საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-29-29-2016 9 მარტი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ტ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ”ტ.” (შემდეგში: აპელანტი, ტელეარხი ან კერძო საჩივრის ავტორი), ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინებაზე, სააპელაციო საჩივარი შეიტანა.
2. ტელეარხს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 7 დღე, რა ვადაშიც აპელანტს დაევალა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის 1896.1 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 368-ე, 365-ე, 39-ე, 41-ე მუხლები, 178- ე მუხლის მე-21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).
3. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარზე, განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად, დაწესებული ვადა გაუგრძელდა 7 დღით (სსსკ-ის 64-ე, 368-ე, 365-ე, 372-374-ე მუხლები).
4. 2015 წლის 2 ნოემბერს აპელანტმა კვლავ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და ისევ ითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება ხარვეზის გამოსასწორებლად, რაც სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა (სსსკ-ის 64-ე, 368-ე მუხლები).
5. დასახელებული განჩინება, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2015 წლის 10 ნოემბერს, შესაბამისად, საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო აპელანტისათვის განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. ხარვეზის შევსების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2015 წლის 17 ნოემბერი (სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 372-ე, 70-78-ე მუხლები).
6. სააპელაციო სასამართლოში აპელანტის წარმომადგენელმა 2015 წლის 18 ნოემბერს წარადგინა განცხადება, რომლითაც მესამედ მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება (სსსკ-ის 64-ე მუხლი).
7. სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, ტელეარხის სააპელაციო საჩივარი (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
8. სასამართლომ სსსკ-ის 52-ე მუხლზე მითითებით, განჩინებაში აღნიშნა, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას (სახელმწიფო ბაჟის გადავადებას ან გათავისუფლებას), რაც არ არის აბსოლუტური; შესაბამისად მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, თუკი სასამართლო მივა დასკვნამდე, შეუძლია გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა.
9. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წლის 18 ნოემბრის განცხადებით, აპელანტმა ითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება, მის დაყადაღებულ საბანკო ანგარიშებზე მითითებით, რაზეც მხარე, მანამდე - 2 ნოემბერს წარდგენილ განცხადებაშიც უთითებდა (მაგრამ ითხოვდა არა გათავისუფლებას, არამედ ბაჟის გადახდის გადავადებას), რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
10. თანასწორობის პრინციპის დაცვით საქმის განხილვისას, რომელიმე მხარისადმი შეღავათის გამოყენებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს მეორე მხარის ინტერესებიც. სასამართლომ, მხარეთა ინტერესებისა და წარდგენილი შუამდგომლობის კანონიერების შემოწმებით უნდა დაადგინოს გონივრული ბალანსი იმგვარად, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებით, სამართალწარმოების გაუჭიანურებლად იყოს დაცული პროცესუალური მოწინააღმდეგის უფლებებიც.
11. აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის გადასაწყვეტად, საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება.
12. კერძო საჩივრის ავტორი უთუთებს საწარმოს ანგარიშების დაყადაღების გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობაზე; საჩივრის პრეტენზია იმასაც ეხება, რომ, გასაჩივრებული განჩინებით, აპელანტს არ მიეცა საშუალება, სრულად მოეხდინა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაცია. სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსასწორებლად მისი მოთხოვნა საპროცესო ვადის გაგრძელებაზე, მიუხედავად საპატიო მიზეზისა, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 2 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და მტკიცებულებების გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო:
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ორჯერ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა და გაუგრძელა საპროცესო ვადა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, მიუხედავად ამისა, აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო და მესამედ ითხოვა მითითებული ვადის გაგრძელება.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე განჩინების 8-10 პუნქტებში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს, ამასთან, სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით, განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლებების „ბოროტად“ გამოყენებამ, არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი.
18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მას სასამართლომ არ მისცა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა და, საპატიო მიზეზის მიუხედავად, არ გაუგრძელა ხარვეზის გამოსასწორებლად საპროცესო ვადა.
19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არაერთხელ მისცა აპელანტს შესაძლებლობა, გონივრულ ვადაში გამოესწორებინა ხარვეზი, რაც მან არ შეასრულა. კერძო საჩივარი ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ტ-ის" კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე