო გაფორმებული.
10. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე, არ შეიძლებოდა სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის გამოყენება, რამდენადაც აღნიშნული არეგულირებდა შრომითი ხელშეკრულების დადებისას სხვა ურთიერთობებს, რაც არ გამომდინარეობდა მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან.
11. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ დამსაქმებლის გასაჩივრებული ბრძანება კანონიერი იყო და დასაქმებული, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა სამუშაოდან, რადგან მასთან აღარ გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, რისი უფლებაც დასაქმებულს სშკ-ის მე-5 მუხლით ჰქონდა. ამდენად, არ არსებობდა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
12. დასაქმებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
13. სააპელაციო საჩივარი შემდეგ არგუმენტებს ემყარებოდა:
13.1. მცდარი იყო სასამართლოს დასკვნა, რომ დასაქმებულთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო. მართალია, მხარეებს შორის, ფორმალურად, მართლაც გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედებაც 2014 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა, მაგრამ დასაქმებულთან ჯერ კიდევ 2008 წლის თებერვლიდან დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელმა მუშაობა დაიწყო კულტურის ცენტრის სპეციალისტად, შემდეგ კი მთავარ სპეციალისტად სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობის დარგში. ააიპ-ის ჩამოყალიბებამდე, 1978 წლიდან, დასაქმებული მუშაობდა რაიონის კულტურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, რომლის უფლებამონაცვლე, 2008 წლიდან არის ააიპ კულტურის ცენტრი. ყოველწლიურად, მოსარჩელესთან, ისევე, როგორც სხვა დასაქმებულებთანაც, წლის დასაწყისში, ფორმდებოდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები, წლის ბოლოს თავისუფლდებოდნენ თანამშრომლები და, ახალი წლიდან, მორიგი ბრძანებით კვლავ ინიშნებოდნენ, ანუ აღნიშნული გათავისუფლება-დანიშვნა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ფაქტობრივად, მოსარჩელესთან არასოდეს შეწყვეტილა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად, იგი მოპასუხესთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდა განუსაზღვრელი ვადით;
13.2. კულტურის ცენტრში 2015 წელს განხორციელებული რეორგანიზაცია, ვერ იქონიებდა გავლენას მოსარჩელის 2014 წლის დეკემბერში გათავისუფლებაზე, ვერც სამართლებრივი და ვერც ფაქტობრივი თვალსაზრისით. სასამართლომ არ გამოიყენა სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილი მაშინ, როცა უტყუარად დგინდება მხარეებს შორის წლების განმავლობაში არსებული შრომითი ურთიერთობების უწყვეტობა;
13.3. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინიციატორს უფლება აქვს მოშალოს შრომითი ხელშეკრულება და არ მიუთითოს საფუძვლად მიზეზი; ასევე არ უნდა გამოეყენებინა იმავე ნორმის „ბ“ ქვეპუნქტი, რადგან მხარეთა შორის, ჯერ კიდევ 2008 წლიდან, შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დადებულად ითვლებოდა;
13.4. რაიონულმა სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოებები, რომ დასაქმებულს, 1978 წლიდან მოყოლებული, სიტყვიერი შენიშვნაც კი არ მიუღია დამსაქმებლისაგან, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის კვალიფიკაცია და ა.შ. მისი უკანონო გათავისუფლებით, დამსაქმებელმა დაარღვია ქალის გენდერული თანასწორობის პრინციპიც, რაც დისკრიმინაციის ნაირსახეობას წარმოადგენს
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის N22 ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, მის სასარგებლოდ, დამსაქმებელს დაეკისრა, 2015 წლის 1 იანვრიდან, ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის სახით 350 ლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
15. სასამართლომ, ამ განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, დადგენილად მიიჩნია, რომ დასაქმებული 2008 წლიდან ერთწლიანი მიმდევრობითი ხელშეკრულებებით, სამუშაოდან გათავისუფლებამდე - 2014 წლის 31 დეკემბრამდე, დასაქმებული იყო კულტურის ცენტრში, სტრუქტურულ ერთულებთან მუშაობის დარგში, მთავარ სპეციალისტად, სადაც მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 350 ლარს.
16. დასაქმებულთან 2014 წლის 1 იანვარს გაფორმებული N4 შრომითი ხელშეკრულების მე-4 პუნქტით, ამ უკანასკნელს დაევალა, შეესრულებინა თანამდებობრივი ფუნქციებით, კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები, დაეცვა შრომითი ხელშეკრულების პირობები, მოთხოვნები, მითითებები და ბრძანებები, უზრუნველყო კულტურის დარგში განსაზღვრული სამუშაოს დროულად, მაღალიდეურად და შემოქმედებითად შესრულება. დაეცვა სამსახურებრივი შინაგანაწესი, რეჟიმი, რეგლამენტი, კულტურის მუშაკის ეთიკური და ზნეობრივი ნორმები.
17. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ კულტურის ცენტრში ჩატარდა რეორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო კვალიფიციური კადრების შერჩევა.
18. სასამართლომ მიიჩნია, რომ სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის თანახმად, დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულება უვადოდ უნდა დაკვალიფიცირებულიყო, შესაბამისად, თითოეულ მხარეს, მათ შორის, დამსაქმებელს, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, და მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შეეძლო მას მოეშალა დასაქმებულთან დადებული უვადო შრომითი ხელშეკრულება.
19. სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის N22 ბრძანებით, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა, ხოლო ამის საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და ააიპ კულტურის ცენტრის წესდების მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე - ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა - მიეთითა, დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, ამიტომ, ამ ნების გამოვლენა, ე.ი. გასაჩივრებული ბრძანება ბათილი იყო, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
20. სასამართლომ აღნიშნა, რომ კულტურის ცენტრში განხორციელებული რეორგანიზაციით გაუქმდა ის საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე მუშაობდა, ხოლო ფუნქციები სხვა თანამშრომლებს გადაუნაწილდათ, შესაბამისად, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
21. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბათილი ბრძანების გამო, დასაქმებული შრომით მოვალეობებს ვეღარ ასრულებდა და, 2015 წლის იანვრიდან, დამსაქმებლის ბრალით, იმ შემოსავალს ვერ იღებდა, რაც ხელფასის სახით - ყოველთვიურად 350 ლარი, უნდა მიეღო. 2015 წლის 1 იანვრიდან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე გასული იყო 7 თვე, ამ პერიოდის კომპენსაცია თვეში 350 ლარზე გაანგარიშებით შეადგენდა (350 ლარი X 7 თვეზე) 2450 ლარს, რომლის გადახდაც უნდა დაჰკისრებოდა მოპასუხეს, ასევე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ამ თანხის სრულად გადახდამდე, ყოველთვიურად 350 ლარი. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, აიპ ,,შ-ს” უნდა დავალებოდა 2015 წლის 1 იანვრიდან, დასაქმებულისათვის გადაეხადა იძულებითი განაცდურის შესაბამისი თანხა, თვეში 350 ლარი, გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე.
22. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, მე-3 მუხლის მე-3 ნაწილი, მე-6 მუხლი, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 44-ე მუხლი; სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 50-ე და 54-ე მუხლები.
23. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. კულტურის ცენტრმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა, ხოლო დასაქმებულმა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
24. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგ არგუმენტებზე:
24.1. მცდარია გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.3. და 4.3 პუნქტებში ასახული მსჯელობა, რომ ააიპ კულტურის ცენტრში 1978 წლიდან მუშაობდა დასაქმებული, ვინაიდან ააიპ იმ პერიოდში არ არსებობდა და იგი მხოლო 2007 წელს შეიქმნა. ამ პერიოდამდე, რაიონში სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დაწესებულებები მოქმედებდა, რომლებიც, მართალია, კულტურასთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწეოდნენ, მაგრამ მათი ფუნქციები არ იყო მოსარჩელის ფუნქციების იდენტური, ამასთან, არ არსებობს არცერთი აქტი, რომლითაც ა(ა)იპ კულტურის ცენტრი მათ სამართალმემკვიდრედ შეიძლება იქნეს მიჩნეული. მოსარჩელე უწყვეტად არ მუშაობდა კულტურის ცენტრში, რაც დასტურდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.3 პუნქტში მითითებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებით, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე 2005 წლის დეკემბრიდან 2008 წლის თებერვლამდე იყო უმუშევარი (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი);
24.2. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იძულებითი განაცდურის გაანგარიშების ნაწილშიც. საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული 2015 წლის საშტატო ნუსხაში აღარ არსებობს, ანუ მოხდა მისი ლიკვიდაცია. მოპასუხის ბათილად ცნობილი N22 ბრძანება უკანონოდაც რომ ჩაითვალოს ან საერთოდაც რომ არ გამოცემულიყო, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მეორე კასატორი მაინც გათავისუფლდებოდა და ვერ მიიღებდა იმ კომპენსაციას, რომლის გადახდაც სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა.
25. დასაქმებულის საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგ მოტივებზე:
25.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლიციო ნაწილის მე-5 პუნქტის გაუქმება და მეორე კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილება: მოსარჩელის აღდგენა ყოფილ პოზიციაზე ან მისი უზრუნველყოფა ტოლფასი სამუშაოთი ან, მეორე კასატორის სასარგებლოდ, კომპენსაციის დაკისრება დამსაქმებლისათვის სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად. ვინაიდან სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, მას უნდა დაევალდებულებინა დამსაქმებელი, უზრუნველეყო ტოლფასი საშტატო ერთეულით, რომელიც არაერთია კულტურის ცენტრში განხორცილებული ე.წ. რეორგანიზაციის შედეგად. უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისროს 2015 წლის 01 იანვრიდან ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის სახით 350 ლარის გადახდა სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის;
25.2. სასამართლომ მოპასუხეს, კომპენსაციის სახით, დააკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მაშინ, როდესაც განაცდური ხელფასი არის მიუღებელი ხელფასი, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა, რომ არა დამსაქმებლის უკანონო გადაწყვეტილება. ის კომპენსაცია, რომელიც შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით არის გათვალისწინებული წარმოადგენს იმ საკომპენსაციო თანხას, რომლის ოდენობა სასამართლოს უნდა დაედგინა და მისი გადახდა დაეკისრებინა მოპასუხისათვის სამუშაოზე აღდგენის ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, როგორც სანაცვლო ღონისძიება. ამდენად, განაცდური ხელფასის დაკისრება, როგორც ფულადი კომპენსაცია, არანაირ კავშირში არ არის შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ კომპენსაციასთან;
25.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ 2015 წლის თებერვალში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ, ის საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე მუშაობდა აღარ არსებობს და შემოღებულია სხვადასხვა სახელწოდების საშტატო ერთეულები, რომლებიც მთავარი სპეციალისტის ტოლფას საშტატო სამუშაო პოზიციებს წარმოადგენს (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.19 პუნქტი - ს.ფ. 239), აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელე ტოლფას სამუშაოზე უნდა აღდგენილიყო.
მეორე კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, რომელიც განხორციელებულ რეორგანიზაციას დაადასტურებდა, არც თვით მოპასუხეს გამოუცია ადმინისტრაციული აქტი რეორგანიზაციისა და ამის შედეგად საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე.
26. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში მიიღო დამსაქმებლისა და დასაქმებულის საკასაციო განაცხადები, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო წლის 4 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად ცნო ორივე საკასაციო განაცხადი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით და მიიღო არსებითად განსახილველად, რადგან სადავო საკითხი შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს და მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკისათვის, ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაშვებულმა მნიშვნელოვანმა საპროცესო დარღვევებმა, არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების არსებითად განხილვის ეტაპზე შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ორივე საკასაციო განაცხადი შეიცავს დასაბუთებულ შედავებას, რის გამოც ისინი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:
27. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადებით, დასაქმებულისა და დამსაქმებლის პრეტენზიების ნაწილი დასაბუთებულია, რის გამოც ისინი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს;
28. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნას, რომელიც დასაქმებულთან გაფორმებულ ხელშეკრულებას განუსაზღვრელი ვადით დადებულად მიიჩნევს (იხ. ამ განჩინების მე-18 პუნქტი), რადგან შრომითი ხელშეკრულების სტაბილურობა, კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი შრომის უფლების შემადგენელი ნაწილია (საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი), რაც შეეხება სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის გამოყენების საკითხს, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ # ას -951-901-2015, 29.01.2016წ.). სწორედ ამ კონტექსტში იზიარებს დასაქმებულის საკასაციო განაცხადის პრეტენზიებს სასამართლო, რის გამოც ნაწილობრივ აკმაყოფილებს მას და საქმეს აბრუნებს ხელახლა გამოსაკვლევად.
29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამატებით კვლევასა და შესწავლას საჭიროებს კულტურის ცენტრში განხორციელებული რეორგანიზაციის საკითხი, ამასთან, წინამდებარე განჩინების 28-ე პუნქტში განვითარებული მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, რომ დასაქმებულთან უვადო ხელშეკრულება დაიდო, მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ ჩატარებული რეორგანიზაციის თარიღის დადგენაც, რადგან, შრომითი ხელშეკრულების ამოწურვის ვადის გამო, დამსაქმებელმა 2014 წლის დეკემბერს შეწყვიტა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, 2015 წლის 6 იანვრითაა დათარიღებული (იხ. ს.ფ. 44-45) ახალი საშტატო ნუსხა. აღნიშნულ საკითხს ეხება პირველი კასატორის (დამსაქმებლის) პრეტენზია, რომელიც წინამდებარე განჩინების 24.2 ქვეპუნქტშია მითითებული, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას არ განეკუთვნება ფაქტების დადგენა, სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს რეორგანიზაციის საკითხი (თარიღის ჩათვლით), რადგან მისი დადგენის საჭიროება განპირობებულია მეორე კასატორის მოთხოვნასთან - იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე - კავშირით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (სუსგ # ას -951-901-2015, 29.01.2016წ.).
30. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დამსაქმებლის პრეტენზიებს, რომლებიც ამ განჩინების 24.1. ქვეპუნქტშია ასახული და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლო არ გამოიკვლევს საქმის გარემოებებს.
31. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ზემოხსენებული გარემოებები და შეაფასოს ისინი, რადგან მითითებული ფაქტების დადგენა მნიშვნელოვანია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რათა სოციალური სამართლიანობის პრინციპით შეფასდეს დამსაქმებლის ქმედება. სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, ამავე ნორმის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების არასაკმარისი იურიდიული დასაბუთებულობის გამო. მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მართებულ შეფასებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რაც, საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ "შ-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
4. კასატორებს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვთ;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე