საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1242-1165-2015 12 თებერვალი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ბმა ,,მ-ა“, ა. ა-ე (ამხანაგობის თავმჯდომარე), ჯ. ღ-ე, ბ. ბ-ე, მ. ბ-ე, მ. შ-ე, მ. ბ-ე, გ. ქ-ე და ბ. ს-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ე. დ-ე, რ. ბ-ე, მ. ხ-ა და სხვა (სულ 23 პირი, მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის, მ. ხ-ას და სხვათა (სულ 23 მოსარჩელე, შემდეგში 23 მოსარჩელე) სარჩელი ბმა ,,მ-’’-ის (შემდეგში ამხანაგობა) 2012 წლის 25 მარტის, 30 მაისის და 17 ივნისის კრების ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნულ კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებები; ერთი მოსარჩელის - ე. დ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 23 მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის, მტკიცებულებების მოძიებისათვის - 136 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის - 252 ლარია და ადვოკატის ჰონორარის - 1200 ლარის ანაზღაურება.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, 2015 წლის 25 სექტემბერს, სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა: ამხანაგობამ, მისმა თავმჯდომარემ - ა. ა-ემ, ჯ. ღ-ემ, ბ. ბ-ემ, მ. ბ-ემ, მ. შ-ემ, მ. ბ.ემ, გ. ქ-ემ, ბ. ს-ემ, ფ. დ-ემ, ა. ს-მ, თ. ვ-მ და ზ. დ-მ, რაც სააპელაციო სასამართლოს, 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად
3. სააპელაციო სასამართლომ, საქმის მასალებზე დაყრდნობით, დადგენილად ცნო, რომ: 23 პირის სარჩელთან დაკავშირებულ საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2015 წლის 30 ივლისს, რასაც მოპასუხეთაგან ესწრებოდა ბ. ბ-ე (შემდეგში სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას სხდომაზე დამსწრე მოპასუხე; იხ. ტ. 3., ს.ფ. 91-93). საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებით მხარეებს განემარტათ დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნის, ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 2591-ე მუხლის პირველი ნაწილი].
4. გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო მოპასუხეებისათვის მ. შ-ისთვის, ბ. ს-ისთვის, ჯ. ღ-ისთვის, ა. ა-ისთვის (ამხანაგობის თავმჯდომარე), ასევე, მ. ბ-ის, მ. ბ-ის და გ. ქ-ის სასამართლო აქტების გასაჩივრების უფლების მქონე წარმომადგენლისთვის - ჯ. ქ-ისთვის (შემდეგში მოპასუხეთა წარმომადგენელი; ტ.3., ს.ფ.90). ამ უკანასკნელმა, გადაწყვეტილების ასლის მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა 2015 წლის 9 სექტემბერს, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რაც იმავე დღეს ჩაიბარა.
5. მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს 2015 წლის 25 სექტემბერს (ტ.3., ს.ფ. 106).
6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით, 2015 წლის 25 სექტემბერს, რის გამოც, სასამართლომ საჩივარი, სსსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, დაუშვებლად ცნო და 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით განუხილველად დატოვა (ტ.3. ს.ფ. 126-129).
7. სასამართლომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, 369-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განმარტა, რომ ვინაიდან საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა ერთ-ერთი მოპასუხე (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) ხოლო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო სხვა მოპასუხეებისათვის და სამი მათგანის წარმომადგენლისათვის (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი), გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის აითვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის შემდეგ - 30 აგვისტოს და ამოიწურა 2015 წლის 14 სექტემბერს (ორშაბათს), 24:00 საათზე. სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2015 წლის 25 სექტემბერს (სსსკ-ის 2591 -ე მუხლის პირველი ნაწილი).
8. მოპასუხეთაგან ამხანაგობის თავმჯდომარემ და დანარჩენმა შვიდმა პირმა (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი), კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
9. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან:
ა) კანონმდებლობის თანახმად, მხარეებს განემარტებათ გადაწყვეტილების ჩაბარებისა და გასაჩივრების ვადები. პირს, რომელსაც არა აქვს იურიდიული განათლება, მისთვის ცნობილი არაა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილების ჩაბარების ვადებს და პროცედურებს. კერძოდ, თუ მხარე ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად, მისთვის უცნობია ჩაბარების ვადები და პროცედურები. სასამართლო სახდომას მოპასუხეთაგან ესწებოდა მხოლოდ ერთი პირი (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) სხვებისთვის (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი) არ განუმარტავთ გასაჩივრების ვადებისა და წესის შესახებ, მათ არ გაგზავნიათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
ბ) სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას სხდომაზე დამსწრე მოპასუხე (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) არაერთხელ გამოცხადდა სასამართლოში, რათა მისთვის განმარტებულ ვადაში ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება, მაგრამ გადაწყვეტილება მას ვერ ბარდებოდა სასამართლო შემადგენლობის შვებულებაში ყოფნის გამო, ვინაიდან გადაწყვეტილება მზად არ იყო.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და მათი გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.
13.საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და კერძო საჩივრის ავტორებიც ადასტურებენ, რომ ისინი ინფორმირებულნი იყვნენ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის თაობაზე.
14.საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიებს (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი) და მიაჩნია, რომ აღნიშნული მოსაზრებები სამართლებრივად დაუსაბუთებელია და უთითებს წინამდებარე განჩინების მე-3, მე-4 და მე-7 პუქნტებზე.
15. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი ავალდებულებს გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველ მხარეს, რომელმაც იცოდა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ, კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საპროცესო კანონმდებლობა უფლებებთან ერთად მხარეებს აკისრებს მოვალეობებსაც, მათი შეუსრულებლობა კი იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარემ იცის დავის სამართლებრივი შედეგის (სარეზოლუციო ნაწილის) გამოცხადების შესახებ და არც სხდომაზე ცხადდება და არც გონივრულ ვადაში ითხოვს გადაწყვეტილების ასლს, როგორ უნდა აიხსნას მისი ქცევა, თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრებისადმი ინტერესის დაკარგვით ან დაუდევრობით. მომჩივნები მითითებული პრეტენზიით აკრიტიკებენ კანონის ნორმას, რაც წინამდებარე საჩივრის ფარგლებში არ შეიძლება სადავო იყოს (იხ. სუსგ-ები # ას-13-13-2016, 18.01.2016; # ას-89-85-2016, 05.02.2016).
16. საკასაციო სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს, კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიას, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას, სხდომაზე დამსწრე მოპასუხე (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) კანონით დადგენილ ვადაში არაერთხელ გამოცხადდა სასამართლოში, მაგრამ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ ჩაიბარა გადაწყვეტილების ასლი. მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი მომჩივანს აწევს, მას კი არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება. კასატორის აღნიშნული პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებში განთავსებული განცხადებითა და ხელწერილით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება იმავე წლის 1 სექტემბერს მოითხოვა და იმავე დღეს ჩაიბარა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ლ-მ (ტ.3., ს.ფ. 102), რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან - 2015 წლის 30 ივლისს, კანონით განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოს მზად ჰქონდა და მისი ჩაბარება, მოსარჩელეთა მსგავსად, მოთხოვნის შემთხვევაში, მოპასუხეებსაც შეეძლოთ, შესაბამისად, მათი პრეტენზია, რომელიც ამ განჩინების მე-9 პუნქტშია მითითებული არათუ დაუსაბუთებელია, არამედ სინამდვილეს არ შეეფერება და შესაძლებელია სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობადაც კი შეფასდეს.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბმა ,,მ- ის“, ა. ა-ის (ამხანაგობის თავმჯდომარე), ჯ. ღ-ის, ბ. გ-ის, მ. ბ-ის, მ. შ-ის, მ. ბ-ის, გ. ქ-ისა და ბ. ს-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე