საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1259-1181-2015 26 თებერვალი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თ. მ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "კ.", გ. კ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „კ.“-სა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე ან სტუდია) და თ. თ-ეს (შემდეგში: მოსარჩელე, კონკურსანტი, კონკურსში გამარჯვებული, ფინალისტი ან კასატორი) შორის, 2012 წლის 10 აპრილს, დაიდო ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის საფუძველზე პროექტში - რეალითი შოუ „ტ.“ (შემდეგში: პროექტში) მონაწილეობას მიიღებდა კონკურსანტი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 755-ე, მუხლი)
1.1. ხელშეკრულების 2.1.3 ქვეპუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფინალში გასული 3 მონაწილე, პროექტის ხარჯებით, გაემგზავრებოდა ლონდონში, სადაც ფინალისტები უზრუნველყოფილი იქნებოდნენ საცხოვრებლით, ავტომობილითა და საკვები პროდუქტით. პროექტის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფდა გამარჯვებული კონკურსანტების შეხვედრებს სააგენტოსთან, მათ ფოტოსესიებს, ჩვენებას ლონდონში და საქართველოში დაბრუნებას.
1.2. ხელშეკრულების 2.1.4 ქვეპუნქტის თანახმად, მონაწილეს, რომელიც გახდებოდა პროექტის გამარჯვებული, მიენიჭებოდა „ტ-ს“ წოდება, გადაეცემოდა სპონსორებისაგან დაწესებული პრიზები (სსკ-ის 758-ე მუხლი). პროექტის ხელმძღვანელობა ასევე უზრუნველყოფდა გამარჯვებული მონაწილის შეხვედრებს ბრიტანეთის წამყვან სააგენტოებთან.
2. მოსარჩელე პროექტის გამარჯვებული კონკურსანტია.
3.პროექტის ფარგლებში, სტუდიამ საკუთარი ხარჯებით უზრუნველჰყო ფინალისტების, მათ შორის, მოსარჩელის გამგზავრება ლონდონში.
4. 2013 წლის 9-15 იანვრის №2 ჟურნალში „ს.“ (გვ. 14-15) გამოქვეყნდა სტატია, სადაც რეალითი შოუს ერთ-ერთი ავტორი გ. კ–ი (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე, შოუს ავტორი) წერდა: „მოსარჩელეს, როგორც ჩანს მორალური და ფსიქიკური პრობლემები აქვს“.
5. გამარჯვებულმა კონკურსანტმა სარჩელი აღძრა პირველი და მეორე მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა პირველი მოპასუხისთვის ხელშეკრულების ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის 100 000 ლარის და 10 000 აშშ დოლარის დაკისრება, ხოლო მეორე მოპასუხისთვის კი მორალური ზიანის - 30 000 ლარის დაკისრება და ბოდიშის მოხდა იმავე საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, რომლითაც გაკეთდა ღირსების შემლახავი განცხადებები. მან თავისი მოთხოვნა დაამყარა სსკ-ის 408-ე, 413-ე მუხლებზე.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით გამარჯვებული კონკურსანტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ პროექტის სპონსორებს, რომლებზეც მოსარჩელე უთითებდა, სტუდიასთან აკავშირებდათ სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები, მათ შორის სარეკლამო მომსახურების გაწევის შესახებ, რომლებიც არ ითვალისწინებდნენ მოსარჩელის მიერ მითითებული კომპანიების მიერ რაიმე სახის პრიზის დაწესებას პროექტის გამარჯვებულისათვის გადასაცემად. მოხმობილი ნორმების საფუძველზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლებიც საფუძვლად დაედო მის სარჩელს, კონკრეტულ შემთხვევაში, სპონსორების მიერ პრიზების დაწესებისა და პირველი მოპასუხისათვის გადაცემის მტკიცების ტვირთი, რომლის რეალიზება მან ვერ უზრუნველჰყო.
8. სასამართლომ, სსკ-ის 316-ე, 317-ე, მუხლებზე მიუთითებით, აღნიშნა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ გამარჯვებულისთვის პრიზის გადაცემის ვალდებულებას, გარდა სპონსორების მიერ დაწესებული პრიზებისა. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულება არ არსებობდა და მოსარჩელე ვერ მოითხოვდა, პრიზის გადაუცემლობის გამო, ზიანის ანაზღაურებას.
9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული გარემოებები, მათ შორის მე-4 პუნქტში დასახელებული გარემოება "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის, შემდეგში კანონი, მე-13 მუხლის თანახმად, მიიჩნია შოუს ავტორის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმად და არა ფაქტის მითითებად, რაც განეკუთვნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს.
10. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
11. გამარჯვებული კონკურსანტის პრეტენზიების მოტივაცია შემდეგია:
11.1. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო შემოიფარგლა ხელშეკრულების მხოლოდ ზოგადი შინაარსით და ყურადღება არ მიაქცია მის ნაწილობრივ შეუსრულებლობის კონკრეტულ ასპექტებს, მათ შორის ამ განჩინების 1.1. და 1.2. ქვეპუნქტებში დასახელებულ გარემოებებს, სტუდიამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ინგლისში წამყვან სამოდელო სააგენტოებთან შეხვედრები არ გამართულა, რაც ცალსახად ადასტურებს პირველი მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევას; ამ უკანასკნელს კომპანია „მ-თან“ ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც გამარჯვებულებს პრიზები ერგებოდათ;
11.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ შოუს ავტორის შეურაცხმყოფელი განცხადებები პირადი აზრისა და დამოკიდებულების გამოხატვა იყო მარტოოდენ და არა ფაქტზე მითითება, რომლითაც მოსარჩელის საქმიანი რეპუტაცია შეილახა.
12.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
13. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებები, გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა და შეფასებები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ხელშეკრულება არ შეიცავდა დათქმას, თუ რა სახის პრიზი უნდა მიეღო გამარჯვებულს, რა ღირებულების, ან რა ვადაში და მიიჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სპონსორების მიერ დაწესებული იყო პრიზები, რომლებიც პროექტის გამარჯვებულს უნდა გადასცემოდა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა. მოსარჩელემ ვერ მიუთითა, თუ რას ემყარებოდა მისი მოლოდინი პრიზების მიღების შესახებ; რეალურად იყო თუ არა დაწესებული პრიზები პროექტის გამარჯვებულისთვის; თუ იყო, რომელი კომპანიების მიერ; ან რას წარმოადგენდა ეს პრიზი.
14. 2012 წლის 21 ნოემბრის აუდიტორული დასკვნა, რომლითაც ხელშეკრულების, ასევე ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციების კვლევების საფუძველზეა დადგენილი, რომ პროექტის გამარჯვებულს, პრიზის სახით, უნდა გადასცემოდა 100 000 ლარის ღირებულების პრიზი, ხოლო ინგლისის წამყვან სააგენტოებთან შეხვედრების ორგანიზების ხარჯები (მგზავრობის, სასტუმროს, კვების და სხვა დამატებით გაუთვალისწინებელი ხარჯი, სულ - 10 000 აშშ დოლარი), სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია. მან აღნიშნა, რომ დასკვნის სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავდა სადავო გარემოების დამდგენ დასაშვებ მტკიცებულებებს და არ ეყრდნობოდა კვალიფიციურ წყაროებს.
15. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა მიზეზობრივი კავშირი ხელშეკრულების შეუსრულებლობასა და სარჩელით მოთხოვნილ ზიანს შორის, ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნია გამარჯვებული კონკურსანტის მოთხოვნა მეორე მოპასუხისათვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა სადავო გამონათქვამი (წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი) მიეკუთვნებოდა ფაქტს, თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს). სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული აუცილებელი პირობაა გავრცელებული განცხადების შეფასებისთვის, ვინაიდან კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც გამორიცხავს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას; ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება.
16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილს, რომელიც აზრის გამოხატვის თავისუფლებას ადგენს, ფართოდ განმარტავს, ერთ-ერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში (LINGENCE v. AUSTRIA, სტრასბურგი, 08 ივლისი, 1986 წელი, განაცხადის N9815/82), თავისი პრინციპული პოზიცია ასახა სასამართლომ და განმარტა, რომ უდიდესი სიფრთხილით უნდა შეფასდეს „ფაქტები“ და „მოსაზრება“/“მსჯელობა“. თავის მხრივ, „ფაქტების“ არსებობა დასაშვებად მიიჩნევს მათ დადასტურებას, მაშინ როდესაც „მოსაზრების“/“შეხედულების“ დადასტურება პრაქტიკულად შეუძლებელია და ამდენად, იგი განეკუთვნება შეხედულებათა თავისუფლების სფეროს და დაცულია კონვენციის მე-10 მუხლით.
17. სასამართლომ „ფაქტისა“ და „აზრის“ გამიჯვნის კრიტერიუმები დაადგინა და მიუთითა კანონის მე-7 მუხლზე, რომელიც მინიმალურ სტანდარტს აწესებს: კერძოდ, მოხმობილი ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად: „აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ“. თავად „აზრის“ დეფინიცია მოცემულია ზემოხსენებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით: „აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს“. სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე (იხ. სუსგ, №ას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი), ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა, ხოლო „აზრის“ შემოწმება შეუძლებელია, რამდენადაც იგი განეკუთვნება „გონების სფეროს“, წარმოადგენს აბსოლუტურად დაცულ უფლებას, რომელში ჩარევასაც კანონმდებელი დაუშვებლად მიიჩნევს და მისი მართებულობის კვლევას დღის წესრიგში არ აყენებს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა, ბოდიშის მოხდაზე, დაუსაბუთებლად მიიჩნია.
18. გამარჯვებულმა ფინალისტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
19. საკასაციო განაცხადი ძირითადად სააპელაციო საჩივრის საფუძვლების იდენტურია (იხ. მე-11 პუნქტი). საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად კასატორმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე: #ას-1149-1169-2011 - 25.02.2013წ., #ას-677-638-2011 -24.09.2012წ., ას-1278-1298-2011,20.02.2012, ას-1477-1489-2011- 03.04.2012წ.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. იმავე განჩინებით, დაკმაყოფილდა კასატორის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის შემცირებისა და მისი გადახდის გადავადების შესახებ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და მტკიცებულებბეის გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ # ას-1052-1007-2014, 30.09. 2015 წელი).
24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობით და მართლსაწინააღმდეგო ქცევით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის მიყენებას. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით, პირველი მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა პროექტში გამარჯვებული ფინალისტისათვის სპონსორების მიერ დაწესებული პრიზების გადაცემა (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი). ქვემდგომი ინსტანციის ორივე სასამართლომ სარჩელის უარყოფის ძირითად საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია, მან არათუ ვერ წარუდგინა სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები, სასამართლოს, არამედ, ვერ მიუთითა ფაქტებზე, რომლითაც ზიანის მიყენების მოთხოვნას დაასაბუთებდა (იხ. განჩინების 7-8 პუნქტები).
27. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ხელშეკრულების პირობა გამარჯვებულისათვის სპონსორების მიერ დაწესებული პრიზების გადაცემის თაობაზე, არ წარმოშობს პირველი მოპასუხის მიერ პრიზის გადაცემის ვალდებულებას, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება სპონსორების მიერ პრიზის დაწესების ფაქტი, შესაბამისად, არარსებული ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაუშვებელია.
28. საკასაციო სასამართლოს როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად დაუსაბუთებელად მიაჩნია კასატორის პრეტენზია, მისი ლონდონში გამგზავრებისა და სამოდელო სააგენტოებთან კომუნიკაციიის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მიყენებული ზიანის ანაზღაურების პირველი მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში. საქმის მასალებით არ დგინდება ზიანის ანაზღაურების კანონით განსაზღვრული წინაპირობები: კერძოდ, ვალდებული პირის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების შეუსრულებლობასა და ზიანს შორის; არ დგინდება ზიანის მიყენების ფაქტი.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია მეორე მოპასუხის მიერ გამოთქმული მოსაზრების თაობაზე, შესაძლებელია სუბუქტურად მტკივნეულად და შურაცხმყოფელადაც აღიქმებოდეს, თუმცა, გამოხატვის თავისუფლებისათვის დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, არ არსებობს მოსაზრების გამომხატველი სუბიექტისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მოსაზრების (შეფასებითი მსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებულ იქნეს, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე (ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ). იმ დროს, როდესაც შესაძლებელია ფაქტების არსებობის დემონსტრირება, სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცების მოთხოვნა შეუსრულებელია და ეს მოთხოვნა არღვევს თვით აზრის თავისუფლებას. როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება ზედმეტი იყოს (დიჩანდი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ)“ - სუსგ # ას-1052-1007-2014, 30 .09. 2015 წელი).
30.საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. განჩინების 15-18 პუნქტები), რომლითაც სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს მეორე მოპასუხისათვის მორალური ზიანის დაკისრებასა და ბოდიშის მოხდის დავალდებულებაზე, იმ საფუძვლით, რომ სადავო გამონათქვამი შეაფასა აზრის გამოთქმად, რომელიც კანონით აბსოლუტური პრივილეგიითაა დაცული.
31. გარდა იმისა, რომ არ არის განხორციელებული კანონის მე-13 და მე-17.2-ე მუხლებით გათვალისიწნებული წინაპირობები, არც შედეგობრივი თვალსაზრისით არ არის მოთხოვნა დასაბუთებული, რადგან ამავე კანონის მე-17-ე მუხლის მეორე ნაწილით "დაუშვებელია მოპასუხის იძულება, მოიხადოს ბოდიში".
32. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის მიერ მითითებულ პრეცედენტებში (იხ. განჩინების 20.4. ქვეპუნქტი) განვითარებული მსჯელობა არ ეწინააღმდეგება და, შესაბამისად, ვერ აბათილებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს
33. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო განაცხადი, მისი სამართლებრივი დაუსაბუთებლობის მოტივით, დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
34. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, რაც იმას ნიშნავს, რომ კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30% რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის, განჩინებით კასატორს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემული საკასაციო წარმოების დასრულებამდე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის საფუძველზე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (3 000 ლარის) 30%-ის, 900 ლარის, გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. მ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. თ. მ-ას (პ/ნ ...) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით (საქმე ას-1259-1181-2015) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 3 000 ლარის 30 %-ის 900 (ცხრაასი) ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე