საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-992-936-2015 21 მარტი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "ვ-ო" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს "ვ-ოს" მოთხოვნა მის მიერ ნაკისრი ვალდებულების, 39 280.9 ლარის ოდენობით, შესრულების ფაქტის აღიარების ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს "ვ-ოს" სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდეგში სამინისტრო ან მოპასუხე) და შპს "ვ-ოს'' (შემდეგში საწარმო, მოსარჩელე ან კასატორი) შორის, 2013 წლის 12 აპრილს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №155 ხელშეკრულება (შემდეგში №155 ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც საწარმომ იკისრა ვალდებულება, სამინისტროსათვის, 60 დღის ვადაში, მიეწოდებინა 8 500 ცალი მატრასი. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 592 000 ლარს. მოსარჩელეს 2013 წლის 26 აპრილს, ავანსის სახით, ჩაერიცხა თანხა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო და იგი მოქმედებდა 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე მუხლი) .
2. საწარმომ, 2013 წლის 24 მაისს, წერილობით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა, მხარეებს შორის 2013 წლის 12 აპრილს დადებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ ქარხანას, რომელსაც მან მატრასების დამზადების შეკვეთა მისცა, წარმოეშვა დაუძლეველი ძალა და დაირღვა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი.
3. სამინისტრომ საწარმოს უარი უთხრა განჩინების მეორე პუნქტში მითითებულ მოთხოვნაზე და ვალდებულების, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, შესრულება მოითხოვა.
4. საწარმომ, 2013 წლის 11 ივნისს, სამინისტროს განმეორებით მიმართა და ხელშეკრულების მოქმედების ვადის 30 დღით გაგრძელება მოითხოვა, რაზეც ამ უკანასკნელს წერილობითი პასუხი არ გაუცია.
5. მხარეებმა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები გააფორმეს - 2013 წლის 14 ივნისს მიწოდებული 855 ცალი მატრასის, 17 ივნისს მიწოდებული 160 ცალი მატრასისა და 28 ივნისს მიწოდებული 404 ცალი მატრასის მიღების შესახებ (სულ 1599 მატრასი), ხოლო 2013 წლის 24 ივლისს მიწოდებულ 340 ცალ მატრასზე მხარეებმა გააფორმეს დროებითი შენახვის აქტი.
6. საწარმოს სამინისტროსთან დადებული №155 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მატრასების სრული რაოდენობა 2013 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობითაც არ ჰქონდა მიწოდებული.
7. სამინისტრომ მიწოდებულიდან მხოლოდ 855 ცალი მატრასის ნაწილში ჩათვალა ვალდებულება შესრულებულად, ხოლო მატრასების ნაწილი მოსარჩელეს დაუბრუნა: 2014 წლის 20 იანვრის აქტით - 250 ცალი, 2014 წლის 1 თებერვლის აქტით - 260 ცალი და 2014 წლის 22 თებერვლის აქტით - 394 ცალი, სულ - 904 ცალი მატრასი.
8. საწარმომ 2014 წლის 24 ოქტომბერს სარჩელი აღძრა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა №155 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად აღიარება და მოპასუხის დავალდებულება, მიეღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია 904 ერთეულ მატრასზე (ღირებულება - 62 960.89 ლარი). საქმის მასალებშია, საწარმოს 2014 წლის 9 დეკემბრის განცხადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ, რომლითაც მან მოითხოვა 7 596 ერთეული მატრასის მიღების დავალდებულება მოპასუხისათვის, რითაც მოთხოვნა გაიზარდა და შეადგინა 529 039, 11 ლარი (ტ.1., ს.ფ. 113-114).
9. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საწარმოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა მოსარჩელის მიერ №155 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი 564 ერთეული მატრასის მიწოდების ნაწილში (ღირებულება 39 280.90 ლარი); მოსარჩელის მოთხოვნა, იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 7 596 ერთეული მატრასის მიღებაზე სამინისტროს დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
10. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 328-ე და 397-ე მუხლებით; დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ საწარმომ, გარდა 855 ცალი მატრასის მიწოდებისა, რაზედაც მხარეები არ დავობდნენ, №155 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, 564 ერთეული მატრასის მიწოდების ნაწილშიც შეასრულა (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2. ქვეპუნქტი, დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები, ტ.1., ს.ფ. 141-142).
11. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 12 აპრილს დადებული ხელშეკრულების 11.1. პუნქტით განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ საქონლის გადაცემისა და შემსყიდველის მიერ მისი მიღების დადასტურების წესი, რომლის თანახმად, მიწოდებული საქონლის გადაცემისა და მიღების ფაქტის დადასტურება უფლებამოსილი პირების ხელმოწერით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უნდა მომხდარიყო. ხელშეკრულების 11.3 პუნქტით კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი საქონლის საბოლოო მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარმოადგენდა და ანგარიშსწორების ვალდებულებას არ წარმოშობდა.
12. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ საქმეში, გარდა 855 ცალი მატრასის მიწოდების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა, რომელზეც მხარეები არ დავობდნენ, ასევე, წარმოდგენილი იყო ხელშეკრულების 11.1 და 11.3. პუნქტების მოთხოვნათა დაცვით, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები: 2013 წლის 26 ივნისის აქტი - 404 ცალი მატრასის და იმავე წლის 17 ივნისის №41 აქტი - 160 ცალი მატრასის სამინისტროს მიერ მიღების შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული იყო, მხარეთა შორის შეთანხმებული წესით, გარდა 2013 წლის 14 ივნისს მიწოდებული 855 ცალი მატრასისა, 564 ცალი მატრასიც მიიღო, რაც დადასტურდა 2013 წლის 17 და 26 ივნისის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებით. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 24 ივნისის №65 დროებითი შენახვის აქტით, რომლის თანახმად, სამინისტროს სანივთე ბაზის უფლისციხის საცავში, დროებით შენახვაზე, საწარმომ შეიტანა 340 ცალი მატრასი, არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ამ მატრასების სამინისტროს მიერ მიღების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან თავად მხარეებმა ხელშეკრულების 11.3 პუნქტით დაადგინეს, რომ საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენდა საქონლის საბოლოო მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს და ანგარიშსწორების ვალდებულებას არ წარმოშობდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტროს, გარდა 2013 წლის 14 ივნისს მიღებული 855 ცალი მატრასისა, საწარმოსაგან დამატებით მიღებული ჰქონდა 564 ცალი მატრასი, ხოლო დანარჩენი მატრასების მიღებაზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი მოსარჩელეს არ წარუდგენია.
13. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული №155 ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა, მისი მოქმედების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2013 წლის 15 ივნისი, ხოლო 15.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმებულიყო ორმხრივად ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტის შედგენით, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს“.
14. სასამართლომ მიუთითა, წინამდებარე განჩინების 2-4 პუნქტებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ გარიგება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის დადებული იყო წერილობითი ხელშეკრულება და შეთანხმდა, რომ მასში ნებისმიერი ცვლილების შეტანა შეიძლებოდა მხოლოდ წერილობითი ფორმით, ხელშემკვრელი მხარის განმარტება, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა, მიუხედავად მისი მოქმედების ვადის გასვლისა, გაგრძელდა, არ ჩაითვლებოდა საკმარის მტკიცებულებად, თუ ეს განმარტება შესაბამისი წერილობითი დოკუმენტით არ იქნებოდა დადასტურებული.
15. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის, როგორც სამართალწარმოების მონაწილე მხარის, ვალდებულებას წარმოადგენდა, მის სარჩელში მითითებული გარემოებების, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების დადასტურება. სასამართლოს მოსაზრებით, 2013 წლის 12 აპრილს დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.
16. სასამართლომ მიუთითა, №155 ხელშეკრულების 15.5 პუნქტით მხარეთა შეთანხმებაზე (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი) და, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება არ დადებულა. ამასთან, საწარმოს მიერ გაგზავნილ წერილს, რომლითაც იგი ვადის გაგრძელებს ითხოვდა, სამინისტრომ უარით უპასუხა. ის გარემოება, რომ საწარმოს ხელმეორედ გაგზავნილ, იგივე შინაარსის წერილს სამინისტრომ არ უპასუხა, სასამართლოს მოსაზრებით, არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო, ხელშეკრულების გაგრძელებაზე თანხმობად. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის დავალდებულების თაობაზე, მიეღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 7 596 ერთეული მატრასი, სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლო იყო.
17. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, ვადის დარღვევით, შესრულება ფორს-მაჟორული გარემოებებით იყო გამოწვეული და მოპასუხეს უნდა დავალებოდა მოსარჩელის მიერ მიწოდებული მატრასების მიღება №155 ხელშეკრულების საფუძველზე. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე დაუძლეველ ძალად თურქეთში მდებარე ქარხანაში გაჩენილ ხანძარზე და იქ გამართულ საპროტესტო გამოსვლებზე უთითებდა.
18. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის აღნიშნული მოსაზრება, შესაბამისი მტკიცებულების - სწორედ იმ ქარხანასთან, სადაც 2012 წლის 10 აპრილს ხანძარი გაჩნდა - გაფორმებული ხელშეკრულების წარმოუდგენლობის გამო; ამავე დროს, არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს არ შეეძლო სხვა რომელიმე ქარხნიდან იგივე მომსახურების მიღება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ხანძარი №155 ხელშეკრულების დადების შემდეგ კი არა, არამედ ხელშეკრულების დადებამდე გაჩნდა. უფრო მეტიც, როგორც წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დგინდებოდა, ქარხანა, რომელსაც, მოსარჩელის განმარტებით, უნდა მიეწოდებინა მისთვის მატრასები, მომხდარი ხანძრის შედეგების ლიკვიდაციისა და სრული დატვირთვით ამუშავებისთვის, სამკვირიან ვადაზე უთითებდა. მოსარჩელემ კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან, ორი თვის შემდეგაც ვერ შესძლო ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც დასტურდებოდა თავად მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 2013 წლის 19 აგვისტოს გაგზავნილი წერილით.
19. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ, მის მიერ მოთხოვნილ დამატებით 30 დღიან ვადაშიც კი, ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება; კონტრაჰენტს არ შეეძლო ვალდებულების შესრულების, ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა იმ საფუძვლით, რომ მისი შესრულება დამოკიდებული იყო სხვა პირისგან შესრულების მიღებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ფორს-მაჟორული გარემოების არსებობა, რამაც იმოქმედა №155 ხელშეკრულების შესრულებაზე, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.
20. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, საწარმოს მიერ 2013 წლის 11 ივნისს გაგზავნილი წერილზე სამინისტრომ არ უპასუხა, თუმცა, მხარეთა შემდგომი მოქმედებები ადასტურებდა, რომ სამინისტრომ მოსარჩელესთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მიიღო ვადის გასვლის შემდეგ და ჩაიბარა 564 მატრასი. მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც შედგა წერილობით და მათზე ხელმომწერი პირების უფლებამოსილებას მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, წარმოადგენდა მხარეთა შორის №155 ხელშეკრულების 15.5 პუნქტით გათვალისწინებულ ორმხრივად ხელმოწერილ წერილობით დოკუმენტს, რომლითაც მოსარჩელისაგან მოპასუხემ მიიღო ვალდებულების შესრულება და, შესაბამისად, წარმოეშვა ანგარიშსწორების ვალდებულება.
21. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება სამინისტროსთვის 904 ერთეული მატრასის მიწოდების თაობაზე, ვინაიდან, წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ამ უკანასკნელმა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები მხოლოდ 564 ერთეულ მატრასზე გააფორმა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, გარდა აღიარებული 855 ერთეული მატრასისა, მოსარჩელემ შეასრულა 564 ერთეული მატრასის დამატებით მიწოდების ნაწილშიც.
22. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოდავე მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის უარყოფილ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.
23. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე.
23.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა ფორსმაჟორულ ვითარებასთან დაკავშირებული გარემოებები. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო 1.04.2013 წელს, თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო, რაც შემსყიდველის მიზეზით იყო განპირობებული, საწარმო დისკვალიფიცირებულ იქნა და მხოლოდ 10 აპრილს, ანუ კონტრაქტორ ქარხანაში ხანძრის გაჩენის დღეს, აღუდგა გამარჯვებულის უფლებამოსილებები, ხოლო ხელშეკრულება გაფორმდა 12 აპრილს. საწარმოს მტკიცებით, იგი ცდილობდა შექმნილი პრობლემების აღმოფხვრას, თუმცა, ასეთ ვითარებაში, ახალი სუბიექტის მოძიება და ვალდებულებების შესრულების ვადაგადაცილების თავიდან აცილება შეუძლებელი გახდა;
23.2. საწარმოს განმარტებით, ვალდებულების შესრულების პირველი ეტაპი დაბრკოლდა ქარხანაში მომხდარი ხანძრის გამო და იმთავითვე ცხადი გახდა, რომ გრაფიკი დაირღვევოდა. ასეთ პირობებში, პრობლემები წარმოიშვა სხვა მიმართულებითაც, გაურკვეველი იყო, გაგრძელდებოდა თუ არა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ვალდებულების შესრულება შეფერხდა. სამინისტროს მიერ დადებითი პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში, 30 დღიანი ვადა სრულიად საკმარისი იქნებოდა. შემდგომში, ასეთად ჩაითვალა სამინისტროს მიერ წერილებზე პასუხის გაუცემლობა და, მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ, საქონლის გარკვეული პარტიების მიღება, რამაც გამოიწვია შემდგომი ხარჯების განხორციელება და ვალდებულებების შესასრულებლად საქმიანობის სრულფასოვანი განახლება;
23.3. ხელშეკრულების შესრულების პროცესში, სამინისტროს უფლებამოსილი პირების მხრიდან გამოვლინდა არაგონივრული, გულგრილი ქმედებები, მაშინ, როდესაც საწარმო, ობიექტური დაბრკოლებების მიუხედავად, ცდილობდა ვალდებულების შესრულებას. სამინისტრომ არ გაითვალისწინა არცერთი ყურადსაღები გარემოება და არ განახორციელა მეწარმესთან კანონმდებლობით და ხელშეკრულებით დადგენილი კომუნიკაცია, დამზადებული პროდუქცია ჯერ მიიღო, ხოლო შემდეგ უკან დააბრუნა და შესრულებაზე უარი განაცხადა;
23.4. საწარმომ 2013 წლის 19 აპრილის, 11 ივნისისა და 19 აგვისტოს წერილებით მიმართა სამინისტროს, აცნობა შექმნილი ფორს-მაჟორული ვითარების თაობაზე, შეატყობინა 2099 ერთეული მატრასის დამზადების, ახალი პარტიების შემოტანის და ხელშეკრულების ვადის, პატივსადები მიზეზებით, გაგრძელების თაობაზე, თუმცა, ბენეფიციარმა ეს ყველაფერი უპასუხოდ დატოვა. სამინისტროს მხრიდან უსაფუძვლოდ არ მოხდა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, რაც შეიძლებოდა გამოხატულიყო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაში;
23.5. სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაჰკარგა ინტერესი. სამინისტროს ასეთი ინტერესი არ დაუკარგავს.
24. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე.
24.1. სასამართლომ არასწორად ჩათვალა 17.06.2013 წლის N41 და 28.06.2014 წლის დროებითი შენახვის აქტები საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებად. აღნიშნულ აქტებზე გარკვევით არის მითითებული, რომ ისინი წარმოადგენენ დროებითი შენახვის აქტებს. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია 20.01.2014 წლის, 01.02.2014 წლისა და 22.02.2014 წლის აქტები, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ სამინისტრომ არ მიიღო საქონელი და დაუბრუნა მიმწოდებელს;
24.2. №155 ხელშეკრულების 11.3 პუნქტის შესაბამისად, საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები არ წარმოადგენს საქონლის საბოლოოდ მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს და არ წარმოშობს ანგარიშსწორების ვალდებულებას. ხელშეკრულების 11.4 პუნქტით შემსყიდველი უფლებამოსილია განაცხადოს უარი საქონლის ან მისი ნაწილის მიღებაზე და მათ ანაზღაურებაზე, თუ ხელშეკრულების 11.4.3 და 11.4.4. პუნქტების შესაბამისად, მოწოდებულია ხელშეკრულებაში მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები, ან/და სრული მოცულობით არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა, როგორც საქონლის არასრული მოცულობითა და დოკუმენტაციის გარეშე მიწოდების ფაქტი, ასევე ის გარემოებაც, რომ მათი შემოტანა განხორციელდა ხელშეკრულების ვადების დარღვევით. შესაბამისად, შემსყიდველს სრული უფლება ჰქონდა, არ მიეღო მოწოდებული საქონელი და დაებრუნებინა იგი, რაც ასე მოხდა კიდეც;
24.3. ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ცალსახად არის დადასტურებული მატრასების უკან გატანის ფაქტი და 564 ერთეული მატრასი სამინისტროში ფიზიკურად არ არის;
25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით საწარმოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა საწარმოს მოთხოვნა, რომლითაც ითხოვდა აღიარებულიყო მის მიერ №155 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფაქტი, 564 ერთეულ მატრასზე (ღირებულება 39 280.90 ლარი). დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
26. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 855 ერთეული მატრასის მიღება, განსახილველი სარჩელის ფარგლებში, მხარეთა შორის სადავო არ იყო, არამედ მოსარჩელე დავობდა, აღიარებულიყო მის მიერ №155 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი 904 ერთეული (160+404+340) მატრასის მიწოდების ნაწილში, ღირებულებით 62 960.89 ლარი.
27. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო იყო, რამდენად მოხდა სამინისტროს მიერ აღნიშნული მატრასების ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად მიღება და არსებობდა თუ არა საწარმოს მიერ №155 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტის (904 მატრასის მიწოდების ნაწილში) აღიარების საფუძველი.
28. სასამართლომ მიუთითა, რომ 12.04.2013 წლის ხელშეკრულების 11.1. და 11.3 პუნქტებით მხარეთა შორის განსაზღვრულ პირობებზე (იხ. ამ განჩინების მე-11 პუნქტი). ხელშეკრულების მე-11 მუხლი ადგენდა ასევე შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების სპეციალურ წესს. პირველ ეტაპზე, საქონელი დროებითი შენახვის აქტის საფუძველზე უნდა მიღებულიყო, რომელიც საქონლის საბოლოო მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარმოადგენდა და ანგარიშსწორების ვალდებულებას არ წარმოშობდა (11.3. პუნქტი), ხოლო შემდეგ, ხდებოდა მიწოდებული საქონლის გადაცემისა და მიღების ფაქტის დადასტურება, უფლებამოსილი პირების ხელმოწერით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების 11.4 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე საფუძვლით უარს არ განაცხადებდა საქონლის მიღებაზე.
29. სასამართლომ აღნიშნა, რომ 855 ერთეული მატრასი, რომელთა მიღება და ვალდებულების შესრულება ამ ნაწილში სადავო არ იყო, სამინისტრომ მიიღო სწორედ ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, კერძოდ, პირველ ეტაპზე, აღნიშნული მატრასები მიიღო ბაზაზე 11.06.2013 წელს დროებითი შენახვის აქტის საფუძველზე, ხოლო 14.06.2013 წელს, გაფორმდა უკვე საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი, რომლითაც დადასტურდა მატრასების მიღების ფაქტი, განისაზღვრა მიღებული მატრასების როგორც ჯამური, ასევე ერთეულის ღირებულება.
30. სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, 855 ცალი მატრასის საბოლოოდ მიღება განხორციელდა 14.06.2013 წელს მიღება-ჩაბარების აქტით, თუმცა, საქმის მასალებით დადგინდა, რომ აღნიშნული საქონელი დროებით შენახვისათვის სამინისტროს მიეწოდა 11.06.2013 წელს, ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწოდების ვადაში და სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, სწორედ ეს გარემოება დაედო საფუძვლად ამ მატრასების საბოლოო მიღებას.
31. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მატრასების შეთანხმებულ ვადაში მიუწოდებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით.
32. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო 17.06.2013 წელს გაფორმებული N41 დროებითი შენახვის აქტი, რომ საწარმომ (მიმწოდებელი)სამინისტროს (მიმღებს) დროებით შესანახად მიაწოდა 160 ერთეული მატრასი (ტ. I, ს.ფ. 128). ამდენად, დგინდებოდა, რომ 17.06.2013 წელს, 160 ერთეული მატრასის მიღებაზე გაფორმდა დროებითი შენახვის აქტი და არა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დაადასტურებდა მიწოდებული საქონელის გადაცემისა და მიღების ფაქტს.
33. საქმის მასალებში (ტ. I, ს.ფ. 62-ზე) განთავსებულ 17.06.2013 წლის N41 მიღება-ჩაბარების აქტზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, იგი ეხებოდა 160 ერთეული მატრასის მიღების ფაქტს, თუმცა, აქტში „მიმწოდებლად“ დაფიქსირებული იყო სამინისტრო, ხოლო „მიმღებად“ - საწარმო. საწარმომ სამინისტროს მიაწოდა მხოლოდ 160 ერთეული მატრასი (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.06.2015წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 13:51:40-13:52:45), შესაბამისად, გასაზიარებელი იყო მსჯელობა იმაზე, რომ დასახელებული აქტი, შედგა შეცდომით, რის გამოც, იმავე დღეს, მხარეებმა შეადგინეს ახალი აქტი #41, სადაც დაფიქსირდა საწარმოს მიერ სამინისტროსათვის დროებით შენახვაზე 160 ერთეული მატრასის მიწოდების ფაქტი.
34. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო 28.06.2013 წელს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც საწარმოს წარმომადგენელმა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების სურსათ-სანოვაგისა და სანივთე დაგეგმვის ოფიცერს ჩააბარა 404 ერთეული მატრასი. სასამართლომ აღნიშნა, რომ აქტი არ შეიცავდა მითითებას მიღებული მატრასების ერთეულის ან/და მათი ჯამური ღირებულების, საქონლის ბაზაზე განთავსებისა და დროებითი შენახვის აქტის გაფორმების თაობაზე (ტ.I, ს.ფ.61). სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო 24.07.2013 წლის №65 დროებითი შენახვის აქტი, რომლის თანახმადაც, საწარმომ სამინისტროს სანივთე ბაზის უფლისციხის საცავში დროებით შენახვაზე შეიტანა 340 ცალი მატრასი (ტ. I, ს.ფ. 129). ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ცალსახად დგინდებოდა, რომ 17.06.2013 წ. და 24.07.2013 წ. აქტები შედგა 160 და 340 მატრასის დროებით შენახვაზე, რაც არ წამოადგენდა საქონლის საბოლოო მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს და ვერ შეფასდებოდა საწარმოს მხრიდან ვალდებულების შესრულებად.
35. 28.06.2013 წლის მიღება-ჩაბარების აქტთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტიც, მიუხედავად იმისა, რომ სახელდებული იყო, როგორც მიღება-ჩაბარების აქტი, ასევე წარმოადგენდა დროებითი შენახვის აქტს. ამ მხრივ, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მითითებული აქტი არ შეიცავდა მხარეთა შორის 14.06.2013 წელს გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის რეკვიზიტებს. კერძოდ, აქტი არ შეიცავდა მითითებას მიღებული მატრასების ერთეულის ან/და ჯამური ღირებულების, საქონლის ბაზაზე განთავსებისა და დროებითი შენახვის აქტის გაფორმების თაობაზე. თუმცა, გარდა აღნიშნულისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ, როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, კონტრაჰენტები იმთავითვე სადავოდ არ ხდიდნენ 855 ცალი მატრასის გარდა, მიწოდებული 904 მატრასის, შემსყიდველის მიერ დროებით შენახვაზე მიღების ფაქტს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო საწარმოსა და სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილ პირებს შორის 20.01.2014 წელს, 01.02.2014 წელს, 22.02.2014 წელს შედგენილი აქტები იმის თაობაზე, რომ სანივთე ბაზის საცავებიდან საწარმომ გაიტანა დროებით შენახვაზე დადებული მატრასები, რომელთა რაოდენობაც ჯამში 904 ცალს შეადგენდა, ანუ იმას, რაც ჯამში მიწოდებულ იქნა სამინისტროსათვის, მიღებულად ჩათვლილი 855 ცალი მატრასის გარდა (20.01.2014წ. -250 ცალი, 01.02.2014წ. – 260 ცალი, ხოლო 22.02.2014წ. – 394 ცალი. ტ. I, ს.ფ. 75-77).
36. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გამხდარა, როგორც სამინისტროს მხრიდან, ისე, საწარმოს მიერ, საქმეში წარმოდგენილ აქტებზე ხელმომწერი პირების უფლებამოსილება, ის ფაქტი, რომ ხელმომწერი პირები იყვნენ უფლებამოსილი სუბიექტები, მხარეებმა (წარმომადგენლებმა) დაადასტურეს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზეც.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავოდ გამხდარი 904 მატრასი, სამინისტროს მიერ, ხელშეკრულების 11.3 პუნქტის შესაბამისად, მიღებული იქნა დროებით შენახვაზე, თუმცა, საბოლოოდ, შემსყიდველმა არ მიიღო ისინი. სამინისტროს განმარტებით, მიწოდებული საქონლის მიღებაზე უარი დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ისინი მიწოდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ და, ამასთან, ნაკლები იყო გათვალისწინებულ რაოდენობაზე, რაც ხელშეკრულების 11.4. პუნქტის საფუძველზე, შემსყიდველს საქონლის მიღებაზე უარის თქმის უფლებას აძლევდა.
38. იმის გათვალისწინებით, რომ: ა) ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო საქონლის მიწოდების კონკრეტული ვადა, რომელიც, დადგენილი ფორმით, მხარეთა შორის გაგრძელებული არ ყოფილა; ბ) დადგინდა 17.06.2013 წლის, 28.06.2013 წლისა და 24.07.2013 წლის აქტებით მატრასების მიწოდება ვადის დარღვევითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ბევრად ნაკლები ოდენობით; გ) დადგინდა ამ მატრასების მიმწოდებლისათვის უკან დაბრუნება და სამინისტროს საცავიდან მათი გატანა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა 904 მატრასის მიწოდებაზე საწარმოს მიერ ვალდებულების შესრულებულად აღიარების საფუძველი.
39. სასამართლომ მიუთითა, რომ საწარმოსა და სამინისტროს შორის 12.04.2013 წელს დადებული ხელშეკრულების მოქმედების ან/და საქონლის მიწოდების ვადა არ გაგრძელებულა და კონტრაჰენტს არ შეეძლო ვალდებულების შესრულების, ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა იმ საფუძვლით, რომ მისი შესრულება დამოკიდებული იყო სხვა პირისგან შესრულების მიღებაზე. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა არც 904 მატრასის მიწოდების ვალდებულების შესრულების ფაქტის აღიარებისა და არც 7 596 ერთეული მატრასის მიღების მოპასუხისათვის დავალდებულების საფუძველი.
40. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 317-ე, 328-ე, 361-ე, 397-ე მუხლებით.
41. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საწარმომ, რომელმაც 2015 წლის 16 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების თაობაზე, რომელშიც მითითებულია, რომ საწარმოს შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, გადაწყვიტა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე პრეტენზია განეცხადებინა იმ ნაწილში, რომლითაც შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ, საწარმომ დააზუსტა, რომ მისი საკასაციო პრეტენზია ეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტს, რომლითაც გაუქმდა საწარმოს მიერ ვალდებულების შესრულება 39 280.90 ლარის ფარგლებში (იხ. ტ.2., ს.ფ. 141)
42. დაზუსტებული საკასაციო საჩივრის არგუმენტები დამყარებულია შემდეგზე:
42.1. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 317-ე მუხლი. შემდეგ კასატორი უთითებს იმ ფაქტებზე, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინების 23.1. ქვეპუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, კასატორმა აღნიშნა, რომ წინა ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე ყურადღება არ გაამახვილეს, რაც გახდა სასამართლოების მხრიდან არასწორი მსჯელობის საფუძველი, თითქოს მოსარჩელისათვის, ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე, ცნობილი იყო ხანძრის შესახებ და მას შეეძლო სხვა ქარხანასთანაც გაეფორმებინა ხელშეკრულება. სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის დარღვევით შესრულება, ფორს-მაჟორული გარემოებებით იყო გამოწვეული. სარჩელზე თანდართული დოკუმენტაციიდან, კერძოდ: საბაჟო დეკლარაციებიდან და საგადასახადო დავალებიდან N1 – 25 280 აშშ დოლარზე, ნათლად ჩანს, რომ საწარმო სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა სწორედ იმ ქარხანასთან, რომელსაც უნდა უზრუნველეყო მატრასების მიწოდება და სადაც ხანძარი გაჩნდა.
42.2. კასატორმა 2013 წლის თებერვლიდან დაიწყო მძლავრი მატრასების დამამზადებელი ქარხნის მოძიება, რომლის წარმოებული პროდუქციის ხარისხი შესაბამისობაში იქნებოდა შემსყიდველის მოთხოვნებთან, შესაბამისად, თადარიგი წინასწარ დაიჭირა, რათა 60-დღიან ვადაში უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8500 მატრასის მიწოდება. ამ მიზნით, მითითებულ ქარხანაში თანხა ავანსად გადარიცხა. როდესაც კასატორის საწარმოს დისკვალიფიკაციის საფუძველი გაუქმდა და ხელშეკრულება გაფორმდა, აღნიშნულ ქარხანასათან ურთიერთობა განაახლა. სწორედ ამ დროს, გამოვლინდა ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შესრულების ხელისშემშლელი გარემოება, რაზეც არაერთი წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა შემსყიდველს და აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტები დაურთო, თუმცა, სამინისტრომ რეაგირება არ მოახდინა. კასატორი უთითებს, სამინისტროსთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-14 და მე-18 მუხლებზე.
42.3. კასატორმა საკუთარი რესურსებით დაიწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებუილი პროდუქციის დამზადება, თუმცა, აღნიშნული სამუშაოები გაცილებით მეტ დროს მოითხოვდა, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რის გამოც სამინისტროს დამატებითი ვადა მოსთხოვა. აღნიშნული მოთხოვნა მიღებულად ჩათვალა, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადის გასვლის შემდეგ, სამინისტრომ შესრულება მიიღო და მიღება-ჩაბარების აქტები გააფორმა.
42.4. სასამართლომ არასწორად შეაფასა სსკ-ის 328-ე მუხლი და მხარეთა შორის, 2013 წლის 17 და 28 ივნისს, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ხელშეკრულების გაგრძელებად არ მიიჩნია.
42.5. კასატორმა მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების 17.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ მხოლოდ ორი პირობის ერთად არსებობა - წერილობითი გაფრთხილება და დამატებითი ვადის მიცემა წარმოშობდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველს.
42.6. სასამართლომ არ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საწარმომ ავანსის თანხა მიზნობრივად გახარჯა, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ხანძრის შედეგად შეუძლებელი გახდა მზა მატრასების მიღება აღნიშნული ქარხნიდან, საწარმომ შეიძინა შესაბამისი მანქანა-დანადგარები, მატრასის დასამზადებლად აუცილებელი ქსოვილები და სხვა მასალები, რამაც გაცილებით მეტი დრო და ფინანსური რესურსი მოითხოვა. კასატორის მტკიცებით, მან დროულად აცნობა შემსყიდველს შექმნილი ხელისშემშლელი გარემოების შესახებ და, ვინაიდან სამინისტრომ მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერაზე უარი არ განაცხადა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება განაგრძო.
42.7. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სამინისტრომ ხელშეკრულების გასვლის შემდეგ, პროდუქცია სამჯერ მიიღო, ხოლო უკან - 6 თვის შემდეგ დააბრუნა, რაც ყოველგვარ გონივრულ ვადას სცილდება და შემსყიდველის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს.
42.8. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა მხარეთა შორის ხელშეკრულების მოქმედების ან საქონლის მიწოდების ვადის გაგრძელების ფაქტი და უთითებს მის მე-14 პუნქტზე.
42.9. სასამართლომ არასწორად განმარტა და იმსჯელა ხელშეკრულების პირობაზე, რომლითაც რეგულირდება მხარეთა შორის საქონლის მიწოდების/ჩაბარების პროცედურები და აღიარებულად არ ცნო საწარმოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ # 155 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფაქტი, 904 ერთეული მატრასის ნაწილში. კასატორის მოსაზრებით, სადავო მიღება-ჩაბარების აქტები წარმოადგენდნენ საბოლოო დოკუმენტებს, რომლითაც ხელშეკრულების შესრულება დასტურდებოდა, ხოლო სასამართლომ არასწორად შეაფასა, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ იყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები, ვინაიდან შესაბამის რეკვიზიტებს არ შეიცავდნენ. აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში არაა განსაზღვრული, თუ რა რეკვიზიტებს უნდა შეიცავდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. ასევე სასამართლოს არ უმსჯელია და ყურადღება არ გაუმახვილებია, რომ 2013 წლის 14 ივნისის მიღება-ჩაბარების N22 აქტში „შენიშვნის“ გრაფაში მითითებულია, რომ 855 მიღებულ მატრასზე გაფორმებული იყო დროებითი შენახვის აქტები N36 და N35. აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ ჯერ ხდებოდა დროებითი შენახვის აქტების გაფორმება, ხოლო შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება.
43. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საწარმოს საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე.
44. საქმის მასალებშია, ასევე, სამინისტროს მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე, რომლითაც მოწინააღმდეგეს მიაჩნია, რომ საწარმოს განაცხადი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან არ არსებობს სსსკ-ით დადგენილი შესაბამისი წინაპირობა, ამასთან, მოწინააღმდეგის მოსაზრებით, კასატორი აჭიანურებს საქმის განხილვას, რისთვისაც მან თითქოსდა ფორმალურად შეამცირა მოთხოვნა, თუმცა, პრაქტიკულად სამინისტროს სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სააპელაციო საჩივრის გაუქმებას ითხოვს.
45. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საწარმოს საკასაციო განაცხადი დასაშვებადაა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ხოლო 2016 წლის 5 თებერვლის განჩინებით, იმავე წლის 16 თებერვალს, საქმის ზეპირ განხილვაზე მოწვეულმა მხარეებმა განაცხადეს, რომ მათ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება მორიგების პირობების შესათანხმებლად, რის გამოც დაკმაყოფილდა კასატორის შუამდგომლობა და საქმის განხილვა, დასახელებული საფუძვლით, გადაიდო 16 მარტს. 16 მარტის სხდომაზე არ გამოცხადდა კასატორი, გამოცხადებულ მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობა, რომ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე იქნებოდა განხილული იმავე წლის 18 მარტს. საქმეში განთავსებული აქტების თანახმად, 18 მარტს საკასაციო სასამართლოს დაუკავშირდა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც დაადასტურა, რომ კვლავაც მიმდინარეობდა მორიგებაზე მოლაპარაკება, რის გამოც საკასაციო სასამართლოს პალატამ საქმის საბოლოო განხილვის თარიღად განსაზღვრა 21 მარტი, ამასთან, მხარეებს ეცნობათ, რომ თუ სასამართლოს მიერ სხდომისათვის განსაზღვრული თარიღის 13 საათამდე ისინი ვერ მიაღწევდნენ მორიგებას, სასამართლო არსებითად იმსჯელებდა საკასაციო საჩივარზე და მიიღებდა გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე (იხ. შესაბამისი აქტები საქმეში). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს არ უცნობებიათ მორიგების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის პრეტენზიების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
46. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
47. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამატებით კვლევას და დასაბუთებას საჭიროებს მხარეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან (იხ. განჩინების პირველი პუნქტი) გამომდინარე, მე-11, მე-14, მე-16, მე-17 და 21-ე პუნქტების კონტექსტში, მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სამინისტროს მიერ 39 280.90 ლარის ღირებულების საქონლის მიღებას. მხარეთა შორის არსებული შეთანხმება გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომლის საგანია მოძრავი ნივთი და მისი მიწოდების ვალდებულება ეკისრება საწარმოს (სსკ-ის 477-ე, 478-ე მუხლები; იხ. # 115-ე ხელშეკრულების მე-2.1, 3.1, 8.1 ქვეპუნქტები). მხარეთა შორის არსებული შეთანხმებიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მიერ საქონლის გადაცემა და შემსყიდველის მიერ მისი ჩაბარების წესიც განისაზღვრა კონკრეტულ ვადაში (იხ. ამ განჩინების პირველი და მე-12 პუნქტები; გასაჩივრებული გადაწყვეტილების უდავო ფაქტობრივი გარემოებებიდან 2.1 პუნქტი).
48. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით მოქმედებდა მხარეთა შორის ხელშეკრულება (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება-პ.4.1., ტ.2., ს.ფ.92). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზუსტებული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, დამატებით კვლევასა და შეფასებას საჭიროებს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები - 2013 წლის 17 ივნისის 160 მატრასის, იმავე წლის 28 ივნისის- 404 მატრასის მიწოდების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ 160 ერთეული მატრასის მიწოდებაზე 2013 წლის 17 ივნისს შედგა დროებითი მიღება- ჩაბარების აქტი # 41, ხოლო იმავე წლის 28 ივნისს - 404 მატრასის ჩაბარებაზე შედგენილი აქტი არ შეიცავს მითითებას მიღებული მატრასის ერთეულის ან/და მათი ჯამური ღირებულების, საქონლის ბაზაზე განთავსების და დროებითი შენახვის აქტის გაფორმების თაობაზე (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ტ.2., ს.ფ. 96). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 477-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებზე უთითებს (ტ.2., ს.ფ. 97) და აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ დამატებით კვლევას საჭიროებს ხელშეკრულების ვადის დარღვევით, რა საფუძვლით მიიღო შემსყიდველმა საქონელი, ასევე, რამ განაპირობა დაწუნებული საქონლის დაბრუნება 6-7 თვის გასვლის შემდეგ. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 115-ე მუხლის გათვალისწინებით, სამოქალაქო ბრუნვაში მხარეთა კეთილსინდისიერი მოქმედების, სამოქალაქო უფლებათა ბოროტად გამოყენების არიდების თვალსაზრისით, ასევე, შესაფასებელია, საქონლის მიწოდების აქტებზე კონკრეტული რეკვიზიტების არარსებობა თუ მონაცემების მიუთითებლობა, რამდენად შეიძლება დაედოს საფუძვლად ვალდებულების შესრულებულად აღიარების უარყოფას იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მხარეთა შორის საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამხდარა, აქტებზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება, სადავო (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ტ.2., ს.ფ. 96-97).
49. სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, ამავე ნორმის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების არასაკმარისი იურიდიული დასაბუთებულობის გამო. წინამდებარე განჩინების 47-48 პუნქტებში მითითებული ფაქტების გამოკვლევის ნაწილში, რადგან საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად დაადგინოს ახალი ფაქტები და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები; მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მართებულ შეფასებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რაც, საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ვ-ოს" საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად;
3. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე