საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-37-37-2016 4 მარტი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ-ი’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სს „თ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი ან მოწინააღმდეგე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და, მის სასარგებლოდ, მ. ბ-ეს (შემდეგში: მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა ძირითადი თანხის 7 720,32 აშშ დოლარის, სარგებლის 4 333,50 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 3 000 აშშ დოლარის გადახდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე მუხლები); დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ (ს.ფ. 98-116).
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხეს ხარვეზი დაუდგინდა სააპელაციო საჩივარზე და, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში, დაევალა, სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 602.15 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 368-ე მუხლი; იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ს.ფ.120-122).
4. მოპასუხემ, 2015 წლის 30 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელსაც არ ახლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სააპელაციო საჩივრითვე მოპასუხემ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება (იხ. ს.ფ. 149).
5. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხეს სააპელაციო საჩივრისთვის დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 7 დღით (ს.ფ. 155). აღნიშნული განჩინება მოპასუხეს ვერ ჩაჰბარდა მისამართზე არ ყოფნის გამო, რის შემდეგაც მის წარმომადგენელს გაეგზავნა განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე, რომელმაც გზავნილი ჩაიბარა 2015 წლის 26 ოქტომბერს (ს.ფ. 160), შესაბამისად, მოპასუხეს იმავე წლის 2 ნოემბრის ჩათვლით ჰქონდა ვადა ხარვეზის შესავსებად.
6. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა (ს.ფ.183).
7. სასამართლომ სსსკ-ის 368-ე, 374-ე, მე-60 მუხლებზე მითითებით, დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების განჩინება მხარემ 23 დღის დაგვიანებით წარადგინა სააპელაციო სასამართლოში, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
8. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წლის 26 ნოემბერს, მოპასუხემ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა სახელმწიფო ბაჟის 700 ლარის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, ბაჟის გადახდის ქვითარში თანხის გადამხდელად მითითებულია მ. მ-ე (იხ.საქმეში ს.ფ.172-173).
9. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, თანდართული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით, 2015 წლის 25 ნოემბერს, ფოსტის მეშვეობით შევიდა სააპელაციო სასამართლოში (გამომგზავნი მ. ა-ე, ზ–ის 38, ბათუმი, საფოსტო ქვითარი № 003751; ს.ფ.173).
10. მოპასუხეს, 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, გაეგზავნა ბანკის სააპელაციო საჩივარი და შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრა 5 დღე (ს.ფ.161). მოპასუხის წარმომადგენელს ბანკის სააპელაციო საჩივარი ჩაჰბარდა 2015 წლის 6 ნოემბერს (ს.ფ. 162).
11. მოპასუხემ წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ასევე წარადგინა შესაგებელი ბანკის სააპელაციო საჩივარზე (ს.ფ. 174 - 182).
12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ დაარღვია საპროცესო ვადები, რაც მისი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
13. მოპასუხემ 2016 წლის 5 იანვარს კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა.
14. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს მისი პრეტენზიის დაკმაყოფილებას შემდეგი არგუმენტაციით:
14.1. იმავე საქმეზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ბანკმა, რომლის სააპელაციო საჩივარზე, კერძო საჩივრის ავტორმა ფოსტით გააგზავნა შესაგებელი. დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი შესაგებელთან ერთად, ერთ კონვერტში მოთავსდა და ფოსტას ჩაჰბარდა 2015 წლის 2 ნოემბერს.
14.2. განჩინებაში არასწორადაა მითითებული, რომ 2015 წლის 25 ნოემბერს კორესპონდენციიის გამგზავნია მ. ა-ე, რომელსაც არაფერი აკავშირებს განსახილველ საქმესთან.
14.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დათარიღებულია 2 ნოემბრით, იმავე დღესაა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და გაგზავნილია შესაგებელი ბანკის სააპელაციო საჩივარზე, აღნიშნული მიუთითებს, რომ მექანიკური შეცდომის გამო, მოხდა დოკუმენტების აღრევა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი.
18. კერძო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მან, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, შეავსო ხარვეზი, თუმცა, ტექნიკური შეცდომის გამო, არასწორად დაფიქსირდა მოთხოვნილი დოკუმენტების ჩაბარების ვადა სასამართლოში.
19. საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების ურთიერთწინააღმდეგობის გამო არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განხილვის საჭიროება.
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი 2015 წლის 2 ნოემბრითაა დათარიღებული, თუმცა, ვერ გაიზიარებს მის მოსაზრებას, რომ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარსა და ბაჟის ქვითართან (რომლებიც 2015 წლის 2 ნოემბერს ჩააბარა ფოსტას) ერთად, მან კონვერტში მოათავსა შესაგებელი ბანკის სააპელაციო საჩივარზე, ვინაიდან მოპასუხის წარმომადგენელს ბანკის სააპელაციო საჩივარი ჩაჰბარდა 2015 წლის 6 ნოემბერს და მასზე მოპასუხის ხელმოწერილი შესაგებელი დათარიღებულია 11 ნოემბრით (იხ. ს.ფ. 181), შესაბამისად, იგი 2 ნოემბრის გზავნილში ვერ აღმოჩნდებოდა.
21. საქმის მასალებში, შესაგებლის შემდეგ, ს.ფ. 182-ზე განთავსებულია საფოსტო კონვერტი, რომელზეც ფოსტის მიერ მიღების თარიღად მითითებულია 2 ნოემბერი (გამგზავნი მოპასუხის წარმომადგენელი მ. ა-ი), ხოლო სააპელაციო სასამართლოში დოკუმენტის ჩაბარების თარიღად - 26 ნოემბერი. ბუნებრივია, ეს კონვერტი ვერ დაადასტურებს მოპასუხის შესაგებლის წარდგენა-ჩაბარებას, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბანკის სააპელაციო საჩივარი მოპასუხის წარმომადგენელმა 6 ნოემბერს ჩაიბარა.
22. სააპელაციო სასამართლომ ს.ფ. 173-ზე განთავსებული საფოსტო გზავნილის ასლის მიხედვით მიიჩნია, რომ გამგზავნმა მ. ა-ემ, სააპელაციო საჩივარზე, ხარვეზის შევსების მიზნით, სააპელაციო სასამართლოში, 2015 წლის 25 ნოემბერს, გადაგზავნა დოკუმენტები ფოსტის მეშვეობით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი).
23. სააპელაციო სასამართლოს საქმისწარმოების მასალებში, ს.ფ.173-სა და ს.ფ. 182-ზე განთავსებულ ორივე დოკუმენტზე ჩაბარების თარიღი და დრო ერთი და იგივეა -2015 წლის 26 ნოემბერი, 15:05 საათი.
24. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, ს.ფ.173-ზე მითითებულ დოკუმენტზე დაყრდნობით, მოპასუხის მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაშვების თაობაზე, ვინაიდან სასამართლოს არ შეუფასებია ს.ფ. 182-ე განთავსებული საფოსტო კონვერტი, რომლის გამგზავნი მოპასუხის წარმომადგენელია, ხოლო იმ გზავნილის გამგზავნი, რომელიც განჩინების მიღების ფაქტობრივი საფუძველი გახდა, პირი, რომელსაც კერძო საჩივრის ავტორთან სამართლებრივი კავშირი არა აქვს.
25. აღნიშნული წინააღმდეგობა, დამატებით გამოსაკვლევია და სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ გაგზავნილი, ფოსტისთვის 2 ნოემბერს ჩაბარებული კორესპონდენციით, მოცემული საქმის რა მასალა მიიღო სასამართლომ და რატომ მიანიჭა უპირატესობა ს.ფ.173-ზე განთავსებულ გზავნილის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია, რაც მისი დაკმაყოფილების საფუძველია, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება და, წინამდებარე განჩინების მითითებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. კერძო საჩივრის ავტორს ბაჟი გადახდილი აქვს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე