Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-5-5-2016 4 მარტი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ზ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შესაგებლის წარდგენის საპროცესო ვადის აღდგენა

დავის საგანი – საკუთრების ხელყოფის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ზ. მ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი საკუთრების ხელყოფის აღკვეთისა და ზ. ზ-ის (შემდეგში: მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) მფლობელობიდან მისი კუთვნილი ფართის გამოთხოვის თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 172-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები.)

2. თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2015 წლის 6 ნოემბერს, სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელიც საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

3. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიიღო განსახილველად და მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარსადგენად განუსაზღვრა 10 დღიანი ვადა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილი).

4. სააპელაციო საჩივრის ასლი მოპასუხეს პირადად ჩაჰბარდა 2015 წლის 27 ნოემბერს საქმის მასალებში მითითებულ არსებულ მისამართზე (თბილისი, ვ-ს 3, პ-პ. 35, ბინა 59) სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (ტ.2., ს.ფ.13).

5. მოპასუხის წარმომადგენელმა სააპელაციო შესაგებელი, 2015 წლის 8 დეკემბერს, ვადის დარღვევით, წარადგინა სასამართლოში და იშუამდგომლა საპროცესო ვადის აღდგენა (ტ.2.,ს.ფ.15-16).

6. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, შესაგებლის წარდგენა ვადის ბოლო დღეს ვერ მოხერხდა, ვინაიდან იმავე დღეს მას სასამართლო პროცესი ჰქონდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, საიდანაც არასამუშაო საათებში დაბრუნდა, ვერ „ჩამოუსწრო“ ვერც სააპელაციო სასამართლოს და ვერც ფოსტას, ხოლო მისი მარწმუნებელი, თბილისში არყოფნის გამო, ვერ შეძლებდა შესაგებლის შეტანას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაგებლის წარმოდგენის საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

8. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 65-67-ე, 215.3-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გზავნილი მოწინააღმდეგე მხარეს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, ამასთან, არ არსებობდა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო გარემოება, რომელმაც მხარეს ხელი შეუშალა, დადგენილ ვადაში წარედგინა შესაგებელი.

9. სასამართლომ განმარტა, რომ ადვოკატის მიერ მითითებული მიზეზი (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი) არ წარმოადგენდა ობიექტურ გარემოებას, ხოლო, სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სხვა გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება ან ფაქტი, წარმომადგენელს არ მიუთითებია.

10.მოპასუხის წარმომადგენელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს ის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, შესაგებლის წარდგენის შესახებ, საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნით წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სსსკ-ის 201.1-ე მუხლის მიხედვით შესაგებლის წარდგენის ზღვრული ვადაა 14 დღე, ხოლო რთულ საქმეებზე - 21 დღე; მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარსადგენად მიეცა არა 14 დღე, არამედ მხოლოდ 10 დღე. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა ამოწურული არ იყო შესაგებლის წარდგენის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა, ამავე დროს, მოპასუხეს საქალაქო სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა შესაგებელი და არ დაუკარგავს ინტერესი განსახილველი დავისადმი, საქმის პერსპექტიულობის გათვალისწინებით, სასამართლოს ჰქონდა უფლება, აღედგინა საპროცესო ვადა და მიეღო შესაგებელი.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყ ვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა შესაგებლის წარდგენისთვის დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე.

16. საქმის მასალებით დადგენილია და მომჩივანიც ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ შესაგებლის წარსადგენად დადგენილ ვადაში, 2015 წლის 07 დეკემბრის ჩათვლით, მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია. მოპასუხის წარმომადგენელმა მხოლოდ, დადგენილი ვადის ამოწურვის მეორე დღეს, 2015 წლის 08 დეკემბერს, მიმართა სასამართლოს, წარადგინა შესაგებელი და თან გაშვებული ვადის აღდგენა ითხოვა (იხ.წინამდებარე განჩინების მე-5, მე-11 პუნქტები).

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საპროცესო ვადის აღდგენის სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: სსსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (საქმე №ას-1210-1137-2015, 22.01.2016.) დაყრდნობით, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საპროცესო ვადის აღდგენა საპატიო მიზეზის არსებობისას დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ კანონი პირდაპირ არ უთითებს მისი აღდგენის შეუძლებლობაზე. სასამართლოს აქვს პროცესუალური უფლებამოსილება, გააგრძელოს და არა აღადგინოს მის მიერ დანიშნული ვადა (სსსკ-ის 63-ე მუხლი), მიუხედავად იმისა, რომ ვადის გაგრძელებისა და ვადის აღდგენის საპროცესო მოქმედებებს ერთნაირი სამართლებრივი შედეგი აქვთ, ტერმინოლოგიური სხვაობა იმით აიხსნება, რომ სასამართლო მის მიერ დანიშნულ ვადას ვერ აღადგენს (მაგ. ხარვეზის შესავსებად, შესაგებლის წარმოსადგენად და ა.შ. დანიშნული ვადები), მას შეუძლია დანიშნული ვადის გასვლამდე გააგრძელოს ეს ვადა. აქედან გამომდინარე, ვადის აღდგენის შესახებ, შუამდგომლობის არსებობისას, მხარის მითითება ვადის გაშვების საპატიო მიზეზზე არსებითი და მნიშვნელოვანია მხოლოდ მაშინ, როცა ობიექტურად არსებობდა ვადის აღდგენის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა თუ არა საპატიო მიზეზზე და ეს მიზეზი შეფასდებოდა თუ არა საპატიოდ, რადგან სასამართლოს არ გააჩნდა ვადის აღდგენის პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი.

19. სამართლებრივად დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ ვინაიდან სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, მოპასუხეს მიეცა მხოლოდ 10 დღე და ამოწურული არ იყო კანონით განსაზღვრული 14 დღიანი ვადა.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონით განსაზღვრულია შესაგებლის წარდგენის მაქსიმალური საპროცესო ვადა 14 დღე (სსსკ-ის 201.1.-ე მუხლი), საქმის სირთულის, მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს 14 დღის ფარგლებში შესაგებლის წარდგენის ვადის ხანგრძლივობა.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადა გონივრული იყო და სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედება კანონშესაბამისი.

22.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივ შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ზ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე