Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1255-1177-2015 12 თებერვალი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი/მ დ. ფ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოსარჩელე ან მეიჯარე) სარჩელი ი/მ დ. ფ-ას (შემდეგში მოპასუხე, მოიჯარე ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, საიჯარო ქირის - 4433 ლარისა და პირგასამტეხლოს - 584.70 ლარის, სულ 5017.70 ლარის დაკისრების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 581-ე, 417-418- ე მუხლები) თაობაზე, ასევე, მოხმარებული ელექტროენერგიის -200.40 ლარისა და წყლის საფასურის- 194.47 ლარის გადახდაზე დაკმაყოფილდა.

2. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და მეიჯარის სარჩელის უარყოფა. მოიჯარემ სააპელაციო საჩივრის ფასად მიუთითა 5017.70 ლარი (იხ. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი- ტ.2., ს.ფ. 13).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 365-ე მუხლი).

4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა ნაწილობრივ, კერძოდ, მისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, საიჯარო ქირის 4433 ლარის და პირგასამტეხლოს 584.70 ლარის დაკისრების ნაწილში.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოში, 2015 წლის 13 თებერვალს გამართულ სხდომაზე, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი - 3700 ლარის დაკისრებისა და ასევე, პირგასამტეხლოს (არა სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად 587 ლარი) - 456 ლარის ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ფასი შეადგენდა 861.7 ლარს, რაც სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ, სააპელაციო დავის საგნის ღირებულებაზე - 1000 ლარზე, ნაკლებია.

6. მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

7. კერძო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია უკავშირდება სააპელაციო წესით გასაჩივრებული, საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების უკანონობას. მოპასუხეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიკერძოებული, ტენდენციური და უკანონოა, მისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, არასწორადაა დაკისრებული თანხა. სააპელაციო საჩივარში დავის საგნის ღირებულება 5017,7 ლარს შეადგენს. რაც შეეხება იმას, რომ ნაწილობრივ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, ამ შემთხვევაშიც კი დავის საგანს წარმოადგენს 1197,98 ლარი, ნაცვლად 861,7 ლარისა.

8.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 26 იანვრის განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

10. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაიჩნია, რომ მოპასუხემ დასაბუთებული საკასაციო შედავება წარმოადგინა.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება.

13. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ მან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საიჯარო ქირის - 4433 ლარისა და პირგასამტეხლოს - 584.70 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც ჯამში შეადგენს 5017. 70 ლარს, რაც მიუთითა კიდეც დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ფასად და შესატყვისი სახელმწიფო ბაჟიც გადაიხადა (იხ. სააპელაციო საჩივარი - ტ.2., ს.ფ.9-11). კერძო საჩივრის ავტორი იმაზეც უთითებს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად 2013 წლის 13 ივნისი; იგი პრეტენზიას აცხადებს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაზეც და აღნიშნავს, რომ თავად მეიჯარის მიერ წარმოდგენილი ვადაგადაცილებული დღეების დაანგარიშებით, პირგასამტეხლო შეადგენს არა 584.70 ლარს, არამედ, 159.72 ლარს. კერძო საჩივრის ავტორი საკუთარი პრეტენზიის მითითებისას, აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ფასის - 5017.70 ლარის გათვალისწინებით, მის მიერ ნაწილობრივ ცნობილი სასარჩელო მოთხოვნის დაანგარიშების შემთხვევაშიც კი, სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 1157.98 ლარს (5017.70-3700 (საიჯარო ქირა) და 159.72 ლარი (პირგასამტეხლო) = 1157.98 ლარი).

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დასაბუთებულია, დადასტურებულია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულება აღემატება 1000 ლარს (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენისას მოპასუხემ განსაზღვრა საჩივრის ღირებულება, ამასთან, იგი არსებითად დავობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებზე, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებულ ოდენობაზე, რაც სააპელაციო სამართალწარმოების ფარგლებში განსახილველი დავის საგანია. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის პრეტენზია დასაბუთებულია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი/მ დ. ფ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე