Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-9-9-2016 26 თებერვალი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი –შპს ,,ა-ი’’ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,დ-ი’’ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ა-სა“ (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი ან კასატორი) და შპს „დ-ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი) შორის, 2008-2012 წლებში არსებობდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე მუხლი), რომლის საფუძველზეც ეს უკანასკნელი გამყიდველი საწარმოსაგან იძენდა სხვადასხვა დასახელების პროდუქტს (კვერცხი, პრემიქსი, ქათმის საკვები კონცენტრატი).

2. გამყიდველის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებშიც მითითებულია ნასყიდობის საგნის სახეობა და ღირებულება, მიღებული და დადასტურებული აქვს მყიდველს (იხ. საგადასახადო ანგარიშფაქტურები; ტ.1., ს.ფ. 21-60).

3. 2015 წლის 17 თებერვალს გამყიდველმა სარჩელი აღძრა მყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის 30 353.16 ლარის დაკისრება სსკ-ის 477-ე, 361-ე მუხლების საფუძველზე.

4. მყიდველმა არ ცნო სარჩელი იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა, ხანდაზმულობის მოტივით, არ იყო განხორციელებადი.

5. გამყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით, მყიდველს დაეკისრა 30 353.16 ლარი, შეძენილი პროდუქტის გადაუხდელი დავალიანების სახით

6. სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, ხოლო მოპასუხეს - ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, მე-3, მე-4, 102- ე, 105-ე მუხლები).

7. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა, ნასყიდობის ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის ვალდებულების შესრულებას - მიწოდებული საქონლის ღირებულების (ნასყიდობის ფასის) დავალიანების - 30 353.16 ლარის გადახდას. მოპასუხე სადავო 30 353.16 ლარის გადახდას უარყოფდა იმ საფუძვლით, რომ მას მოსარჩელისაგან ამ ღირებულების საქონელი არ შეუძენია.

8. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა ანგარიშფაქტურები (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი), რომელთა საფუძველზე, დასტურდებოდა მოპასუხისათვის 121 803.10 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების პროდუქტის მიწოდების ფაქტი. ამასთან, დასახელებული ანგარიშფაქტურები მიღებული და დადასტურებული ჰქონდა მყიდველს, ხოლო მათი ნამდვილობა არც საქმის განხილვის რომელიმე ეტაპზე გამხდარა სადავოდ.

9. ზემოდასახელებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი), სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისადმი ჰქონდა 30 353.16 ლარის დავალიანება. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ 121 803.10 ლარიდან მხოლოდ 30 353.16 ლარის ფულადი ვალდებულების არსებობის შესახებ გარემოების დადასტურება, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და მისი მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ბარათების საფუძველზე გახდა შესაძლებელი (ტ.1., ს.ფ. 61-70).

10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული და სსკ-ის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, აღნიშნა, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ამ ვადაში მოიაზრებოდა დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეეძლო თავისი უფლების რელიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი აღარაა განხორციელებადი ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებული ხდება მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშობა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა, ზოგადი წესისაგან განსხვავებულად რეგულირდება, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

11. სასამართლომ იმსჯელა მყიდველის მიერ მიღებულ და დადასტურებულ ანგარიშფაქტურებზე, კერძოდ: გამყიდველმა - მყიდველს 2012 წლის სექტემბრის თვეში მიაწოდა 12 240 ლარის პროდუქტი (კვერცხი II და 0 კატ), 2012 წლის ივლისის თვეში - 1 229.10 ლარის პრემიქსი , 2012 წლის ივნისში - 7 374.60 (1 229.10 + 6 145.50) ლარის პრემიქსი , 2012 წლის მაისში - 7 808.40 ლარის პრემიქსი, 2012 წლის აპრილში - 8 242.20 ლარის ღირებულების ქათმის საკვები კონცენტრატი (ტ.1., ს.ფ. 21 - 26).

12. სასამართლომ სსკ-ის 477-ე, 361.2-ე მუხლებზე მითითებით, დაასკვნა, რომ 2012 წლის აპრილის თვიდან 2012 წლის სექტემბრამდე მიწოდებული პროდუქციის ნასყიდობის ფასის - 36 894.30 (12 240 + 1 229.10 + 7 374.60 +7 808.40 + 8 242.20) ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამყიდველისათვის თავისი უფლებების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ამ პროდუქციის მიწოდების მომენტიდან - 2012 წლის აპრილიდან იმავე წლის სექტემბრის ჩათვლით.

13. სასამართლომ სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, აღნიშნა, რომ გამყიდვლემა სარჩელი აღძრა 2015 წლის 17 თებერვალს (იხ. განჩინების მე-3 პუნქტი), ე.ი. კანონით განსაზღვრულ სამწლიან ვადაში, შესაბამისად, მისი მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული.

14. მყიდველმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გამყიდველის სარჩელის უარყოფა.

15. მყიდველი სააპელაციო პრეტენზიაში უთითებდა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, კერძოდ, მყიდველის მიერ წარდგენილი ,,ანგარიშის ბარათების’’ საფუძველზე, უნდა მიჩნეულიყო, რომ დავალიანება წარმოშობილი იყო 2008-2011 წლებში, ხოლო სარჩელი აღძრული იყო 2015 წლის თებერვალში, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მყიდველის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

17. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე; სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე განიხილული იყო არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, მართებულად იყო დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებაც შესატყვისი იყო.

18. სასამართლომ დამატებით ისიც დაადგინა, რომ 2008-2012 წლებში მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამში მიაწოდა 121 803.10 ლარის პროდუქცია, საიდანაც ანაზღაურებეული იყო 91 449.94 ლარი, ხოლო სარჩელის აღძვრის დროისათვის (17.02.2015 წ.) გამყიდველისადმი არსებულმა დავალიანებამ შეადგინა 30 353.16 ლარი (დავის საგანი).

19. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს თავის შესაგებელში სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული არცერთი ფაქტობრივი გარემოება და შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული (იხ. ტ. 1, ს.ფ. 77–84; ამ განჩინების მე-4 პუნქტი).

20. სასამართლომ არ გაიზიარა მყიდველის პრეტენზია, რომ გამყიდველის სარჩელით მოთხოვნილი დავალიანება წარმოშობილი იყო 2008, 2010 და 2011 წლებში და აღნიშნა, რომ პრეტენზია ბათილდებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი). მიღებული საქონლის ღირებულება ბოლოს 2014 წლის აპრილ-მაისში გადაიხადა მყიდველმა, რის შემდეგაც დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სწორედ 30 353.16 ლარი ანუ სარჩელით მოთხოვნილი თანხა (ტ.1., ს.ფ. 61-62).

21. სასამართლომ სსკ-ის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე მიუთითა: „თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა“ და აღნიშნა, რომ მხარეები არ დავობდნენ, რომ მოპასუხის მიერ შესრულებული ფულადი ვალდებულება მიემართებოდა იმ ვალის დასაფარავად, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. შესაბამისად, უდავო იყო, რომ დარჩენილი დავალიანების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2012 წლის აპრილ–სექტემბერში, სარჩელი კი აღძრული იყო 2015 წლის თებერვალში.

22. სასამართლომ, გაანალიზებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სსკ-ის 129–ე და 130-ე მუხლებზე დაყრდნობით, სასარჩელო მოთხოვნა არ მიიჩნია ხანდაზმულად.

23. მყიდველმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.

24. საკასაციო განაცხადი იმავე პრეტენზიებს ეფუძნება, რაც სააპელაციო ეტაპზე წარადგინა მყიდველმა (იხ. ამ განჩინების 14-15 პუნქტები).

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 18 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და მტკიცებულებების გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგი მოტივაციით:

26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ # ას-1253-1175-2015, 16.02.2016წ.).

29. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულების შესრულების მოთხოვნა ხანდაზმულია. სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც 17-22 პუნქტებშია მითითებული. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო სარწმუნო და დამაჯერებელი შედავება წარმოედგინა გასაჩივრებული განჩინების გასაბათილებლად, რათა დაეძლია მისი მსჯელობა და მოტივაცია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც მისი დაუშვებლად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.

32. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, რაც იმას ნიშნავს, რომ კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30% რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის, განჩინებით კასატორს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემული საკასაციო წარმოების დასრულებამდე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის საფუძველზე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 1 517.7 ლარის 30 %-ის 455.3 ლარის, გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ა–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ა-ს" (ს/ნ …) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის განჩინებით (საქმე ას-9-9-2016) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 1 517.7 ლარის 30 %-ის 455.3 (ოთხას ორმოცდათხუთმეტი ლარისა და ოცდაათი თეთრის) ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე