საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-113-109-2016 18 მარტი, 2016 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ა-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. პ-ა, ნოტარიუსი ხ. კ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, მოვალე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეიცვალა ნოტარიუსის ხ. კ–ის მიერ, 2015 წლის 12 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (შემდეგში სააღსრულებო ფურცელი) მე-8 პუნქტი (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა) მოვალისათვის სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში; მოვალის ვალდებულება, სარგებლის სახით, გ. პ-ას (შემდეგში: კრედიტორი ან მოპასუხე) სასარგებლოდ გადასახდელად განისაზღვრა 3670 აშშ დოლარით, სხვა ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელი.
2. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოვალეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღეში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 1155 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; მასვე განემარტა, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 368.5-ე მუხლი).
4. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში დასახელებული განჩინება მოვალეს გაეგზავნა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მის მიერ მითითებულ მისამართზე.
5. 2015 წლის 2 დეკემბერს მოვალის ოჯახის წევრმა - ძმამ უარი განაცხადა სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე და განმარტა, რომ მისი ძმა (მოსარჩელე) იმყოფებოდა რუსეთში (ტ.2.,ს.ფ.148-149).
6. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით (იხ. განჩინების მე-3 პუნქტი), მოვალეს ხარვეზის შესავსებად ვადა ჰქონდა 2015 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა, მას ხარვეზი არ შეუვსია და არც სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
7. სააპელაციო სასამართლომ, 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, მოვალის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და განუხილველად დატოვა ხარვეზის შეუვსებლობის გამო (სსსკ-ის 374-ე მუხლი).
8. სასამართლომ განჩინებაში აღნიშნა, რომ: სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები, ასევე, ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ადრესატის არყოფნის შემთხვევაში, სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.
9. სსსკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
10. სასამართლომ განჩინებაში აღნიშნა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება მოვალეს (მოსარჩელეს) გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერვე მითითებულ მისამართზე, ხოლო გზავნილის ჩაბარებაზე, 2015 წლის 2 დეკემბერს, უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრმა - ძმამ. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს 24.11.2015წ. განჩინება ჩაბარებულად ითვლება 2015 წლის 2 დეკემბერს.
11. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შევსებულა, რაც სსსკ-ის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველია.
12. მოსარჩელის წარმომადგენელმა კერძო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განსახილველად, საქმის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნა.
13. კერძო საჩივრის საფუძვლები შემდეგი არგუმენტებს მოიცავს:
13.1.საპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. სააპელაციო საჩივრის მე-7 გვერდზე მოვალის წარმომადგენელი შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებელი იმყოფებოდა რუსეთში, უმუშევარი იყო და განიცდიდა ფინანსურ კრიზისს.
13.2. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია შუამდგომლობაზე, ისე დაადგინა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადა. სასამართლოს პირდაპირ ხარვეზის დადგენის უფლება არ ჰქონდა.
13.3.სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა, კერძოდ, აპელანტის (მოსარჩელის) ძმამ განაცხადა რა უარი უწყების ჩაბარებაზე, სასამართლოს მეორეჯერ უნდა გაეგზავნა იგი.
13.4.საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, როცა მოსარჩელის (აპელანტის) ოჯახის წევრი უთითებს, რომ ძმა არ იმყოფება საქართველოში და სააპელაციო საჩივარშიც მითითებულია ამ ფაქტზე, სასამართლო ვალდებული იყო, უწყება მისი წარმომადგენლისათვის - სააპელაციო საჩივრის ხელმომწერისათვის გაეგზავნა.
13.5. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე არ არის უშუალოდ აპელანტის (მოვალის) ხელმოწერა, საჩივარს მხოლოდ მისი წარმომადგენელი აწერს ხელს, რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული რწმუნებულებით.
14.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 11 მარტის განჩინებით მოვალის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოვალის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყ ვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
17.კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელში მითითებულ მისამართზე არ ჩაიბარა აპელანტის ძმამ (იხ. წინამდებარე განჩინების პ.5).
18. მოსარჩელის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ არ გაუგზავნა მოვალის (აპელანტის) წარმომადგენელს, ამასთან, სასამართლოს უწყება მხარისათვის მეორედაც უნდა გაეგზავნა.
19.სსსკ-ის 70.1. მუხლით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74.1-ე მუხლის თანახმად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
20. ამ ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, სასამართლო უწყება გაეგზავნა წარმომადგენლის ან მხარისათვის. ამ უკანასკნელისათვის უწყების ჩაბარების შემთხვევაში, სასამართლოს არა აქვს პროცესუალური ვალდებულება გააფრთხილოს წარმომადგენელი.
21. სსსკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
22. მოხმობილი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როცა მოსარჩელის ოჯახის წევრმა-ძმამ უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლო არ იყო ვალდებული მეორეჯერ გაეგზავნა იგი.
23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის პრეტენზიას სასამართლოს მიერ სსსკ-ის 75-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევის თაობაზე, (სსსკ-ის 75-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში, სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე), ვინაიდან მითითებული რეგულაცია დადგენილია მოპასუხისათვის უწყების ჩაბარების შემთხვევაში, საჩივრის ავტორი კი-მოსარჩელეა.
24. არ არის გასაზიარებელი და სამართლებრივად დაუსაბუთებელია მოსარჩელის პრეტენზია, რომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ხარვეზი დაედგინა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, მაშინ, როცა მხარე ითხოვდა ბაჟისგან გათავისუფლებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობაზე, მაგრამ ამ დარღვევას არ გამოუწვევია არასწორი დასკვნის მიღება, რადგან შუამდგომლობის ავტორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რაც შეიძლებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კანონით დადგენილი წესით, გათავისუფლების საფუძველი გამხდარიყო (სსსკ-ის 37.2-ე, 47-ე მუხლები).
25.ზემოხსენებული მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინება მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ა-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე