საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-63-61-2016ბ 11 მარტი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ჩ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 19 ოქტომბრის, 2015 წლის 4 ნოემბრის, 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელე ან სამინისტრო) დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თ. ჩ-ესა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი გამყიდველი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ნ. ლ-ს (შემდეგში: მყიდველი, მეორე მოპასუხე) შორის, 2010 წლის 11 ივნისს, გაფორმებული სამი მიწის ნაკვეთის (ს/კ №2... კვ.მ.; ს/კ №2... კვ.მ.; ს/კ №2... კვ.მ.; შემდეგში უძრავი ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულებები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე, 59-ე მუხლები.)
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მოპასუხემ. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სამინისტროს სარჩელის უარყოფა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და განესაზღვრათ 10 დღიანი საპროცესო ვადა პირველ პუნქტში აღნიშნული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და, ამის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ-ის 368- ე მუხლის მე-5 ნაწილი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ პუნქტი; იხ. განჩინება - ს.ფ.191-193).
4. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე, მათ გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 დღით.
5. 2015 წლის 10 ნოემბერს, პირველმა მოპასუხემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, რომელსაც ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული თითოეული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შესახებ აუდიტორის დასკვნები (ს.ფ.202-239).
6. აღნიშნულ დასკვნათა მიხედვით, 2015 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა: 1) ს.კ 2...ით რეგისტრირებულ 7256 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 726 ლარით; 2) ს.კ 2...ით რეგისტრირებულ 31 429 კვ.მ მიწის ნაკვეთზე - 3143 ლარით; 3) ს.კ 2...ით რეგისტრირებულ 11 330 კვ.მ მიწის ნაკვეთზე - 1 133 ლარით.
7. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული დასკვნების საფუძველზე, პირველმა მოპასუხემ, სადავო უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, 5000 ლარად შეაფასა დავის საგანი და, შესაბამისად, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 4 % - 200 ლარი.
8. სასამართლომ 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხის (აპელანტის) მიერ მითითებული დავის საგნის ღირებულება აშკარად შეუსაბამო იყო სადავო ქონებათა საბაზრო ღირებულებასთან, რის გამოც, სასამართლომ თვითონ განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება, საქმეში განთავსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. სადავო უძრავი ქონების ღირებულების დასადასტურებლად, სარჩელზე დართული მტკიცებულებები, უფრო სანდო და სამართლებრივი ღირებულებების მქონე მტკიცებულებებად მიიჩნია სასამართლომ (სსსკ-ის მე 40-ე მუხლი).
9. მოსარჩელის მიერ წარდგენილი, საქმეში განთავსებული, აუდიტორული დასკვნის მიხედვით, თითოეული მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასური შეადგენს: ს.კ. 2... ნაკვეთისათვის - 43 536 ლარს (ს.ფ. 34-35), ს.კ. 2... ნაკვეთისათვის 67 980 ლარს (ს.ფ. 36-37). ამავე დასკვნებით, იგივე ადგილმდებარეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1 კვ.მ-ის ღირებულებაა 6 ლარი. ამ შეფასებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია აუდიტორული დასკვნა ს.კ 2...-ით რეგისტრირებულ 31 429 კვ.მ. ნაკვეთზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო უძრავი ქონების მიახლოებითი საბაზრო ღირებულებაა 188 574 ლარი (31 429 კვ.მ. X 6 ლარზე=188 574 ლარს).
10. ამ განჩინების 6-9 პუნქტების გათვალისწინებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა (188 574+67 980+43 536) 300 090 ლარს და არა 5002 ლარს, როგორც ამას აპელანტი უთითებდა, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სახით, პირველ მოპასუხეს დაევალა 5000 ლარის გადახდა, რასაც გამოაკლდებოდა მის მიერ უკვე გადახდილი 200 ლარი (სსსკ-ის მე-40 მუხლი).
11. ამ განჩინების მე-10 პუნქტში განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, პირველ მოპასუხეს, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 10 დღით. ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ასლის პირველი მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან. მასვე განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (სსსკ-ის 374-ე მუხლი).
12. სასამართლოს განჩინება, ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე, კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა, როგორც პირველ მოპასუხეს, ისე მის წარმომადგენელს. პირველ მოპასუხეს განჩინება ჩაჰბარდა 2015 წლის 20 ნოემბერს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად ბოლო ვადა იყო 30 ნოემბერი (ს.ფ.250).
13. პირველ მოპასუხეს ხარვეზი არ შეუვსია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
14. სააპელაციო სასამართლომ, 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ.ა.“ ქვეპუნქტზე, მე-40, 53-ე მუხლებზე, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 374-ე მუხლზე მითითებით, პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, დაუშვებლობის გამო (სსსკ-ის 374-ე მუხლი).
15. სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, იმავე წლის 17 ნოემბრის განჩინებით განუხილველად დატოვა მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარიც (სსსკ-ის 374-ე მუხლი).
16. პირველმა მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
17. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები შემდეგ გარემოებებს ეხება:
17.1. სასამართლომ 13.11.2015 წ. განჩინებით დაარღვია კანონი და თვითონ განსაზღვრა სადავო ნაკვეთების ღირებულება, არასწორად განმარტა სსსკ-ის მე-40 მუხლი. უკანონოდ არ გაიზიარა მოპასუხეთა მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა და გაიზიარა 2014 წელს 30 აპრილს შედგენილი აუდიტორული დასკვნა, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო და სარგებლობის საფასური 2014 წლის მდგომარეობითაა განსაზღვრული. ნივთის საბაზრო ღირებულება განსხვავდება საპრივატიზაციო ფასისგან. კანონის მიხედვით, დავის საგნის ღირებულება უნდა დადგენილიყო საჩივრის შეტანის დროს არსებული ფასით.
17.2. პროცესუალურად არის შესაფასებელი 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინება მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (იხ. ამ განჩინების მე-15 პუნქტი), ვინაიდან სააპელაციო საჩივარი მოპასუხეებმა ერთობლივად წარადგინეს.
17.3. შესაფასებელია ისიც, რომ სადავო ნაკვეთების ნასყიდობის ფასი 18 000 ლარს შეადგენდა და, არსებული პრაქტიკის მიხედვით, ამ ფასის მიხედვით გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით, პირველი მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
19. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემაც. მისი საჩივარი, საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვლის განჩინებით განუხილველად დარჩა გასაჩივრებისათვის საპროცესო კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 70-78-ე მუხლები).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
21. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
22. კერძო საჩივრის ავტორს აქვს პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება და შესაბამისად, უკანონოდ დაადგინა სახელმწიფო ბაჟის გაზრდილი ოდენობა, რასაც შედეგად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოჰყვა.
23. სსსკ-ის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით.
24. სასამართლომ სავსებით კანონიერად მიიჩნია, რომ მოპასუხეების მიერ მითითებული ფასი არ შეესაბამებოდა სადავო ქონების რეალურ ღირებულებას. აღნიშნულ გარემოებას არაპირდაპირ თავად მომჩივანის წინააღმდეგობრივი მსჯელობაც ადასტურებს (იხ.წინამდებარე განჩინების 17.2, 17.4. პუნქტები). კერძო საჩივრის ავტორი, ერთი მხრივ, უკანონოდ მიიჩნევს სასამართლოს ქმედებას, რომელმაც არ გაიზიარა მის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა სადავო ქონების ღირებულების 5000 ლარად შეფასების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ ბაჟის გაანგარიშება, არსებული პრაქტიკით, ნასყიდობის ფასის, ე.ი. 18 000 ლარის მიხედვით უნდა მომხდარიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ 2010 წლიდან 2015 წლამდე უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) საბაზრო ფასი დაახლოებით ოთხჯერ შემცირდა, რაც საქმის მასალებით სინამდვილეს არ შეესაბამება.
25. წინამდებარე განჩინების 24-ე პუნქტში მითითებული მოცემულობიდან და სსსკ-ის მე-40 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, თავად განესაზღვრა დავის საგნის ღირებულება (იხ.საქმე # ას-479-453-2014, 03.07.2014წ., #ას - 601-569-2015, 22.07. 2015წ.).
26. სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება (იხ. წინამდებარე განჩინების 8-11 პუნქტები) და სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, 13.11.2015 წ. განჩინებით პირველ მოპასუხეს, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადა გაუგრძელა 10 დღით. ამ ვადაში მოპასუხეს რაიმე პრეტენზიით ან კერძო საჩივარში მითითებული არგუმენტებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მხარეს, რომელიც არ ეთანხმებოდა სასამართლოს მსჯელობას ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დავალდებულების თაობაზე (მათ შორის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრის აპელანტთათვის დაკისრებისა თუ ამ ღირებულების საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად გამოთვლის შესახებ), შესაძლებლობა ჰქონდა, მოტივირებული განცხადებით მიემართა სასამართლოსათვის, მიეთითებინა საკუთარი არგუმენტები სადავო საკითხზე და სხვ. თუკი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს საპროცესო მოქმედებას, აღნიშნული განიხილება მხარის მიერ ამ მოქმედების შესრულების იურიდიული ინტერესის დაკარგვად, რაც, თავის მხრივ, იწვევს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს (საქმე # ას-1376-1298-2012 , 12.11. 2012წ.).
28. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიაჩნია საჩივრის ავტორის პრეტენზია მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინების უკანონობაზე, ვინაიდან მითითებულ განჩინებაზე მეორე მოპასუხის კერძო საჩივარი განუხილველადაა დატოვებული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტი).
29. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო პირველი მოპასუხის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც მისი უარყოფის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ჩ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე და ამავე სასამართლოს 2015 წლის 19 ოქტომბრის, 2015 წლის 4 ნოემბრის, 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებებზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 19 ოქტომბრის, 2015 წლის 4 ნოემბრის, 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებები;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ.ქათამაძე