საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-981-926-2015 11 მარტი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "ტ-ი" (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "მ-ო" (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის საოქმო განჩინებები, ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვასა და ექსპერტის ხელმეორედ დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების/საოქმო განჩინებების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ”ტ-მა” (შემდეგში მენარდე, მოპასუხე ან კასატორი) 2010 წლის 20 ივლისს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით, იკისრა ვალდებულება, გარიგების გაფორმებიდან 9 თვეში, აეშენებინა 2196 კვ.მ ფართის სამუშაო-სასაწყობო (ანგარის ტიპის) შენობა. შპს ”მ-ო” (შემდეგში შემკვეთი, მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე) ვალდებული იყო, მენარდისათვის გადაეხადა შეთანხმებული საზღაური 414 060 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, დღგ-ს ჩათვლით, ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემკვეთი შეთანხმებული საზღაურის 30%-ს გადაიხდიდა ხელშეკრულების დადებისთანავე, ხოლო 70%-ს პერიოდულად, სამუშაოების წარმოებისას, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, მიღებული ავანსის კლების გათვალისწინებით. ხელშეკრულებითვე მხარეთა შორის შეთანხმდა პირგასამტეხლო, კერძოდ, მენარდეს დაეკისრებოდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სამუშაოს შეუსრულებლობის გამო დარჩენილი სამუშაოს ღირებულების 0.1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ხოლო თუ სამუშაოები შესრულდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და შემკვეთი გააჭიანურებდა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერას, ან არ გადაიხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულებას ან/და მის ნაწილს, შემკვეთს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო მენარდის სასარგებლოდ, დარჩენილი გადასახდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 629-ე, 630-ე, 417-ე,418- მუხლები).
2. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით, შემკვეთმა მენარდეს გადაუხადა 500 000 ლარი.
3. მენარდემ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, სამუშაო სრული მოცულობით არ შეასრულა. მშენებლობის მიმდინარეობისას, სამუშაო ტერიტორია დაიტბორა მიწისქვეშა წყლით.
4. მხარეთა შორის 2010 წლის 20 ივლისს დადებული ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა.
5. შემკვეთმა 2013 წლის 23 აგვისტოს სარჩელი აღძრა მენარდის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის 500 000 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 587 675 ლარისა და მიყენებული ზიანის სახით 495 388 ლარის დაკისრება. 2014 წლის 6 იანვარს კი მენარდემ შეგებებული სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის 24 305.74 აშშ დოლარის ექვივალენტის -40 805.74 ლარის დაკისრება
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოდავე მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების განხილვის შედეგად, შემკვეთის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, მენარდეს დაეკისრა 500 000 ლარის გადახდა, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს - 300 000 ლარის გადახდა; შემკვეთის სასარჩელო მოთხოვნა მენარდისათვის, ზიანის სახით, 495 388 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებით მენარდის შეგებებული სარჩელი შემკვეთის წინააღმდეგ უარყოფილია.
7. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 327-ე, 629-ე, 639-ე, 641-ე, 646-ე, 352-ე, 417-ე, 420-ე, 394-ე, 361-ე, 369-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
8. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ 2010 წლის 20 ივლისს დადებული ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო სრული მოცულობით არ შეუსრულებია. ამასთან, შესრულებული სამუშაო, არა მხოლოდ პროექტთან შეუსაბამო, არამედ წარმოებული სამშენებლო სამუშაოები არასათანადო ხარისხის იყო, მათ შორის - გამოყენებული სამშენებლო მასალებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემკვეთს უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხოლო ვინაიდან მან მენარდეს, სამუშაოს შესრულების მიზნით, გადაუხადა 500 000 ლარი, სსკ-ის 352-ე მუხლიდან გამომდინარე, შემკვეთი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა აღნიშნული თანხის დაბრუნება.
9. სასამართლომ აღნიშნა, რომ შემკვეთს მენარდისადმი წარმოეშვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ხელშეკრულების დარღვევის გამო, 2011 წლის 21 აპრილიდან 414 060 აშშ დოლარის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ”შეუსაბამოდ მაღალი” იყო, შესაბამისად, იგი უნდა შემცირებულიყო და, შემკვეთის სასარგებლოდ, მენარდეს უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლო 300 000 ლარი.
10. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ დავაში დადგინდა, მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, თუმცა, ვინაიდან შემკვეთმა ვერ დაამტკიცა ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომის ფაქტი, მისი სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, უსაფუძვლობის გამო, ექვემდებარებოდა უარყოფას.
11. მენარდის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ვალდებულება დაარღვია არა შემკვეთმა, არამედ მენარდემ, სსკ-ის 417-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, შემკვეთს არ შეიძლებოდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლო. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, მენარდის შეგებებული სარჩელი და არ დააკმაყოფილა იგი.
12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოდავე მხარეებმა. შემკვეთმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისი სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში /მენარდისათვის, ზიანის სახით, 495 388 ლარის დაკისრება/ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება ამ ნაწილში. მენარდემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შემკვეთის სარჩელის უარყოფა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდისათვის დაუკმაყოფილებელი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
13. შემკვეთის სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე:
13.1. მას უწევდა სასაწყობე ფართის იჯარის გადახდა 2011 წლის მაისის თვიდან (რა დროიდანაც მას, მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შედეგად, უნდა ჰქონოდა სასაწყობე მეურნეობა) და, სარჩელის შეტანის დღისათვის, 2013 წლის 28 აგვისტოსათვის, საიჯარო ქირის სახით, გადახდილი ჰქონდა 495 388 ლარი. მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების, სასაწყობე მეურნეობის დროულად აშენების შემთხვევაში, შემკვეთს არ მოუწევდა აღნიშნული ხარჯის გაწევა. შემკვეთის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო სასამართლო დავის შესაძლო გაჭიანურების თაობაზე, მან მოითხოვა მხოლოდ იმ პერიოდის ზიანის ანაზღაურება, რაც მას მიადგა 2011 წლის მაისიდან სარჩელის შეტანის დღემდე, ანუ 2013 წლის 23 აგვისტომდე;
13.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საქმეში წარდგენილი საგადახდო ქვითრებით არ დასტურდებოდა შემკვეთისათვის მიყენებული ზიანი, რადგან ეს ქვითრები საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის უტყუარი მტკიცებულებაა, რომლის გაწევა მას არ მოუწევდა, მისთვის მენარდეს რომ არ მიეყენებინა ზიანი. იჯარის ხელშეკრულების დადება ზეპირი ფორმითაც არის შესაძლებელი, რის გამოც, შემკვეთმა არ მიიჩნია საჭიროდ იჯარის ხელშეკრულების სასამართლოსთვის წარდგენა;
13.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არაკანონიერია არამარტო სადავო საკითხის მატერიალურ-სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არამედ იგი გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების არსებითი დარღვევით. გადაწყვეტილება გამოტანილია მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გარეშე.
14. მენარდის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე:
14.1. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ გაზიარებული იქნებოდა მენარდის განმარტება, შემკვეთის ბრალეულობის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის თაობაზე (რისი მტკიცებულებაც მხარეს არ წარმოუდგენია), მაინც არ იყო გასაზიარებელი მენარდის არგუმენტები იმ მიზეზთა გამო, რაც მითითებულია ამ განჩინების მე-8 პუნქტში;
14.2. მენარდე უთითებდა, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას, ტერიტორიაზე აღმოჩნდა წყლები, დაიტბორა შემკვეთის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი, რის გამოც, სამუშაოს შესრულება შეუძლებელი იყო და შეჩერდა, ჩატარდა წყლის ამრიდი მილების ჩაწყობის სამუშაოები, რამაც გამოიწვია ვადების დარღვევა. სამშენებლო ტერიტორიაზე დაწყობილი მასალები დაჟანგდა, დაჰკარგა ხარისხი, რის გამოც მენარდეს პრობლემები შეექმნა. მენარდემ სასამართლოს წარუდგინა მშენებარე სასაწყობე მეურნეობის სანიაღვრე ქსელის მოწყობის პროექტი, დანართი დოკუმენტებით, რომლითაც დასტურდებოდა მშენებლობის შეფერხება;
14.3. ხელშეკრულება გაფორმდა 20.07.2010 წელს, თუმცა, მშენებლობის ნებართვა გაცილებით გვიან იქნა მიღებული - 10.03.2011 წ., რაც აფერხებდა სამუშაოებს. მენარდის მტკიცებით, შემკვეთის ბრალეულობა იმაში მდგომარეობდა, რომ იგი, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე, ვალდებული იყო, გადაეცა იმგვარად მოწესრიგებული ობიექტი, სადაც უკვე მოწყობილი იქნებოდა სანიაღვრე სისტემა;
14.4. მენარდეს არ დაურღვევია პროექტი. არქიტექტურის სამსახურის ცნობით, მშენებლობა განხორციელდა არქიტექტურული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და, კონკრეტულ მისამართზე, ზედამხედველობის სამსახურში არ მიმდინარეობს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე წარმოება. მენარდის მტკიცებით, მან, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, შეასრულა დამატებითი კონსტრუქციული ნახაზი და გადაუგზავნა შემკვეთს შესამოწმებლად, რაც მან უპასუხოდ დატოვა. შემკვეთი აჭიანურებდა უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერას, სამუშაოების მიღებას. შემკვეთი დაგვიანებით იხდიდა თანხას, რითაც აღიარებდა სამუშაოების შესრულებას, გადასახდელია გარკვეული ნაწილი; 14.5. მენარდის მტკიცებით, სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, ხოლო დანარჩენი სამუშაოები ვერ შესრულდა შემკვეთის ბრალეულობის გამო. მენარდეს სურდა, გაეგრძელებინა ხელშეკრულება, თუმცა, შემკვეთმა უკანონოდ თქვა უარი მის გაგრძელებაზე, ჯერ კიდევ მშენებლობის ვადის განმავლობაში და არ გააგრძელა სამშენებლო ნებართვა. მენარდის მტკიცებით, მზად არის სატრანსფორმატორო და საოფისე შენობა, შემკვეთი მზად იყო, აღმოეფხვრა ხარვეზებიც. მენარდის მტკიცებით, არ მომხდარა შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და დეფექტების, მათი არსებობის შემთხვევაში, დადგენა, საგულისხმოა, რომ სანამ არმატურა ბეტონში ჩაიდებოდა, შემკვეთის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა ნახეს და პრეტენზია არ განუცხადებიათ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ დეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მენარდე ვალდებული იყო, საკუთარი ხარჯებით აღმოეფხვრა ისინი;
14.6. დაბრკოლებას ქმნიდა ასევე შემკვეთის მიერ თანხების დაგვიანებით გადახდა. სასამართლომ არასწორად გაათავისუფლა პირგასამტეხლოს გადახდისაგან შემკვეთი, რადგან მან დაარღვია თანხის დროულად გადახდის ვალდებულება და მთლიანად არ გადაიხადა იგი;
14.7. შესრულება არ უნდა დაუკავშირდეს მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენასა და მისი არარსებობის პირობებში, კატეგორიულად არ შეიძლება გამოირიცხოს შესრულების დადასტურება სხვა საშუალებით. ასევე შესრულების ხარვეზისას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა დადგინდეს ბრალეული მხარე;
14.8. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ექსპერტის დასკვნები, რომლებიც ადასტურებდნენ სამუშაობის ხარისხიან შესრულებას. სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა მიღებული თანხის მთლიანად დაბრუნება, თითქოს არაფერი შეუსრულებია მენარდეს, ან რაც შესრულდა, სრულიად უხარისხო იყო. მენარდე უთითებდა მტკიცებულების სახით წარდგენილ აუდიტის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, გაწეული ხარჯების საბაზრო ღირებულება შეფასებულია 305 845 ლარად. აღნიშნულ მტკიცებულებაზე სასამართლოს არ უმსჯელია;
14.9. მოდავე მხარეებმა წარადგინეს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპეტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში ექსპერტიზის ბიურო) დასკვნები - 15.10.2013წ. და 23.06.2014წ., ასევე 04.09.2014წ. გაცემული ცნობის განმარტების მიზნით, სასამართლოში მიწვეული იქნა სპეციალისტი გ. გ-ე (შემდეგში სპეციალისტი);
14.10. მენარდე აპელირებდა 23.06.2014წ. ექსპერტიზის №003190814 დასკვნაზე, რომლის მიხედვით, მშენებლობის პერიოდში დაშვებულია ლოკალური ხარვეზები, თუმცა, ნაგებობა არ არის ავარიული, მას ამჟამად ნგრევის საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ აღნიშნული ხარვეზების შეკეთება აუცილებელია, რათა მდგრადობის პირობები არ გაუარესდეს. 04.09. 2014 წ. ცნობის თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის პერიოდში დაშვებულია სხვადასხვა დონის ხარვეზები. ამჟამინდელ მდგომარეობაში მყოფი მშენებარე ნაგებობა, არ არის ავარიული, მისი ნგრევის საშიშროება ამჟამად არ არსებობს“ ;
14.11. მენარდის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები. მენარდეს მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნიდან სხვა ფაქტობრივი გარემოებები იკვეთება, რომ შენობა შესაბამისობაშია საპროექტო პირობებთან და, ხარვეზების აღმოფხვრა შესაძლებელია მშენებლობის პირობებში და საფრთხე არ არსებობს. მენარდე ყურადღებას ამახვილებს საქმეში განთავსებულ სხვადასხვა დასკვნაზე და დეტალურად მსჯელობს თითოეულ მათგანში მითითებულ შეფასებებზე;
14.12. მენარდე სსკ-ის 405-ე მუხლზე მითითებით, ამტკიცებს, რომ შემკვეთს არ ჰქონდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, პირიქით, ასეთი საფუძველი მენარდეს ჰქონდა, რაც მან არ გააკეთა. მენარდეს უკანონოდ მიაჩნია ხელშეკრულების შეწყვეტა, ამასთან, აღნიშნავს, რომ სახეზეა შესრულება, რაც უნდა ანაზღაურდეს. შემკვეთმა გადააცილა თანხის გადახდის ვადა, რამაც სსკ-ის 404-ე მუხლის შესაბამისად, მენარდეს წარმოუშვა ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობითა და ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლით გამოწვეული ზიანის მოთხოვნის უფლება.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით შემკვეთის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მენარდის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბოლოოდ, ამ უკანასკნელს, შემკვეთის სასარგებლოდ, დაეკისრა 433 453 ლარი და პირგასამტეხლო - 200 000 ლარი.
16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა გამოწვეული იყო შემკვეთის ბრალეულობით ან სხვა ობიექტური გარემოებით, რის გამოც შეუძლებელი იქნებოდა მენარდის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულება.
17. სასამართლომ აღნიშნა, რომ მენარდე, მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას უკავშირებდა, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო ობიექტის დატბორვას, რის გამოც შეჩერდა სამუშაოები, ასევე, მშენებლობის ნებართვის არარსებობას, თუმცა, ვერ უთითებდა და შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებდა, კონკრეტულად რა პერიოდში მოხდა სამშენებლო ობიექტის დატბორვა და ამ გარემოებამ რა ვადით შეაფერხა სამშენებლო სამუშაოების წარმოება. რაც შეეხება მშენებელობის ნებართვის გამო სამშენებლო სამუშაოების შეფერხების ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი იყო ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 10.07.2014 წლის წერილი იმის თაობაზე, რომ მშენებლობა განხორციელდა ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 25.02.2011წლის ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტისა და 25.02.2011 წლის სამშენებლო სანებართვო მოწმობის საფუძველზე (ტ. 2, ს.ფ.116). მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ ნებართვის მიღებიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 9 თვეშიც კი არ ჰქონდა მენარდეს სამუშაოები დასრულებული. ამდენად, საქმის მასალებით დადასტურებული არ იყო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა გამოწვეული იყო შემკვეთის ბრალეულობით, ან სხვა ობიექტური გარემოებით, რის გამოც, მენარდემ ვერ შეძლო ვალდებულების ჯეროვნად შესრულება.
18. სასამართლომ მიუთითა საქმეში განთავსებულ 15.11.2010 წლის მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლითაც დგინდებოდა, რომ მენარდემ გადასცა სასაწყობე შენობების პროექტირება (კონსტრუქცია) და გეოლოგია, ხოლო შემკვეთმა მიიღო შესრულებული სამუშაო, რომელიც შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას (ტ. 2., ს.ფ. 158) და მხარეთა ხელმოწერილი ფორმა N2-ის შესაბამისად, შემკვეთის მიერ მიღებული პროექტირება (კონსტრუქცია) და გეოლოგიის ღირებულება შეადგენდა 41 560 ლარს (ტ. 2., ს.ფ. 159). სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებდა შემკვეთის მტკიცებას, რომ აღნიშნული შესრულება არ წარმოადგენდა სადავოდ ქცეული ნარდობის ხელშეკრულების ნაწილს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თავად მიღება-ჩაბარების აქტში იყო მითითებული 20.07.2010 წლის ნარდობის ხელშეკრულებაზე (ტ. 2., ს.ფ. 158), ამასთან, რაიმე მტკიცებულება, რაც მენარდის მიერ სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში, აღნიშნულ პროექტირებაზე (კონსტრუქცია) და გეოლოგიის სამუშოების შესრულებაზე მიუთითებდა, საქმეში წარდგენილი არ ყოფილა. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ის ნაწილი, რაც მოიცავდა შენობის პროექტირებას (კონსტრუქცია) და გეოლოგიას, საერთო ჯამში 41 560 ლარის ღირებულებით, მენარდემ ჯეროვნად შეასრულა. 19. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო იყო ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ხარისხი. შემკვეთმა განმარტა, რომ შეუსრულებელი იყო სამუშაოების დიდი ნაწილი და ამასთან, შესრულებული სამუშაოები იყო უხარისხო და დეფექტური, რაც მას აძლევდა ხელშეკრულებიდან გასვლისა და მენარდისათვის გადახდილი თანხის უკან მოთხოვნის უფლებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, მენარდე უთითებდა, რომ შემკვეთი ბრალეულად არ იღებდა უკვე შესრულებულ სამუშაოებს, რომელიც შეესაბამებოდა სამშენებლო სტანდარტებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოებების დასადგენად, მოდავე მხარეებმა წარადგინეს სხვადასხვა საექსპერტო დაწესებულებისა და სხვადასხვა ტიპის საექსპერტო დასკვნები.
20. შპს ,,ს- ის” 2013 წლის ექსპერტიზის დასკვნის თანახამად, პროექტის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საწყობის შენობისა - N1 და N2 და დაცვის შენობის მშენებლობა. შემოწმების დროს, აშენებული იყო დაცვის შენობა და მიმდინარეობდა N1 საწყობის ძირითადი მალის მშენებლობა (ტ. 2, ს.ფ. 40-52). ექსპერტის კვლევის საგანს წარმოადგენდა მშენებარე N1 სასაწყობე შენობა. მითითებული დასკვნის თანახმად, მშენებარე სასაწყობე მეურნეობის №1 საწყობის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების საფუძველზე, ვიზუალური და ინსტრუმენტალური კვლევის შედეგად, გამოვლინდა დარღვევები და სამონტაჟო დეფექტები (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ტ. 4., ს.ფ. 124) .
21. ექსპერტიზის ბიუროს 15.10. 2013 წ. №004553713 დასკვნის მიხედვით, შემკვეთის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე ჩატარებული მშენებარე ობიექტის ვიზუალური საინჟინრო-ტექნიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პროექტში მითითებული ობიექტიდან (ორი საწყობის შენობა, დაცვის შენობა) აშენდა მხოლოდ დაცვის შენობა, რომლის მოპირკეთება არ იყო დამთავრებული; ნაწილობრივ იყო აშენებული 105 მეტრის სიგრძის, საწყობის შენობა (გადახურვის კონსტრუქციების და საწყობის გრძლივ კედელთან დაპროექტებული ერთსართულიანი სათავსოების გარეშე); 2. დაუმთავრებელ საწყობის შენობას ახასიათებდა შეუსაბამობები პროექტთან მიმართებაში. ყველა ჩატარებულ სამუშაოს ახასიათებდა შესრულების მეტად დაბალი ხარისხი. არ იყო ფარული სამუშაოს არც ერთი აქტი. 3. ექსპერტიზის ჩატარების დროს, მშენებარე ნაგებობის კონსტრუქციული ელემენტების ვიზუალური შესწავლისას, აღნიშნული კვლევის ფარგლებში, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების დონე მიჩნეული უნდა იქნეს, როგორც უაღრესად დაბალი (ტ. 2, ს.ფ 283).
22. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების, ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის, ამავე ექსპერტიზის დასკვნების შემდგენელი ექსპერტების მიერ 01.10.2014წ. სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული N1 საწყობის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მშენებარე მდგომარეობაში იყო, წარმოებული იყო არასათანადო ხარისხით, ამასთან, საერთოდ არ იყო აშენებული N2 სასაწყობე შენობა, რაც დამკვეთს აძლევდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს. რაც შეეხება დაცვის შენობას, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, დადგინდა, რომ საექსპერტო კვლევის წარმოების პროცესში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამი ნაგებობიდან აშენებული იყო მხოლოდ ერთი - დაცვის შენობა (ტ. 2, ს.ფ. 40-52). საქმეში წარმოდგენილი არცერთი საექსპერტო დასკვნა არ შეიცავდა მითითებას დაცვის შენობის შემოწმების ან/და გამოვლენილი მშენებლობის ხარვეზების თაობაზე. შესაბამისად, დადგინდა, რომ დაცვის შენობა, რომელიც აშენებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საექსპერტო კვლევის საგანი არ გამხდარა და შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იყო დადასტურებული, აღნიშნული შენობა-ნაგებობების შეუსაბამობა სამშენებლო ნორმებთან. ამდენად, დგინდებოდა, რომ დაცვის შენობა, რომლის ღირებულებაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეადგენდა 24 987 ლარს (ტ. 2, ს.ფ.167, 243) მენარდემ ააშენა, დადასტურებული არ იყო მისი ნაკლი და არ არსებობდა აღნიშნული თანხის დაბრუნების ნაწილში, შემკვეთის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
23. სასამართლომ მიუთითა, რომ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული და მიღებული სამუშაო იყო პროექტირება (კონსტრუქცია) და გეოლოგიის სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენდა 41 560 ლარს (ტ. 2, ს.ფ. 159). ამდენად, ჯამში, შესრულებული სამუშაოების ღირებულება (რომელთა ნაკლოვანებაც საქმის მასალებით დადგენილი არ იყო), შეადგენდა 66 547 ლარს (41 560 ლარს + 24 987), შესაბამისად, შემკვეთის სარჩელი დასაბუთებული იყო მენარდისათვის ავანსად გადახდილი 500 000 ლარიდან დარჩენილი ნაწილის - 433 453 ლარის დაბრუნების თაობაზე.
24. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქვემდგომმა სასამართლომ, შემკვეთის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 587 675 ლარი მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ თანხად და იგი შეამცირა 300 000 ლარამდე. სააპელაციო სამართალწარმოებისას დადგინდა, რომ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მენარდემ შეასრულა 66 547 ლარის სამუშაოები, ასევე, სასამართლომ იმსჯელა შესასრულებელი ვალდებულების მოცულობასა და ვადის დარღვევის ხარისხზე, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ მენარდის მიერ დარღვეული ვალდებულების თანაზომიერი და გონივრული პირგასამტეხლო არის 200 000 ლარი და მენარდის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილშიც.
25. სასამართლომ არ გაიზიარა შემკვეთის სააპელაციო საჩივრის არგუმენტები, მისთვის ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მენარდისათვის დაკისრების თაობაზე (იხ. ამ განჩინების 13.1-13.2 ქვეპუნქტები). სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სამართლომ დაადგინა, რომ ელექტრონული საგადახდო დავალებით საიჯარო ქირას მისარჩელე იხდიდა ავტოპარკინგით სარგებლობისათვის, რაც გამორიცხავდა შემკვეთის სარჩელის დაკმაყოფილებას ამ ნაწილში.
26. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების პირობები დაარღვია მენარდემ, რაც უდავოდ მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ შემკვეთი უფლებამოსილი იყო, უარი ეთქვა დარჩენილი თანხის გადახდაზე. ამდენად, სსკ-ის 417-ე მუხლის საფუძველზე, შემკვეთს არ შეიძლებოდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
27. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით; სსკ-ის 629-ე, 639-ე, 641-ე, 646-ე, 361-ე, 405-ე, 352-ე, 417-ე, 418-ე 420-ე 394-ე, 408-ე, 412-ე, 369-ე მუხლებით.
28. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მენარდემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და შემკვეთის სარჩელის უარყოფა.
28. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:
28.1. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ხელშეკრულების მენარდის მიერ შეუსრულებლობა, თუმცა, არ გაუთვალისწინებია, რომ აღნიშნული შემკვეთის ბრალეულობით იყო განპირობებული, რაზეც მიუთითებს ის ფაქტები, რომ 2010 წლის 20 ივლისს დადებული ნარდობის ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, მენარდეს 9 თვეში, ანუ 2011 წლის 20 აპრილამდე უნდა შეესრუებინა სამუშაოები, თუმცა, სამშენებლო ნებართვა შემკვეთმა მხოლოდ 25 თებერვალს აიღო, ნებართვში კი, მშენებლობის დაწყების თარიღად მიეთითა 2011 წლის 10 მარტი, ნებართვა ძალაში იყო 2012 წლის 10 მაისამდე, შესაბამისად, ნებართვის აღებამდე, მშენებლობა ვერ დაიწყებოდა. კასატორის მტკიცებით, 2011 წლის მაისში სამშენებლო ტერიტორია დაიტბორა, ხოლო დატბორვის პერიოდის მტკიცების ტვირთს სასამართლო მენარდეს აკისრებს. კასატორის მტკიცებით, მენარდემ ჯერ კიდევ საქალაქო სასამართლოში დააყენა შუამდგომლობა, რომ ეს მტკიცებულებები მოწინააღმდეგესთან იმყოფებოდა და მას დავალებოდა მათი წარმოდგენა, შემკვეთმა გარკვეული სახის მტკიცებულებები დაუმალა სასამართლოს და სრულად არ წარმოადგინა ისინი, კერძოდ, როდის მოიპოვა შემკვეთმა ობიექტის ექსპლუატაციის უფლება, როდის დაასრულა სამუშაოები; 28.2. კასატორის განმარტებით, მისმა წარმომადგენელმა, ვლ. ლ-ემ 2012 წლის 17 აპრილს Nარ141865 ელექტრონული განცხადებით მიმართა მერიის სამსახურს და მოითხოვა აღნიშნულ არქიტექტურულ პროექტზე მშენებლობის მოქმედების ვადის გაგრძელება, რაზეც უარი მიიღო, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნის უფლებამოსილება მხოლოდ შემკვეთს ჰქონდა, რაც ამ უკანასკნელს არ გაუკეთებია. კასატორი უთითებს ამ განჩინების 14.2 და 14.3 ქვეპუნქტებში აღწერილ გარემოებებზე;
28.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ არ იყო სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული მენარდის მიერ ვალდებულების უხარისხოდ შესრულების ფაქტი. მოწინააღმდეგის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები არ უკავშირდება მენარდის შეგებებულ სარჩელში გაცხადებულ ძირითად მოთხოვნას, რადგან არც ერთ დასკვნაში არ არის მითითებული მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ამ სამუშაოს ხარისხი შეესაბამება თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. კასატორის მტკიცებით, იგი სააპელაციო სასამართლოს სთხოვდა წინააღმდეგობრივ დასკვნებზე ყურადღების გამახვილებას, ექსპერტების განმეორებით მოწვევას, რადგან აშკარა იყო, რომ საქმის არასრული შესწავლის შედეგად, საქმეზე არ იყო დადგენილი ობიექტური ჭეშმარიტება. მიუხედავად წარდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობისა, სასამართლომ ყოვლად დაუსაბუთებლად თქვა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სასამართლოს მიერ 20.05.2015წ. მიღებული საოქმო განჩინება და უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა წარდგენილი მტკიცებულებების დართვის თაობაზე და, ასევე ექსპერტების ხელმეორედ დაკითხვის თაობაზე. მართალია საქალაქო სასამართლომ მოუსმინა ექსპერტებს, მაგრამ მათთვის დასმული შეკითხვები ცალმხრივი და მიკერძოებული აღმოჩნდა, ამასთან, შემკვეთმა ექსპერტიზა შეიყვანა შეცდომაში და არასწორი მტკიცებულებები წარუდგინა, შესრულებული სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილი შემოწმდა. კასატორის მტკიცებით, მნიშვნელოვანია მის მიერ წარდგენილი კონსტრუქციების ურღვევი მეთოდით შემოწმების აქტები, რომელიც ბეტონის სიმტკიცეზე მეტყველებს და არ ემთხვევა მოწინააღმდეგის მიერ წარდგენილ დასკვნას, რასაც დაეყრდნო გასაჩივრებული გადაწყვეტილება;
28.4. კასატორი უთითებს ექსპერტიზის ბიუროს 15.08.2014 წ. №004274914 ექსპერტიზის დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ ბეტონი მიღებული ჰქონდა შპს „ჰ-ოდან“, ამიტომაც ამავე საწარმოს მიმართა, სამშენებლო ობიექტზე მიწოდებული ბეტონის გადასამოწმებლად. გამოკვლევამ აჩვენა 350–400 მარკიანობა, რაც აღემატებოდა სამხარაულის ექსპერტის დასკვნას. კასატორის მტკიცებით, მის მიერ წარდგენილი ექსპერტისა და აუდიტის დასკვნები, შესრულებული სამუშაოს შეფასებასთან, ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით არ შეუფასებია სასამართლოს;
28.5. სასამართლომ არასწორად გაათავისუფლა პირგასამტეხლოსგან შემკვეთი, ვინაიდან მან დაარღვია ხელშეკრულებით თანხის დროული გადახდის ვალდებულება და თანხა მთლიანად არ გადაიხადა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა. შემკვეთს, არსებული ხელშეკრულების თანახმად, შესრულებული სამუშაოს მიღების ვალდებულება ეკისრებოდა, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებდა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულებისაგან. კასატორის მტკიცებით, შემკვეთის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა. კასატორი იმეორებს წინამდებარე განჩინების 14.13 ქვეპუნქტში მითითებულ პრეტენზიას;
28.6. კასატორი უთითებს შემკვეთის ბრალეულობასა და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ დასკვნებს აკრიტიკებს (იხ. წინამდებარე განჩინების14.1-14.8 ქვეპუნქტები). კასატორის მტკიცებით, შემკვეთს არ წარუდგენია დასაბუთებული პრეტენზია ხარისხთან დაკავშირებით. მენარდემ მტკიცებულების სახით წარადგინა აუდიტის დასკვნა, რომლითაც მის მიერ გაწეული ხარჯების საბაზრო ღირებულება 337 563 ლარადაა შეფასებული, ხოლო ექსპერტის დასკვნით, ხარჯთაღრიცხვა 305 845 ლარით განისაზღვრა, რაზედაც სასამართლო არ მსჯელობს;
28.7. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 380-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არ მიიღო 2014 წლის 11 ნოემბრის განცხადება (დოკუმენტის რეგისტრაციის N1007660914), რომლითაც ექსპერტიზას განმარტებას სთხოვდნენ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებიდან გარემოებები განსხვავებულად იკვეთებოდა. ასევე, მენარდეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილი განცხადებისა და მისი პასუხის საქმეზე დართვაზე;
28.8. კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვანია მის მიერ წარდგენილი კონსტრუქციების ურღვევი მეთოდით შემოწმების აქტები, რომელიც ბეტონის სიმტკიცეზე მეტყველებს და არ ემთხვევა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რასაც სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო. საქალაქო სასამართლოს წინაშე მენარდის შუამდგომლობა ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, რეაგირების გარეშე დარჩა. ასევე არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა ექსპერტების მოწვევის თაობაზე, რითაც უხეშად დაირღვა სსსკ-ის 102-ე მუხლი.
28.9. “გოსტ სტანდარტი” მტკიცებულება არ არის, თუმცა, მისი დაცვა აუცილებელია. 15.08.2014 წ. დასკვნაში დაცული არ არის სტანდარტის მოთხოვნები და იგი არ უნდა იქნეს გაზიარებული.
29. საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში მიიღო მენარდის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 18 დეკემბრის განჩინებით, დასაშვებად ცნო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგი მოტივაციით:
30. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, სსკ-ის 636-ე მუხლით დადგენილია შემკვეთის უფლება უპირობოდ, სამუშაოების დასრულებამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე (იხ. სუსგ # ას-901-851-2015, 05.02.2016წ.) საკასაციო სასამართლომ სწორედ 636-ე მუხლზე მსჯელობისას განმარტა: „მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (იხ. სუსგ # ას-697-663-2015, 15.12. 2015).
32. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც არაერთ საექსპერტო დასკვნასა და სპეციალისტის განმარტებას, მტკიცებულებათა ყოველმხრივ გაანალიზებასა და შეჯერებას ეყრდნობა (იხ. ამ განჩინების 17-26 პუნქტები), მენარდის მიერ ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის, მასალების უხარისხობა და დარღვევები, უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებების შეპირისპირების საფუძველზეა დადასტურებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, ხოლო სსკ-ის 636-ე მუხლით დარეგულირებული შემკვეთის უფლება, არათუ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, არამედ უპირობოდ, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება მენარდესთან, განმარტებულია საკასაციო სასამართლოს მიერ (იხ. ამ განჩინების 31-ე პუნქტი), რაც კასატორის შედავების საფუძველზე ვერ იქნა დამაჯერებლად უარყოფილი. ამასთან, მენარდის მიერ ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოების ღირებულება სააპელაციო სამართალწარმოებისას დადგენილია, რის საფუძველზეც, სასამართლომ დააკმაყოფილა მენარდის სააპელაციო საჩივარი და შეამცირა პირგასამტეხლო (იხ. ამ განჩინების 24-ე პუნქტი)
33. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს სააპელაციო სასამართლოს 20.05.2015წ. საოქმო განჩინების გაუქმების, ასევე, მტკიცებულებების მიღებაზე უარის თაობაზე (იხ. ამ განჩინების 28.3 და 28.7 ქვეპუნქტები). საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებული საოქმო განჩინების აუდიო ჩანაწერს (იხ. 20.05.2015წ. სხდომის აუდიო ჩანაწერი 15:37 სთ-დან) და აღნიშნავს, რომ დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მენარდის მიერ წარდგენილ შუამდგომლობებთან, რადგან განსახილველ დავაზე მხარეებს ჰქონდათ თანაბარი შესაძლებლობები, დაესვათ შეკითხვები, დაეზუსტებინათ ექსპერტთა პასუხები და არგუმენტები სამართალწარმოების შესაბამის ეტაპზე, ხოლო მტკიცებულებათა წარსადგენად, სსსკ-ის 380-ე მუხლი დეტალურად აწესრიგებს მხარეთა უფლებებს.
34. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორის პრეტენზიები დაუსაბუთებელია, არ არის გამყარებული იმგვარი სამართლებრივი არგუმენტებით, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საჭიროებას დაასაბუთებდა, მით უფრო, რომ საკასაციო განაცხადი, რომელიც სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნტების საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი, არსებითი განხილვის ეტაპზე, კიდევ ერთხელ შემოწმდა კასატორის პრეტენზიების საფუძვლიანობის თვალსაზრისით.
35. მტკიცებულებებათა მოგვიანებით წარმოდგენასა და საკასაციო საჩივარზე დართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის ფარგლები და დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს არ ჰქონდა, საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას, მათი წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა.
36. სსსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს, ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 23 (ოცდასამ) ფურცლად, ტ.4, ს/ფ 160-182, კერძოდ: სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათები 1) N1007660914, 13/11/2014, 2)1008161414, 03/12/2014; შპს "ტ-ის" დირექტორის ვლ. ლ-ის განცხადება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის გ. თ-ისადმი; შპს "ტ-ის" დირექტორის ვლ. ლ-ის განცხადება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გენ. ინსპექციას; შპს "ტ-ის" დირექტორის ვლ. ლ-ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ქ. კ-ას; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იურიდიული სამმართველოს უფროსის, ტ. ზ-ის, 2014 წლის 17 დეკემბრის, პასუხი შპს "ტ-ის" დირექტორს ვლ. ლ-ეს; კონსტრუქციების ურღვევი მეთოდით შემოწმების აქტები NTR/2015-1; NTR/2015-2; NTR/2015-3; NTR/2015-4; NTR/2015-5; ГОСТ P18105-2008; კორუპციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ, დ. ა-ის, 2015 წლის 8 სექტემბრის N13/56799, პასუხი შპს "ტ-ის" დამფუძნებელ მ. ს-ეს; ამონაწერი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან.
37.საკასაციო სასამართლო მენარდეს აკისრებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით (საქმე ას-981-926-2015) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 8 000 (რვა ათასი) ლარის გადახდას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 104-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ტ-ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს "ტ-ის" შუამდგომლობა, ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვისა და ექსპერტის ხელმეორედ დაკითხვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის საოქმო განჩინებები, ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვასა და ექსპერტის ხელმეორედ დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე;
4. შპს "ტ-ს" (ს/ნ …) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით (საქმე ას-981-926-2015) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 8 000 (რვა ათასი) ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
6. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 23 ფურცლად (ტ.4, ს/ფ 160-182);
7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე