საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1292-1213-2015 26 თებერვალი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ტ. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და მ. მ-ისათვის, ნ. მ-თან ერთად, სოლიდარულად, 20 149.5 აშშ დოლარის დაკისრება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. მ-მა (შემდეგში: უძრავი ქონების მესაკუთრე, მსესხებლის შვილი, მეორე მოპასუხე ან არასათანადო მოპასუხე), საქართველოში მისი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების განკარგვისა და საბანკო ოპერაციების შესრულების მიზნით, 2009 წლის 11 თებერვალს, აშშ-დან, აპოსტილით დამოწმებული მინდობილობა გასცა მამაზე - ნ. მ-ზე (შემდეგში: პირველი მოპასუხე, წარმომადგენელი, მსესხებელი ან მოვალე) [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 103-ე, 107-ე მუხლები].
2. წარმომადგენელსა და ტ. მ-ეს (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი, კასატორი, კრედიტორი) შორის, 2012 წლის 4 ივლისს, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდეგში ხელშეკრულება), რომლის თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს, ერთი თვით ასესხა 9000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5% სარგებლის დარიცხვით (სსკ, 623-ე, 624-ე, 625-ე, მუხლები). ნასესხები თანხის მიღება წერილობით დაადასტურა მსესხებელმა და ხელშეკრულებაზე გააკეთა მინაწერი, რომ სესხად აღებულ 9000 აშშ დოლარზე, იმავე წლის 5 ივლისს, დამატებით მიიღო 1100 აშშ დოლარი, შესაბამისად, მისი ვალი გამსესხებლისადმი შეადგენდა 10 100 აშშ დოლარს, ხოლო ხელშეკრულების დანარჩენი პირობები რჩებოდა უცვლელად (იხ. ხელშეკრულება - ტ.1., ს.ფ.12-15).
3. იმავე ხელშეკრულებით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა გადასახდელი მთლიანი თანხის 0.3%-ით (ძირისა და სარგებლის დაგვიანებისათვის), მოვალის მიერ სესხის სრული მოცულობით დაფარვამდე. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი სამომავლო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის შვილის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება (სსკ-ის 286-ე, 289-ე, 291-ე მუხლები).
4.ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული მსესხებლის შვილის მიერ გაცემული მინდობილობა, ძალადაკარგული იყო მსესხებლის მიერ 2012 წლის 4 ივლისის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს, რადგან იგი გაუუქმა მარწმუნებელმა (სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) .
5. მსესხებლის წინააღმდეგ მისივე შვილი (უძრავის ქონების მესაკუთრის) მიერ აღძრული სარჩელის საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, კანონიერ ძალაში შესული, 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულება.
6. გამსესხებელმა 2013 წლის 30 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მსესხებლისა და მისი შვილის წინააღმდეგ და მოითხოვა, მოსარჩელის სასარგებლოდ, ორივე მოპასუხეს დაჰკისრებოდა სულ 53 025 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც 10 100 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხაა, 15 655 აშშ დოლარი - სარგებელი, 27 270 აშშ დოლარი - საურავი), ასევე, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირველ მოპასუხეს დაჰკისრებოდა მორალური ზიანის - 20 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა: პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 20149.5 აშშ დოლარი (საიდანაც 10 100 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხაა, 505 აშშ დოლარი - სარგებელი; ხოლო 9544.5 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო). მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანების მეორე მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში; ასევე, უარყოფილი იქნა სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
8. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319- ე, 341-ე, 361-ე, 411-ე, 417-418-ე, 420-ე, 413-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 992-ე მუხლები.
9. სასამართლომ მიუთითა ამ განჩინების მე-4 პუნქტში დასახელებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ არ არსებობდა მეორე მოპასუხის მიერ გამსესხებელსა და მსესხებელს შორის დადებული გარიგების მოწონების დამადასტურებელი მტკიცებულება ან მსესხებლის შვილის მიერ ვალის აღიარების წერილობითი დოკუმენტი. იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში დასახელებული ხელშეკრულება ბათილი იყო, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელისადმი მეორე მოპასუხეს არ გააჩნდა ვალდებულება, რის გამოც იგი არასათანადო მოპასუხედ მიიჩნია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 85-ე მუხლი).
10. სასამართლომ, სსკ-ის 113-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, განმარტა, რომ პირველმა მოპასუხემ ვერ დაადასტურა თავისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, შესაბამისად, ის ვალდებული იყო, შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება ან აენაზღაურებინა ზიანი.
11. სასამართლომ, სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლებზე მითითებით, მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო გონივრულად და შეამცირა იგი.
12. გამსესხებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ მოტივაციით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. გამსესხებელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, სარგებლის საურავის დაკისრების ნაწილში, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ასევე, მეორე მოპასუხის სათანადო მოპასუხედ ცნობა და, პირველ მოპასუხესთან ერთად, მისთვის თანხის სოლიდარულად დაკისრება.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-4, პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო 8-9 პუნქტებში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, აღიარების ხელწერილის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე შესასრულებელი ჰქონდა ფულადი ვალდებულება - 10 100 აშშ დოლარის გადახდა. რწმუნებულს არ ჰქონდა მარწმუნებლის სახელით მოქმედების უფლებამოსილება (იხ. ამ განჩინების პირველი და მესამე პუნქტები).
15. სასამართლომ გაიზიარა წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული მსჯელობა და განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას, სსკ-ის 316-ე, 317-ე მუხლებთან ერთად მიუთითა, 341-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებული იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. სსსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად კი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
16. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებაზე მსესხებლის მინაწერი (იხ. განჩინების პირველი პუნქტი) წარმოადგენდა ვალის არსებობის აღიარებას, რაც ცალმხრივი ხელშეკრულებაა, და პირს, რომელმაც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობოდა მისი შესრულების ვალდებულება იმ პირის მიმართ, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება. ამ უკანასკნელს კი უფლება აქვს ამღიარებლისაგან მოითხოვოს შესრულება. ვალის არსებობის აღიარება დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, რომლის არსებობაც მხარეთათვის საკამათოც კი შეიძლება იყოს. ვალის აღიარება ქმნის ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მსესხებელს დამოუკიდებლად წარმოეშვა მოსარჩელისადმი ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის მთლიანი თანხის - 10 100 აშშ დოლარის, ერთი თვის სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდაში.
17. სასამართლომ იმაზეც იმსჯელა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია პირველ მოპასუხეს, ასევე, აღნიშნა, რომ ბათილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ გადმოვიდოდა მოპასუხეზე და იგი ვერ გახდებოდა ამ გარიგებით განსაზღვრულ მოვალეობათა მატარებელი, მისი ვალდებულებების განმსაზღვრელი შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ ზემოაღნიშნული ხელწერილი, რომელიც არ შეიცავდა დათქმას სარგებლის თაობაზე.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საკასაციო წესით, ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება მეორე მოპასუხის თანამოპასუხედ ცნობისა და მისთვის სადავო თანხის სოლიდარულად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, და, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
18.1. გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, არასწორია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების გაზიარება იმის შესახებ, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რაც მეორე მოპასუხის მიერ გარიგების მოწონებასა და მის სოლიდარულ პასუხისმგებლობას დადასტურებდა. სარჩელს ახლავს მეორე მოპასუხის მიერ, 2013 წლის 19 ივლისს, წარდგენილი სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, ასევე 2013 წლის 13 მაისის ქონების აღწერისა და დაყადაღების ოქმი, რომელსაც, როგორც დამსწრე, ხელს აწერს მსესხებლის შვილიც. მეორე მოპასუხისათვის დავალიანების სოლიდარულად დაკისრების საფუძველია, სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეცილების ერთთვიანი ვადის გაშვების გამო, მოთხოვნის უფლების დაკარგვა. სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულებები არ განუხილავთ და არც შეუფასებიათ.
18.2. მცდარი და დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომელიც მე-16 პუნქტშია მითითებული, რადგან სააპელაციო სასამართლომ გამოტოვა ის ფაქტი, რომ ხელწერილი წარმოადგენს თანხის მიღებისა და იმ ფაქტის დადასტურებას, რომ ხელშეკრულებას დაემატა 1100 აშშ დოლარი, იმ პირობებით, რა პირობებითაც პირველმა მოპასუხემ ისესხა 9 000 აშშ დოლარი. ეს მტკიცებულებაც არ შეაფასა სასამართლომ რითაც დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 4 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (ას-660-626-2015, 03.09.2015;
ას-262-249-2015, 13.05.2015).
23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
25.1.კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მეორე მოპასუხე ვალდებული პირია პირველ მოპასუხესთან ერთად და მათ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ფულადი ვალდებულების შესრულება.
25.2. საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ხელშეკრულება (იხ. განჩინების პირველი და მესამე პუნქტები). შესაბამისად, გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან და იგი ხელმომწერი სუბიექტების მიმართ არავითარ უფლება-მოვალეობებს არ წარმოშობს. აღნიშნული გარიგებიდან არ წარმოიშობა მოსარჩელის მოთხოვნა, ვინაიდან სახეზეა მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.
25.3. ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია ის გარემოება, რომ 2012 წლის 5 ივლისს, ვალის აღიარების ხელწერილის გაფორმებისას, რომელიც პირველი მოპასუხის ვალდებულების ფაქტობრივი საფუძველია, რწმუნებულის უფლებამოსილება გაუქმებული იყო მარწმუნებლის მიერ და, შესაბამისად, არ არსებობდა მეორე მოპასუხის თანამოპასუხედ ჩართვისა და სათანადო მოპასუხედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი (იხ. ამ განჩინების 1-4 და 13-14 პუნქტები)
25.4. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სოლიდარული ვალდებულების არსებობის შესახებ. კანონით განსაზღვრულია სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები, (სსკ-ის 464-ე მუხლი), რომელიც ამომწურავია და უკავშირდება ხელშეკრულებას, კანონს ან ვალდებულების საგნის განუყოფლობას. კასატორს კანონით გათვალისწინებულ არცერთ საფუძველზე არ მიუთითებია და არც საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი აღნიშნულზე მსჯელობა, საკასაციო სასამართლოსათვის, სსსკ-ის 404-ე, 407-ე მუხლებით დადგენილ ფარგლებში, შესაბამისად, კასატორმა სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ გააბათილა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, რაც გამსესხებლის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე