Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-85-81-2016 11 მარტი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ. თ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით კ. თ-ეს (შემდეგში: მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) ზ. კ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის 22 500 აშშ დოლარის ანაზღაურება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 992-ე და 998-ე მუხლები, მუხლის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსკ-ის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

2. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, გადაწყვეტილების შეცვლით, სარჩელის უარყოფა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით მოპასუხეს დაევალა, განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღეში, სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 2016 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; მასვე განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (სსსკ-ის 368-ე მუხლი).

4. მე-3 პუნქტში მითითებული განჩინება, 2015 წლის 18 ნოემბერს, პირადად ჩაიბარა მოპასუხემ (იხ.ტ.2, ს.ფ 13), თუმცა, მას დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა ხარვეზის შეუვსებლობის გამო (სსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

6. სასამართლომ, სსსკ-ის 70-78-ე, 372-ე, 374-ე, 368.5-ე მუხლებზე დაყრდობით, მიუთითა, რომ მოპასუხეს განჩინებით დადგენილ ვადაში, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი არ შეუვსია, რაც მისი დაუშვებლობის სამართლებრივი წინაპირობა იყო.

7. მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 03 დეკემბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი მსჯავრდებული იყო, რის გამოც ჯანმრთელობა შეერყა, არ მუშაობს, არ გააჩნია ქონება, ამ საფუძვლებით ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას ან გადავადებას, თუმცა, სასამართლომ უკანონოდ დატოვა მისი საჩივარი განუხილველად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 4 მარტს, მოპასუხის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

12. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.07.2015წ. განჩინების ასლი აპელანტს ჩაჰბარდა პირადად (იხ.წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).

13. საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილი და კერძო საჩივრის ავტორიც არ უარყოფს, რომ მოპასუხეს, რომელიც კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივ შედეგებზე, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზი აღმოუფხვრია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, საპროცესო ვადის გაგრძელების ან, შესაბამისი საფუძვლით, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად კანონით დადგენილი შეღავათების გამოყენების მოთხოვნით.

14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის 1-4 ნაწილებში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტანს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. სსსკ-ის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინების უკანონობაზე, იმ საფუძვლით, რომ იგი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას ან გადავადებას. მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას დაასაბუთებდა, რაც შეიძლებოდა, სასამართლოს შეფასების შედეგად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისას კანონით დადგენილი შეღავათების გავრცელების საფუძველი გამხდარიყო (სსსკ-ის 37.2-ე, 47-ე, 48-ე მუხლები.)

17. მითითებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. თ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ.ქათამაძე